Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბავშვები სანაპიროდან

16 სექტემბერი 2016

ზღვის სანაპიროზე მწოლიარე დამსვენებლებსა და ტურისტებს შორის მიიკვლევენ გზას - აბა ცხელი სიმინდი, კუკურუზა, ცივი კოკა-კოლა, პივა, კოფეეე... დილიდან საღამომდე მზეში, მძიმეწონიანი ჩანთებით გადაადგილდებიან, რომ საღამოს სახლში ყოველდღიური სახარჯო ფულით ოჯახს დაეხმარონ. ისინი ძირითადად, აჭარის სხვადასხვა სოფლიდან ზღვის სანაპიროზე სამუშაოდ ჩამოსული არასრულწლოვნები არიან. ზოგიერთი მათგანი ისეთი პატარაა, გასაბერი საცურაო კამერების შეკვრიდან მხოლოდ მზისგან გარუჯული ფეხები მოუჩანს.

დღის 2 საათზე, როდესაც დამსვენებლების უმეტესობა ზღვის სანაპიროს მცხუნვარე მზეს გაურბის და სახლებში დასასვენებლად მიდის, 11 წლის გიგა და 9 წლის გიორგი ქობულეთში, სანაპიროს ხიდზე მოწყობილი რესტორნის ქვემოთ ჩრდილში ისვენებენ. სახლიდან წამოღებული მშრალი საკვები იქვე, ქვებზე გაფენილ პოლიეთილენზე იშლება. სადილის დროა. გიგა და გიორგი ძმები არიან. ბობოყვათიდან.

გიგა ქობულეთში ცივ სასმელებს: წვენს, ლუდს, კოკა-კოლასა და წყალს უკვე მესამე წელია, ყიდის. 9 წლის გიორგის კი სანაპიროზე ვაჭრობა ახალი დაწყებული აქვს. ბობოყვათში ბებიასა და ბაბუასთან ერთად ცხოვრობენ. ისინიც სანაპიროზე სიმინდს ყიდიან. მშობლები ზაფხულობით თურქეთში სეზონურ სამუშაოებზე დადიან. გიორგისა და გიგას დღეში დაახლოებით 15-20 ლარი რჩებათ, ამინდს გააჩნია.

ოჯახების დასახმარებლად არიან შავი ზღვის სანაპიროზე გამოსულები გიორგის და გიგას მეგობრებიც, რომლებიც ყოველდღიურად, შაბათ-კვირის ჩათვლით, მზიან ამინდში, დილის 9-დან საღამოს 8 საათამდე მუშაობენ.

მერაბი ოჩხამურიდანაა. 14 წლის. დედას ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ხილის კრეფის დროს ხიდან ჩამოვარდა და ნერვის დაზიანების გამო, მუშაობა აღარ შეუძლია. მამა სეზონურად, მშენებლობაზეა. მერაბი უკვე მეორე წელია, სკოლის დამთავრებისთანავე ჯერ თურქეთში ხილის საკრეფად დადის, ივლისსა და აგვისტოში კი საცურაო გასაბერ კამერებს ქობულეთის სანაპიროზე ყიდის. ამბობს, რომ ხანდახან თურქეთში ხილის კრეფის დრო სკოლის სემესტრის ბოლო პერიოდს ემთხვევა, ამიტომ მასწავლებლებს ორი კვირით ეთხოვება ხოლმე. თურქეთის სხვადასხვა ქალაქში ის და თავისი მეგობრები მანდარინს, თხილს, მუშმულას, ბალსა და ტყემალს კრეფენ. გამომუშავებული ფულით მერაბი სასკოლო ნივთებსა და ტანსაცმელს ყიდულობს: „ფეხბურთზე დავდივარ და ზაფხულის ნამუშევრით რამდენიმე თვე გადასახადს მე თვითონ ვიხდი“.

„ამხელა ბიჭი ვარ და მშობლებს ფულს როგორ ვთხოვ“, - მეუბნება 17 წლის ცეზარი, რომელიც ქობულეთში უკვე ექვსი წელია მუშაობს. ის სანაპიროზე მომუშავე არასრულწლოვნებს შორის ყველაზე დიდია. ამბობს, რომ გამომუშავებულ ფულს ოჯახისთვისაც ხარჯავს: „დედას და მამას ბანკში კრედიტები აქვთ“.

