Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალურად დაუცველები უმუშევრობის ჩაკეტილ წრეში

17 ოქტომბერი 2016

დოლიძე მანანა ისნის ყოფილ სამხედრო ჰოსპიტალში სხვა სოციალურად დაუცველებთან ერთად ცხოვრობს. რვასართულიან შენობაში არ არის წყალი და ელექტროენერგია. კანალიზაციის მილები ღიაა. მოსახლეები ყოველდღე ეზოდან ეზიდებიან წყალს, რომელიც უკვე მესამე წელია, კორპუსის ქვეშ განუწყვეტლივ მიედინება და მათი მტკიცებით, საძირკველს ალპობს. მიუხედავად იმისა, რომ გარეთ 30 გრადუსზე მაღალი ტემპერატურაა, რამდენიმე ბინაში ღუმელი ანთია, რათა საჭმლის მომზადება, ან დასაბანად წყლის გაცხელება შეძლონ.

მანანა მეუღლესთან (რომელიც მკვეთრად გამოხატული შშმ პირია) და ორ სრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობს:

„ჩემი მეუღლე მძიმე ავადმყოფია. 2-ჯერ დაემართა ინსულტი. მეორედ უფრო მძიმედ იყო. სასწრაფომ ერთ-ერთ კლინიკაში წაიყვანა. მაშინ არ იყო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. საიდან მეშოვა 1000 ლარი მკურნალობისთვის და 4 პარტია 30-ლარიანი წამალი, ან სხვა საავადმყოფოში გათიშული კაცი როგორ წამეყვანა? მისი გადაადგილება არ შეიძლებოდა. 2008 წელს პენსიის ვალი გამოვიტანე, სახლი გავყიდე. სულ გარეთ დავრჩით. თავიდან ნათესავებმა გვათხოვეს ბინა, მაგრამ მერე მოვედით აქ და სამი წელია, ასე ვართ. მძიმე ავადმყოფის პატრონმა კოლეჯიც ვერ დავამთავრებინე ჩემს ბიჭს და გოგოს.“

ყოველთვიურად მანანას ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს და უარს ამბობს დასაქმებაზე, რადგან ეშინია, რომ სახელმწიფო სტატუსს მოუხსნის.

„თუ ხელფასი დამერიცხება, 200 ლარიც კი, სოციალური დახმარება იხსნება. იმ სამსახურიდან მერე რომ გამომიშვან, რა ვქნა? არ უნდა იხსნებოდეს სოციალური სტატუსი ასეთ დაბალ თანხაზე.“

მანანასავით ბევრი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი ფიქრობს. ისინი ან უარს ამბობენ დასაქმებაზე, ან ცდილობენ, ანაზღაურება არა ბარათით, არამედ ნაღდი ანგარიშსწორებით მიიღონ, სახელმწიფოს რომ დაუმალონ შემოსავალი. ფატი გვაძაბუა სოციალური დახმარების შეწყვეტის შიშით არ საქმდება; ნადია რესტორანში დამლაგებლად მუშაობს და დღეში 5-ლარიან ანაზღაურებას იღებს, ნაღდი ანგარიშსწორებით. თამარ ჭანკვეტაძე ბაზრობაზე მეორად ტანსაცმელს ყიდის:

„ბაზრობაზე ჩემს მეორად ტანსაცმელს ვყიდი. ბარახლოვკა ბაზარს რომ ეძახიან, იქ. აქ მე და ჩემი მეუღლე ვცხოვრობთ. მეუღლე მალიარი იყო და საღებავით მოიწამლა. ტოქსიკური ლაქი შეხვდა. შრომისუნარიანი აღარაა. ტვინის უჯრედების შეშუპება დაემართა.“

სოციალური მომსახურების სააგენტოში აცხადებენ, რომ რაღაც თანხის ჩარიცხვა სოციალური სტატუსის მქონე ადამიანის ანგარიშზე არ ნიშნავს, რომ დახმარება გაუუქმდებათ, თუმცა დეკლარაციაში შეტანილი ცვლილებების გამო, მათი სტატუსი გადახედვას საჭიროებს. ეს პროცესი ორი თვე გრძელდება. ამ დროის განმავლობაში სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი ვერ მიიღებს სახელმწიფოსგან დახმარებას და კითხვის ნიშნის ქვეშ დგება სტატუსის აღდგენის საკითხიც:

„თუ ვინმე ამბობს, „მშიერი ვკვდები და ვარ უბედური“, - მიდის აგენტი, ამოწმებს ამ ადამიანს. მერე ის იღებს შესაბამის დაბალ ქულას. თუ ის ძალიან ღარიბი და ღატაკია, იმისათვის, რომ, უკაცრავად ამ გამოთქმაზე და, შიმშილით არ მოკვდეს, იღებს სახელმწიფოსგან დახმარებას, მაგრამ მათ აქვთ დეკლარაცია შევსებული. თუ ამ დეკლარაციაში რამე იცვლება, უნდა აცნობონ სააგენტოს. ეს არის ხელახალი გადამოწმების საფუძველი. აუცილებლად გადაამოწმებენ და შეიძლება მაინც დაბალი ქულა მიიღოს, მისი საჭიროებებიდან გამომდინარე, ან  მაღალი. ასე ერთმნიშვნელოვნად ვერ ვიტყვით,“ _ ამბობს ტატა გამყრელიძე, სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი.

შეკითხვაზე, თუ რა ფორმით ცდილობს სახელმწიფო, ხელი შეუწყოს სოციალურად დაუცველების დასაქმებას, ელზა ჯგერენაია, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი პასუხობს, რომ სახელმწიფოს აქვს სპეციალური ვებგვერდი და კვალიფიკაციის ამაღლების კურსები:

„არსებობს მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების კურსები. შემდეგ თუკი ამ ადამიანების კომპეტენცია პასუხობს დამსაქმებლის მოთხოვნას, შესაბამის ვაკანტურ პოზიციაზე მიევლინებიან კომპანიაში, 3 თვის ვადით. სტაჟირებას გაივლიან და შემდეგ დამსაქმებელი უკვე კონკურენციის საფუძველზე შეარჩევს და დაასაქმებს.“

ტატა გამყრელიძის თქმით, სამწუხაროა, რომ სოციალურად დაუცველები სახელმწიფოს დახმარებაზე არიან დამოკიდებულები, თუმცა მისი მტკიცებით, სახელისუფლებო სტრუქტურებს არ გააჩნიათ მექანიზმი სამუშაო ბაზარზე მათი ინტეგრაციისთვის.

„მაგ მიმართულებით მოტივაცია როგორ უნდა გავუჩინოთ?! რა უნდა ქნას სახელმწიფომ ამ დროს, როდესაც ადამიანს შეუძლია მუშაობა და არ მუშაობს? თუ შეუძლია მუშაობა, ვფიქრობ, რომ უნდა იმუშაოს და სოციალური დახმარების იმედად არ უნდა იყოს. „არა აქვს სამუშაო და რა ქნას“ _ ასეთი პრეტენზიებიც ხომ არის ხოლმე? მაგრამ ჩვენთან არ არის უმუშევრობის დაზღვევა. სახელმწიფო იმიტომ კი არ უხდის ამ ფულს, რომ არ მუშაობს. უკიდურესად ღატაკი რომ არის და შიმშილის ზღვარზე რომ არ დადგეს, იმიტომ, მაგრამ სტიმულირებისთვის არ მსმენია, რომ რამე კეთდებოდეს.” _ აცხადებს ტატა გამყრელიძე.

„სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი სოფიო ბეროშვილი სოციალური სტატუსის მქონე ადამიანების უმუშევრობის განმაპირობებელ პრობლემად კიდევ ერთ საკითხს - შრომის ინსპექციის არარსებობას, გაუმართავ კანონმდებლობას ასახელებს, რაც პოტენციურ დასაქმებულებში არასტაბილურობისა და დაუცველობის განცდას იწვევს. მისი მტკიცებით, ხშირ შემთხვევაში შრომითი ხელშეკრულებებიც კი არ ფორმდება მხარეებს შორის, რაც სოციალურად დაუცველებში იწვევს ეჭვს, რომ მალე ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე უმუშევარი აღმოჩნდება, თითქმის წელიწადი მოუწევს ლოდინი სტატუსის აღსადგენად და კომპენსაციის მისაღებად.

„სახელმწიფოს დასაქმების პოლიტიკა შემოიფარგლა მხოლოდ ვებგვერდის შექმნით და დასაქმების ფორუმების მოწყობით, რასაც ჩვენი ორგანიზაცია რამდენჯერმე დაესწრო და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ეს ფორუმები ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არაეფექტიანია, მინიმალური გამონაკლისების გარდა. უნდა დავიწყოთ უმუშევართა რეგისტრაცია. თვითდასაქმება არაა გამოსავალი. თუ ადამიანი აცხადებს, რომ უმუშევარია, მას უნდა მიენიჭოს უმუშევრის სტატუსი, მაგრამ დღევანდელ პირობებში კარგად გვესმის, რომ ეს არარეალურია, რადგან არ არსებობს ამ რაოდენობით შრომითი მოთხოვნის ბაზარი.

