Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქართული სამონადირეო ტურიზმის გამოწვევები

16 ივნისი 2012

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ნადირობისგან ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ქვეყნის ისტორიაში პირველად, "წითელი ნუსხის" სახეობებზე ნადირობა დაიშვა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჯერ არ დაუმუშავებია ეკონომიკური სარგებლიანობის ის მოდელი, რის გამოც იშვიათ სახეობებზე ნადირობა ღირს.  
სანამ საქართველოში პირველი მონადირე ტურისტი ჩამოვა, სანადირო სახეობების დათვლა უნდა დასრულდეს. დეკემბრის ბოლოდან კი, როცა აღრიცხვა ოფიციალურად დასრულდება და კვოტები გამოიყოფა, უცხოელ მონადირე ტურისტებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოში გავრცელებულ წითელი ნუსხის სახეობებზე ლეგალურად ინადირონ.
აქამდე ქართული კანონი წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობას კრძალავდა. გასულ წელს, კანონში ცვლილებები შევიდა. რამდენიმე ადმინისტრაციული აქტი გამოიცა და წითელი ნუსხის ზოგიერთი სახეობა კანონიერ ნადირობას დაექვემდებარა.

საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ნადირობისგან ეკონომიკური სარგებელი მიიღოს. ქვეყნის ისტორიაში პირველად, "წითელი ნუსხის" სახეობებზე ნადირობა დაიშვა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ჯერ არ დაუმუშავებია ეკონომიკური სარგებლიანობის ის მოდელი, რის გამოც იშვიათ სახეობებზე ნადირობა ღირს.  
სანამ საქართველოში პირველი მონადირე ტურისტი ჩამოვა, სანადირო სახეობების დათვლა უნდა დასრულდეს. დეკემბრის ბოლოდან კი, როცა აღრიცხვა ოფიციალურად დასრულდება და კვოტები გამოიყოფა, უცხოელ მონადირე ტურისტებს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, საქართველოში გავრცელებულ წითელი ნუსხის სახეობებზე ლეგალურად ინადირონ.
აქამდე ქართული კანონი წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობას კრძალავდა. გასულ წელს, კანონში ცვლილებები შევიდა. რამდენიმე ადმინისტრაციული აქტი გამოიცა და წითელი ნუსხის ზოგიერთი სახეობა კანონიერ ნადირობას დაექვემდებარა.


კვლევა, რომელიც აქამდე არ ჩატარებულა

სახეობების დასათვლელად ფული ბიუჯეტიდან წელს პირველად გამოიყო. თუმცა, დათვლის მიზანი არა სახეობების შესწავლა, არამედ მათზე ნადირობის კვოტის გამოყოფაა.
ქართველი გარემოსდამცველების ნაწილი მიიჩნევს, რომ სახეობების დათვლისთვის სახელმწიფოს საკმარისი რესურსი არ გამოუყვია: მათი თქმით, გამოყოფილი დრო და თანხის რაოდენობა საკმარისი არაა კვლევის ჩატარებისთვის.
სახეობების დათვლაზე ტენდერი საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ 2012 წლის თებერვალში გამოაცხადა. ტენდერში ერთადერთმა დაინტერესებულმა კვლევითმა ინსტიტუტმა - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა მიიღო მონაწილეობა და შესაბამისად, გამარჯვებულადაც ის გამოცხადდა.
კვლევისთვის მეცნიერებს 9 თვე აქვთ. ამ დროში, 26 სახეობა უნდა აღრიცხონ. აღრიცხვისთვის კი 186 500 ლარი აქვთ გამოყოფილი.
კვლევას ილიას უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურიელიძე ხელმძღვანელობს.
„მოცემულ დროში დათვლა მარტივი არ იქნება, მაგრამ შეუძლებელი არაა", - ამბობს გურიელიძე. - „რა თქმა უნდა, ამ პასუხისმგებლობას რომ ვიღებდით, თავიდანვე ყველაფერი კარგად გვქონდა გააზრებული და ყველანაირი მეთოდი - წინასწარ მოფიქრებული. მხოლოდ შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ აღრიცხვა ჩატარებულიყო. გარდა ამისა, აღრიცხვა უკვე, ამ სიტუაციაში, გადაუდებელი აუცილებლობა იყო. მე, გულახდილად რომ გითხრათ, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ."
დათვლამდე, მთელი ქვეყანა სტრატებად ანუ დიდ ნაკვეთებად იყოფა. შემდეგ თითოეულ სახეობაზე კვლევის სტრატეგიები ცალ-ცალკე დგება.
სახეობების აღრიცხვა დაწყებულია. გურიელიძის თქმით, უკვე დამთავრდა ხოხბის აღრიცხვა ვაშლოვანსა და კოლხეთში, ყაზბეგში კი - აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვის აღრიცხვა ხმელეთიდან.
ზურაბ გურიელიძის თქმით, კვლევის ჯგუფში 12 ძირითადი მეცნიერი მონაწილეობს. მათ შორის, დავით თარხნიშვილი, ლექსო გავაშელიშვილი, ზურაბ ჯავახიშვილი და სხვა სპეციალისტები, რომლებიც ილიას უნივერსიტეტში მუშაობენ. ძირითადი სპეციალისტების გარდა, კვლევაში ილიას უნივერსიტეტის სტუდენტები, მაგისტრანტები და დოქტორანტები მიიღებენ მონაწილეობას.
კვლევის ხელმძღვანელის თქმით, თანხების დაზოგვის მიზნით, ილიას უნივერსიტეტის თანამშრომლები კვლევაში მონაწილეობისთვის ხელფასს არ აიღებენ. ჰონორარები მხოლოდ იმ სპეციალისტებზე გაიცემა, რომლებიც უნივერსიტეტმა საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება დამატებით დაიქირავოს. ძირითადი ბიუჯეტი ვერტმფრენის დასაქირავებლად - საჰაერო დაკვირვებისთვის და სხვა ტექნიკური აღჭურვილობის შესაძენად დაიხარჯება.
ილიას უნივერსიტეტის რექტორი გიგი თევზაძე ამბობს, რომ კვლევაში უნივერსიტეტის მონაწილეობა გადამწყვეტად მნიშვნელოვანი იყო.
„ჩვენ რომ არ მოგვეღო მონაწილეობა, იყო შანსი, რომ კვლევა მოყვარულებს გაეკეთებინათ და კვოტები არაადეკვატური ყოფილიყო. ახლა იმის გარანტია მაინც არის, რომ რიცხოვნობა რეალობის შესაბამისად დადგინდება და კვოტების გამოყვანაც იქიდან გამომდინარე მოხდება. ეს რომ არ გააკეთო, სახელმწიფომ შეიძლება კვოტები სახეობების დაუთვლელად დაადგინოს", - ამბობს გიგი თევზაძე.
სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრ 'ნაკრესმა' ტენდერში მონაწილეობა არ მიიღო. ორგანიზაციის აზრით, აღრიცხვის მთავარი მიზანი სახეობების კვლევა უნდა იყოს და არა სანადირო კვოტების გამოყოფის მიზნით მათი დათვლა.
„ჩვენთვის მიდგომაა არასწორი. როდესაც წითელი ნუსხის სახეობებზე წლების განმავლობაში არანაირი ინფორმაცია არ იყო შეგროვებული, არ მიმდინარეობდა მონიტორინგი, დაცვითი ღონისძიებები, აღდგენითი სამუშაოები - უცებ დაიშვა წითელი ნუსხის სახეობებზე ნადირობის შესაძლებლობა", - ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძე, 'ნაკრესის' სახეობათა კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი. - „სახელმწიფოს რომ ასე დაესვა საკითხი: მოდით, ვნახოთ, შეიძლება თუ არა რამე სახეობა ამოვიღოთ წითელი ნუსხიდან და შემდეგ დაეწყო ნადირობაზე საუბარი, ჩვენთვის უფრო მისაღები იქნებოდა."

