Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი თურქეთი

14 სექტემბერი 2016

30 აგვისტოს თურქეთში ეროვნული დღესასწაული - გამარჯვების დღე აღნიშნეს. 1922 წელს, ამ დღეს თურქეთის არმიამ, ქემალ ათათურქის მეთაურობით, ანატოლიის ტერიტორიიდან უცხო ქვეყნის შენაერთები საბოლოოდ განდევნა, რასაც თურქეთის რესპუბლიკის დაარსება მოჰყვა. ამ თარიღს, ტრადიციულად, სამხედრო აღლუმით აღნიშნავენ, თუმცა წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, ანკარის ქუჩებში მძიმე ტექნიკა არ გამოუყვანიათ, ავიაშოუც გაუქმდა.

დედაქალაქის ცენტრალურ გამზირზე სამხედროების მსვლელობის დროს უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გაამკაცრეს. 15 ივლისის შემდეგ თურქეთში დაძაბულობა არ ცხრება. სამხედრო გადატრიალების რიგით მეხუთე, ამჯერად წარუმატებელი მცდელობის შემდეგ რესპუბლიკა ახალი რეალობისა და გამოწვევების წინაშე დადგა.

ერდოღანის შავი სია

15 ივლისის ღამით დაწყებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა წინა ოთხი პუტჩისაგან განსხვავებული იყო. თურქეთში არასდროს უნახავთ გადატრიალების დროს პარლამენტის შენობის დაბომბვა, არც ამბოხებულ სამხედროებთან დაპირისპირებული პოლიციელები და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უიარაღო მოქალაქეები, რომლებიც ტანკების შეჩერებას ცდილობენ.

უნიკალური გამოდგა ამბოხის მონაწილეთა მოტივიც. ყველა სხვა შემთხვევაში სამხედროები პუტჩის საბაბად პოლიტიკოსების მიერ დაშვებულ „შეცდომებს“ ასახელებდნენ და დემოკრატიის სწრაფად აღდგენის პირობას დებდნენ. ასეთი შემთხვევაში თურქების ნაწილი, თუ მხარს არ უჭერდა, „გაგებით ეკიდებოდა“ მეამბოხეებს. ამჯერად კი პუტჩისტებს როგორც მმართველ წრეებში, ისე ოპოზიციაში მხარდამჭერები, ფაქტობრივად, არ გამოუჩნდნენ.

ამის გამო როგორც დასავლეთში, ისე თავად თურქეთშიც ბევრ დამკვირვებელს უჩნდება კითხვა, ხომ არ იყო სამხედრო გადატრიალება თავად მთავრობის მიერ ინსპირირებული.

ხელისუფლება, ისევე როგორც 15 ივლისის ღამეს, დღესაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ პუტჩი 1999 წელს აშშ-ში გახიზნული მქადაგებლის ფეტჰულა გიულენის მომხრეებმა მოაწყვეს. ამასვე იმეორებს ამბოხში მონაწილეობის ბრალდებით დაპატიმრებულების ნაწილი, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებებში, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ჩვენებების მისაღებად ხშირ შემთხვევაში სასტიკი მეთოდები გამოიყენეს, რაზეც არაერთი საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია საუბრობს. თავად გიულენის წინააღმდეგ უკვე აღძრეს სისხლის სამართლის საქმე და სასამართლომ მას დაუსწრებლად 2000-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. პენსილვანიაში მცხოვრები მქადაგებელი პუტჩისტებთან კავშირს უარყოფს. თუ მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებების ნახევარი მაინც დამტკიცდება, გიულენი მზადაა, თურქეთში დაბრუნდეს. ფაქტი ჯიუტია, სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობიდან 24 საათი არ იყო გასული, როდესაც მთავრობამ სახელმწიფო სტრუქტურებში მასობრივი საკადრო წმენდა დაიწყო. ეს კი ნიშნავს, რომ, სავარაუდოდ, „შავი სია“ წინასწარ იყო შედგენილი და შესაბამისი ორგანოები მხოლოდ ბრძანებას ელოდებოდნენ. ორი თვის განმავლობაში თურქეთში დააპატიმრეს 40 ათასი, ხოლო სამსახურიდან დაითხოვეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს 80 ათასზე მეტ სახელმწიფო მოხელეს. მათ შორის იყვნენ სამხედრო მოსამსახურეები, მოსამართლეები, პროკურორები, პროფესორები, პედაგოგები, ექიმები და ფეხბურთის მსაჯებიც კი. თურქეთის ძალოვანი სტრუქტურები ისეთი ცნობილი სპორტსმენებითაც დაინტერესდნენ, როგორიცაა „ბოსფორელ ხარად“ წოდებული ფეხბურთელი ჰაკან შუქური, რომლის დაპატიმრების ორდერიც კი გასცეს. ივლისსა და აგვისტოში ფეტჰულა გიულენთან დაკავშირებულ 4 ათასზე მეტ კომპანიას და ორგანიზაციას მმართველები შეუცვალეს ან საერთოდ დახურეს. ცნობილია ისიც, რომ ხელისუფლება მათ გასხვისებას გეგმავს.

