Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„დიდი კაშხალი - დიდი უბედურებაა!“

07 ივლისი 2012

 

 

"არა დიდი კაშხლებს!“ - ამ სლოგანით  დღეს საღამოს ვაკის პარკში ასოციაცია „მწვანე ალტერნატივის“ ორგანიზებული აქცია ჩატარდა.  აქციაზე გასაბერი კაშხლის მაკეტი იდგა  და კიბეზე მდინარის იმიტაცია იქმნებოდა. წარმოდგენილი იყო იმ ადგილების ფოტოებიც, რომლებსაც დატბორვა ემუქრება. აქციაზე მისული ადამიანები კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნას აწერდნენ ხელს.

"მწვანე ალტერნატივის" ხელმძღვანელი მანანა ქოჩლაძე ამბობს, რომ საქართველომ განვითარების გზაზე არც ბუნება უნდა დააზიანოს და არც მოსახლეობას შეუქმნას საფრთხე: „ჩვენ ნამდვილად უნდა ავითვისოთ ალტერნატიული ენერგიის წყაროები, თუმცა, არა ამ გზით. დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ქვეყანას არაფერს მოუტანს, სამაგიეროდ დაიტბორება ტყის მასივები, ათობით სოფელი, უამრავ ადამიანს მოუწევს  სახლ-კარის დატოვება, ლანდშაფტი სრულად შეიცვლება“

აქციას შეუერთდნენ კავკასიაში „გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის“ წევრებიც, მათი ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის თქმით, კლიმატის და ლანდშაფტის ცვლილებასთან ერთად, საქართველოში ჰესების მშენებლობა, შესაძლოა, სხვა კუთხითაც იყოს საშიში: რეგიონში საკმაოდ მაღალია სეისმურობა, არის სამხედრო რისკებიც რუსეთის მხრიდან, გარდა ამისა, მშენებლობის დაბალი სტანდარტებია და ყველამ ვნახეთ რა მოხდა, თუნდაც, პარლამენტის მშენებლობისას ქუთაისში. გარდა ამისა, ჰესებს ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიები ახორციელებენ, ცხადია, რომ სახელმწიფო ინტერესები დაცული არაა, შესაძლოა, მათ უკან იყოს ოლიგარქიული ბიზნეს-ინტერესები. ფაქტია, რომ ქვეყანას მოგება არ ექნება.“

აქციას ესწრებოდა სოფელ ჟონეთის მცხოვრები მაია მამრიკიშვილიც, მის სოფელს ნამახვანჰესის მშენებლობის გამო დატბორვა ემუქრება. „უნდა  ავიყაროთ, დავტოვოთ სახლები, მიწები, ახლობლების საფლავები წყალმა დაფაროს, რისთვისაა ეს საჭირო, თუ ქვეყანა სარგებელს ვერ ნახავს? შარშან იყვნენ ჩამოსულები, თითქმის ყველამ უთხრა, რომ წინააღმდეგები ვართ, მაგრამ ვინ გვისმენს!“

ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ ისინი სულაც არ არიან ჰიდროენერგიის გამოყენების წინააღმდეგნი.  „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი მიიჩნევს, რომ ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა ან სხვა ღონისძიებები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განოხრციელდეს, რაც ენერგეტიკის განვითარების სტრატეგიული გეგმა შემუშავდება. „სტრატეგიული გეგმის გარეშე ასე სპონტანურად ამ ზომის და ამ რაოდენობის ჰესების მშენებლობა დაუშვებელია. ჩვენ შეგვიძლია უკვე არსებული ჰესები გამოვიყენოთ. მათგან არც ერთი არ მუშაობს სრული სიმძლავრით, შეგვიძლია ისინი ნატანი მასალისგან გავწმინდოთ და სრულ დადგმულ სიმძლავრეზე ვამუშაოთ.  სულაც არაა საჭირო დიდი კაშხლების აშენება. “

ასოციაციის წევრები თითოეული პროექტის მონიტორინგს ახორციელებენ.  „გარდა ამისა, ვმუშაობთ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთანაც. ისინი მდინარე ფარავანზე მშენებარე ჰესის პროექტს აფინანსებენ, უკვე დავწერეთ საჩივარი და დაფინანსების შეჩერება მოვითხოვეთ. დონორმა ორგანიზაციებმა უნდა შეწყვიტონ ამ პროექტების დაფინანსება მანამ, სანამ სტრატეგიული გეგმა არ შემუშავდება. უნდა გაიწეროს, რას ვაპირებთ, როგორ უნდა ავითვისოთ არსებული ენერგია, გეგმების საჯაროდ განვიხილოთ და შემდეგ განისაზღვროს, რა ღონისძიებები გატარდება.“

„ფაქტობრივად ყველა მდინარეზე კაშხალი შენდება, კომპანიებთან გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ ჩანს, რომ რაიმე სარგებელს ვნახავთ, არც გარკვეულ შეღავათიან ფასად ენერგიის მოწოდება მოითხოვება, არც ენერგიის ნაწილის დატოვება, პირიქით, 1 დოლარად, ფაქტობრივად ვჩუქნით მათ ამ ენერგიას და ტერიტორიებს“- ამბობს ჭიპაშვილი.

წინასწარი კვლევებისა და გეგმების არარსებობაზე საუბრობდა „ახალგაზრდა მწვანეების“ ხელმძღვანელი ნინო ჩხობაძეც, მისი თქმით შეუსწავლელია არსებული მდინარეების წყლის რეჟიმები: „არავინ იცის რეალურად, შეიძლება თუ არა ამ მდინარეებზე ამ ზომის კაშხლების მშენებლობა, საკმარისი იქნება თუ არა წყალი მისი მუშაობისთვის. ამიტომ, შეიძლება მივიღოთ დიდი კაშხლები წყლის გარეშე“.

საერთაშორისო ორგანიზაციებს წერილობით უკვე მიმართა "ეკოლოგიური სამართლის ცენტრმაც". „დიდი კაშხლებს თითქმის აღარსად აგებენ, მიდგომა მსოფოლიოშიც შეიცვალა. ჩვენ კი ვაშენებთ კაშხლებს, რომელთაგან ზოგს გარემოზე ზემოქმედების ნებართვაც არ აქვს. მდინარე ბახვზე 5 ჰესის აშენებით, შეუზლება, ბახმაროს კურორტიც დავკარგოთ,“ - ამბობს ცენტრის იურისტი ნიკოლოზ მჟავანაძე.

თბილისელმა მაია ბარნაველმა აქციის შესახებ რადიოს საშუალებით შეიტყო და თავისი აზროს გამოსახატად ვაკის პარკში მივიდა, თუმცა, უკვირს, რომ იქ მეტი ხალხი არ შეიკრიბა: „ალბათ, ბევრმა ვერც გაიგო, თორემ შეუზლებელია ამის წინააღმდეგი არ იყო, მილიონობით ხე უნდა მოიჭრას,  ამდენი სოფელი დაიტბოროს, რაში იგვჭირდება ამდენი მსხვერპლი, თუ ტარიფიც კი არ შეგვიმცირდება?!  ანდა, სულ რომ 1 თეთრი ღირდეს ელექტროენერგია, ამდენ უბედურებად მაინც არ მიღირს!“

[video:http://www.youtube.com/watch?v=9HBPyp3tCyg]

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

შეტევა საუდის არაბეთზე: ვინ ატკაცუნებს ფ ...

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის საფრთხე წამოიშვა მას შემდეგ, რაც პროირანულმა იემენურმა დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატით & ...

მეტი

^