Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბოშების რთული გზა სკოლისკენ

19 ოქტომბერი 2016

გარდაბნის მუნიციპალიტეტის გაჩიანის დასახლებაში ბოშების სახლებისკენ მიმავალი გზა ასფალტის საფარიანი მონაკვეთის  დასრულების შემდეგ იწყება. ჩნდება სახლები, რომელთა დანახვაზე გახსენდება სიტყვები - „სიღარიბე“, „სიცივე“ და უკვე ზუსტად იცი – ჭრელ კაბებში მოცეკვავე, ჟღარუნასამკაულებიანი ბოშები მხოლოდ ფილმის გმირები არიან, რომელსაც ამჯერად რეალობა არ დაგახვედრებს.

ანიუტა ამ დასახლების ყველაზე ლამაზი მე-3 კლასელი ბოშა გოგოა. აქ არიან სხვა ბავშვებიც, როლებმაც, ძირითადად, მხოლოდ რუსული იციან. ამის გამო ისინი სკოლაში არა გაჩიანში, არამედ რუსთავში დადიან, სადაც რუსული სექტორი არსებობს.

ალექსანდა პეტრენკო, რომელიც ბებიად გვეცნობა, ამბობს, რომ მისი ორი შვილიშვილი რუსთავის მე-3 სკოლაში დადის. „პრობლემა ისაა, რომ ბავშვების სკოლაში მისაყვანად მარშუტკის დაქირავება გვიწევს. ეს კი თითო ბავშვზე 40 ლარი გვიჯდება. ჩემს ოჯახს შეღავათს უწევენ - ორ ბავშვზე 70 ლარს ვიხდით. ეს შეიძლება ვიღაცისთვის არაა დიდი ფული, მაგრამ ჩვენთვის რთულია ამის გადახდა. ამ დასახლებიდან ბევრმა საერთოდ გამოიყვანა ბავშვი სკოლიდან, რადგან ფული აქ აქვთ.

ჩვენ ბავშვებს გაჩიანის ქართულ სკოლაში ვერ მივიყვანთ, რადგან ბავშვებმა არ იციან ქართული. რუსთავშიც რომ დადიან, ვცდილობთ, გაკვეთილების შემდეგ ცოტათი მაინც მასწავლებლებმა მოამზადონ, რომ ქართული ისწავლონ. ჩვენ არ ვიცით ქართული და ვერ ვეხმარებით“, - საუბრობს ალექსანდრა პეტრენკო. გვიხსნის, რომ მათი ოჯახი სოციალურად დაუცველია, იღებს სოციალურ დახმარებას, თუმცა ეს თანხა კვების თანხებსა და გადასახადებში მიდის. ფიქრობს, რომ შეიძლება მომავალში მასაც მოუწიოს შვილიშვილების სკოლიდან გამოყვანა.

მსგავს მდგომარეობაშია მათ მეზობლად მცხოვრები დრამენკოების ოჯახიც. ისინიც ბოშები არიან, რომლებმაც არ იციან ქართული და სწავლა მხოლოდ რუსულ სექტორიან სკოლაში შეუძლიათ. ნინა დრამენკო ამბობს, რომ ამჟამად მისი მხოლოდ ერთი შვილიშვილი დადის რუსთავის სკოლაში და მისთვის სამარშუტო ტაქსის დასაქირავებლად ოჯახი 40 ლარის იხდის.

ორივე ოჯახი სოციალურად დაუცველია.

რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, შეგვიძლია გაჩიანის დასახლების სხვა ადგილობრივის მაგალითზე ვნახოთ. ლენა აკულინინა 16 წლისაა. ამბობს, რომ სკოლა არც მას და არც მის დებს არ დაუმთავრებია. გვიყვება იმ გრძელი გზის შესახებ, რომელსაც სკოლამდე გადიოდა.

,,ხედავთ, აქ არაა გაზი. როდესაც ზამთარში სკოლაში დავდიოდი, ჩემი ოჯახის წევრებს დილის 6:00 საათზე ადგომა და ღუმელის დანთება უწევდათ, რომ ჩვენს ადგომამდე ოთახში ცოტა სითბო ყოფილიყო. ამის შემდეგ ვდგებოდით ჩვენ და 07:00 საათზე გავდიოდით. ზოგჯერ ბურუსით დაფარულ გზას გავდიოდით და რუსთავისკენ მიმავალ მატარებელს ველოდებოდით. ის გაჩიანში რამდენიმე წუთით ჩერდება. მისი დახმარებით რუსთავის სადგურში ჩავდიოდით და იქიდან ფეხით საკმაოდ დიდ მანძილს გავდიოდით სკოლამდე. იქით მატარებელს უფასოდ მივყავდით. აქეთობისას კი 1.30 თეთრი გვჭირდებოდა იმისთვის, რომ სამარშუტოთი წამოვსულიყავით.

ხშირად არც მე და არც სხვებს არ გვქონდა ეს 1.30 და ვერც დავდიოდით. ახლაც პრობლემების გამო არ დავდივარ სკოლაში“, - ამბობს, ლენა აკულინინა.

გაჩიანში მცხოვრები ბოშების სკოლამდე მიმავალ რთულ გზაზე ინფორმაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ მივიღეთ. ცენტრი, ბოშებს რამდენჯერმე ესტუმრა დასახლებაში და მათ სკოლის პრობლემზე რეაგირებისთვის სამინისტროს მიაწვდინა ხმა.

