Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"პანორამა თბილისის" მშენებლობის კანონიერება - სასამართლოს მთავარი სხდომის დეტალები

25 ოქტომბერი 2016

თბილისის საქალაქო სასამართლოში “პანორამა თბილისთან” დაკავშირებული პროცესის მთავარი სხდომა სასამართლოს მოუცლელობის გამო სრულად ვერ ჩატარდა. 

მთავარი სხდომა, რომელიც მოსამართლისა და მხარეების შეთანხმებით 20 ოქტომბერს სრულად უნდა ჩატარებულიყო, მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა და ახსნა-განმარტების ეტაპი მოიცვა. კითხვა-პასუხისა და პაექრობის ეტაპი მომდევნო სხდომისთვის გადაიდო, რადგან მოსამართლის განმარტებით, არჩევნებთან დაკავშირებული ძალიან ბევრი სარჩელის დაუყოვნებლივ განხილვაა საჭირო და სასამართლო გადატვირთულია. 

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების სარჩელი სასამართლოში 5 ივლისს შევიდა:

მოსარჩელეები: “ინიციატივა საჯარო სივრცისთვის”, “ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” ( EMC),“მწვანე ალტერნატივა”, “აღმოსავლეთ პარტნიორობის ხელოვნებისა და კულტურის საბჭო”, ანანო ცინცაბაძე, ცირა ელისაშვილი, ნატა ფერაძე, ელენე მარგველაშვილი, ლალი პერტენავა, ნიკოლოზ წიქარიძე, თაკო ხატიაშვილი, ნინო გუჯარაიძე, ირაკლი მაჭარაშვილი, მაქი კვიციანი  - მოითხოვენ, რომ ბათილად იქნას ცნობილი ის სამართლებრივი აქტები, რომელთა მიღების შემდეგაც “პანორამა თბილისის” მშენებლობა ნებადართული გახდა. 

კერძოდ კი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციის “საჯარო სივრცის ინიციატივა” იურისტი და სარჩელის სასამართლოში წარმდგენი ანანო ცინცაბაძე ამბობს, კვლევის ფარგლებში გამოვლინდა, რომ პროექტ “პანორამა თბილისის” განხორციელება არაერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შედეგად გახდა შესაძლებელი. შესაბამისად, გადაწყვეტილებები, რომლებიც მის სასარგებლოდ იქნა მიღებული, უკანონოა.

კვლევის თანახმად, რომელიც სწორედ ამ სარჩელს დაედო საფუძვლად, საქართველოს მინისტრთა საბჭოს 1985 წლის 29 იანვრის დადგენილებით, ქალაქ თბილისისთვის “კულტურული მემკვიდრეობის დამცავი ზოგადი ზონები” დამტკიცდა:

1. ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა;

2. განაშენიანების რეგულირების ზონა;

3. ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა.

მიუხედავად იმისა, რომ კვლევის თანახმად, მოგვიანებით მიღებული ბევრი კანონი სწორედ ამ ზონირებას ეყრდნობოდა, მათ შორის კანონიც კულტურული მემკვიდრეობის შესახებ  2009 წლის 5 ივნისს თბილისის საკრებულომ ქალაქ თბილისის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმა” მიიღო. ეს გეგმა განსაზღვრავდა ქალაქგეგმარების ძირითად პრინციპებს, ადგენდა ზონებსა და შეზღუდვებს ამა თუ იმ ზონაში. ამავე წელს საკრებულომ განაშენიანების რეგულირების წესებიც დაამტკიცა - როგორ უნდა ყოფილიყო დატანილი გენგეგმაზე ის დოკუმენტები, რომელთა მიღებაც საკრებულოს უფლებამოსილება არაა - მათ შორის ისტორიული დაცვის ზონების შესახებ.   

ამ წესების თანახმად, მუნიციპალიტეტი ვალდებული იყო აქამდე დადგენილი ისტორიული ზონები პირდაპირ აესახა გენერალურ გეგმაში. ამის გარდა, მას შეზღუდული ჰქონდა ყველანაირი მოქმედების უფლება, რაც ეხებოდა "კულტურული მემკვიდრეობის ისტორიული დაცვის ზონებს". 

