Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალთა უფლებების დაცვა და ოჯახში ძალადობის პრევენცია - რა ხედვები აქვთ პარტიებს

16 სექტემბერი 2016

ოჯახში ძალადობის შედეგად მარტო 2016 წელს ათამდე ქალი მოკლეს. 2015 წელს ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 28 სისხლის სამართალის საქმეზე დაიწყო. 2014 წელს კი ქალთა მკვლელობების საგანგაშო მაჩვენებელი დაფიქსირდა - 34 მოკლული ქალი.

მიუხედავად ამ სტატისტიკისა, პარლამენტმა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალის განზრახ მკვლელობისთვის სისხლის სამართლის კოდექსში ფემიციდის  მუხლის დამატებას მხარი არ დაუჭირა და პარლამენტარ თამარ კორძაიას ინიციატივა ჩავარდა.

პოლიციის გულგრილობა, საგამოძიებო ორგანოების არაეფექტური მუშაობა, შეუსაბამო სისხლის სამართლებრივი მუხლების გამოყენება ოჯახში ძალადობისა და ფემიციდის საქმეებზე - იურისტები და ქალთა უფლებადამცველები დიდი ხანია ამის შესახებ საუბრობენ.

პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობა ისევ დაბალია. ოფიციალური სტატისტიკით, პარლამენტში ქალების მონაწილეობა მხოლოდ 12%-ია. 150 დეპუტატიდან მხოლოდ 18-ია ქალი. ადგილობრივ თვითმმართველობებში ქალთა რაოდენობა მხოლოდ 11%-ია. ქვეყანაში 69 გამგებლიდან მხოლოდ ორი ქალია; არცერთი მერი და არცერთი გუბერნატორი ქალი.

პარლამენტმა ასევე ჩააგდო კანონპროექტი სავალდებულო გენდერული კვოტირების შესახებ. საკანონმდებლო წინადადება, რომელსაც ხელს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია აწერდა, „ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის სამუშაო ჯგუფმა" (თასქ ფორსი) მოამზადა. წინადადება „საქართველოს საარჩევნო კოდექსსა“ და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებებს გულისხმობდა. ცვლილებების მიხედვით,  პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო რეგისტრაციისთვის სიების შედგენისას სავალდებულო გენდერული კვოტა უნდა დაეცვათ და სიის ყოველ მეორე წევრად ქალი უნდა დაესახელებინათ. პარტიებს სიების წარდგენისას საპარლამენტო  თუ  ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში 50%-იანი სქესთა ბალანსის დაცვა უნდა დავალებოდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლიდა. საბოლოოდ კი პარლამენტში ქალთა 25%-იან წარმომადგენლობას - 150 დეპუტატიდან 38 ქალს მივიღებდით. მიუხედავად არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკოსი ქალების, საზოგადოების ნაწილის მხარდაჭერისა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა და ინიციატივა ჩავარდა. 

თუ რატომ არ დაუჭირეს პარლამენტარებმა კვოტირებას მხარი, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები მიზეზად ასახელებდნენ, რომ მათ სავალდებულო გენდერული კვოტები არ სჭირდებათ, რადგან ისედაც დაიცავენ კვოტას და პარტიულ სიებში ქალებიც და კაცებიც თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი.

წინასაარჩევნოდ პროგრამასთან ერთად თითქმის ყველა პარტიამ წარმოადგინა უკვე სიები. ქალთა მოძრაობამ და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ჯგუფის წევრებმა რამდენიმე დღის წინ საზოგადოებას საარჩევნო სიების გენდერული ანალიზის შედეგები გააცნეს. როგორც ისინი ამბობენ, 2016 წლის მოწვევის პარლამენტში არათუ გაიზრდება, შესაძლოა შემცირდეს კიდეც ქალთა წარმომადგენლობა პარლამენტში და 2012 წლის 12%-იან მაჩვენებელს ვერც კი გაუტოლდეს.

