Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

იქნება თუ არა 2017 წლიდან შრომის ინსპექტირება სავალდებულო

23 სექტემბერი 2016

ორი წლის წინ ჯანდაცვის სამინისტროსთვის შრომის პირობების მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამა დამტკიცდა. მონიტორინგის დეპარტამენტს კერძო და სახელმწიფო დაწესებულებებში შრომის პირობების შესწავლა და გამოვლენა დაევალა. პროგრამის ფარგლებში დეპარტამენტს ერთი წლის განმავლობაში პილოტირების რეჟიმში უნდა ემუშავა. ამიტომ პროგრამაში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებულ შეკითხვებს, რომელზეც პროფესიული კავშირისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები თავიდანვე საუბრობდნენ, დეპარტამენტი პასუხობდა, რომ ქვეყანაში 2006 წლიდან გაუქმებული შრომის ინსპექციის შემდეგ საჭირო იყო კერძო ბიზნესის შემზადება.

პროგრამის მთავარ ხარვეზებად არასამთავრობო ორგანიზაციები რამდენიმე დეტალს ასახელებენ - დეპარტამენტს შრომითი უსაფრთხოების შესასწავლად ნებაყოფლობით არცერთ კერძო და სახელმწიფო დაწესებულებაში არ შეუძლია შესვლა (გამონაკლისს წარმოადგენს ტრეფიკინგზე ეჭვის შემთხვევა); ასევე, დეპარტამენტს დარღვევების გამოვლენის დროს დამსაქმებლისთვის მხოლოდ რეკომენდაციის მიცემა შეუძლია; მესამე და მთავარი კრიტიკის მიზეზი - შედეგებზე ხელმისაწვდომობის არარსებობაა. ამის უფლებას დეპარტამენტი მხოლოდ დამსაქმებელს აძლევს. შრომის უსაფრთხოების შესახებ ინფორმაცია არც საზოგადოებისთვის და არც დასაქმებულებისთვის ღია არ არის.

როგორც აღვნიშნეთ, პროგრამის დამტკიცებიდან უკვე ორი წელიწადი გავიდა, თუმცა მასში აქამდე არანაირი ცვლილება არ შესულა.

“ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი” (EMC) ატარებს კვლევას, რომელიც შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობის ეფექტურობას შეამოწმებს. მისი შედეგები წლის ბოლოს იქნება ცნობილი. სწორედ ამ კვლევის ფარგლებში  22 სექტემბერს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. EMC-ის წარმომადგენლები ჯანდაცვის სამინისტროს, შრომის პირობების მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ელზა ჯგერენაიას, პროფკავშირების წარმომადგენელს რაისა ლიპარტელიანს, დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელს მიშა კორძახიასა და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. დისკუსიის დროს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ელზა ჯგერენაიამ ზოგადად ისაუბრა სამომავლო გეგმებზე და აღნიშნა, რომ 2017 წლისთვის მზადდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც სავალდებულო გახდება კერძო და სახელმწიფო საწარმო/დაწესებულებების შემოწმება.

თუმცა ჯერჯერობით პასუხგაუცემელი რჩება შეკითხვები, რომელიც შეხვედრისას EMC-ისა და პროფესიული კავშირების წარმომადგენლებმა დასვეს. ანანო ცინცაბაძე “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი და კვლევის ერთ-ერთი ავტორია. ამბობს, რომ შრომის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობა 2006 წლის შრომის ინსპექციის გაუქმების შედეგია, როცა კერძო ბიზნესს სრული თავისუფლება მიეცა და სახელმწიფომ ის ფაქტობრივად გაათავისუფლა დასაქმებულზე ზრუნვისა და მისი უსაფრთხოების დაცვის ვალდებულებისგან. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ 2013 წელს მთავრობამ ამ კუთხით გარკვეული ნაბიჯები გადადგა, შეიცვალა შრომის კოდექსი, 2015 წელს კი შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამა შეიქმნა, დღევანდელი სისტემა შრომის საერთაშორისო სტანდარტებს ვერ პასუხობს:

“შრომის ინსპექტირების კუთხით დღეს ორი მთავარი პრობლემა გვაქვს. დეპარტამენტის მუშაობა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხებს მოიცავს, რაც გაუმართლებელია, რადგან არანაკლებ მნიშვნელოვანია შრომის ისეთი პირობები, რომელიც დასაქმებულისთვის უნდა უზრუნველყოფდეს, მაგალითად, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებას, შვებულების, ხელშეკრულებების მოწესრიგებულ სისტემას; მეორე მხრივ, პრობლემაა, რომ დეპარტამენტს დამსაქმებლისთვის მხოლოდ რეკომენდაციის გაცემა შეუძლია. ჩვენ არ ვართ რეაგირების რაიმე კონკრეტულ საშუალებაზე ორიენტირებული, მაგრამ საერთაშორისო გამოცდილებით ცნობილია, რომ დაჯარიმების მექანიზმი ძალიან ეფექტურია. პარალელურად, საჭიროა პრევენციული ზომები, რომელიც ხანგრძლივ დროშია ეფექტური”, - ამბობს ანანო ცინცაბაძე.

პროფესიული კავშირების მონაცემებით, 2016 წელს 9 თვის განმავლობაში 25 ადამიანი საწარმო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა. რაისა ლიპარტელიანი აღნიშნავს, რომ შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის მუშაობის მიუხედავად, ბოლო ორი წლის განმავლობაში ეს რიცხვი წინა წლებთან შედარებით არ შემცირებულა, რაც ერთ-ერთი მიზეზია, ითქვას, რომ სისტემა არაეფექტურია:

“დიდი პრობლემაა მონიტორინგის შედეგებზე ხელმისაწვდომობის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ კანონი პროფესიულ კავშირებს ამის ცოდნის საშუალებას გვაძლევს და ხანდახან საწარმოს შემოწმების ინიციატორები ჩვენ ვართ, არ შეგვიძლია საბოლოო შედეგების ნახვა. ამიტომ ერთადერთი გზა სასამართლო ადმინისტრაციული დავაა ხოლმე. მაგრამ ჩვენი მიზანი კომპანიის დაჯარიმება კი არა, მძიმე შრომის პირობების პრევენციაა, რომელიც პარალელურ ქმედებებს საჭიროებს”, - აღნიშნა ლიპარტელიანმა და შეხვედრაზე ხარაგაულის რაიონში, სოფელ ზვარეში სარგინიგზო გვირაბზე დასაქმებული მუშების გაფიცვაც ახსენა: “სახელმწიფო მედიატორის ჩარევის მიუხედავად, იცით, რომ მედიაციის პროცესი ზვარეში უშედეგოდ დასრულდა. ამ დროისთვის გაფიცულია 100-მდე მუშა. მუშებს ისეთი ელემენტარული მოთხოვნები აქვთ, რომელიც სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემოში მუშაობას უკავშირდება. მათ ხელფასების ზრდის საკითხი არც კი გაუჟღერებიათ. ზვარეს შემთხვევა კარგი მაგალითია, როგორი არაეფექტურია დღევანდელი შრომის ინსპექტირების სისტემა. იმედი მაქვს, დღევანდელ შეხვედრაზე კონკრეტულ პასუხებს მივიღებთ, რა ცვლილებებია დაგეგმილი. რადგან ვფიქრობ, ორი წელი სრულიად საკმარისია, კერძო ბიზნესი შეგუებოდა იმ აზრს, რომ სახელმწიფოსა და დამსაქმებლის წინაშე სხვადასხვა ვალდებულება აქვს”.