პირველი ნაბიჯები სამონადირეო ტურზმში

წითელი ნუსხის სახეობებზე ლეგალურ ნადირობაზე საუბარი გასულ წელს დაიწყო.
ნადირობის თემაზე სასაუბროდ მონადირეები და ტურისტული სააგენტოები შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთი წლის წინ მიიწვიეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ნინო ენუქიძე, რამდენიმე მონადირე და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენლები მაშინ პირველად იწყებდნენ საუბარს საქართველოს სამონადირეო ტურიზმის პერსპექტივებზე.
რადგან სამონადირეო ტურიზმი საქართველოსთვის ახალი მიმართულებაა, შეხვედრამ ტურისტულ სააგენტოებს შორის არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია.
„ზოგმა ტურისტულმა სააგენტომ თავისი თავი ვერ დაინახა სამონადირეო ტურიზმში, ზოგმა - პირიქით", - ისხენებს მონადირე თემურ ტყემალაძე, რომელიც შეხვედრას ესწრებოდა.
ამ შეხვედრაზე სახეობების დათვლის იდეა მთავრობის პრიოროტეტად ჯერ არ იდგა.
„თავიდან დათვლას აგდებულად უყურებდნენ, მაგრამ მერე მაინც დათვლამდე მივედით", - ამბობს ტყემალაძე. - „ცუდი ისაა, რომ ენერგეტიკის სამინისტროს არ ჰყავს სპეციალისტები, რომლებიც მათ კონსულტაციას გაუწევს. უნდა იყოს ადამიანების ჯგუფი, ვინც მათ ამ სპეციფიურ საკითხებს დაუმუშავებს".
შინაგან საქმეთა სამინისტროში გასული ზაფხულის შეხვედრა სანადირო სფეროში ცვლილებების დასაწყისი გახდა: შემოდგომაზე მთავრობამ პარლამენტის დღის წესრიგში საკანონმდებლო ცვლილებები დააყენა.
2011 წლის 8 ნოემბერს კანონში „წითელი ნუსხისა" და „წითელი წიგნის" შესახებ ცვლილებები დამტკიცდა.
ცვლილების თანახმად, ნადირობა დაშვებულ იქნა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა ნაკრძალებისა და ეროვნული პარკებისა. პირველად ჩაიწერა ლეგალურ დოკუმენტებში, რომ ჯივხზე, დათვზე, არჩვზე, ნიამორზე და წითელი ნუსხის ზოგ სხვა სახეობაზე ნადირობა ლეგალურად შეიძლებოდა.
ბრძანებებში გაიწერა სალიცენზიო მოსაკრებლის ოდენობაც.
ნიამორი - 500 ლარი.
ჯიხვი, კეთილშობილი ირემი, მურა დათვი - 300 ლარი.
კავკასიური როჭო, კასპიური შურთხი - 100 ლარი.
გასული წლის დეკემბერს გამოცხადდა ნადირობის ვადებიც. ერთ თვეში კი წითელი ნუსხის ორ სახეობაზე - ჯიხვსა და არჩვზე - ნადირობის ვადები სამი თვიდან 6 თვემდე გაიზარდა.
არჩვი და ჯიხვის ორი ქვესახეობა (დასავლეთ და აღმოსავლეთ კავკასიური) განსაკუთრებით საინტერესოა უცხოელი მონადირე ტურისტებისთვის. ისინი კავკასიის გარდა, სხვაგან არ ბინადრობენ.
„ამგვარი გადაწყვეტილების შედეგად გამოუსწორებელი ზიანი მიადგება საქართველოს უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას; მოკლე ხანში შესაძლებელია კრიტიკულ დონემდე შემცირდეს საქართველოში ნიამორის, ირმის, აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიური ჯიხვის, არჩვის, დათვის პოპულაციები", - ნათქვამი იყო ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას" 2012 წლის 20 იანვრის განცხადებაში.


