Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ინტერვიუ დავით ბაქრაძესთან: ევროკავშირში გაწევრებაზე ცრუ მოლოდინები არ უნდა შევქმნათ

22 ოქტომბერი 2016

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე დეკემბრიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

როგორი იქნება მისი პრიორიტეტები ახალ თანამდებობაზე და როგორ აფასებს ევროინტეგრაციასთან მიმართებით საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს; სად დაუშვა ხელისუფლებამ შეცდომები; რამდენად გულწრფელია ხელისუფლების გაცხადებული პროდასავლური პოლიტიკა ქორწინების განსაზღვრის შესახებ სპეკულაციების ფონზე და როგორ გაგრძელდება პროდასავლურ ბილიკზე სვლა პარლამენტის ახალი შემადგენლობის პირობებში, - ამ საკითხებზელიებრალი" დავით ბაქრაძეს ესაუბრა

- აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობას ოფიციალურად 5 დეკემბერს დაიკავებთ. როგორ მიხვედით ამ გადაწყვეტილებამდე, რატომ არ აგრძელებთ მოღვაწეობასქართულ ოცნებაშიან თუნდაც თანამდებობაზე, რომელიც ახლა გიკავიათ?

ეს იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება. საგარეო საქმეთა მინისტრთან და პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ ყველას თანხმობითა და მხარდაჭერით გადაწყდა, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩი ვიქნები. უდიდესი პატივია, შენს ქვეყანას წარმოადგენდე საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან.

პარლამენტში ძალიან დინამიკური, განახლებული გუნდი წარვადგინეთ, რომელსაც მოსახლეობამ ნდობა გამოუცხადა. რაც შეეხება მთავრობას, დიდი უმრავლესობა თავის საქმიანობას გააგრძელებს. ამერიკაში მას შემდეგ გავემგზავრები, რაც პრემიერი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარადგენს.

- რა იქნება აშშ-სთან ურთიერთობაში თქვენი პრიორიტეტი ელჩის პოზიციაზე? უკვე დიდი ხანია აშშ-სთან თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გაფორმებაზე ვსაუბრობთ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები უცნობია.

ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან გაფორმებული თავისუფლების ქარტია ოთხ ძირითად მიმართულებას მოიცავს. სახელმწიფო მდივან ჯონ კერის ვიზიტის დროს ხელი მოეწერა უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც უსაფრთხოების სისტემის მოდერნიზაციის თვალსაზრისით მივიღებთ აშშ-ის მხარდაჭერას. კონკრეტულ საკითხებზე ვიმუშავებთ რეგიონში, ახალი გამოწვევების იდენტიფიცირებისა და მათზე რეაგირების თვალსაზრისითაც. ეს ეკონომიკური და ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობასაც მოიცავს.

რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მუშაობას, ბოლო წლებში ჩვენი დღის წესრიგი ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით იყო გადატვირთული. დღის წესრიგი EFTA-ს სახელმწიფოებთან და ჩინეთთან, დსთ-ის ქვეყნებთან, თურქეთთან მოლაპარაკებებს ეკავა. ამდენად, ვფიქრობ, ამ კონტექსტში მნიშნელოვანი იქნება ძალისხმევის აშშ-სთანაც გაძლიერება. წინასაარჩევნო რიტორიკაში ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ერთ-ერთი კრიტიკული საკითხი იყო, ამიტომ, ქვეყნის ახალ ადმინისტრაციასთან მუშაობა მათი ხედვებიდან გამომდინარე გაგრძელდება.

მესამე საკითხი, რომელსაც ჩვენი ქარტია მოიცავს, კულტურული, ჰუმანიტარული და საგანმანათლებლო საკითხებია. ორჯერ გაიზარდა მეცნიერებისა და სტუდენტების, მკვლევრების გაცვლით პროგრამების მასშტაბი. გრძელდება მუშაობა აშშ-ში საქართველოს ხილვადობისა და ტურისტული პოტენციალის გაძლიერების კუთხით.

მეოთხე საკითხია დემოკრატია, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები, რომელშიც ბოლო ათწლეულების განმავლობაში აშშ-ს ძალიან დიდი კონტრიბუცია აქვს. იგი შესაბამისი რეფორმების განხორციელებაში გვეხმარება.

