Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ მუშაობს გიორგი ტატიშვილის სქემა

27 ოქტომბერი 2016

ბოლო ორი წელია საჯარო სკოლებს არაორდინალურ პრობლემასთან გამკლავება უწევთ.

მათ ოფიციალურ მეილებზე ეგზავნებათ გიორგი ტატიშვილის (რომელიც  სხვადასხვა -  ვახტანგ ოქროპირიძე, მაცაცო, და ა.შ. - სახელითაა ცნობილი) განცხადებები.

ტატიშვილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის შესაბამისად, ითხოვს საჯარო ინფორმაციას - მნიშვნელოვანი მოცულობის დოკუმენტების მოძიებას, დამუშავებას და მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გადაგზავნას.

სკოლებში ამბობენ, რომ გიორგი ტატიშვილის განცხადებებით მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა მოცულობის გათვალისწინებით (დაახლოებით 15 000-20 000 ერთეული ფურცელი) შეუძლებელია. საჯარო სკოლაში საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი სკოლის დირექტორის მიერ ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ერთი პირია.

შედეგად, საჯარო სკოლას  ფიზიკური და ტექნიკური შეუძლებლობის გამო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის მოთხოვნათა დარღვევა უხდება, რაც განმცხადებელს მათ წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანის საშუალებას აძლევს.

ამგვარი სარჩელების სამიზნე ათეულობით სკოლაა, მათ შორისაა რეგიონების სკოლებიც.

ხაშურის რაიონის რესურსცენტრის უფროსის, ზვიად გოგუაძის თქმით, "დასაბუთებული ვარაუდით, განმცხადებელმა იცის, რომ შეუძლებელია მის მიერ განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდება კანონით განსაზღვრული ვადების დაცვით, და წინასწარი განზრახვით საჯარო სკოლებს კანონის დარღვევას აიძულებს".

მას შემდეგ, რაც ვერ ხერხდება მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად გაცემა, გიორგი ტატიშვილი მიმართავს სასამართლოს და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მოსარჩელის სასარგებლოდ წარმომადგენლობითი ხარჯების, ანუ ადვოკატის იურიდიული მომსახურების ხარჯის დაკისრებას ითხოვს.

მოსარჩელის, ანუ გიორგი ტატიშვილის ინტერესებს სასამართლო პროცესებზე იცავს  ორგანიზაცია, რომელსაც ასევე თავად გიორგი ტატიშვილი წარმოადგენს.

 "მოკლედ, ყველა ორგანიზაცია და სუბიექტი, რომლებიც ამ ქეისებში ჩანს, არის ერთი პირი - გიორგი ტატიშვილი", - გვეუბნება რესურსცენტრის უფროსი. 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ განსაზღვრავს განმცხადებლის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გონივრულ მოცულობას, "რაც საშუალებას აძლევს ნებისმიერ ფიზიკურ და იურიდიულ პირს  კოდექსის  პრინციპები მანიპულირების საგნად აქციოს, რომლის მსხვერპლი ამ ეტაპზე საჯარო სკოლები აღმოჩნდნენ", - ამბობს გოგუაძე.

სკოლებს სამართლებრივ დავებში შესაბამისი რესურსცენტრების იურისტები იცავენ. იმ შემთხვევაში კი, თუ რესურსცენტრს იურისტი არ ჰყავს ან დეკრეტულ შვებულებაშია, ან რაღაც სხვა მიზეზით მოვალეობას ვერ ასრულებს, მაშინ სკოლებს სასამართლო პროცესებზე ქეთი ირომაშვილი წარმოადგენს. ქეთი განათლებისა და მეცნიერების სამართლებრივი ექსპერტიზისა და სასამართლოებთან ურთიერთობის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია.

"მოსარჩელის მიზანი წარმომადგენლობითი ხარჯის ანაზღაურებაა. სტანდარტულად ის 550 ლარს ითხოვს. თანხას  მის მიერ დაარსებული ერთი ორგანიზაცია მის მიერ დაარსებული მეორე ორგანიზაციის დაცვისთვის იღებს. წარმოებაში მრავალი ათეული საქმეა", - გვეუბნება ირომაშვილი.

იორამაშვილი მაგალითის სახით იხსენებს შემთხვევას, როდესაც 28-სკოლას დაეკისრა ადვოკატის მომსახურების ხარჯი 50 ლარის ოდენობით. 

სამინისტროს არ აქვს ინფორმაცია, ამ ხნის მანძილზე რა მოცულობის თანხა მიიღო  ორგანიზაციამ სახელმწიფოსგან, თუმცა საუბარი მთელი საქართველოს მასშტაბზეა. 