რატომ გახდა საჭიროს კანონის ცვლილება?

საქართველოს ძველი კანონი „წითელი ნუსხისა" და წითელი წიგნის შესახებ" მოუქნელი და არსებულ რეალობასთან შეუსაბამო იყო.
ბოლო 40 წელი, სამონადირეო მეურნეობებს გარეთ, ნადირობა არ შეიძლებოდა თითქმის არც ერთ მონადირეებისთვის საინტერესო გარეულ ცხოველსა თუ ფრინველზე.
აკრძალვის მიუხედავად, მაინც იკვლებოდა ნიამორი, ჯიხვი, არჩვი, ირემი, შველი, გარეული ღორი, ჯიქი, ქურციკი, კურდღელი, ხოხობი, გნოლი, დურაჯი თუ სხვა სანადირო სახეობები.
„კანონმდებლობა ზღუდავდა მონადირეს სამონადირეო მეურნეობის გარეთ ენადირა, მაგალითად, კურდღელზე, თუმცა, მასზე მაინც ნადირობდნენ. ვფიქრობ, რომ ეს არ იყო სწორი იმიტომ, რომ, მაგალითად კურდღელი, სწრაფად აღწარმოებადი რესურსია და შეიძლება კვოტა გამოიყოს და ხალხმა ინადიროს არა მაინცდამაინც სამონადირეო მეურნეობაში, არამედ მის გარეთაც", - ამბობს ბეჟან ლორთქიფანიძე, ბიოლოგი და 'ნაკრესის' კონსერვაციის პროგრამის ხელმძღვანელი.
უკონტროლო ნადირობა განსაკუთრებით ცუდად აისახებოდა წითელი ნუსხის სახეობებზე - აკრძალვის მიუხედავად, წითლი ნუსხის ცხოველები განსაკუთრებულად საინტერესო სამიზნეს წარმოადგენდნენ მონადირეებისთვის. იკვლებოდა ჯიხვები, ირმები, ნიამორები, დათვები, ჩნდებოდა დათვის ბელები სხვადასხვა რესტორნებისა თუ მონასტრების ეზოებში.
თუმცა, წლების განმავლობაში, გადაშენების პირას მყოფი ცხოველების დაცვის და მომრავლების ღინისძიებები არ გატარებულა.
წითელი ნუსხა - სახეობების დაცვის მექანიზმი - ფორმალურად 2005 წელს შეიქმნა საბჭოთა კავშირის ცნობილი 'წითელი წიგნის' შემდეგ, სადაც სახეობა შედიოდა და იქიდან არასოდეს არ გამოდიოდა.
წითელი ნუსხის შექმნის მიზანი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვა უნდა ყოფილიყო. თუმცა, საქართველოს წითელი ნუსხა საკმაოდ მწირი რესურსების ფონზე შეიქმნა - წითელი ნუსხის კომისია გასამრჯელოს გარეშე მუშაობდა. ნუსხაში შემავალი ბევრი სახეობა კი კარგად დათვლილიც არ იყო: ცალკეულ სახეობებზე მხოლოდ ფრაგმენტული ინფორმაცია არსებობდა. სახელმწიფოს მაშინ სახსრები არ ჰქონდა, რომ სახეობების დათვლისთვის თანხა გამოეყო. ნუსხაში შესული ინფორმაცია სახეობების რიცხოვნობის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, ცალკეული ორგანიზაციის ფრაგმენტულ მონაცემებს ეყრდნობოდა.
ქართული წითელი ნუსხა დღემდე არასანდო და გადაუმოწმებელი ინფორმაციით არსებობს. კონსერვაციული მიზანი მან ვერ შეასრულა: წითელ ნუსხაში შემავალ არც ერთ სახეობაზე ეროვნულ დონეზე, დაცვისა და გამრავლების ეროვნული მენეჯმენტი არ შექმნილა. ამის ლოგიკური შედეგი ის იყო, რომ 2005 წლიდან დღემდე, წითელი ნუსხიდან არც ერთი სახეობა არ ამოწერილა.
ფინანსური პრობლემა მთავარი მიზეზი იყო, რის გამოც აქამდე სახელმწიფო სახეობებზე ვერ ზრუნავდა. ქვეყნის მწირი ბიუჯეტისთვის ველური ბუნების დათვლა და კომპლექსური მონიტორინგი ფუფუნება იყო.
„სახელმწიფო სახეობებზე რომ ვერ ზრუნავდა, ერთ-ერთი მთავარი პრობლემა თანხების ნაკლებობა იყო", - ამბობს სოსო ქარცივაძე, გარემოს დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნების სამსახურის ხელმძღვანელი.
საერთაშორისო ორგანიზაციები ბიომრავალფეროვნების ეროვნულ მონიტორინგზე გრანტს არ გამოყოფდნენ.
„ფონდები ამბობდნენ, რომ ველური ბუნების მონიტორინგი სახელმწიფოს მიერ გაღებული თანხით უნდა მომხდარიყო - ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია", - ამბობს ქარცივაძე.
იყო შემთხვევები, როცა ორგანიზაციები ცალკეულ სახეობებს სწავლობდნენ. მაგალითად, 'ნაკრესმა' 2006 წელს მურა დათვის კონსერვაციის გეგმა შეიმუშავა. თუმცა, სახეობების კვლევები მაინც ფრაგმენტული იყო და თუნდაც მხოლოდ ერთ სახეობაზე ეროვნული მასშტაბის სურათს ვერ ქმნიდა.
სოსო ქარცივაძის თქმით, ბიუჯეტის თანხის ის ნაწილი, რომელსაც სახელმწიფო ბიომრავალფეროვნების დაცვისთვის გამოყოფდა, ძირითადად, დაცული ტერიტორიების განვითარებას ხმარდებოდა. ცალკეული სახეობის შესწავლისა და კონსერვაციისთვის ფული არ გამოიყოფოდა, ვინაიდან მხოლოდ ერთი სახეობაზე ორიენტირება მსხვილ ბიუჯეტთან იყო დაკავშირებული და სხვა სახეობებს ყურადღების მიღმა ტოვებდა.


