Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის სოციალური მსახურება საქართველოში

27 ივნისი 2012

 

ეკლესია საკუთარ დასახელებაშივე მიუთითებს ორ ბიბლიურ მოვლენაზე, რომლებიც იმავდროულად ამ ქრისტიანული მიმდინარეობის სხვა ეკლესიებისგან განმასხვავებელ ნიშან-თვისებებს უსვამს ხაზს: „მეშვიდე დღე"  შაბათის წმინდა, უქმე დღედ აღიარებას (იხ. დაბ. 2:3) გულისხმობს. ლათინური სიტყვა „ადვენტუს" კი ნიშნავს „მოსვლას" (იგულისხმება ქრისტეს მეორედ მოსვლა). როგორც ამ ეკლესიის სახელწოდებიდანვე იგრძნობა, ის უფრო მეტად ესქატოლოგიურად ორიენტირებული რელიგიური გაერთიანება უნდა იყოს, რომელიც, შესაბამისად, ნაკლებ აქცენტს აკეთებს სოციალურ პასუხისმგებლობაზე ამ დროებით სამყაროში, თუმცა, როგორც ქვემოთ ვნახავთ, ეს კონფესია საკმაოდ აქტიურია სწორედ ამ მიმართულებით (საქართველოში საკუთარი მასშტაბის შესაბამისად).

 

მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია საქართველოში 1904 წლიდან არსებობს. საბჭოთა დროს, სხვა რელიგიურ გაერთიანებების მსგავსად, ისინიც მძიმე რეპრესიებს განიცდიდნენ. ამის შედეგად იყო პერიოდები, როცა ხელახლა ხდებოდა ეკლესიის გაბნეული წევრების შეკრება. 1970-იან წლებში მოსკოვიდან და ერევნიდან ჩამოსულმა ადვენტისტმა მქადაგებლებმა  მოახერხეს ადვენტისტური თემის აღდგენა საქართველოში. 1990-იანი წლებიდან ეკლესიაში ჩნდებიან პირველი ქართველი ღვთისმსახურები: სერგო ნამორაძე, ბორის ჭარაია  და სხვები.

2001 წლამდე საქართველოს ადვენტისტები მიეკუთვნებოდნენ ტრანსკავკასიის გაერთიანებას, რომელშიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მყოფი საკრებულოები შედიოდნენ. 2001 წლიდან საქართველოს მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესია ავტონომიური ერთეულია. ამჟამად ეკლესიაში 15-მდე ხელდასხმული მსახურია, რომელიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მსახურობენ (თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, თელავი და სხვ.)  ეკლესიას საქართველოში 400-მდე წევრი ჰყავს.

ადვენტისტურმა ეკლესიამ 1984 წელს შექმნა ადვენტისტური განვითარებისა და დახმარების სააგენტო - „ადრა" (Adventist Development and Relief Agency - ADRA). ამ ჰუმანიტარულ ორგანიზაციას მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში აქვს თავისი წარმომადგენლობა. „ადრას" საქმიანობის ძირითადი სფეროებია სტიქიური უბედურებების, საომარი კონფლიქტების და სხვადასხვა სახის კატასტროფების დროს დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენა; ჰუმანიტარული დახმარების გაწევა საჭიროებისამებრ; ჯანდაცვის, განათლების და ეკონომიკური განვითარება. ეს ორგანიზაცია არ ეწევა სამქადაგებლო და სამისიონერო საქმიანობას და ეხმარება ნებისმიერ ადამიანს მიუხედავად რელიგიური მრწამსისა.

ეს ორგანიზაცია საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს - სახელწოდებით „ადრა საქართველო", რომელსაც ჩვენთან ბოლო დროს შემდეგი პროექტები აქვს განხორციელებული:

2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ „ადრა - საქართველო" აქტიურად იყო ჩართული დროებით გადაადგილებულ პირთა პირველადი მოხმარების საგნების (საბნები,ლეიბები, გამათბობლები, ტანსაცმელი ბავშვებისათვის და ხანდაზმულთათვის) მომარაგების საქმეში. დახმარება გაეწია 2,150 დროებით გადაადგილებულ პირს, რომელთა შორისაც იყო 750 ბავშვი და 480 ხანდაზმული. თუმცა, ეს არ ყოფილა ერთჯერადი აქცია. იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება ამის შემდგომაც გაგრძელდა. გარდა მატერიალური დახმარებისა, ორგანიზაციამ იზრუნა მათთვის ესწავლებინა გარკვეული ხელობა. მაგ., 2010 წლის ზაფხულში საგურამოში მცხოვრებ 36 მოქალაქეს შეასწავლეს მეფუტკრეობა.

„ადრა - საქართველომ"  ომის შედეგად ქ. სენაკის სამედიცინო კომპლექსის განადგურებული  სასმელი წყლის და კანალიზაციის სისტემა აღადგინა. ეს პროექტი 2009 - 2010 წლებში გახორცილედა.