„ქართულმა ოცნებამ“  მაჟორიტარობის კანდიდატებად მხოლოდ 4 ქალი წარადგინა, პარტიული სიის პირველ ოცეულში - 6 ქალი, ხოლო სრულ სიაში 155 კანდიდატიდან მხოლოდ 18 ქალი. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მაჟორიტარობის ხუთი კანდიდატი წარადგინა - პარტიული სიის პირველ ოცეულში 6 ქალი, ხოლო სრულ სიაში 200 კანდიდატიდან 48 ქალი. „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „რესუბლიკურმა პარტიამ“ მაჟორიტარებად 9-9 ქალი წარადგინეს - პარტიული სიის პირველ ოცეულებში 7-7 ქალი, ხოლო სრულ პარტიულ სიაში 30%-იანი კვოტა დაიცვეს.  საარჩევნო ბლოკმა “ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის” მაჟორიტარ კანდიდატებად 8 ქალი წარადგინა, მაგრამ საარჩევნო სიის პირველ ოცეულში არცერთი ქალი არ არის წარმოდგენილი.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ თვეზე ნაკლები რჩება. არის თუ არა საარჩევნო პროგრამებში ასახული ქალთა უფლებების დაცვის, გენდერული თანასწორობისა თუ ოჯახში ძალადობის პრევენციასთან დაკავშირებული საკითხები? რა ხედვები აქვთ პოლიტიკურ პარტიებს?

პარტია „ქართული ოცნება  - დემოკრატიული საქართველო“

მმართველი გუნდის საარჩევნო პროგრამაში, რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ გაიმართა, თავდაპირველად საუბარია იმაზე, თუ რა გაკეთდა ოთხი წლის განმავლობაში; შემდეგ - უკვე სამომავლო გეგმებზე.

„ქართული ოცნების“ პროგრამაში ვკითხულობთ, რომ ოთხი წლის განმავლობაში გატარდა მთელი რიგი ღონისძიებები გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოსაფხვრელად, გაძლიერდა გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის გამოვლენისა და აღმოფხვრის ინსტიტუციური მექანიზმები, გამკაცრდა სანქციები ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებულ დანაშაულთა მიმართ, განხორციელდა იძულებითი ქორწინების კრიმინალიზაცია, 2017 წლიდან აიკრძალება 18 წლამდე ქორწინება.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, ის ზოგადია და კონკრეტულ ღონისძიებებსა და მექანიზმებზე საუბარი არ არის. მხოლოდ ის არის ნათქვამი, რომ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთათვის სახელმწიფო კომპენსაციის სისტემა ამოქმედდება.

„გენდერული თანასწორობის დასაცავად განხორციელდება ქმედითი ღონისძიებები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში, განსაკუთრებით პოლიტიკურ და ეკონომიკურ საქმიანობაში და გადაწყვეტილების მიღების დონეზე. უზრუნველყოფილი იქნება სწრაფი და ქმედითი რეაგირება გენდერული თანასწორობის დარღვევის თითოეულ ფაქტზე“, - ნათქვამია პარტიის პროგრამაში.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ 

„ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პროგრამაში უფრო კონკრეტული მიზნებია დასახული. კანონის უზენაესობის ნაწილში საუბარია, რომ პარტია საპარლამენტო მანდატის მოპოვების შემთხვევაში გეგმავს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულის შექმნას, რომელიც უშუალოდ იქნება პასუხისმგებელი გენდერული ნიშნით და ოჯახში ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირებაზე.

პარტია  ძალადობის აღკვეთის გასამარტივებლად აპირებს, გააუქმოს შემაკავებელ ორდერზე სასამართლოს გადაწყვეტილების აუცილებლობის მოთხოვნა.

ვუზრუნველყოფთ, განხორციელდეს ერთიანი სტატისტიკის წარმოება ოჯახში ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, რაც გააუმჯობესებს პრევენციის, რეაგირებისა და რეაბილიტაციის მექანიზმებს. დავნერგავთ/გავაძლიერებთ ოჯახში ძალადობის ფაქტზე მონიტორინგის მექანიზმებს, რაც  შეამცირებს ძალადობის განმეორების რისკს. გავაუმჯობესებთ თავშესაფრისა და მსხვერპლის რეაბილიტაციის სამსახურს“, - ნათქვამია პროგრამაში.

პროგრამაში ასევე საუბარია, რომ ცნობიერების ამაღლების მიზნით გენდერული თანასწორობის შესახებ სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები გატარდება.