„აგვისტოს თვეში ხელმეორედ დავუკავშირდით განათლების სამინისტროს, რათა გაგვერკვია, იყო თუ არა განხილული  ჩვენი განცხადება, რომელიც ამ საკითხის მოგვარების მიზნით გავაგზავნეთ. მოგვწერეს, რომ ჩვენი წერილობითი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, სამინისტროს მიერ გამოიყო ფინანსები ბოშა ბავშვების ტრანსპორტირებისათვის. შემდგომ გამოცხადდა ტენდერი, რომელიც მოიგო კონკრეტულმა სატრანსპორტო კომპანიამ, რომელმაც გაჩიანელი ბოშა ბავშვების (ასევე, ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოსწავლეების) ტრანსპორტირების ვალდებულება აიღო.

მიუხედავად იმისა, რომ  სამინისტრომ ჩვენი წერილობითი მოთხოვნა დააკმაყოფილა, სკოლის დაწყებიდან თითქმის ერთი თვე გავიდა და ბავშვების ტრანსპორტირების პრობლემა კვლავ პრობლემად რჩება“, – საუბრობს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ წარმომადგენელი თამუნა ლუკავა.

რუსთავის მე-3 სკოლის დირექტორი ბექა შათირიშვილი ამბობს, რომ ტენდერი სამინისტრომ გამოაცხადა. გამარჯვებულ კომპანიას მძღოლებთან აქვს პრობლემა. ამბობს, რომ გაჩიანის დასახლებიდან მის სკოლაში ბოშებთან ერთად აზერბაიჯანელი ბავშვებიც დადიან (100–120 მოსწავლე) და ტრანსპორტირების პრობლემა მწვავედ დგას.

ამ თემაზე განათლების სამინისტროს „საჯარო სკოლების მოსწავლეთა ტრასპორტირების“ უზრუნველყოფის პროგრამის ხელმძღვანელი გია მამუკელაშვილი გვესაუბრა. ამბობს, რომ სამინისტრომ გაჩიანიდან 100 ბავშვის ტრანსპორტირებისთვის თანხაც გამოყო, ტენდერიც ჩაატარა და შემსრულებელიც ჰყავს. კითხვაზე - მაინც რატომ არ დადგა შედეგი - ამბობს, რომ მზადაა ამ საკითხზე „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ ერთად იმუშაოს.

„არსებობს ორი პრობლემა. კონტარქტორი კომპანია ამ დრომდე ვერ ახერხებს მძღოლებთან მოლაპარაკებას. ეს საკითხი მოგვარებადია, მაგრამ არის სხვა პრობლემაც – ამ ბავშვების მშობლებს უნდათ, რომ სახლში გამოუარონ, არ უნდათ შეკრება რამდენიმე ჯგუფად მაინც. მე არ ვამბობ, რომ სახლიდან კილომეტრობით მანძილზე გამოვიდნენ. აქ საუბარია სახლთან ახლოს შეკრებაზე. მზად ვარ ორივე მხარესთან ერთად დავჯდე და საბოლოოდ გადავჭრათ ეს საკითხი“, - ამბობს სამინისტროს წარმომადგენელი.

ბავშვების ჯგუფებად შეკრების იდეაზე - გაჩიანის დასახლებაში ამბობენ, რომ ინფორმაცია არაა სწორი, რადგან მძღოლებისთვის არავის უთხოვია სახლებში ჩამოვლა. ამბობენ, რომ მძღოლებს არ სურთ დასახლების იმ ნაწილში შესვლა, სადაც გაფუჭებული და დაუგებელი საავტომობილო გზაა. არადა, ბავშვებს სწორედ ამ გზის გავლა უჭირთ.

სანამ ქვეყნის განათლების სამინისტრო თვეზე მეტს ანდომებს 100-მდე ბავშვის სკოლამდე მისასვლელი გზის გამარტივებას, სანამ სკოლის დირექტორი თავის მოსწავლეების ბედზე თავად არ გრძნობს პასუხისმგებლობას და ამ საკითხის გადასაჭრელად სამინისტროს ელოდება – გაჩიანის დასახლებაში ეთნიკური უმცირესობების ნაწილი სკოლებს ტოვებს.

ვუბრუნდებით 16 წლის ლენა აკულინინას. ის ახლა ერთ-ერთია, რომელმაც სკოლისკენ მიმავალი გზა დაივიწყა. მისი ცხოვრება ასე გამოიყურება:  „ჩემი დღე იწყება იმით, რომ შეშის ღუმელს ვანთებ, მერე სახლს ვალაგებ, ვგვი ოთახებს, ვრეცხავ სარეცხს და ასე გადის დღე. აქ მოწყენილობაა. აქ არაფერი არაა..“ - გვიყვება  ლენა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

21 ნოემბერი
21 ნოემბერი

გამოხატე, არ ტეხავს!

რა შეიძლება გაწუხებდეს შაბათ დილით ახალგაღვიძებულ რაგბის ქომაგს?! თუ ჩემი იღბლიანი გუნდელებივით უკვე კარდიფში ხარ - ალბ ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

ნენსკრაჰესის პროექტის დეველოპერები არ ის ...

ჭუბერელმა მასწავლებელმა ინტერვიუში მოგვითხრო, თუ როგორი ურთიერთობა აქვთ ნენსკრას დაგეგმილი კაშხლის პროექტის დეველოპერებს ...
21 ნოემბერი
21 ნოემბერი

როცა ლელოს გოგოები დებენ

„ბურთი! ბურთი! ბურთი!“ – სოფლის სიმყუდროვესა და  სიჩუმეს, რომელიც სკოლის ეზოში გაკვეთილების დასრუ ...

მეტი

^