„ადრა - საქართველო"-ს ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება ობოლ და რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებზე მზრუნველობაა. 2009 - 2010 წლებში თბილისის ორ ბავშვთა სახლში განხორციელდა პროექტი სახელწოდებით „ობოლი", რომლის მიზანი იყო ამ ბავშვებში სკოლიოზის პროფილაქტიკა და კომპიუტერის შემსწავლელი კურსების ორგანიზება. ამ ბავშვთა სახლებში შეიქმნა სპეციალური კომპიუტერული კლასები ყველა საჭირო აქსესუარით და რაც მთავარია, სპეციალური სასწავლო პროგრამებით. შემოწმების შედეგად ბავშვების 75%-ს გამოუვლინდა სწორედ ხერხემალთან დაკავშირებული პრობლემები. ამ პროექტის ფარგლებში ასევე აღიჭურვა ორი სპორტ კლასი და ხელოვნურსაფარიანი კომბინირებული პატარა მოედანი ბავშვთა სახლის ტერიტორიაზე, სადაც ფიზიოთერაპევტის მეთვალყურეობით მკურნალობა გაიარა 186-მა ბავშვმა (6 დან - 18 წლამდე).

დღესდღებით „ადრა - საქართველო" მუშაობს ახალი საპროექტო პორტფოლიოს შესაქმნელად, იკვლევს საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს და ეძებს ამ პრობლემების გადაჭრისათვის საჭირო ეფექტურ გზებს.

თავად ეკლესიის მრევლი (შესაბამისი პროფილის მედპერსონალთან ერთად) ხშირად აწყობს ე. წ. ჯანმრთელობის გამოფენებს, რომელიც გულისხმობს  მოსახლეობაში კვალიფიციური ინფორმაციის გავრცელებას ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ.  "ხვალ ვატარებთ აქციას თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ. სამი ბანერი გვექნება. ორი ბანერი თავშეკავებაზეა ორიენტირებული. ერთი კი წყლის მიღებაზე: საქმე იმაშია, რომ როცა ადამიანი თავს ანებებს სიგარეტის მოწევას, მან კარგად უნდა იცოდეს როგორ, რამდენჯერ და რა დოზით მიიღოს წყალი... ამ კონკრეტული აქციის მიზანია კიდევ ერთხელ შევახსენოთ ხალხს, თუ რა ზიანი მოაქვს თამბაქოს" - ამბობს ბავშვთა და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელი ნათელა ბოლოთაევა.

ეკლესია ამგვარ აქციებს თბილისის გარდა ატარებს ასევე რუსთავში, თელავში, ბათუმში, მარნეულსა და ბოლნისში, რაზეც ისინი უპრობლემოდ იღებენ ოფიციალურ ნებართვას ადგილობრივი გამგეობებიდან. ამ აქციების ჩატარება იგეგმება საქართველოს სხვა რეგიონებშიც.

„გარდა ასეთი გასვლითი ღონისძიებებისა,  ეკლესიაშიც ვატარებთ შეხვედრებს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, ამით ხალხს აქვს შესაძლებლობა მოისმინოს ლექციები სხვადასხვა თვალსაჩინოებების დახმარებით. ჩვენ ვაწყობთ პროფილაქტიკური ხასიათის ღონისძიებებს იმასთან დაკავშირებით თუ როგორ უნდა აიცილოს ადამიანმა თავიდან ესა თუ ის დაავადება, მაგ., დიაბეტი, ჭარბი წონა, ჰიპერტონია, ალკოჰოლიზმი..." - ამბობს პასტორი ბორის ჭარაია.

ადვენტისტური ეკლესია წლების განმავლობაში აქტიურ მონაწილეობას ღებულობს პროგრამაში „კეთილი სამარიტელი". საშობაოდ უცხოეთიდან მიღებულ საბავშვო საჩუქრებს  ეკლესია საქართველოს მთელ რეგიონში ანაწილებს. საჩუქრები ურიგდებათ საბავშვო სახლებს, მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ოჯახებს.

სხვა ქრისტიანული ეკლესიებისგან განსხვავებით, ადვენტისტურ ეკლესიაში საკვირაო სკოლის ნაცვლად ფუნქციონირებს საშაბათო სკოლა, რადგან ეკლესიაში უქმე დღედ სწორედ შაბათია დადგენილი. სკოლაში ბავშვებისთვის ფუნქციონირებს ბიბლიის და სხვადასხვა ხელსაქმის (მაგ., წიგნის სანიშნეების, სურათის ჩარჩოების, ორნამენტებზე მუშაობის და სხვ.) შემსწავლელი კურსები.

პასტორი ბორის ჭარაია საკუთარ რელიგიურ თემში სოციალური მსახურების მოტივაციაზე საუბრობს: „სახარებაში ვხედავთ, რომ მაცხოვარი არა მხოლოდ ასწავლიდა და ღვთის სიტყვას აუწყებდა ხალხს, არამედ ამავე დროს ის საზოგადოებრივ მსახურებასაც ეწეოდა: კურნავდა ავადმყოფებს, სხვადასხვა სახით ეხმარებოდა ამა თუ იმ საჭიროების მქონე ადამიანებს... ამ კუთხით საკმაოდ ნათელი მაგალითები გვაქვს წმინდა წერილიდან. ამიტომ, ჩვენი მიზანი სახარების ქადაგებასთან ერთად სწორედ ასეთი პრაქტიკული მოქმედებაა. ეკლესია თანაბრად უნდა ახორციელებდეს ამ ორი სახის მსახურებას: სიტყვით და საქმით. თუკი ორნიჩბიან ნავში ვიმყოფებით და მხოლოდ ერთ ნიჩაბს ვუსვამთ, მაშინ ხომ ადგილზე არ ვიტრიალებთ?! სწორედ ასევე ვერ განვითარდება ადამიანი სულიერად თუ მისი რწმენა იარსებებს საქმეების გარეშე" - აცხადებს ადვენტისტი მღვდელმსახური.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^