მოსახლეობის ნაწილი დღემდე თავს არიდებს იმ სუპერმარკეტებსა და მაღაზიებში შესვლას, რომელთა მფლობელებსაც რაიმე აკავშირებთ მოძრაობა „ჰიზმეთის“ ლიდერთან.

მუშაობა შეაჩერა ათობით გამომცემლობამ, საინფორმაციო სააგენტომ, გაზეთმა და სატელევიზიო არხმა. ასზე მეტი ჟურნალისტი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა. ბრალდება ყოველთვის ერთია - პუტჩისტების მხარდაჭერა.

თურქეთის ხელისუფლება გიულენის მომხრეებს დღეს არა მხოლოდ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, არამედ 2013 წელს გეზის პარკში აქციების ორგანიზებასა და 2015 წელს სირიის საზღვრის სიახლოვეს რუსული გამანადგურებლის ჩამოგდებაშიც სდებს ბრალს.

მოვლენების ასეთი განვითარება ხელს აძლევს მთავრობას, რომელიც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ლამის ყველა ოპონენტს გიულენის მომხრედ და სამშობლოს მოღალატედ აცხადებს.

გიულენის მოძრაობის ბნელი მხარე

სოციოლოგიური კვლევების მიხედვით, თურქეთის მოქალაქეთა თითქმის ორ მესამედს ნამდვილად სჯერა, რომ 15 ივლისს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ფეტჰულა გიულენის ბრძანებით, მისი მოძრაობის - „ჰიზმეთის” წევრების მოწყობილია. საერთაშორისო ასპარეზზე ის პოზიციონირებს, როგორც „ლიბერალური ისლამის“ მიმდევართა გაერთიანება, რომელიც სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის დიალოგს უწყობს ხელს.

1970-იანი წლებიდან მქადაგებელი ფეტჰულა გიულენი თავის სწავლებაში მთავარ აქცენტს განათლებაზე აკეთებს. სწორედ ამის გამო, მოძრაობის წევრებს შორის დღეს უამრავი წარმატებული ბიზნესმენი, იურისტი, მეცნიერი, სახელმწიფო მოხელე თუ ჟურნალისტია. თურქეთის გარდა, გიულენის სწავლების მიმდევრებს შეხვდებით აფრიკაში, ცენტრალურ აზიაში, აშშ-სა და ევროკავშირის სახელმწიფოებშიც. „ჰიზმეთის“ გლობალური ქსელი მოიცავს სკოლებს, საქველმოქმედო ორგანიზაციებს, კომერციულ საწარმოებსა და მედიასაშუალებებს, თუმცა საკმაოდ ბევრ კითხვას ბადებს აღნიშნული მოძრაობის ფინანსური და ადმინისტრაციული სისტემა, რომლის შესახებ ინფორმაცია, ფაქტობრივად, ხელმისაწვდომი არ არის. ამ გაერთიანების ყოფილი წევრების ნაწილი ამტკიცებს, რომ ჰიზმეთის შიდა სტრუქტურა ავტორიტარულია და ხშირად „ბრმა მორჩილებაზე“ დაფუძნებული. ამის შესახებ საუბარია ნიდერლანდების მთავრობის მიერ 2008 წელს წარმოებული გამოძიების ანგარიშშიც. მეტიც, ერთი შეხედვით კეთილშობილური მიზნების მქონე მოძრაობის წევრებს ხშირად ადანაშაულებენ მტკიცებულებების ფაბრიკაციაში, უკანონო მოსმენაში, დეზინფორმაციის გავრცელებაში, იურიდიულ მანიპულაციებსა და შანტაჟში.