“თუმცა ამის ნაცვლად თბილისის საკრებულომ 2009 წლის  5 ივნისს მიღებულ გენგეგმაზე დაიტანა არა სამი, არამედ მხოლოდ 2 ისტორიული ზონა: ისტორიული განაშენიანების დაცვისა და განაშენიანების რეგულირების ზონა. გენგეგმაზე არ დაიტანეს 1985 წლით განსაზღვრული მესამე ზონა - ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ამასთან,  გეგმაზე დატანილი იმ ორი ისტორიული ზონის საზღვრებიც განსხვავდება იმისგან, რაც თავდაპირველად იყო დამტკიცებული, როგორც ის იყო ასახული სხვა კანონებსა და გადაწყვეტილებებში. იმ ტერიტორიაზე კი, სადაც ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა უნდა ყოფილიყო, დაიტანეს მხოლოდ ფუნქციური ზონა, რაც აბსოლუტურად განსხვავებული მნიშვნელობისაა”, - ამბობს ანანო ცინცაბაძე.

კვლევის ავტორები ხაზგასმით განმარტავდნენ, რომ “დაცვის ზონა” განსხვავდება “ფუნქციური ზონისგან”: თუკი “დაცვის ზონის” ცვლილების უფლება მხოლოდ პრემიერს აქვს, “ფუნქციური ზონა” ტერიტორიის ქალაქგეგმარებით ფუნქციებს განსაზღვრავს და მისი ცვლილება საკრებულოს კომპეტენციაა. 

“თუმცა 2009 წელს ჩვენ მივიღეთ მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დაცვის ისტორიული ზონა თბილისის გენერალური გეგმიდან გაქრა. ეს ნიშნავდა იმ მავნე პრაქტიკის დასაწყისს, რომ ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში დასაშვები გახდა ისეთი განაშენიანება, რომელიც კანონით აკრძალულია. ეს კი უკვე ჩვეულ პრაქტიკად იქცა. თუკი ნებისმიერი მენაშენე მიუთითებდა არქიტექტურის სამსახურს, რომ მას ამა და ამ ტერიტორიაზე ასეთი განაშენიანების დაწყება სურდა, სამსახურს აღარაფერი უბოჭავდა ხელს, რომ ამის უფლება არ მიეცა. ახალი გენგეგმის მიხედვით, აქ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დაცვის ზონა უბრალოდ აღარ არსებობდა”, - ხსნის არსებულ მდგომარეობას იურისტი. 

კვლევისა და სარჩელის ავტორები კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მიერ განსაზღვრული დაცვის რეჟიმებზეც საუბრობენ. მათი თქმით, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში გამორიცხულია ყველანაირი ღონისძიება, რომელიც “არასასურველ ზემოქმედებას” მოახდენს ძეგლზე. ამგვარი ზემოქმედება კი დეტალურადაა კანონში აღწერილი: ის ეხება როგორც ვიზუალური აღქმის გაუარესებას, ისე ნებისმიერ მსხვილმასშტაბიან მიწისზედა საინჟინრო ტექნოლოგიური მოწყობილობების განთავსებას; აკრძალულია ნებისმიერი ისეთი ობიექტების მშენებლობა, რომელიც ხანძარსაშიშია,  რომელიც წარმოქმნის ძლიერ სატვირთო და სატრანსპორტო ნაკადებს, აჭუჭყიანებს წყლისა და ჰაერის აუზებს და ა.შ. 

ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში მხოლოდ ორი ტიპის სამშენებლო ღონისძიებები შეიძლება იყოს დასაშვები: კულტურულ-ისტორიული ღირებულების მქონე შენობების კვლევითი ან სარეაბილიტაციო სამუშაოები. და მეორე, თუ არსებობს დასაბუთებული აუცილებლობა, საზოგადოებრივი ან სახელმწიფო ინტერესები, ამ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ისეთი ნაგებობების მშენებლობა, რომლებიც იქნება დროებითი, რომლებიც მნიშვნელოვნად არ აუარესებს ზონაში დაცული და ვიზუალური დაცვის არეალებში განლაგებული კულტურული მემკვიდრეობის აღქმას, ამასთან ყველა ეს გარემოება უნდა იყოს დაკმაყოფილებული ერთდროულად, ანუ ყველა ეს ფაქტორი უნდა მოქმედებდეს იმისთვის, რომ რაიმე ტიპის მშენებლობა იყოს ნებადართული.  