ქობულეთის გარეუბანში სპეციალური საწყობია. ბიჭებს ყოველ დილით იქიდან გასაბერი საცურაო კამერები გამოაქვთ. საწყობის მეპატრონე მათი უფროსია, რომელსაც ბავშვები ერთ კამერაში რვა ლარს უხდიან, მომატებული თანხა კი მათ რჩებათ. არის დღეები, როცა სახლში მხოლოდ 10 ლარით ბრუნდებიან. ხანდახან უმართლებთ და 40 ლარიც შეიძლება გამოიმუშაონ. სანაპიროს ზოლზე კამერები სხვადასხვა ფასად იყიდება: „ჭყონიას სასტუმროს წინ თუ გაგვაჩერეს, შეიძლება ერთი კამერა 30 ლარადაც გავყიდოთ, გააჩნია დამსვენებლის ფინანსურ შესაძლებლობას“, - ამბობს ცეზარი.

შესვენებაზე ბიჭებისგან მოშორებით ზის მეცხრეკლასელი ლევანი. ჩაქველია. უნდა, რომ მეზღვაური გამოვიდეს, მანამდე კი ყოველ ზაფხულს დამსვენებლებს ცივ სასმელებს სთავაზობს. და ბათუმში სამკერვალოში მუშაობს, ძმა - მშენებლობაზე. მშობლები უმუშევრები არიან. ამიტომ შვილების გამომუშავებული ფული ოჯახისთვის მნიშვნელოვანია. ლევანს დღეში დაახლოებით 10 ლარი რჩება: „არაა საკმარისი, საკვებზე თუ გვყოფნის მხოლოდ, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს“.

ბავშვები არა მხოლოდ ქობულეთში, თითქმის ყველა ზღვისპირა, საკურორტო ქალაქში მუშაობენ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს შრომის კოდექსი არასრულწლოვანთა შრომას არეგულირებს და კანონით არის განსაზღვრული შრომის მინიმალური ასაკი და ქმედუნარიანობა, საქართველოში არასრულწლოვანთა შრომა, მათ შორის სანაპიროზე, ფაქტობრივად, უგულებელყოფილია. თუმცა იქამდე კანონში არსებულ ხარვეზებზე საუბრობს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“(EMC) იურისტი ლელა გვიშიანი. მისი განმარტებით, ჩვენი კანონმდებლობა სრულად ვერ არეგულირებს ბავშვთა შრომას: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შრომით ქმედუნარიანობას კანონი სრულწლოვანებაზე დაბალ ასაკს 16 წელს უკავშირებს. 16 წლის პირს უკვე შეუძლია, დაიწყოს მუშაობა და დამსაქმებელთან ხელშეკრულება გააფორმოს“.

კანონით, 16 წელს ქვემოთ არასრულწლოვნების შრომა ორ ნაწილად იყოფა. ერთი ნაწილი შრომითი ურთიერთობის დროს ითვალისწინებს კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის ან მზრუნველობითი ორგანოს) აზრს, მეორე მხრივ კი, აკრძალულია გარკვეული შრომის გაწევა. 16 წლამდე შრომითი ხელშეკრულების დადება დასაშვებია, თუ ის საფრთხეს არ უქმნის ბავშვის ფიზიკურ, ზნეობრივ მდგომარეობასა და საბაზისო განათლების მიღების უფლებას.

რაც შეეხება 14 წლამდე შრომას. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს კანონმდებლობა მეტად კონკრეტულია და ამბობს, რომ 14 წლამდე ბავშვისთვის აკრძალულია ნებისმიერი სახის შრომა, გარდა სპორტული, კულტურული და სარეკლამო საქმიანობისა:

„ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ 14 წლამდე ბავშვებისთვის, რომლებიც, მაგალითად, ზღვის სანაპიროზე მუშაობენ დილიდან საღამომდე, აკრძალულია მსგავსი შრომის გაწევა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ოჯახის თანხმობით ხდება თუ არა. არასრულწლოვნების უფლების დაცვა ევალება მშობელს ან სოციალური მომსახურების სააგენტოს. ამიტომ, თუ მშობელი ვერ იაზრებს, რომ 14 წლის ბავშვისთვის მსგავსი შრომა შესაძლოა, მის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდეს და საფრთხეს უქმნიდეს მის ფიზიკურ ან მორალურ განვითარებას, აუცილებელია მზრუნველობითი ორგანოების ჩართვა“, - ამბობს EMC-ის იურისტი, ლელა გვიშიანი.