ბრაკონიერობა - ველური ბუნების მთავარი მტერი

წლების განმავლობაში, სახელმწიფო ვერც ითვლიდა და ვერც იცავდა ველურ ბუნებას ერთ-ერთი მთავარი მტრის - ბრაკონიერისგან.
ბრაკონიერობამ - ანუ უკანონო ნადირობამ - ზოგი სახეობა ველურად ამოჟლიტა და გადაშენების პირას მიიყვანა. თუშეთის მოსახლეობა დღესაც მოგიყვებათ, 90-იანი წლების ბოლოს, თუ როგორ ხოცავდნენ მაღალჩინოსნები ნიამორს ვერტმფრენებიდან, დახოცილ ცხოველებს კი იქვე ტოვედნენ. თუმცა, არც ერთი ყოფილი მაღალჩინოსანი დღემდე ამისთვის არ დაუსჯიათ.
2012 წლის თებერვალს, ბლოგერებთან და ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე, საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრმა გოგა ხაჩიძემ ბრაკონიერობაზე ისაუბრა და ყოფილი მაღალჩინოსნები - ირაკლი ოქრუაშვილი და ბადრი ბიწაძე - ბრაკონიერობაში დაადანაშაულა.
ელიტურ ნადირობასთან ერთად, მეკობრეების მთავარი გამომვლენი: მეტყევე მეკობრეებთან ბრძოლაში ბევრად სუსტი იყო. მეტყევეებს არ ჰქონდათ იმის გარანტია, რომ წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში, მათ ბრაკონიერი არ ესროდა ან საერთოდაც, არ მოკლავდა.
ბრაკონიერობის პარალელურად, გარემოს დაცვის სამინისტრო წარმატებით ავლენდა კორუფციის შემთხვევებს ხე-ტყისა და უკანონო თევზჭერის სფეროში. 2009 წლიდან დღემდე კი ბრაკონიერების დაჭერის მხოლოდ ოთხი შემთხვევა გამოვლინდა.
„თუ ხე-ტყის კონტროლის ნაბიჯები წარმატებით განხორცილედა, რატომ არ შეიძლებოდა ბრაკონიერობაც იგივე წარმატებით გაკონტროლებულიყო?" - კითხულობს ბეჟან ლორთქიფანიძე.
პასუხი ამ კითხვაზე დღემდე ღიად რჩება. გარემოს დაცვის ინსპექციის წარსულ საქმიანობაზე ამჟამად არც ერთი სამინისტრო არ საუბრობს. გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შემდეგ, გარემოს დაცვის ინსპექცია (გდი) დაიშალა და ახლადშექმნილ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შეუერთდა.
გიგი თევზაძე ამბობს, რომ ბრაკონიერების კონტროლი - მათი დასჯა თუ დაუსჯელობა - სახელმწიფოს ნებაზეა დამოკიდებული.
„ბრაკონიერების არსებობა მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, სახელმწიფო როგორ შეხედავს მას - რამდენად ექნება ნება, რომ ბრაკონიერი დამალოს ან არ დამალოს", - ამბობს თევზაძე. - „ბრაკონიერობა ვერასოდეს ვერ იმალებოდა საქართველოში - ყველამ იცოდა ბრაკონიერობის შესახებაც და ვინც ბრაკონიერობდა, მათ შესახებაც ჰქონდათ ინფორმაცია. მეტყევეებს და ეგერებს ბრაკონიერის დაჭერის ეშინოდათ, რადგან სახელმწიფოს მხრიდან არანაირი მხარდაჭერა არ ჰქონდათ. 90-იან წლებში არანაირი გარანტია არ იყო იმისა, რომ ბრაკონიერი მეტყევეს არ ესროდა".
ბრაკონიერი, ხშირად, ადგილობრივი მოსახლეობაა - ის, ვინც ტყესთან ყველაზე ახლოს ცხოვრობს და კარგად იცნობს ცხოველების გადაადგილების მარშრუტს.
კვლევებით დგინდება, რომ ადგილობრივებმა ხშირად არ იციან, რომ დათვის ან ჯიხვის მოკვლით, საქართველოს სისხლის სამართლის დანაშაულს ჩადიან.
2009 წელს, ვიდეოპორტალ იუთუბზე ვიდეო გამოჩნდა. 4 მონადირე ვიდეოში სიამაყით მიუთითებდა საკუთარ სისხლის სამართლის დანაშაულზე - მოკლულ ჯიხვებზე. მოგვიანებით პოლიციამ ვიდეო სამხილად გამოიყენა და მონადირეები 260 ათასი ლარით დააჯარიმა.
გართობა, ვაჟკაცობის დამტკიცება თუ ტრადიცია - ხალხში გავრცელებული კულტურული კლიშეებია, რის გამოც, ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ ნადირობს.
„ნაკრესის" 2006 წლის კვლევის თანახმად, მონადირეებს უმრავლესობა საქართველოში გართობის მიზნით ნადირობს და არა როგორც შემოსავლის ძირითად წყაროდ.