- შევაფასოთ ის ნაბიჯები, რომელიც ხელისუფლებამ ევროკავშირთან დაახლოების გზაზე გადადგა. ვიზალიბერალიზაციის პროცესი დასასრულს უახლოვდება, თუმცა იყო გარკვეული შეფერხებები, რამაც პროცესი გააჭიანურა. სამი ქვეყანა სკეპტიკურად უყურებდა საქართველოს ვიზალიბერალიზაციას. ერთ-ერთი დეპუტატი საქართველოს პარლამენტიდან იმასაც კი ამბობდა, რომ გერმანიის მიერ ქართველი კრიმინალების შესახებ განცხადებებს ქართულმა მხარემ თავდაპირველად სათანადო ყურადღება არ მიაქცია. თქვენი აზრით, რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ, რა იყო ვიზალიბერალიზაციის დამაბრკოლებელი შიდა ფაქტორები?

ვერ გავიზიარებ მოსაზრებას, რომ, ე.წ. სკეპტიკოს ქვეყნებთან მუშაობას ძალისხმევა დავაკელით. ამ გაზაფხულს პირადად მე, შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს გვქონდა ვიზიტები საფრანგეთსა და გერმანიაში. შინაგან საქმეთა მინისტრს 2 თუ 3 ვიზიტი ჰქონდა გერმანიაში, როგორც ფედერალურ, ასევე მიწების დონეზე. ეს არ ყოფილა შემაფერხებელი ფაქტორი ჩვენი ვიზალიბერლიზაციის გზაზე.

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება მიუთითებს იმ პარალელურ პროცესზე, რომელსაც საქართველოს ვიზალიბერალიზაცია მოჰყვება - ეს არის შეჩერების გამარტივებული მექანიზმის ამოქმედება, რომელთან დაკავშრებითაც გარკვეული პროგრესი უკვე არსებობს. ეს მექანიზმი არ ეხება მხოლოდ საქართველოს. ის ეხება ყველა ვიზალიბერალიზაციის მქონე და კანდიდატ ყველა ქვეყანას.

ევროკომისიის მიერ დეკემბერში გამოქვეყნებული დასკვნა პირდაპირ მიუთითებდა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით ბევრად შორს წავიდა, ვიდრე მას ევალებოდა და არცერთი სახელმწიფო ამას კითხვის ქვეშ არ აყენებს. ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებები შევასრულეთ და ახლა პროცესის დასრულებას ველოდებით. იმ განცხადებების ფონზე, რომელსაც ევროკავშირში აკეთებენ, დარწმუნებულები ვართ, რომ ვიზალიბერალიზაცია ახლო მომავლის საქმეა.

- შეჩერების გამარტივებული მექანიზმი ევროკავშირს იმისთვის დასჭირდა, რომ მარტივად გააკონტროლოს ჭარბი მიგრაციული ნაკადები. საქართველოს შემთხვევაში ასეთი საფრთხე არ არსებობს. ფიქრობთ, რომ ევროკავშირი საქართველოს უსამართლოდ მოექცა, როცა მისი ვიზალიბერალიზაცია ამ მექანიზმის ამოქმედებას დაუკავშირა?

შეჩერების არსებულმა მექანიზმმა ვერ უპასუხა ბოლო ორი წლის განმავლობაში არალეგალური მიგრაციის ნაკადების ზრდის შედეგად წარმოქმნილ გამოწვევებს. ეს უფრო პოლიტიკური საკითხი იყო, რადგან მთავრობები ანგარიშვალდებულნი არიან მოსახლეობასთან, რომელიც მათ ირჩევს. მოსახლეობის მოთხოვნა იყო, რომ ეს მექანიზმი უფრო მოქნილი იყოს.

გეთანხმებით, რომ დიდი ალბათობით, საქართველოს ამ მექანიზმის მოქმედება არ შეეხება, რადგან ის პრინციპები, რომლებიც შეჩერების მექანიზმს აამოქმედებს, ჩვენ შემთხვევაში დაზღვეულია. ეს ასევე ეხება რეადმისიას. ამ კუთხით, ჩვენ ერთ-ერთი ლიდერი სახელმწიფო ვართ, რადგან ჩვენი რეადმისიის მაჩვენებელი 90-95%-ს აღწევს. ჩვენს შემთხვევაში არ არსებობს საზღვრის პირდაპირ გადაკვეთის საფრთხეც, რომელიც თურქეთისა და ბალკანეთის ქვეყნების შემთხვევაში იყო.