"გარკვეულწილად კანონის ხარვეზთან გვაქვს საქმე, ვინაიდან ის არ ადგენს გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის მოცულობას, რაც მოსარჩელეს საშუალებას აძლევს იმდენი დოკუმენტი მოითხოვოს, რაც მოთხოვნის შესრულებას შეუძლებელს გახდის. ის ითხოვს ისეთი ტიპის ინფორმაციას, როგორიცაა, მაგალითად, 2006 წლიდან 2009 წლამდე წარმოებული ყველა ტიპის დოკუმენტი დამუშავებული სახით. რისი შესრულებაც სკოლებს პრაქტიკულად არ შეუძლიათ. ამით მათი მუშაობა პარალიზებული ხდება", - გვეუბნება ქეთი ირომაშვილი

მთავარ სპეციალისტს არ აქვს პასუხი კითხვაზე - რით უნდა დასრულდეს სკოლებზე "მასირებული შეტევა"; "ჩვენ ვერ მოვითხოვთ ვერავისგან, რომ შეწყვიტოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა, ჩვენი მუშაობის პრინციპი გამჭვირვალობაა", - ამბობს ის.

„თუკი ასეთ ტიპის მოქმედება უკანონობაა, ამაზე სასამართლომ უნდა იმსჯელოს. დღეის მდგომარეობით არაერთი  ამგვარად ნაწარმოები საქმე გვაქვს , რომელიც კანონიერ ძალაშია შესული.  - ამბობს "ლიბერალთან" საუბარში გიორგი ტატიშვილი. - ყველა საქმეში არ ვითხოვთ ხარჯის ანაზღაურებას, თუმცა ზოგჯერ მხარეს სჭირდება ხარჯები,  პროცესების აბსოლუტურ უმრავლესობას ვიგებთ. ათეულობით ასეთი საქმეა“.

რაც შეეხება იმას, რომ ტატიშვილი თავად აგზავნის საჯარო ინფორმაციის მოთხოვნას, თავად ჩივის მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, შემდეგ წარმომადგენლობას თავადვე ახორციელებს და ამაში ხარჯის ანაზღაურებასაც იღებს, ამაზე ტატიშვილის პასუხია, რომ კანონი ამგვარ უფლებას არ ზღუდავს.

იურისტი ინგა არახამია მიიჩნევს, რომ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვას, როდესაც მას ლეგიტიმური მიზანი აქვს, საფრთხე არ უნდა შეექმნას.

მაგრამ „ტატიშვილს საერთოდ არ აინტერესებს ეს ინფორმაცია.  პირიქით, მას ხელს აძლევს, რომ ის არ მიაწოდონ, წავიდეს სასამართლოში და მოითხოვოს ადვოკატის ხარჯი, რომელიც ასევე თვითონაა“, - ამბობს იურისტი.

"ჩემი აზრით, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული - თაღლითობა-მოტყუებით სხვისი ქონების ხელში ჩაგდება. აქ უნდა გამოიკვეთოს ქმედების მიზანი. ეს უნდა გამოკვეთოს გამოძიებამ, მაგრამ გამოძიება ამით არ ინტერესდება. მარტივად შეიძლება დაიკითხონ მოწმეები და გაირკვევა, რომ ტატიშვილის მიზანი ერთია - სახელმწიფოსთვის ფულის გამოძალვა".

ინგა გვიყვება, რომ ერთ-ერთ ტრენინგზე, რომელსაც იურისტები ატარებდნენ, აღნიშნული ქეისი ადვოკატებმა განიხილეს და მიიჩნიეს, რომ ეს იყო თაღლითობა.

თუმცა მანამდე, ვიდრე გამოძიება დაინტერესებულა, გიორგი ტატიშვილი ახლა უკვე სხვა ორგანიზაციის - „შშმ პირთა ასოციაციის“ სახელით ჩივის სასამართლოში. ამ დროისთვის ქუთაისში დაახლოებით 15-მა სკოლამ უკვე მიიღო სასამართლოს უწყება მოსალოდნელი სასამართლო პროცესის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ ტატიშვილის სახელზე საჯარო რეესტრში მრავალი ორგანიზაციაა დარეგისტრირებული, მაგალითად:

„საქართველოს გარემოს დამცველის ოფისი“ რეგისტრაცია: 15/05/2013

„გარემოსდაცვითი მონიტორინგისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის კავკასიის რეგიონალური კონვეციური სამსახური“ რეგისტრაცია: 10/12/2014

საჯარო სამსახურის აკადემია 12/02/2015

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სააგენტო რეგისტრაცია: 10.12.2014

ინვალიდთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ასოციაცია რეგისტრაცია: 19/09/2016

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

22 სექტემბერი
22 სექტემბერი

რა ასაკში ყალიბდება გენდერული სტერეოტიპე ...

თითქმის ყველა საზოგადოებაში ბიჭებს ადრეული ასაკიდანვე აქეზებენ, რომ სახლიდან გავიდნენ და თავგადასავლები ეძებონ. ხოლო გოგ ...
22 სექტემბერი
22 სექტემბერი

გარემოზე ზრუნვა ტენესის ქალაქებში

ნარჩენების გადამუშავება, წყლის, ჰაერის, გარემოს სისუფთავეზე ზრუნვა, ბუნებრივი რესურსების მოვლა და შენარჩუნება, განათლება ...
21 სექტემბერი
21 სექტემბერი

„კომპრომისზე ვერ წავალთ“, - დათო სუბელია ...

ფოტო: ედო მჟავანაძე „ის, რომ რაღაცნაირი სიჩუმე ჩამოწვა, ეს ჩვენ გვაშფოთებს“, - დათო სუბელიანი, „თეთრი ...

მეტი

^