„მანამდე გავრცელებული აზრი იყო, რომ ხალხი იმიტომ ნადირობს, რომ საჭმელი არა აქვს", - ამბობს კვლევის ხელმძღვანელი ბეჟან ლორთქიფანიძე. - „აღმოჩნდა, რომ მონადირეების ძირითადი მასა იმიტომ ნადირობს, რომ ესაა ერთგვარი სპორტი და გართობის საშუალება, ხშირ შემთხვევაში, ტრადიცია და ვაჟკაცობის გამოვლინება."
გარემოსდამცველები თვლიან, რომ ნადირობის გასაკონტროლებლად, გადამწყვეტად მნიშნელოვანია ადგილობრივების ჩართვა - მათ უნდა იგრძნონ, სანადირო ცხოველი რომ შემორჩეს, ნადირობა გარკვეულ ჩარჩოებში უნდა მოექცეს. ტერიტოტიების დამცვლებიც თვითონ უნდა გახდნენ.
„სანამ მოსახლეობისთვის რესურსი არ გახდება საკუთრების გრძნობა, პრობლემა ყოველთვის იქნება. ასევე, ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა მიიღოს სარგებელი ამისგან", - ამბობს ზურაბ გურიელიძე, სახეობების აღრიცხვის ხელმძღვანელი.
ადგილობრივი მოსახლეობის ნადირობაში ჩართვის წარმატებული მაგალითი პაკისტანში შედგა.
პაკისტანში ადგილობრივი მოსახლეობა დიდი რაოდეობით ხოცავდა მარხურსა და მარკო პოლოს ცხვარს: სახეობებს, რომლებიც როგორც პაკისტანის ეროვნულ, ასევე მსოფლიო წითელ ნუსხაში შედიან.
დადგა საკითხი: სახელმწიფოს საკუთარი რესურსი ჟლეტვისგან უნდა დაეცვა.
აცნობიერებდნენ რა, რომ ნადირობის აკრძალვით ცხოველების ხოცვა არ შეწყდებოდა, ამ სახეობებზე მხოლოდ სატროფეო ნადირობა დაუშვეს.
სატროფეო ნადირობა კონსერვაციული ღირებულების მქონე პრაქტიკაა ცხოველების ხოცვის სფეროში. მსოფლიოში მას ბევრი მომხრე და მოწინააღმდეგე ჰყავს. მომხრე მეცნიერების ნაწილი თვლის, რომ ეს არის ნადირობის ერთადერთი სწორი ფორმა, როცა იკვლება ისე, რომ სახეობების გამრავლებას ხელი არ ეშლება.
სატროფეო ნადირობის დროს, პოპულაციიდან ირჩევა ყველაზე ხნიერი, ლამაზი, დიდრქიანი და პოპულაციის დომინანტი მამრი ცხოველი. ითვლება, რომ ასეთ ინდივიდებს ადვილად ანაცვლებენ უფრო ახალგაზრდა მამრები და პოპულაციის გამრავლებას საფრთხე არ შეექმნება. ბიოლოგები ამბობენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ნადირობაზე მოთხოვნა არსებობს, 'ბებერი ინდივიდის გამეტება ღირს.' მონადირეს კი სწორედ ის სახეობა უნდა მოაკვლევინონ, რაც თავიდან იყო გათვლილი. სატროფეო ნადირობაში, აკრძალულია მდედრის ან ახალგაზრდა ინდივიდის მოკვლა.
მნიშვნელოვანია კვოტის ზუსტად გამოყოფაც - რამდენი მამრი ინდივიდი შეიძლება მოიკლას პოპულაციიდან. სატროფეოდ კვოტის სწორად გამოთვლა გულისხმობს, რომ მამრები იმდენი რაოდენობით იქნებიან ამოღებული, რომ მათი შემცვლელი კიდევ ბევრი მამრი დარჩება პოპულაციაში, რათა გამრავლება შეუფერხებლად გაგრძელდეს.
ამ პრინციპზე დგას სატროფეო ნადირობის იდეა - უნდა მოიკლას მხოლოდ ამორჩეული ინდივიდები, შემოსული თანხის დიდი ნაწილი კი ადგილობრივ მოსახლეობასაც უნდა გაუნაწილდეს.
პაკისტანში მობინადრე ორი სახეობა - მარხური და მარკო პოლოს ცხვარი - მთელი მსოფლიოს მასშტაბით დიდი პოპულარობით სარგებლობენ მონადირეებს შორის. ერთი ასეთი სახეობის მოკვლა დაახლოებით 30-40 ათასი დოლარი ღირს.
გააცნობიერა რა, რომ აკრძალვით ნადირობის პროცესს ვერ გააკონტროლებდა, პაკისტანის მთავრობამ ადგილობრივ მოსახლეობას კვოტები საკუთარ განკარგულებაში მისცა: წელიწადის განმავლობაში, თემს თვითონ უნდა გადაეწყვიტა, კვოტის რა ნაწილი მოეკლა თვითონ და რა ნაწილი მოეკვლევინებინა მონადირე ტურისტისთვის. მონადირე ტურისტის ჩამოყვანის შემთხვევაში კი ფინანსურ შემოსავალს იღებდა - ერთი ინდივიდის მოკვლისთვის გადახდილი ათასობით დოლარი სწორედ მოსახლეობას უნაწილდებოდა.
მოსახლეობამ თავი ჩართულად იგრძნო და ბრაკონიერობიდან, კანონიერ ნადირობაში გადაერთო. საბოლოოდ, პაკისტანში მარხურისა და მარკო პოლოს სახეობის რიცხვი გაიზარდა.
ასე დარეგულირდა ნადირობა პაკისტანში ისე, რომ მინიმალური ზიანი მიადგა ველურ ბუნებას, ადგილობრივმა მოსახლეობამ კი ველური ბუნების სწორი მენეჯმენტით იხეირა.