უნდა გვესმოდეს, რომ ეს პოლიტიკური საკითხია, რომელიც არალეგალური მიგრაციის საფრთხეებმა გააჩინა.

- ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში გატარებული რეფორმები ევროკომისიამ დადებითად შეაფასა. თუმცა, ეს უკანასკნელი პროცესს ტექნიკური თვალით უყურებდა და დასკვნის გაკეთების დროს შეფასების კრიტერიუმი კანონის იმპლემენტაცია არ ყოფილა. VLAP-ის ფარგლებში მიღებული, მაგალითად, ანტიდისკრიმინაციული კანონის აღსრულების მექანიზმი სუსტია. რა გამოწვევებს ხედავთ მიღებული კანონების აღსრულების თვალსაზრისით? მიგაჩნიათ თუ არა, რომ რეფორმების მიზანი არამხოლოდ დავალების შესრულება, არამედ იმ ღირებულებების დამკვიდრება და გაზიარებაა, რომლებიც საკანონმდებლო ცვლილებების პრაქტიკაში აღსრულებამ უნდა მოგვიტანოს?

VLAP არ ნიშნავდა მხოლოდ ტექნიკურ მხარეს. წელიწადი და 9 თვე საკანონმდებლო ცვლილებებს დასჭირდა, თუმცა ევროკომისიის ყოველი შემდგომი ვიზიტი, რომელიც ექსპერტების დონეზე განხორციელდა, მის იმპლემენტაციას ამოწმებდა. ამდენად, პოზიტიური დასკვნა, რომელიც ევროკომისიისგან მივიღეთ, არამხოლოდ ტექნიკურ ნაწილს, არამედ მათ იმპლემენტაციასაც ამოწმებდა.

გეთანხმებით, რომ მიზანი არ არის საშინაო დავალების შესრულება. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ის რეფორმებია, რომლებიც ქვეყნის ტრანსფორმაციისთვის, მისი მომავალი განვითარებისთვისაა საჭირო. ჩვენ ვქმნით ბაზისს, რომელმაც ქვეყანა ევროპულ ლიანდაგებზე უკვე დააყენა და ამ მიმართულებით პროცესი შეუქცევადი გახდა. ამიტომ, დიდი ყურადღებით ვაკვირდებით იმპლემენტაციას.

გასაგებია, რომ არსებული გამოწვევები არ გვაძლევს სრულად იმპლემენტაციის საშუალებას, თუმცა რეფორმების განხორციელების დინამიკა გვიჩვენებს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს დინამიკა გაგრძელდება და მომავალი სამი წელი ამ თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება.

- როგორ აფასებთ ასოცირების შეთანხმების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობას? საპარლამენტო ანგარიშების წარდგენისას დეპუტატები კომიტეტის სხდომას ხშირად საერთოდ არ ესწრებიან, ან თუ ესწრებიან, მოსმენის შემდეგ კითხვები არ უჩნდებათ.

ეს ყოვლისმომცველი პროცესია, რომელიც შიდაპოლიტიკის ფარგლებში პრაქტიკულად ყველა სექტორში განსახორციელებელ რეფორმას მოიცავს. ჩვენი მთავარი დანიშნულება ამ პროცესის კოორდინაციაა. მნიშნელოვანია, რომ მასში არამხოლოდ პარლამენტი, არამედ სამოქალაქო საზოგადოებაც აქტიურად იყოს ჩართული.

2 წლის განმავლობაში პარლამენტში 4 საპარლამენტო მოსმენა გვქონდა. ასოცირების შეთანხმება -  ეს ახალი პროცესია, რომელსაც, მონიტორინგის ვალდებულებით აღჭურვილი ყველა უწყება მეტი ინტერესით მოეკიდება.

ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული ჯგუფი, რომელსაც ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“ უწევს კოორდინირებას. ჯგუფი 15 მიმართულებით მუშაობს. მეორე მხრივ, არის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორმის საქართველოს პლათფორმა, რომლის ექსპერტებიც 18 მიმართულებით აკონტროლებენ პროცესს, განსაზღვრავენ პრიორიტეტებს და მონაწილეობენ მონიტორინგში.