მიუხედავად საქართველოში არასრულწლოვანთა შრომის კუთხით კანონით განსაზღვრული რეგულაციების არსებობისა, ქვეყანაში არ გვაქვს სტატისტიკა, რომელიც დაგვანახებს, რამდენი ბავშვი ეწევა მძიმე შრომას. ცხადია, უცნობია ისიც, რამდენი ბავშვი მუშაობს ზღვის სანაპიროზე, მათ შორის, 14 წელს ქვემოთ ასაკის არასრულწლოვანი. სტატისტიკის არარსებობის გამო, ფაქტობრივად, შეუძლებელია ამ საკითხზე კვლევების მოძიება, ბავშვების შრომის ბაზარზე გასვლის მიზეზებსა და შედეგებზე საუბარი.

ერთადერთი, რაც ახლო მომავალში იგეგმება, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მიერ 5-დან 15 წლამდე შინამეურნეობებში დასაქმებული ბავშვების აღწერაა. დეპარტამენტი ამ დროისთვის სწავლობს 7700 შინამეურნეობაში დასაქმებული არასრულწლოვნების რაოდენობას. ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ელზა ჯგერენაია ამბობს, რომ დეპარტამენტი ელოდება საქსტატის მონაცემებს, რის შემდეგაც გადაწყდება, საჭიროა თუ არა ამ კუთხით სამოქმედო გეგმის შექმნა. ამავე გეგმაში მოხვდება სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული არასრულწლოვნების საკითხიც.

„წინასწარი ინფორმაციით, ამ მხრივ, საგანგაშო მდგომარეობა არ გვაქვს. ბავშვთა შინა მეურნეობებში დასაქმების კუთხით მიმდინარე საველე პირობებში მძიმე სურათი არ იკვეთება და ამას სისტემური ხასიათი არ აქვს, თუმცა სტატისტიკის გამოქვეყნების შემდეგ გადაწყდება, საჭიროა თუ არა ამ მხრივ სამოქმედო გეგმის შემუშავება. გეგმის მიზანი იქნება ბავშვებისა და მშობლების ცნობიერების ამაღლება, იგეგმება საგანმანათლებლო სახის აქტივობები“, - ამბობს ელზა ჯგერენაია.

რაც შეეხება კონკრეტულად ზღვის სანაპიროზე დასაქმებული არასრულწლოვნების საკითხს, შრომის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ეს ბავშვები მშობლების ნებართვით მუშაობენ. ისინი არ არიან დამსაქმებელთან ოფიციალურად შრომით ურთიერთობაში. ამასთან ერთად, ეს დრო არ ემთხვევა საგანმანათლებლო პროცესს. შესაბამისად, საკითხის რეგულაციებში მოქცევა რთულია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“(PHR) იურისტი, ანა არგანაშვილი სახელმწიფოს გარდა, პასუხისმგებლობას მშობლებსაც აკისრებს და ამბობს, რომ ხშირად, მშობელი ვერ აცნობიერებს, თუ რაში მდგომარეობს ბავშვის ინტერესი და ამიტომ არღვევს მას: „მშობლად ყოფნა იმის გარანტი არაა, რომ ბავშვის უფლებები და ინტერესები იმთავითვე გააზრებული აქვს ადამიანს. ხშირად, პირიქით, ამ ბიოლოგიური მოცემულობის გამო, ადამიანი რაციონალურ შეკითხვებს აღარ სვამს თავისი ქცევის მიმართ, რითაც აზიანებს ბავშვის ინტერესს“.

რაც შეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, არგანაშვილი ამბობს, რომ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით, არასრულწლოვანთა შრომა მავნე და მძიმე პირობებში აკრძალულია და სანაპიროზე სიცხეში მძიმე ტვირთით მუშაობა სწორედ ამ კუთხით უნდა შეფასდეს.

„რაც შეეხება ბავშვების არაფორმალურ მუშაობას, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ბოლო წლებია, მკაცრად აკრიტიკებს საქართველოს მთავრობას იმის გამო, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობა არ იცავს არაფორმალურ ეკონომიკაში დასაქმებული ბავშვების უფლებებს. შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შრომის ინსპექციის ფარგლებში მოხდეს ბავშვების მძიმე შრომის პირობების ინსპექტირება, მათ შორის, საოჯახო მეურნეობაში. განისაზღვროს საკანონმდებლო დონეზე „,მძიმე“ და „მსუბუქი“ შრომის ცნება ბავშვებთან მიმართებაში, ასევე დასაშვები მუშაობის საათები, შესვენების დრო და ზედამხედველობის მკაცრი პირობები. დღეს ყველაფერი ეს მოუწესრიგებლად და ქაოტურად მიმდინარეობს, ამიტომ არაერთი ბავშვი მძიმე და განვითარებისთვის შემაფერხებელ შრომით ექსპლუატაციას განიცდის“, - აღნიშნავს არგანაშვილი.