შესაძლო სამონადირეო მოდელი


2012 წლის 24 აპრილს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ველური ბუნების რესურსების მდგრადი გამოყენების საკითხებზე საუბრისას ქართული სამონადირეო ტურიზმის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრა გარემოს დაცვის საერთაშორისო კავშირის კავკასიის თანამშრომლობის ცენრტის (IUCN CCC) ორგანიზებით შედგა.
IUCN-ის სახეობათა გადარჩენის კომისიის ექსპერტი, კონსერვაციული ბიოლოგიის დოქტორი, დევიდ მელონი ქართველ გარემოსდამცველებს, სამინისტროების წარმომადგენლებს და მონადირეებს სხვა ქვეყნების წარმატებულ სამონადირეო გამოცდილებაზე ესაუბრა.
შეხვედრაზე მელონმა საკუთარი აზრი გამოთქვა სახეობების დათვლის ინიციატივასთან დაკავშირებით. მან აღნიშნა, რომ 26 სახეობის ერთიანად დათვლის ნაცვლად, სახელმწიფოს შეეძლო დასაწყისისთვის სანადიროდ ყველაზე საინტერესო, მაღალი ეკონომიკური ღირებულების პრიორიტეტული სახეობები აერჩია და დათვლა მათით დაეწყო.
ყველგან ნადირობა კი, სპეციალური სანადირო სივრცის გამოყოფის გარეშე, მისი აზრით, უსაფრთხოების რისკებს ქმნის.
„არის საფრთხე, რომ დაიკარგოს ბიომრავალფეროვნების ფასი და სახეობების ეკონომიკური ღირებულება არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი ეკორეგიონის მასშტაბით", - აღნიშნა შეხვედრაზე მელონმა.
შეხვედრაზე ქართულ სამონადირეო მოდელზე საუბარი არ დაწყებულა. ამაზე აზრი ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს არ გამოუთქვამთ.


თემურ ტყემალაძე - იდეალისტი ქართველი მონადირე


უკვე 90-იანი წლებიდან, თემურ ტყემალაძეს საკუთარი სამონადირეო მეურნეობა აქვს. თვლის, რომ სამონადირეო მეურნება ნადირისა და ფრინველის „პირველი მწარმოებელია". 500 ჰექტარის ფართობზე, მას უკვე მოშენებული ჰყავს გარეული ღორი, ხოხობი და სხვა სანადირო სახეობები.
„მე ვნადირობ რომ ამოვიღო მახინჯი, ავადმყოფი ან ხანშიშესული", - ამბობს და ამატებს, რომ თუ საქართველოში ველური ნადირობა კიდევ გაგრძელდა, სანადირო არაფერი დარჩება. - „არც ვიცით, რამდენი დათვი და ჯიხვი იკვლება დღეს საქართველოში. ყველაფერი ჰაერში იფანტება."
ტყემალაძე ველური ნადირობის სასტიკი წინააღმდეგია და თვლის, რომ ნადირობა მკაცრად უნდა რეგულირდებოდეს.
სწორი ნადირობა მისთვის ხელოვნური სელექციაა.
წლებია უნდა, რომ საკუთარ სამონადირეო მეურნეობაში წითელ ნუსხაში მყოფი სახეობებიც მოაშენოს. მაგალითად, აიყვანოს დედალ-მამალი ირემი, კვებოს, გაამრავლოს და რამდენიმე წლის შემდეგ, როცა ნამატი ეყოლება, სანადიროდ უცხოელი მონადირე ტურისტები მოიწვიოს.
აქამდე კანონმდებლობა ამის საშუალებას არ აძლევდა. „წითელი წიგნისა" და „წითელი ნუსხის შესახებ" კანონში შესული ცვლილებები მისთვის წინ გადადგმული ნაბიჯია.
„ყინული დაიძრა, ბურთი გაგორდა", - ამბობს და მოხარულია, რომ წლების განმავლობაში გაყინულ თემაზე - ველური ნადირობის პრობლემაზე საუბარი დაიწყო. თუმცა, თვლის, რომ სახელმწიფომ ზოგი ნაბიჯი სწრაფად გადადგა.
სკეპტიკურად უყურებს სახეობების დათვლის პერსპექტივებსაც. კვლევის ხელმძღვანელს - ზურაბ გურიელიძეს ენდობა და კმაყოფილია, რომ დათვლა სწორედ მას „ჩაბარდა". მაგრამ მაინც ეჭვობს, რომ გამოყოფილი დრო და თანხები საკმარისი არაა.
„დაითვლიან, მაგრამ ზერელე იქნება", - ამბობს ტყემალაძე.
ის ასევე არ ეთანხმება იდეას, რომ სანადირო ლიცენზიები ტურისტულ სააგენტოებს უნდა გადასცენ.