რაც შეეხება ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის ზრდას, პარტიაში ამბობენ, რომ ხელს შეუწყობენ პარტიის ქალთა ორგანიზაციის განვითარებას, რომელიც 2013 წელს შეიქმნა. „ჩვენ წავახალისებთ ქალთა ჩართულობას არა მხოლოდ პარტიულ საქმიანობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში, არამედ მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს მეტი ქალის ჩართვას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, როგორც ინფორმირებული ამომრჩევლები, აქტივისტები თუ ლიდერები“.

ბლოკი „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“

საარჩევნო ბლოკს „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“, რომელშიც რამდენიმე პარტიაა გაერთიანებული, ერთიანი საარჩევნო პროგრამა არ აქვს. ბლოკის სახელით „გირჩის“ წევრი ნინო დარსაველიძე გვესაუბრა.

ჩვენ არ ვუყურებთ ქალებს, როგორც ადამიანის განსაკუთრებულ ან განსხვავებულ სახეობას, რომელსაც განსაკუთრებული დაცვა, კანონში განსაკუთრებული ჩანაწერი ჭირდება. ოჯახური ძალადობა  არის  ძალადობა. და  ვის მიმართაც არ უნდა იყოს განხორციელებული, ის მკაცრად უნდა ისჯებოდეს შესაბამისი ორგანოების მიერ. ამის მექანიზმები არსებობს და ჩადებულია კანონში. ამოცანაა,  რომ პოლიციამ მყისიერი რეაგირება მოახდინოს თითოეულ შემთხვევაზე. სახელმწიფოს ამოცანაა, უზრუნველყოს თითოეული მოქალაქის თავისუფალი არჩევანი და უსაფრთხოება სქესის, ასაკის თუ სხვა პარამეტრის მიუხედავად. ამას ითხოვს კონსტიტუცია“, - ამბობს ნინო დარსაველიძე.

სავალდებულო გენდერულ კვოტირებასთან დაკავშირებით პარტიაში ამბობენ, რომ ერთიანი ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვთ, თუმცა ნაწილი პარტიაში მიიჩნევს, რომ გენდერული კვოტირება, როგორც დროებითი ზომა, მისაღებია.

„რესპუბლიკური პარტია“

პარტიის საარჩევნო პროგრამაში ნათქვამია, რომ ქალთა უფლებების დაცვა და გენდერული თანასწორობის დამკვიდრება უმეტესად კვლავ დეკლარირებულ ღირებულებად რჩება. საქართველოს პარლამენტში წარმატება ვერ მოიპოვა სქესის ნიშნის მიხედვით ქალთა მკვლელობის (ფემიციდის) ცალკე დანაშაულად აღიარებისა და პოლიტიკურ საქმიანობაში ქალთა ჩაბმის წამახალისებელმა (გენდერული კვოტირება საარჩევნო სიებში) კანონპროექტებმა. შესაბამისად, პარტიაში მიიჩნევენ, რომ  აუცილებელია მეტი ძალისხმევა საკანონმდებლო, და განსაკუთრებით, აღმასრულებელ დონეზე ქალსა და მამაკაცს შორის არსებული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად.

პარტიაში ამბობენ, რომ უპირველესი ამოცანაა ქალების მიმართ არსებული ძალადობის წინააღმდეგ და მათი მძიმე სოციალური მდგომარეობის დასაძლევად ქმედითი მექანიზმების შემუშავება და ამოქმედება. ამისათვის აუცილებელია, მოწყვლადი ქვეჯგუფების იდენტიფიცირება და ინდივიდუალური მიდგომის ჩამოყალიბება. ასეთ ქვეჯგუფებად შეიძლება მივიჩნიოთ: მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები, მარტოხელა და მიუსაფარი მოხუცები, დევნილი ქალები, სუბკულტურული და მარგინალური ჯგუფების წარმომადგენელი ქალები (ეთნიკური, რელიგიური, ლგბტ ჯგუფის წარმომადგენლები), სოფლად მცხოვრები ქალები, დიასახლისები, პატიმარი, პროსტიტუციაში ჩაბმული და ნარკოდამოკიდებული ქალები.

რა შეიძლება მოიაზრებოდეს ქმედით მექანიზმებად, პროგრამაში ამის შესახებ საუბარი არ არის. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის წამახალისებელ მექანიზმებზე საუბრისას პროგრამაში მხოლოდ ის წერია, რომ ის კვლავ აქტუალურ საკითხად რჩება და სამართლიანია,   გადაწყვეტილების მიღების დონეზე ქალები სათანადოდ წარმოდგენა.