ბავშვების შრომას ბავშვის უფლებების კონვენციაც არეგულირებს: „ბავშვი დაცული უნდა იყოს ეკონომიკური ექსპლუატაციისა და ნებისმიერი ისეთი სამუშაოს შესრულებისაგან, რომელიც შეიძლება ემუქრებოდეს მის ჯანმრთელობას და ხელს უშლიდეს განათლების მიღებაში, ან ზიანს აყენებდეს მის ჯანმრთელობას, ფიზიკურ, გონებრივ, სულიერ, მორალურ და სოციალურ განვითარებას.“ კონვენცია ასევე მოითხოვს სახელმწიფოებისაგან, დააწესონ სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი და განსაზღვრონ პირობები. ბავშვთა შრომა ასევე განისაზღვრება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სპეციალური კონვენციებით, რომელთაც საქართველოც შეუერთდა.

„იუნისეფის“ საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელის მაია ქურციკიძის აზრით, მნიშვნელოვანია იმის შესწავლა, რა უბიძგებს ამ ბავშვებს, იმუშაონ მსგავს პირობებში. მისივე განმარტებით, საჭიროა, თითოეული ბავშვისა და მისი ოჯახის მდგომარეობის შესწავლა და კონკრეტული რეკომენდაციის შემუშავება თითოეული ოჯახისათვის:

„საჭიროა, ვიცოდეთ ბავშვების ასაკი, შრომის ხანგძლივობა, პირობები, რამდენად უშლის (ან თუ უშლის) ეს შრომა ხელს მათი სწავლის პროცესს, თუმცა სანაპიროზე მომუშავე ბავშვები სხვა კატეგორიას განეკუთვნება. ეს არაანაზღაურებადი შრომაა, რომლის საშუალებითაც ბავშვი ოჯახს ეხმარება. ამ ტიპის სამუშაოს ზუსტი განსაზღვრება არ არსებობს. ამ ბავშვების სანაპიროზე გამოსვლის ძირითადი მიზეზი, ალბათ, სიღარიბე და სოციალური გაჭირვებაა. ამიტომაც, მნიშვნელოვანია უფრო ძლიერი და ქმედითი სოციალური დაცვის სისტემის შექმნა, რომელიც დაინახავს სოციალურად გაჭირვებულ ოჯახებს და დაეხმარება მათ. საჭიროა სისტემურ დონეზე ცვლილებები და ოჯახების გაძლიერება, რომ სახელმწიფომ შეძლოს რისკის წინაშე მყოფი ბავშვისა და ოჯახების დროულად იდენტიფიცირება და დახმარება“, - განმარტავს მაია ქურციკიძე.

მანამდე კი ზღვის სანაპიროზე მომუშავე არასრულწლოვნები საზაფხულო სეზონის დამთავრებამდე სიცხეში, მძიმე ჩანთებით განაგრძობენ მუშაობას. გიორგი, გიგა და მისი მეგობრები მუშაობის პარალელურად არ ივიწყებენ, რომ ბავშვები არიან და მძიმე სამუშაო დღის შემდეგ გასაგრილებლად ერთად იყრიან თავს და შავი ზღვის ტალღებში იმალებიან.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 დეკემბერი
11 დეკემბერი

მშობლები, შვილები და განათლება

უსაფრთხოება სკოლაში, მასწავლებლები და მათი დამოკიდებულებები, განათლების ხარისხი, მშობლების მონაწილეობა შვილების განათლებ ...
08 დეკემბერი
08 დეკემბერი

პაციენტის ტატუმ ეთიკური დილემა წარმოშვა

დილის შემოვლის დასრულების შემდეგ ექიმ გრეგორი ჰოლტს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში ახალი პაციენტის სანახავად დაუძახ ...
07 დეკემბერი
07 დეკემბერი

12 მგ. „მდმა”-ისთვის 9 წლით დაპატიმრებულ ...

გამარჯობა, მე მიხაილო ვარ, DJ და პროდიუსერი. პირველად ციხეში 2009 წელს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის” მოხ ...

მეტი

^