სარჩელის თანახმად, არანაკლებ მნიშვნელოვანი მოვლენები განვითარდა 2014 წლის ბოლოსაც.

8 დეკემბერს არქიტექტურის სამსახურს მიმართა კონკრეტულმა პირმა და სწორედ ამ ზონაში, “ისტორიული დაცვის ზონაში”“ფუნქციური ზონის” შეცვლა მოითხოვა.

წარმოადგინა დოკუმენტაცია, რომელშიც აღწერდა “პანორამა თბილისის” მსხვილმასშტაბიან განაშენიანებას, როგორც პროექტს, რომლის განსახორციელებლადაც ფუნქციური ზონის ცვლილება იყო აუცილებელი. 

მერიის ზონალურმა საბჭომ ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტა, რომ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა და საკითხი დასამტკიცებლად საკრებულოში გადაიგზავნა. 

საინტერესოა საბჭოს სხდომის ოქმიც, სადაც ერთ-ერთი არაიდენტიფიცირებული წევრი ამბობს, რომ გარდა ფუნქციური ზონისა, ამ ტერიტორიაზე მოქმედებს ისტორიული დაცვის ზონაც და მისი შეცვლის უფლება არ აქვს არც მერიას და არც საკრებულოს. ის მხოლოდ პრემიერ-მინისტრს შეუძლია.

მერიის ზონალური საბჭოს მოთხოვნის პასუხად თბილისის საკრებულომ არათუ არსებულ გენგეგმაში შეიტანა ცვლილება კონკრეტული ტერიტორიისთვის, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, არამედ მიიღო ახალი გენგეგმა: 

“2014 წლის 30 დეკემბერს პრაქტიკულად თავიდან დამტკიცდა 2009 წლის გენგეგმა, თუმცა ცხადია, არც მასში ასახულა 1985 წლის დადგენილებით განსაზღვრული ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონა. ეს კი სწორედ ის ზონაა, რომელშიც “პანორამა თბილისის” ორი ობიექტის განაშენიანება - “სოლოლაკი ჰილზი” და “სოლოლაკის მაღლობი” მთლიანადაა მოქცეული. ამ მავნე აქტმა “პანორამასთან” ერთად გზა გაუხსნა სხვა მშენებლობებსაც. აქვეა გერგეთის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობაც. აქვეა მანამდე აშენებული ტელევიზია GDS-ის ოფისიც”, - განმარტავს ცინცაბაძე. 

მისივე თქმით, კანონდარღვევით მოხდა ნებართვის გაცემა “პანორამის” მეორე ნაწილისთვისაც (მესამე ობიექტი), რადგან ის “ისტორიული განაშენიანების დაცვის” ზონაში მდებარეობდა და თუკი ამ ნებართვას სამოქალაქო საზოგადოება დროულად გაასაჩივრებდა, მისი გაუქმება სამართლებრივად ძალიან მარტივი იქნებოდა. რადგან განსხვავებით “ლანდშაფტის დაცვის ზონისგან” “ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონა” 2009 და 2014 წლის გენგეგმებზე დატანილი იყო. ისტორიული დაცვის ზონაში ექცევა “პანორამის” მესამე ნაწილიც (მეოთხე ობიექტი) - “თბილისი სითი”. 

ეკონომიკის სამინისტრომ “პანორამა თბილისისასთვის” სამი სამშენებლო ნებართვა გასცა. ნებართვის გაცემის პირველ ეტაპზე კომპანიის მიერ შევსებულ სტანდარტულ განაცხადში, გრაფა “მიწის ნაკვეთის მიმართება კულტურული მემკვიდრეობის ან გარემოსდაცვით ზონებთან”  - ცარიელია. იურისტ ანანო ცინცაბაძის თქმით, ის, რომ ნებართვაში არაფერია მითითებული ისტორიულ თუ გარემოსდაცვით ზონებში მდებარეობის შესახებ, ნიშნავს, რომ სახელმწიფოც და პროექტის განმახორციელებელიც მიიჩნევენ, რომ “პანორამა თბილისი” არ მდებარეობს ისტორიული დაცვის ზონაში. გარდა “თბილისი სითისა”, რომელიც ყოფილი ცეკავშირის შენობის ტერიტორიაზე უნდა აშენდეს და აღიარებულია, რომ ეს „ისტორიული ზონა 1-ის“ ფარგლებშია. 