თავისუფალი დემოკრატები“

პარტიის საარჩევნო პროგრამაში ქალთა უფლებების დაცვის თუ ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხთან დაკავშირებით ჩანაწერი არ არის. როგორც პარტიის წევრი თამარ კობერიძე ამბობს,  21-ე საუკუნეში ამ ნაწილს პროგრამებში ცალკე არავინ აკეთებს, რადგან თანამედროვე მიდგომით, ქალთა უფლებები მეინსტრიმის ნაწილია და სხვა თემებთან უნდა იყოს ინტეგრირებული.  

„საკანონმდებლო ცვლილება სხვა თემაა, მაგრამ ის, რომ ამ მიმართულებით რამე ცალკე დაიწეროს, ამის აუცილებლობა არ არის. პროგრამაში გვაქვს სხვადასხვა მიმართულება, მაგალითად,  ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, როცა ამ  საკითხებზე ვსაუბრობთ, ის  თანაბრად ეხება ქალებსაც და კაცებსაც. რაც შეეხება გენდერულ კვოტებს, კვოტები მხოლოდ იმას არ ემსახურება, რომ ქალები და კაცები პარლამენტში თანაბრად იყოს წარმოდგენილი, არამედ იმასაც, რომ საზოგადოება გაიზარდოს. პარტია თავისუფალი დემოკრატები ნამდვილად უჭერს მხარს პარლამენტში 30%-იან კვოტას. როგორც ჩვენ გავაკეთეთ, ყველა ათეულში ქალების შესაბამისი რაოდენობა უნდა იყოს გათვალისწინებული“, - ამბობს თამარ კობერიძე.

რაც შეეხება ოჯახში ძალადობას,  როგორც პარტიაში ამბობენ, პრობლემა არის ის,  რომ ოჯახში ძალადობის დეკლარირება არ ხდება. მხოლოდ კანონის გამკაცრება შედეგს ვერ მოგვცემს, საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ცვლილება. ნელ-ნელა ადამიანები შეძლებენ ამაზე რეაგირებას.

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია“

„საქართველოს ლეიბორისტული პარტიის“ ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელი და გარდაბნის მაჟორიტარობის კანდიდატი  ნინო მეტრეველი ამბობს, რომ პარტია ყოველგვარი დისკრიმინაციისა და უთანასწორობის წინააღმდეგია.

ნინო მეტრეველი მიიჩნევს, რომ სტერეოტიპებთან ბრძოლა კრიმინალთან თუ კანონის შეუსრულებლობასთან ბრძოლაზე უფრო რთულია. შესაბამისად, ამ პრობლემის მოსაგვარებლად ორმაგი მიდგომებია საჭირო: არსებული კანონი  უნდა სრულდებოდეს (თუ შევთანხმდებით, უნდა გამკაცრდეს კიდეც), მაგრამ პარალელურად და უპირველესად თავად ქალი, უნდა იქნეს წამოწეული, როგორც პიროვნება, როგორც მამაკაცთან რესურსებისა და  შესაძლებლობების ტოლი.

„დღემდე არ უნდა აღიარება მამრობით სქესს (ოჯახშიც და გარეთაც), რომ ქალები მათზე ნაკლები არ არიან (მეტწილად-კონკურენციის შიშით.) ამიტომ სანამ ასეთი მიდგომები მენტალობაში არ შეიცვლება, მანამდე კანონი უნდა არეგულირებდეს ამ პრობლემებს“.

ნინი მეტრეველი ფიქრობს, რომ პირველ რიგში,  უფრო სისხლის სამართალში უნდა გამკაცრდეს ის მუხლები, რომელიც ოჯახში კონფლიქტებსა და იმ მუხლებს არეგულირებს, რომელიც ძალიან ლოიალურია და მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერას გულისხმობს. ის მოძალადისთვის ფორმალობაა, ძალადობის მსხვერპლისთვის კი პრაქტიკულად არაფერს ცვლის.  