ამ პროცესის მონიტორინგი რთულია, თუმცა მეტი აქტიურობაა საჭირო როგორც პარლამენტის, ასევე სამოქალაქო სექტორის მხრიდან, რათა ასოცირების საბჭოზე წარმატებული ვიყოთ.

- სამინისტრო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგის 2017-2020 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, თუმცა დოკუმენტი არ გასაჯაროებულა, რის გამოც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს. რატომ არ არის დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი?

ამ დოკუმენტს საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ და იგი მომავალი სამი წლის სამოქმედო გეგმას განსაზღვრავს, თუმცა ეს უფრო პოლიტიკის დოკუმენტია. იგი პოლიტიკურ პრიორიტეტებს უფრო განსაზღვრავს, ვიდრე კონკრეტულ ღონისძიებებს. განსაზღვრავს იმ პრიორიტეტებს, რომლებსაც სახელმწიფომ ყველაზე მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

ჩვენ გამოვთქვით მზადყოფნა, რომ დღის წესრიგის განხილვაში სამოქალაქო საზოგადოება ჩართულიყო. მათ ევროკავშირის წარმომადგენლებთანაც ჰქონდათ შეხვედრები. შესაბამისად, მათი პრიორიტეტები გაზიარებულ იქნა როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ევროკავშირის მიერ. ამაზე დაყრდნობით შეიქმნა ის პირველი დოკუმენტი, რომელიც ახლა განხილვის სტადიაშია.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ დოკუმენტი საკითხების ბევრად ფართო სპექტრს მოიცავს, გარდა იმ სექტორული მიმართულებებისა, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოებას აინტერესებს. ამიტომ დოკუმენტი ვერ გახდება ღია საჯარო დისკუსიისთვის. თუმცა საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა, რომ სექტორების მიხედვით არასამთავრობო ორგანიზაციებთან ამ საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება.

უნდა გავითვალისწინოთ, რომ მსგავსი დოკუმენტი არასდროს გასაჯაროვებულა. იგი პოლიტიკურ საკითხებსაც მოიცავს, რომლებიც შესაძლოა, მეტად სპეციფიკურ თემებს უკავშირდებოდეს. ჩვენ მზად ვართ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად განვიხილოთ პრიორიტეტები, რომლებიც მომავალი სამი წლის განმავლობაში გვექნება.

- საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი დეკლარირებულად პროდასავლურია. ხელისუფლება აცხადებს, რომ გზა, რომელსაც საქართველო ადგას ევროპული ღირებულებებისკენ სწრაფვის გზაა, თუმცა საჯარო მოხელეები ხშირად ისეთ განცხადებებს აკეთებენ, ისეთ გადაწყვეტილებებს იღებენ, რომლებიც ევროპულ ღირებულებებთან თანხვედრაში არ არის. მაგალითად, ჩვენ მოგვისმენია ქსენოფობიური, ჰომოფობიური განცხადებები პარლამენტში. თქვენი აზრით, რამდენად შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს ის ღირებულებები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას აქვს?

ჩვენი სახელმწიფო ახლა გარდამავალ ეტაპზეა. ვამკვიდრებთ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა პერიოდის იზოლაციამ მოგვწყვიტა. არ გვეძლეოდა შესაძლებლობა, ბუნებრივი განვითარების გზას დავდგომოდით. მას შემდეგ, რაც რკინის ფარდამ იზოლაციაში მოგვაქცია, ვცდილობთ, ეს დანაკარგი ავინაზღაუროთ. ეს კონტექსტი ყოველთვის უნდა გავითვალისწინოთ.

საქართველო იყო და არის ევროპის ნაწილი. ჩვენი ხედვა ძალიან მკაფიოა და ამ თვალსაზრისით ლიდერები ვართ. ვართ ერთგული იმ რეფორმებისა, რომლისაც გვჯერა და მას არ აღვიქვამთ როგორც დავალებას, ინსტრუქციას. ეს სწორი განვითარების გზაა, რომელსაც ასოცირების შეთანხმებით, თავისუფალი სავაჭრო სივრცით, რეფორმების ფართო სპექტრით ვიზალიბერალიზაციით არის გათვალისწინებული.