სავარაუდოდ, სწორედ ამას უნდა უკავშირდებოდეს ერთ დროს მოკავშირე გიულენისა და რეჯეპ ტაიპ ერდოღანის კონფლიქტი. 2003-2011 წლებში თურქეთში პუტჩის ორგანიზების ბრალდებით არაერთი სამხედრო მაღალჩინოსანი გაასამართლეს. პროკურორები და მოსამართლეები კი გიულენის მოძრაობის წევრები იყვნენ. სასამართლო პროცესებს „ჰიზმეთთან“ დაკავშირებული მედია აშუქებდა. მაშინ დამოუკიდებელი ექსპერტები ამტკიცებდნენ, რომ სამხედროების წინააღმდეგ მტკიცებულებები გაყალბებული იყო. შედეგად დააპატიმრეს ან სამსახურიდან გაათავისუფლეს ასობით ქემალისტი ოფიცერი. მათ ნაცვლად ჯარში გიულენისა და ერდოღანის მომხრეები მიიღეს.

ყველაფერი 2012 წელს შეიცვალა. პოლიციამ და პროკურატურამ უკვე ერდოღანთან დაახლოებული თურქეთის დაზვერვის უფროსის წინააღმდეგ წამოიწყო გამოძიება. ჰაკან ფიდანს „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში დასდეს ბრალი. ერთ წელიწადში კი თურქეთში ხმაურიანი კორუფციული სკანდალი აგორდა, რომლის ფარგლებშიც ოთხი მინისტრი დააკავეს. გაისმა ბრალდებები ერდოღანის ოჯახის წევრების მისამართითაც. საპასუხოდ თურქეთის პრეზიდენტმა ჩვეულ ხერხს მიმართა. გიულენის მოძრაობის წევრები სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულეს და ძალოვან სტრუქტურებში მასობრივი საკადრო წმენდა დაიწყო. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. 15 ივლისის პუტჩის მცდელობის შემდეგ ნათელია, რომ, თუ გიულენს მართლაც ჰყავდა მხარდამჭერები თურქეთის მთავრობაში, არმიაში, სასამართლოსა და ძალოვან სტრუქტურებში, მათი გავლენა დღეს მინიმუმამდეა შემცირებული. კარგია ეს, თუ ცუდი, ძნელი სათქმელია, რადგან სასწორის ერთ პინაზე დემოკრატიული ინსტიტუტების მდგრადობა დევს, ხოლო მეორეზე - ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილი ლიდერი, რომელიც ძალაუფლების უკვე თითქმის ყველა ბერკეტს ფლობს. არჩევანი კიდევ უფრო რთული გახდება, თუ გავიხსენებთ ამ რეგიონში არსებულ ვითარებას და იმასაც, რომ თურქეთის მეზობლად უკვე 5 წელია, სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი გრძელდება.

თურქეთის ომი სირიაში

„ევფრატის ფარი“ - ეს იმ ოპერაციის სახელწოდებაა, რომელიც თურქეთის არმიამ სირიის ტერიტორიაზე აგვისტოს ბოლოს წამოიწყო. თავდაპირველად ანკარაში აცხადებდნენ, რომ თურქული ტანკებისა და თურქი სპეცრაზმელების მეზობელ ქვეყანაში ინტერვენციის მთავარი მიზანი საზღვრისპირა ქალაქ ჯარაბლუსის „ისლამური სახელმწიფოსაგან“ გათავისუფლებაა, თუმცა რამდენიმე დღეში ცხადი გახდა, რომ თურქეთის არმია სირიელ ქურთებსაც უტევს და აიძულებს, მდინარე ევფრატის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ დაიხიონ. ანკარაში არც მალავენ, რომ თურქეთის საზღვრის სიახლოვეს ქურთების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიების არსებობას არ დაუშვებენ, მაგრამ მთავარი პრობლემა ის არის, რომ ქურთ სირიელებს იარაღით აშშ ამარაგებს და „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ სახმელეთო ბრძოლაში ერთ-ერთ მთავარ მოკავშირედაც მიიჩნევს.