„პოლიტიკაში ქალების ნაკლები რაოდენობა ძირითადად კაცების მიდგომის დამსახურებაა: „რა უნდა ქალს პოლიტიკაში“; „პოლიტიკა ბინძური საქმეა“. უკაცრავად და, თუ ბინძურია, ვინ დააბუნძურა? კაცები არ იყვნენ და არ არიან პოლიტიკის მთავარი და არამთავარი წარმმართველი ძალა? დამოკიდებულება? პოლიტიკაშიც და სხვა სფეროებშიც აპრიორი ითვლება, რომ კაცია და შეუძლია! და ამაში ერთმანეთში შეთანხმებული არიან. ქალებს კი ყოველ დღე გვიწევს მტკიცება, რომ მაგრები ვართ, ჭკვიანები, ძლიერები და რომ  უბრალოდ - ჩვენც შეგვიძლია. პოლიტიკაში ქალების სიმცირის ერთ-ერთი, ასევე მნიშვნელოვანი მიზეზი სოციალური მდგომარეობაა, როცა ძლიერი ქალი ოჯახის სარჩენადაა „გადავარდნილი“ და მას საკუთარი თავის რეალიზებისთვის არც  სცალია“, - ამბობს ნინო მეტრეველი.

„ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა“ 

„ერთიანი საქართველო - ძლიერი ეკონომიკა“ - პარტიის საარჩევნო პროგრამის მთავარი სლოგანი. პროგრამის პრეზენტაცია პარტიამ რამდენიმე დღის წინ გამართა. პარტიის ლიდერმა თავის გამოსვლაში ძირითადად საგარეო ურთიერთობებსა და ქვეყნის საერთაშორისო სტატუსის შესახებ ისაუბრა.

პროგრამაში არ არის ჩანაწერი გენდერული თანასწორობისა თუ ქალთა უფლებების შესახებ.

პარტიის წევრი ნანა დევდარიანი ამბობს, რომ ეს ნაწილი ცალკე არ გამოჰყვეს, რადგან პროგრამა „უზომო ვერ იქნება“. პარტიის ათეულში სამი ქალია. ნანა დევდარიანი არ არის მომხრე, სიაში ქალების მხოლოდ იმის გამო ჩაწერის,  რომ ქალები არიან. როგორც ამბობს, ეს უკიდურესობა უნდა გამოვრიცხოთ, დანარჩენის დარეგულირება უკვე კანონშემოქმედებითი საქმიანობის ნაწილია. ის უნდა იყოს ყოველდღიური მუშაობის თემა და გენდერული თანასწორობა ლოზუნგად არ უნდა დარჩეს.

„ყოველთვის ვამბობ, დემოკრატია და ქალის მონაწილეობა პოლიტიკაში იწყება ადგილობრივი საკრებულოდან და არა პარლამენტიდან,  იქედან უნდა დაიწყო შენება და ზემოთ ამოხვიდე. თუმცა პრობლემის წყარო არის სიღატაკე, შეუძლებელია მაღალ ფასეულობებზე  ილაპარაკო და ადამიანებმა გაგიგონ, როცა ქრონიკული სიღატაკის მდგომარეობაში არიან. ამიტომ ეს თანასწორობა საერთო ეკონომიკური ზრდის, კულტურის, კეთილდღეობის ნაწილია და მისი შედეგი უნდა იყოს“, - ამბობს  ნანა დევდარიანი.  

ბლოკი „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი - გაერთიანებული ოპოზიცია

ბლოკის საარჩევნო პროგრამა ხელმისაწვდომი არ არის. მათი მოსაზრებების გასაგებად „ლიბერალი“ მათთან დაკავშირებას შეეცადა, თუმცა პარტიის ლიდერებმა ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

15 აგვისტო
15 აგვისტო

ადამიანებზე მორგებული სატრანსპორტო პოლიტ ...

გასულ კვირას გორის საკრებულოს დეპუტატების ნაწილმა ქალაქში სატრანსპორტო სამსახურის გაუქმება მოითხოვა და ულტიმატუმის ფორმი ...
11 აგვისტო
11 აგვისტო

საქართველო შემოდგომით, 1983

რეზო გიგინეიშვილის ფილმი „მძევლები“ და მისი თანამედროვე კონტექსტი იმ ოთხი ფილმიდან, რომლითაც წელს საქართვე ...
08 აგვისტო
08 აგვისტო

ბახალას საქმე

„მე დამაყენეს არჩევნის წინაშე - ადამიანურ ღირსებას, მორალსა და თავისუფლებას შორის“, -  აღნიშნა გიორგი გ ...

მეტი

^