გვაქვს შემთხვევები, როცა გარკვეული განცხადებებისა თუ შეფასებების მიმართ კრიტიკულები ვართ და სამოქალაქო საზოგადოება სწორედ ამიტომ არის პროცესში აქტიურად ჩართული, რომ მომავალში მინიმუმამდე შევამციროთ ასეთი შემთხვევები.

თუმცა, ასეთი შემთხვევები არც ევროკავშირის წევრ ქვეყნებშია გამორიცხული. იქაც, პოპულარულ რეფორმებს მთავრობას უკავშირებენ, არაპოპულარულს კი - ბრიუსელს. ეს არის ცდუნება, რომელიც ევროპულ სახელმწიფოში შეიძლება ჰქონდეს პოლიტიკოსს.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დღეს გაზრდილია ანტიდასავლური პროპაგანდა მთელ კონტინენტზე, თუმცა არ იხურება პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ტელევიზიები... ჩვენ უზრუნველვყოფთ მაღალ სტანდარტს და საზოგადოება ამას აცნობიერებს.

- იმის თქმა გსურთ, რომ ქვეცნობიერის დონეზე გადმოგვყვა საბჭოთა წარსულის ზეგავლენა?

არა, მე ვეცადე ამეხსნა, რომ ჩვენ გარდამავალ პერიოდში ვართ, შესაბამისად, არ არის გასაკვირი ერთეული გამოვლინებები იმის ფონზე, როცა პოლიტიკა ძალიან მკაფიოა. მთავარი არის ის პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ატარებს.

სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებების მატარებლები და ერთგულები ვართ, რაც გამოხატულია არამარტო ნარატივში, არამედ რეალურ მოქმედებებშიც. გვყავს ძალიან ევროპული ხელისუფლება. იმ ნაბიჯების გათვალისწინებით, რომლებიც ქვეყნის ევროპული განვითარების მიმართულებით გადავდგით, ყველაზე ევროპული ხელისუფლება გვყავს.

- მაშინ რით უნდა ავხსნათ კონსტიტუციაში ქორწინების განსაზღვრის შესახებ საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელიც, რეალურად, ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ უმრავლესობის გულის მოსაგებად გამოიყენა და რომელიც ადამიანის უფლებების შეზღუდვისკენ არის მიმართული? დღეს საქართველოში ლგბტ ადამიანები ქორწინების უფლებას არ ითხოვენ, რადგან მათი პრიორიტეტი საკუთარი უსაფრთხოებისთვის ბრძოლაა. ხელისუფლებამ ქორწინების საკითხი ხელოვნურად წამოწია და არ აღიარებს, რომ ამით ჰომოფობიას გააძლიერებს იმ ქვეყანაში, სადაც 2013 წლის 17 მაისის მოვლენები მოხდა. რამდენად შეესაბამება ევროპულ ღირებულებებს ხელისუფლების ეს ინიციატივა?

დარწმუნებული ვარ, იცით, რომ ამ საკითხზე არათუ საკონსტიტუციო ცვლილებები, არამედ რეფერენდუმებიც გამართულა ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. იმ საკითხის გამო, რომელსაც თქვენც კი ევროკავშირს უკავშირებთ, არ შეიძლება ევროპული ღირებულებების კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ.

- ქორწინების საკითხს კანონიც არეგულირებს. მისი კონსტიტუციაში ჩაწერა არაფერს შეცვლის.

არ ვიცი, რამდენად გქონიათ თქვენ ამ საკითხთან შეხება, თუმცა ჩვენ 300-ზე მეტ შეხვედრას ვატარებთ საინფორმაციო ცენტრის ფარგლებში და ვიცით, რომ ეს საკითხი საზოგადოების ინტერესის სფეროა.

- დიახ, ასეთია უმრავლესობის ინტერესი.

საზოგადოებას ეს საკითხი ევროინტეგრაციის კონტექსტში აინტერსებს. ეს ინტერესი არ უნდა უგულებელვყოთ. გეთანხმებით, რომ ეს არ არის პირველი რიგის საკითხი. არა მგონია, რომ მომავალ პარლამენტში პირველი რიგის საკითხად განიხილონ. თუმცა ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და პარლამენტმა მკაფიოდ დააფიქსირა პოზიცია, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცის ერთობაა. ეს არის ჩვენი პოზიცია.