ელზა ჯგერენაიამ, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მთავრობის ხედვა, რომ შრომის ინსპექტირების სისტემა უნდა გაუმჯობესდეს, ცალსახაა. მისი ინფორმაციით, დეპარტამენტი მუშაობს კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც 2017 წლიდან სავალდებულო გახდება საწარმოების შემოწმება. ამ დროისთვის მონიტორებმა 254 კომპანია შეამოწმეს. აქედან 80 კომპანია ტრეფიკინგის შემთხვევების შესწავლის მიზნით. მათგან მხოლოდ 6 შემთხვევა იყო ანონიმური შეტყობინების შედეგად შემოწმებული. ჯგერენაიას თქმით, საბედნიეროდ, ტრეფიკინგის შემთხვევა არცერთში არ დადასტურებულა.

“როცა დეპარტამენტს შემოწმების სავალდებულო მანდატი ექნება, მისი მუშაობა კიდევ უფრო ეფექტური გახდება. ასევე საუბარი იყო შრომის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობაზე. ჩვენთვის არანაკლებ ცნობილია ეს ფაქტები და დარღვევები. მაგრამ, მიხარია, რომ არსებობენ კომპანიები, რომლებიც თავად დაინტერესდნენ იმით, რომ დაწესებულებაში, პირობების გარდა, შრომითი უფლებები შეგვემოწმებინა. ამ მიმართულებითაც გამოიკვეთა გარკვეული შენიშვნები. რაც შეეხება შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ დეპარტამენტის მუშაობას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს, კომპანიების დიდმა ნაწილმა შენიშვნების გამოსწორება დაიწყო. რა თქმა უნდა, ეს ეხება ისეთ საკითხებს, რომლის გამოსწორება დიდ ფინანსურ ხარჯებთან და დროსთან არაა დაკავშირებული, როგორიცაა, მაგალითად, სავენტილაციო სისტემები, სპეცტანსაცმელი და ა.შ. ჩვენი რეკომენდაციები მხოლოდ ერთეულმა კომპანიებმა უგულებელყვეს”, - ამბობს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსი.

EMC-ის შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდა დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი მიშა კორძახია: ”სამოქალაქო სექტორის პათოსი, რომ სახელმწიფომ ბიზნესს თავისუფლება მისცა და ეს ცუდია, შეცდომაა. რა თქმა უნდა, თუ გვინდა, რომ ქვეყანაში ეკონომიკა განვითარდეს, ბიზნესი თავისუფლად უნდა გრძნობდეს თავს. კი ბატონო, შრომის უსაფრთხოების კუთხით შევთანხმდეთ მინიმალურ სტანდარტებზე და მასში მოვაქციოთ დამსაქმებელი, მაგრამ დამატებითი ინსპექტირებით შეიძლება ეკონომიკურ განვითარებას შევუქმნათ საფრთხე”.

მიშა კორძახიამ ასევე აღნიშნა, რომ აუცილებელია, კერძო ბიზნესში დასაქმებულების მძიმე შრომის პირობების პარალელურად აქტიურად ვისაუბროთ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებულთა მდგომარეობაზე. მისი თქმით, ბევრი საკანონმდებლო ნორმა სახელმწიფომ ბიზნესთან შეუთანხმებლად მიიღო. ამიტომ პრობლემის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა სწორედ ესეც იყოს: ”არაა საჭირო საწარმო ტრავმებით დაღუპული და დაშავებული ადამიანების სტატისტიკით მანიპულირება. ეს ძალიან დიდი ტრაგედიაა, მაგრამ პრობლემა შესაძლოა სახელმწიფოს მიერ საკანონმდებლო ბაზის დროს დაშვებულ შეცდომებშიც ვეძებოთ”, - ამბობს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი.

EMC-ის კვლევის შედეგები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ცნობილი წლის ბოლოსთვის გახდება. კვლევა სახელმწიფოს უკეთ დაეხმარება იმ პრობლემების გამოვლენაში, რაც მონიტორინგის პრაქტიკაში განხორციელებას ახლავს თან. თუმცა მანამდე ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული პრინციპები გვავალდებულებს, რომ აუცილებელია ქვეყანაში  ეფექტური შრომის ინსპექციის არსებობა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^