არასაკმარისი ადამიანური რესურსები

რატომ ვერ უზრუნველყოფენ ტურისტული სააგენტოები მდგრად ნადირობას საქართველოში?
მთავარი მიზეზი ისაა, რომ ტურიტულ სააგენტოებს შესაბამისი კადრები არ ჰყავთ, ვინც ჩამოსულ მონადირე ტურისტებს ხარისხიან მომსახურებას გაუწევს - მონადირის გამყოლი.
როგორი უნდა იყოს პროფესიონალი მონადირის გამყოლი?
მონადირის გამოყოლი - გიდი კარგად უნდა იცნობდეს ტყის ტერიტორიას, რათა ჩამოსულ მონადირეს ტყეში უსაფრთხოდ გადაადგილებაში დაეხმაროს. გარდა ამისა, მონადირის გიდი არის მოსაკლავი ცხოველის შორიდან შემფასებელი - მონადირეს მხოლოდ მაშინ აძლევს სროლის უფლებას, რაც ბინოკლიდან სწორ ინდივიდს აარჩევს - იმ ბებერ და ლამაზ მამრს, რომლის მოკვლა წინასწარ იყო დაგეგმილი.
პროფესიონალი გამყოლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩამოსული მონადირე ტურისტისთვის. როგორც წესი, მონადირე ტურისტები სხვა ქვეყანაში მხოლოდ იმიტომ ჩადიან, რომ სატროფეო სახეობა მოკლან - ინდივიდი, რომელიც დიდი ზომისაა ან დიდი რქები აქვს.
„მონადირე ტურისტი, რომელიც ჩამოვა და შესაბამისი გამყოლი არ ეყოლება, ის საქართველოში მეორედ არ გამოიხედავს", - ამბობს ტყემალაძე.
სამონადირეო ტურიზმის კონტექსტში, მონადირის გამყოლის მნიშვნელობას ხაზს უსვამს გიგი თევზაძეც.
„ზოგიერთ ტურისტულ სააგენტოს ჰგონია, რომ მდგრადი ნადირობის საწარმოებლად რესურსი და საშუალება გააჩნია. იმედი აქვს, რომ მონადირეებს ჩამოიყვანს და ფულს გააკეთებს. უბრალოდ, ვერ გააკეთებს იმიტომ, რომ გამყოლები არ ჰყავს".
ზოგი ტურისტული სააგენტო უფრო ოპტიმისტურად უყურებს კადრების პრობლემას და უკვე ემზადება წლევანდელი სანადირო სეზონისთვის.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „კავკასიან საფარი" (შპს CAUCASIAN SAFARI) საბა კიკნაძემ 2011 წლის 20 სექტემბერს დააარსა ერთადერთი მიზნით - მონადირე ტურისტები უნდა მოიზიდოს.
„ნადირობა სპორტის ერთ-ერთი საინტერესო სახეობაა", - ამბობს კიკნაძე. 10-ზე მეტ სანადირო თოფს ფლობს და მიიჩნევს, რომ ცხოველები არა მხოლოდ 'ბიოსფეროში მცხოვრები სახეობებია, არამედ შემოსავლის წყარო.' მისი თქმით, ჯიხვზე ნადირობა საქართველოში დაახლოებით 6 ათასი დოლარი დაუჯდება მონადირე ტურისტს - დაახლოებით ეს ფასია აზერბაიჯანშიც. რეგიონალური კოოპერაციის თვალსაზრისით კი, კიკნაძის თქმით, ფასი მეზობელ კონკურენტებთან შედარებით, არც ძალიან მეტი უნდა იყოს და არც ძალიან ნაკლები.
კიკნაძე ფიქრობს, რომ ივლისში - როცა ჯიხვსა და არჩვზე სანადირო სეზონი გაიხსნება - იდეის სისრულეში მოყვანა შესაძლებელია. ამიტომ მან თხოვნით მიმართა ენერგეტიკის სამინისტროს, რომ ჯიხვსა და არჩვზე ლიცენზია წლევანდელ სეზონზეც გაიცეს.
„გამოცდა და ექსპერიმენტი უნდა ჩაატარო - მნიშვნელოვანია, რომ წელსვე გამოიყოს კვოტები. ვნახოთ, რა გამოვა".
კიკნაძე ფიქრობს, უცხოელი მონადირე ტურისტებისთვის გამყოლებად ადგილობრივ მოსახლეობას დაიქირავებს.
„ორ-სამ ადგილობრივ მონადირეს იცნობენ და თვლიან, რომ ის მონადირეები ადეკვატური გამყოლები არიან, არადა, არ არის ასე. მონადირე, რომელსაც შეუძლია შაშხანით მოკლას ჯიხვი, ავტომატურად ვერ გადაქმნება გამყოლად. გამყოლობა ძალიან ბევრ რამეს გულისხმობს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გამყოლობა სპეციალურ განათლებას გულისხმობს - გამყოლმა მარტო კვალზე სიარული არ უნდა იცოდეს: გარდა ნადირობისა, მან უნდა იცოდეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მონადირისათვის ადეკვატური პირობების შექმნა, პირველი დახმარება და ა.შ.", - ამბობს გიგი თევზაძე.
დღეს საქართველოში მონადირეების პროფესიონალი გამყოლები არ არსებობენ - მათზე მოთხოვნა აქამდე არ არსებობდა. არც შესაბამისი საგანმანათლებლო კერა იყო, სადაც ისინი განათლებას მიიღებდნენ.
მათი არარსებობის შემთხვევაში, არის საფრთხე, რომ ჩამოსულ მონადირეს არასწორ ინდივიდს მოაკვლევინებენ, რითაც საფრთხე შეექმნება პოპულაციას. მონადირე კი უკმაყოფილო დარჩება, რომ მას საჭირო ინდივიდი არ მოაკვლევინეს და ტროფეის გარეშე წავა.
„გამყოლი თუ არ ჰყავს, რა მოეჩვენება და რას მოკლავს, ვიცით?", - კითხულობს თემურ ტყემელაძე, რომელიც ახლახან აფრიკაში იყო წასული სანადიროდ და იქაურ გამოცდილებას იხსენებს. - „სანადიროდ რომ გავედი, 12 ახალგაზრდა მახლდა, მომავალი ეგერები, გამყოლები. შანსი არაა, იმის გარდა მოგაკვლევინონ, რაზეც მიგითითებენ. ნადირობა მკაცრად კონტროლდება."
ტურისტული სააგენტოების სერვისის მიყიდვა კონკურენციას ქმნის სამონადირეო მეურნეობებისთვის - თუ წელს დაიშვა სანადირო კვოტები, ჩამოსულ მონადირეებს კი შესაბამისი მომსახურება ვერ გაუწიეს, არსებობს რეალური საფრთხე, რომ საქართველოს სახელი გაუტყდეს, როგორც სანადირო ადგილს.
ეს სამონადირეო მეურნებებისთვის და მათი მფლობელებისთვის, მომავალი კლიენტების დაკარგვას ნიშნავს.
„პოზიტიურად ვუყურებ აუწყობელ ნადირობას - მე ეს არ მაწუხებს. გაუფუჭდეს საქართველოს სახელი, როგორც სანადირო ადგილს - გარდა მორალური მხარისა, ვთვლი, რომ მწვანე ტურიზმით დღეს ქვეყანაში უფრო მეტი ფული შემოვა, ვიდრე სამონადირეო ტურიზმით", -ამბობს გიგი თევზაძე, რომელიც ნადირობის წინააღმდეგია.
„რას მოუტანს ნადირობა ქვეყანას? ვინმემ ხომ დასვას ეს კითხვა? უმეტეს ქვეყნებში, ფინანსური და მდგრადი განვითარების შეთავსება ძალიან რთულია. შენ ავითარებ ან ეკოტურიზმს, ან სატროფეო ნადირობას", - ამბობს ირაკლი შავგულიძე, 'ნაკრესის' გამგეობის თავმჯდომარე.
ზოგადად ნადირობის წინააღმდეგია ზურაბ გურიელიძეც, მეცნიერი,რომელიც ამჟამად სახეობების დათვლას ხელმძღვანელობს ეროვნული მასშტაბით. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ არსებობს ხოცვის მოყვარულ ადამიანთა ჯგუფი, სატროფეო ნადირობა მისთვის ერთადერთი გამოსავალია სახეობების ადამიანისგან გადასარჩენად.
„ცხოველი, რომელიც კვდება, ჩემთვის არის ინდივიდი, ბრჭყალებში რომ ვთქვათ, პიროვნება. მაგრამ როგორც მეცნიერისათვის, მთავარია პოპულაციები, შესაბამისად, ემოციები გვერდზე უნდა გადავდო", - ამბობს გურიელიძე. - „ვთვლი, რომ სამონადირეო მეურნეობების განვითარება არის უმნიშვნელოვანესი სტადია. ამ სფეროს განვითარება შეიძლება არანაკლებ მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე დაცული ტერიტორიების განვითარება, რომ სახეობა გადავარჩინოთ. სხვა გამოსავალს მე ვერ ვხედავ. „