- რა იქნება ევროინტეგრაციის შემდგომი ნაბიჯები? დგას თუ არა დღის წესრიგში ევროკავშირში გაწევრებაზე განაცხადის გაკეთების საკითხი?

ჩვენს წარმატებას ხელი იმან შეუწყო, რომ თანმიმდევრულად ვმოქმედებთ და პარტნიორებთან შეთანხმებულად ვმუშაობთ. უნდა გვესმოდეს კონტექსტი, ის რეალობა, რომელიც დღეს ევროპაშია. იგივე ეხება NATO-საც.

როდესაც პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ, ეს იმასაც გულისხმობს, რომ უსაფუძვლოდ არ უნდა გავზარდოთ მოსახლეობის მოლოდინები. NATO-ში ჩვენი ინტეგრაციის პროცესი ძალიან დააზარალა იმედგაცრუებამ, რომელიც 2008 წლის ბუქარესტის სამიტს მოჰყვა. ამდენად, არ გვაქვს სენტიმენტებით მანიპულირების ფუფუნება. საზოგადოებას მხოლოდ იმ მიღწევებს ვაცნობთ, რომლებიც უკვე გადაწყვეტილია. ეს მნიშნელოვანი მომენტია იმედგაცრუების თავიდან ასაცილებლად.

ევროკავშირის გაცხადებული პოზიცია იყო, რომ მომდევნო 5 წლის განმავლობაში გაფართოება არ იგეგმებოდა. აუცილებლად იქნება ხელსაყრელი პოზიცია საქართველოს შემდგომი ინტეგრაციისთვის და ჩვენ ამ მომენტისთვის მზად უნდა ვიყოთ. შეიძლება ეს არ მოხდეს 2 ან 5 წელიწადში, ამავდროულად, არ უნდა გავაკეთოთ უპასუხისმგებლო განცხადებები. იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, თუ რა მიზნებიც გაუჩნდება ქართულ საზოგადოებას ვიზალიბერლიზაციის შემდეგ.

- 2026 წელს ვასრულებთ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების შესრულებას. ამის შემდეგ დავიწყებთ გაწევრებაზე საუბარს? რა შეიძლება იყოს ჩვენი პროგრამა-მაქსიმუმი 2020 წლამდე?

ვფიქრობ, მომავალი 3-4 წელი ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება. 2020 წლისთვის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების 60% ალბათ შესრულებული გვექნება. არ მიმაჩნია სწორად, რომ დღეს, 2016 წელს, ამ კუთხით დავიწყოთ ფიქრი 2026 წელზე. იქამდე ძალიან დინამიკური იქნება როგორც ჩვენი რეფორმები, ასევე ევროპაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. ვნახავთ, როგორ დაემთხვევა დღის წესრიგში შემდგომი ინტეგრაციის საკითხი. მოვლენები იმდენად სწრაფად ვითარდება, დღეს ძალიან რთულია 2026 წელზე საუბარი.

რაც შეეხება პროგრამა-მაქსიმუმს, მომავალი სამი წლის განმავლობაში უნდა შევინარჩუნოთ ასოცირების შესრულების არსებული ხარისხი. ეს არ იქნება იოლი.

სახელმწიფო მინისტრის პოზიციაზე ამ საკითხებზე ღიად საუბარი რთულია, რადგან მეტი პასუხისმგებლობა მაკისრია.

- IRI-ის პრეზიდენტმა მარკ გრინმა 8 ოქტომბერს გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომპრორუსული ძალების წარმატება განგაშის ზარია“. რამდენად ეთანხმებით ამ მოსაზრებას?

არჩევნების შედეგებმა გვაჩვენა მოსახლეობის არჩევანი - 5%-მა გადაწყვიტა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას მოუსმინოს. მიმაჩნია, რომ ქვეყნის ევროპულ განვითარებას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. გვეყოლება ძალიან დინამიკური, ახალი შემადგენლობით გაძლიერებული, კარგი პარლამენტი. ვფიქრობ, უფრო მეტი დისკუსია იქნება რეფორმების არსზე, ვიდრე იმაზე, თუ საით მიდის საქართველო. ამ კითხვას პასუხი საზოგადოებამ უკვე გასცა და ეს არჩევანი არის ევროპული გზა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^