“ესაა ძალიან კომპლექსური სხვადასხვა ტიპის საკანონმდებლო დარღვევები, რომლებმაც მთლიანობაში მოგვცა ის შედეგი, რაც ახლა გავქვს: იქ, სადაც რეალურად დაუშვებელია მშენებლობა, დღეს არსებობს ჩვეულებრივი პრაქტიკა და გაიცემა ნებართვები ფართომასშტაბიანი განაშენიანებისთვის. ჩვენ რომ ამ დარღვევების წინააღმდეგ დროულად გვემოქმედა, ამ გადაწყვეტილებების გასაჩივრებას ექნებოდა რეალური შედეგები, მით უმეტეს, 2014 წელს”, - ამბობს ცინცაბაძე. 

ჰქონდა თუ არა საკრებულოს უფლება - შეეცვალა ისტორიული დაცვის ზონის სტატუსი

20 ოქტომბერს გამართულ სხდომაზე, ისევე როგორც სასამართლოსთვის წარმოდგენილ შესაგებელში, თბილისის საკრებულოს იურისტი ფატმან ნიშნიანიძე განმარტავდა, რომ საკრებულომ გადაწყვეტილება თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღო, რადგან სწორედ საკრებულოა ის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც ქალაქგანვითარებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ საკითხებს არეგულირებს და აწესრიგებს, მათ შორის “დროთა განმავლობაში მასში ცვლილებების შეტანა და ფუნქციური ზონის ცვლილება სრულიად შეესაბამება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ რეგულაციებს და მიზანს”, - ვკითხულობთ შესაგებელში. იურისტის თქმით, ამგვარი ცვლილებები გენერალურ გეგმაში ძალიან ხშირად შედის.

 “ეს დოკუმენტი ქალაქისთვის ცოცხალი ორგანიზმივითაა, მასში საკრებულოს გადაწყვეტილებით ძალიან ხშირად შედის ცვლილებები და ის ყოველდღე იხვეწება”. 

2009 წელს მიღებული დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა კი, მისი განმარტებით, სწორედაც ქალაქმშენებლობითი დოკუმენტია და განსაზღვრავს ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების ძირითად პარამეტრებს, კეთილმოწყობის, გარემოსა და უძრავი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ სივრცით-ტერიტორიულ პირობებსა და სხვა საკითხებს. 

გარდა ამისა, იურისტის მტკიცებით, შეუძლებელია კანონიერი იყოს 2009 წლის  - “დედაქალაქის პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმის” ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნა, რადგან მას უკვე აღარ აქვს იურიდიული ძალა მას შემდეგ, რაც საკრებულომ 2014 წელს “დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის დამტკიცების შესახებ” ახალი დადგენილება მიიღო. 

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურისტი განმარტავს, რომ გაუგებარია, რატომ ვერ გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა კონკრეტული ადმინისტრაციული აქტები მათი მიღებიდან უახლოეს პერიოდში, როგორც ეს კანონით იყო დადგენილი. ამასთან მან პროცესზეც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოსარჩელეებს პირდაპირი და უშუალო ზიანი უნდა ადგებოდეთ იმ სამართლებრივი აქტის მოქმედებით, რომლის არარად ცნობასაც ითხოვენ. 

“მომჩივანი მხარე ჩამოყალიბებული არაა არარად ცნობის არგუმენტებში. ჩვენთვის გაუგებარია, მიიჩნევენ თუ არა სადავო გადაწყვეტილებას საკრებულოს კომპეტენციად. სამივე ზონა რომ ყოფილიყო ამ აქტში ასახული, მაშინ მისი მიღება იქნებოდა საკრებულოს კომპეტენცია?! და რადგან ასე არაა, ესე იგი არ არის მისი კომპეტენცია? პრაქტიკული ნაწილი ამასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია”.  