როგორც ჩანს, ჩაშლილი პუტჩის შემდეგ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა გადაწყვიტა, უფრო აქტიურად ჩაერთოს საგარეო პოლიტიკაში. ამას ბევრი მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი ისევ ფეტჰულა გიულენის ფიგურას უკავშირდება, რომლის გადაცემასაც ანკარა ვაშინგტონისგან დაჟინებით მოითხოვს. აშშ-ში გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ. ასეთ ვითარებაში პირველი, რაც ერდოღანმა მოიმოქმედა ვლადიმირ პუტინთან შეხვედრა იყო. რუსეთთან ურთიერთობების აღდგენისთვის ნიადაგი ჯერ კიდევ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობამდე იყო მზად და ორივე მხარის ინტერესებში შედიოდა. აღსანიშნავია აგვისტოში თურქეთში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. ამ დროს თურქეთში ანტიამერიკული განწყობა სულ უფრო თვალსაჩინო ხდება. ბევრი 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ამერიკელი სამხედროების მონაწილეობაზეც კი ალაპარაკდა. საერთაშორისო მედია პერიოდულად წერს, რომ გერმანელი სამხედროები თურქეთში განლაგებული ინჯირლიკის ავიაბაზის დატოვებისთვის ემზადებიან. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მრავალწლიანი პაუზის შემდეგ თურქეთმა ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობა აღადგინა. ნათელია, რომ ანკარა საგარეო პოლიტიკის ახალ პრიორიტეტებს ეძებს. რამდენად მდგრადი და გრძელვადიანი იქნება ახალი მიმართულებები, რთული სათქმელია. ჯერ მხოლოდ ფრაგმენტული სურათი გვაქვს.

თურქეთთან ურთიერთობის დაძაბვა არც აშშ-ის ხელისუფლებას უნდა აძლევდეს ხელს. ანკარა ვაშინგტონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია რეგიონში, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ერთ დროს ასეთი მოკავშირე აშშ-ისთვის ირანიც იყო.

სეკულარული სახელმწიფო საფრთხეშია?

15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების უშედეგო მცდელობის შემდეგ თურქეთის მთავრობის ნაბიჯები ძალიან ჰგავს ირანში ისლამური რევოლუციის შემდგომ განვითარებულ პროცესებს. მასობრივი საკადრო წმენდა არმიაში, პოლიტიკური პარტიების გაერთიანება ერთი ლიდერის გარშემო, უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან პროფესორებისა და პედაგოგების გათავისუფლება - ყველაფერი ეს მსოფლიომ 1979 წელს ერთხელ უკვე იხილა. რა თქმა უნდა, არსებობს ბევრი განსხვავებაც. ერდოღანის პარტიამ რამდენჯერმე გაიმარჯვა არჩევნებში; თურქეთში არ მომხდარა სახალხო რევოლუცია; სეკულარული სახელმწიფოს ინსტიტუტები დასუსტებულია, თუმცა ჯერ ფუნქციონირებენ, ხოლო რეჯეპ ტაიპ ერდოღანს არ აქვს ხომეინის მსგავსი ავტორიტეტი.

თურქეთი დღეს გზაგასაყარზეა. ერთ მხარეს სტამბოლის სიახლოვეს გახსნილი „მოღალატეების სასაფლაოა“, სადაც პუტჩისტები დაკრძალეს, ხოლო მეორეზე - ბოსფორზე გადებული „15 ივლისს წამებულთა ხიდი”, სადაც ამბოხებულებმა უიარაღო მოქალაქეები დახოცეს. ამ გზის ორივე მხარეს მყოფ მოქალაქეებს თავიანთი სიმართლე აქვთ და მხარდაჭერა სჭირდებათ.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^