სოფიო ბეროშვილი ასევე საუბრობს სუბსიდირების, როგორც უმუშევართა კომპენსაციის, საჭიროებაზე და აღნიშნავს, რომ ეს მექანიზმი თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში მოქმედებს, თუმცა ქართულ რეალობას რამდენად მოერგება ეს საკითხი, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, რადგან აქ მუშახელის სხვა მოთხოვნაა.

ისნის სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მანანა დოლიძე.

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გია კაკაჩია ხაზს უსვამს კვოტირების აუცილებლობას და არსებული სისტემის სხვა ხარვეზებს. მისი თქმით, არასწორია სოციალურად დაუცველის სტატუსის შეჩერება 2 თვით, როგორც კი ის მუშაობას დაიწყებს. ეს პროცესი უნდა იყოს შემოსავალთან კავშირში. უნდა არსებობდეს ზღვარი რაღაც თანხის, რომელსაც არ შეეხება ხელმეორედ შეფასებისა და სტატუსის ორი თვით შეჩერების პროცესი:

„კვოტირება აუცილებელია, რადგან ამის გარეშე ეს ადამიანები რჩებიან სამუშაო ძალის გარეთ, თუმცა სუბსიდირების შემოღება სამუშაოსთან მიმართებაში უპირობოდ სწორი არ არის. სანამ სახელმწიფო კომპანიებს ფულს გადაუხდის, ეს ადამიანები იქნებიან დასაქმებულები და შემდეგ რა მოხდება, კაცმა არ იცის. ეს არ იქნება რეალურად შექმნილი სამუშაო ადგილი. ეს იქნება სოციალურად დახმარების ნაირსახეობა.“

გია კაკაჩია მიიჩნევს, რომ სამუშაო სუბსიდიების არსებობის შემთხვევაში დამსაქმებელი და სოციალურად დაუცველი დასაქმებული პირი გარიგდებიან, ხოლო პროგრამის დასრულების შემდეგ, ერთეული გამონაკლისების გარდა, სამუშაო ადგილიც აღარ იარსებებს:

„მცირე ბიზნესის განვითარება და სხვა სამუშაო ადგილების შექმნა გაცილებით წარმატებული იქნება, ვიდრე ეს ხელოვნურად შექმნილი სამუშაო ადგილები. სესხის გაცემა სოციალურად დაუცველებისთვის, სტარტაპები. კვოტირებაც გამოსავალია მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურაში, რადგან კერძო სექტორში ადგილები აღარ არის. საზღვარგარეთ  ბევრი მეთოდი გამოიყენება, დაწყებული საგადასახადო შეღავათიდან, დამთავრებული სამუშაო ადგილების სუბსიდირებით. საკითხავია, ქართულ რეალობაში რომელი გაამართლებს. უმუშევრობის დონე აქ გაცილებით მაღალია, ვიდრე ევროპის ნებისმიერ სხვა ქვეყანაში და აქ სამუშაო ადგილები ჭირს. შესაბამისად, სუბსიდირებისას გამოდის, რომ სოციალურად დაუცველმა უნდა წაართვას ადგილი სხვა ადამიანს, ან ეს სამუშაო ადგილი ხელოვნურად შეიქმნას დროის მხოლოდ იმ მონაკვეთში, როცა ხორციელდება სუბსიდია. სუბსიდირება სამუშაო ადგილს არ შექმნის.“

არასამთავრობო ორგანიზაციები, ეკონომისტები და ამ სფეროს ექსპერტები საუბრობენ კვოტირების, სუბსიდიების, საგადასახადო შეღავათებისა და კიდევ სხვა მექანიზმების აუცილებლობაზე, რომლებიც უზრუნველყოფს სოციალურად დაუცველების შრომით ბაზარზე ინტეგრაციას, თუმცა სახელისუფლებო სტრუქტურებში ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ არ დაწყებულა და მათ მიერ შემოთავაზებული კონკრეტული ხედვა, თუ როგორ შეიძლება პრობლემა გადაიჭრას, არ არსებობს.

სოციალურად დაუცველებისგან გამოყოფილია შშმ და სსმ პირები და მათთვის არსებობს სპეციალური დასაქმების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 450 ლარამდე ხელფასის 50%-ის კონტრიბუციას ანაზღაურების წილში. სახელმწიფო უხდის ფულს კომპანიას, რომელიც დაასაქმებს და შეუნარჩუნებს სამუშაო ადგილს შშმ/სსმ პირებს, თუმცა შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის ეს მიდგომა სხვა სოციალურად დაუცველებზე არ ვრცელდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^