იურისტი შესაგებელშიც და სასამართლო პროცესზეც განმარტავდა, რომ კანონმდებლობის მიხედვით, საკრებულო არაა ის ადმინისტრაციული ორგანო, სადაც იწყება და მთავრდება ამ ნორმატიული აქტების მიღება და შესაბამისად, ის დამოუკიდებლად ვერ მიიღებს გადაწყვეტილებას ამ გადაწყვეტილებაში ცვლილებების შეტანის შესახებაც. 

თუმცა ამ არგუმენტის პასუხად, ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ ადმინისტრაციული პროცესი, რომლის განმავლობაშიც ხდება ნორმატიული აქტის, კანონის მიღება, მაინც მთლიანად იმ ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობაა, რომელიც ხელს აწერს და კანონად აქცევს მოცემულ აქტს. ვინაიდან სწორედ თბილისის საკრებულომ მიანიჭა ამ აქტს კანონის ძალა, შესაბამისად ის იყო პასუხისმგებელი, გამოეკვლია რამდენად იყო კანონმდებლობის შესაბამისად შედგენილი ის პროექტი, რომელიც მას წარუდგინეს.

თავად მერიის მიერ საკრებულოში წარდგენილი ცვლილებები, ნიშნიანიძის თქმით, ეყრდნობოდა მერიაში მოქმედ და სპეციალისტებით დაკომპლექტებულ  “თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხთა საბჭოს” გადაწყვეტილებას - რომელიც ამზადებს რეკომენდაციებს “მუნიციპალიტეტის მთავრობის ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების საკითხებზე, მათ შორის სპეციალური ზონების შეთანხმების, ასევე ცალკეულ შემთხვევებში თბილისის გაუშენებელი ტერიტორიების განაშენიანების საკითხებზე - ქალაქმშენებლობასთან და ქალაქგანვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. 

ფატმან ნიშნიანიძე ასევე ამბობს, რომ ქართული კანონმდებლობა არ ცნობს აქტის ნაწილობრივ არარად აღიარებას. რადგან ის საფუძვლები, რომლითაც აქტი შეიძლება ბათილად იყოს ცნობილი, მას მთლიანად აკარგვინებს ძალას. თუმცა ცინცაბაძის თქმით, ამგვარი გადაწყვეტილება უკვე იყო მიღებული სასამართლო პრაქტიკაში და ანალოგიის გზით შესაძლებელია კონკრეტული აქტი მხოლოდ ნაწილობრივ იყოს არარად ცნობილი. 

ანანო ცინცაბაძე ამბობს, რომ საკრებულომ გადაწყვეტილება კანონის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ მიიღო. შეცვალა ის ზონები, რომლის დადგენისა თუ ცვლილების უფლება მხოლოდ საქართველოს მთავრობას აქვს. ამასთან იმ დოკუმენტის უგულებელყოფით, რომელმაც 1985 წელს ამ ზონებისთვის მკაცრი დაცვის რეჟიმები და სპეციალური შეზღუდვის პირობები დაადგინა. 

“რა თქმა უნდა დასახლებათა სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვა და შესაბამისი დოკუმენტაციის დამტკიცება ქალაქის ხელისუფლების კომპეტენციაა, მაგრამ ეს არ ეხება დარგობრივ დოკუმენტაციას, რომელიც ქალაქის გენგეგმის განუყოფელი ნაწილია. გენგეგმა არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი და მრავალდარგოვან, მრავალფუნქციურ დოკუმენტაციას მოიცავს, რომელიც აღწერს, ქალაქის ამა თუ იმ ტერიტორიაზე რა შეზღუდვები არსებობს. მართალია, მოპასუხის შესაგებელშიც “დაცვის ზონები” და “ფუნქციური ზონები” ერთმანეთშია აღრეული, მაგრამ სწორედაც რომ მთავრობის 59-ე დადგენილების მე-13 მუხლი პირდაპირ მოითხოვს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონები, რომლებიც ასევე კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით განსაზღვრული ზონებია და არა რომელიმე სხვა ზონა - დამტკიცებული იყოს სხვადასხვა ექსპერტული ორგანიზაციის,  მათ შორის  უნდა გადაწყდეს ადმინისტრაციული ორგანოების მონაწილეობით და დამტკიცდეს საქართველოს მთავრობის  დადგენილებით”, - ამბობს ცინცაბაძე და განმარტავს, რომ საკრებულოს  ზონების სტატუსის შეცვლა მხოლოდ ორ შემთხვევაში შეუძლია:

1. “ფუნქციურ ზონებზე” და არა ისტორიული დაცვის ზონებზე; 

2. და იმ ზონებზე, რომლებიც ჯერ არაა დადგენილ-განსაზღვრული. უკვე დადგენილ ზონებზე გადაწყვეტილების მიღება კი საკრებულოს კომპეტენცია არაა, ის მხოლოდ ვალდებულია, რომ ქალაქგანვითარების გენერალურ გეგმაზე ეს ზონები დაიტანოს და ასახოს. და რადგან საკრებულომ ეს არ გააკეთა, შეიძლება ჩაითვალოს, რომ მან თავიდან შეიმუშავა ეს ზონები - არა საკუთარი, არამედ ქვეყნის მთავრობის კომპეტენციის ფარგლებში. 

“საკრებულოს კომპეტენცია აბსოლუტურად გამორიცხავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზოგადი ზონების დაწესებას. საკრებულო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ მის წინაშე წარმოდგენილი დოკუმენტი კანონის მოთხოვნათა დაცვითაა შედგენილი, ასახავს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თუ სხვა ზონებს, და ამის შემდეგ დაამტკიცოს ან არ დაამტკიცოს ის. ამ შემთხვევაში საკრებულომ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომელიც ადგენდა სრულიად განსხვავებულ რეგულირებას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონებისთვის, 1985 წლის დადგენილებისგან განსხვავებულს ”, - განმარტავს ცინცაბაძე. 

სასამართლო პროცესზე მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქალაქის გენერალური გეგმის მნიშვნელობას, რომელიც სივრცითი კოდექსის მიხედვით არის სახელმძღვანელო დოკუმენტი განაშენიანების რეგულირებისთვის, მათ შორის სამშენებლო ნებართვის გასაცემად თუ მასზე უარის სათქმელად. 

“შეუქცევადი და განუზომელია ის ზიანი, რომელიც ქალაქისთვის ამ აქტის მიღებას მოჰყვა. “პანორამა თბილისის” სამშენებლო ნებართვები ერთ-ერთი და არა ერთადერთი შედეგია: ძალიან ბევრი მშენებლობის ნებართვაა უკვე გაცემული, რომელიც უშვებს “კულტურული მემკვიდროების შესახებ” კანონით დაუშვებელ განაშენიანებას თბილისის სხვადასხვა ზონაში, “პანორამას” მაგალითი კი ჩვენი ინტერესის დასადასტურებლადაა მოტანილი”, - განმარტა ანანო ცინცაბაძემ სასამართლო პროცესზე და დასძინა, რომ სარჩელის ავტორები არიან კულტურული მემკვიდრეობის, გარემოს, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ხანგრძლივად მოღვაწე არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთა კონსტიტუციურ და  კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებასაც - ცხოვრობდნენ კულტურულ გარემოში და დაცული იყოს მათი კულტურული მემკვიდრეობა - პირდაპირი და უშუალო ზიანი ადგებათ. 

ამასთან, მისი თქმით, მიუღებელია საკრებულოს იურისტის არგუმენტი იმის თაობაზეც, რომ მათ გადაწყვეტილება მერიის, ე.წ. ზონალური საბჭოს წარდგინებით მიიღეს. ცინცაბაძე განმარტავს, რომ ამგვარი წარდგინება კანონიერი რომ ყოფილიყო, ეს არა ზონალურ საბჭოს, არამედ მერიაში მის პარალელურად არსებულ სხვა, ისტორიულ საბჭოს უნდა გაეკეთებინა. თანაც არა საკრებულოსთვის, არამედ მთავრობისთვის უნდა წარედგინა. 

“ამგვარი მკაცრი რეგულირება სწორედ იმიტომაა განსაზღვრული კანონითა და დადგენილებით მთავრობის დონეზე, რომ ეს ზონები მკაცრი დაცვის სამართლებრივ სიკეთეს წარმოადგენს ”.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^