არასრული პასუხები ენერგეტიკის სამინისტროსგან


რა სამონადირეო მოდელი აქვს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს - უწყებას, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის ბუნებრივი რესურსების მართვასა და დაცვაზე? რა კონკრეტული ფინანსური მოლოდინი აქვს ნადირობისგან? დააკმაყოფილებს თუ არა სამინისტრო საბა კიკნაძის თხოვნას ივლისში თვეში ჯიხვსა და არჩვზე სანადირო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით?
„ეს საკითხები ახლა მუშავდება. სისტემატიურად და ინტენსიურად მიმდინარეობს ახალი რეგულაციების შემუშავება და მოქმედების დახვეწა ნადირობის საკითხებთან დაკავშირებით", - პასუხობს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო „ლიბერალის" კითხვებს. სხვა კითხვებს კი უპასუხოდ ტოვებს და პირად ინტერვიუზე უარს ამბობს.  
ზურაბ გურიელიძის თქმით, ივლისამდე ჯიხვისა და არჩვის დათვლა ვერ მოესწრება. დათვლის გარეშე კი კვოტების გამოყოფა შეუძლებელია. 
ირაკლი შავგულიძე შიშობს, რომ შეიძლება ნადირობა კვოტის გარეშეც დაიწყოს.
„არსად არ წერია კანონში, რომ ენერგეტიკის სამინისტრო კვოტებს უნდა დაელოდოს. დადასტურებულად არ გვეუბნება, რომ ამ ზაფხულს ნადირობა არ დაიწყება - სამინისტრო მყარად არაფერს ამბობს", - ამბობს შავგულიძე.

 

ფოტო:  გიორგი დარჩიაშვილი

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

შეტევა საუდის არაბეთზე: ვინ ატკაცუნებს ფ ...

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის საფრთხე წამოიშვა მას შემდეგ, რაც პროირანულმა იემენურმა დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატით & ...

მეტი

^