Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საშიში სათამაშოები

15 ნოემბერი 2016

საქართველოში საბავშვო სათამაშოების უსაფრთხოება არ მოწმდება. გონებრივი და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენა, ნერვულ სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები, ინტოქსიკაცია, ალერგია-შედეგები, რომლებიც უხარისხო სათამაშომ შეიძლება გამოიწვიოს, ქვეყანაში ყურადღების მიღმა რჩება. საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებით ბაზარზე განთავსებული პროდუქციის ზედამხედველობის ორგანოს შექმნის ვალდებულება აიღო, თუმცა აღნიშნული მოთხოვნა ამ დრომდე არ შესრულებულა.

ტყვია, ვერცხლისწყალი, კადნიუმი, ნიკელი-ეს იმ ნივთიერებების არასრული ჩამონათვალია, რომელიც „მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების ელიმინაციის გლობალურმა ქსელმა“ (IPEN) ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში სათამაშოების უსაფრთხოების შემოწმებისას აღმოაჩინა.

„ლიბერალთან“ საუბრისას მანანა ჟურული, შრომის მედიცინისა და ეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ამბობს, რომ შემოწმებისას 594 სათამაშოდან 164-ში აღმოჩნდა სხვადასხვა ნივთიერება, უფრო მომატებული კონცენტრაციით, ვიდრე ეს დასაშვებია.

მისივე თქმით, თითოეული მათგანი ძალიან ტოქსიკური ნივთიერებაა და შესაბამისად, ბავშვების სათამაშოებში თუ მათი კონცენტრაცია მაღალია, ტოქსიკური ეფექტის გამოწვევა შეუძლია. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ ბავშვებს ყველაფერი პირთან მიაქვთ, ღეჭავენ და ა.შ.

როგორც მანანა ჟურული ამბობს, მაგალითად ტყვიას შეიცავს საღებავები, რომლითაც სათამაშოებს ღებავენ, დაბალი ეკონომიკის ქვეყნებში კი, როგორიც საქართველოცაა, ძირითადად, მსგავსი სახის სათამაშოები იყიდება.

რატომ არის ტყვია საშიში?

„ტყვია პირველ რიგში ნერვულ სისტემაზე მოქმედებს, ბავშვებში ინტელექტის შემცირებას, ინტელექტის კოეფიციენტის დათრგუნვას იწვევს. ტყვიის მომატებული კონცენტრაციის გამო, შესაძლოა, ბავშვი უფრო ჰიპერაქტიური გახდეს, შემეცნების უნარი უფრო დაუქვეითდეს. ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე გავლენა არ არის ტყვიის ზემოქმედების ერთადერთი შედეგი. ტყვია ლაგდება ძვლებში; ეს საერთოდ მეტალებისთვისაა დამახასიათებელი. ანტაგონისტია კალციუმი. ბავშვებს, რომლებსაც ტყვიასთან აქვთ შეხება, შესაძლოა, ისეთი ძვალსახსროვანი სისტემა არ ჩამოუყალიბდეთ, როგორიც საჭიროა“,-ამბობს ჟურული.

ჟურული ორგანიზმში ტყვიის დაგროვების უნარს გამოყოფს და ამბობს, რომ მას აქვს უნარი ,გამოვლინდეს ექსტრემალურ სიტუაციებში.

`ფეხმძიმობისას ტყვია გამოდის ძვლებიდან და იმ ორგანოებიდან, სადაც დაგროვებულია და გადადის სისხლში. ის პირდაპირ გადალახავს პლაცენტას, ნაყოფის ორგანიზმში დედის სისხლთან ერთად გადადის და პირდაპირ ტვინზე მოქმედებს“,-ამბობს ჟურული.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი და საყურადღებო საკითხია ის, რომ ტყვიით მოწამვლას მყისიერი ეფექტი არ აქვს. მოწამვლა ქრონიკულად მიმდინარეობს.

„ეს, რაც ტყვიას შეეხება. სხვა მეტალებსაც თითქმის ანალოგიური თვისებები აქვს. მაგალითად, ვერცხლისწყალი-ის რეპროდუქციულ დარღვევებს იწვევს. ვერცხლისწყალს ძალიან ბევრი კოსმეტიკური საშუალებაც შეიცავს, მათ შორის, საბავშვო კრემები და ა.შ.“,-ამბობს ჟურული.

პროფილაქტიკური ტოქსიკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ინგა ღვინერიას თქმით, ბავშვების ორგანიზმში ტყვიის დადგენილი ნორმაა 10 მიკროგრამი/დეცილიტრში. გარემო ზემოქმედება კი იმდენად კომბინირებულია, რომ ბავშვებმა ტყვია შესაძლოა, სათამაშოსთან ერთად სხვა გზითაც მიიღონ. „არ ხდება სისტემური კონტროლი. არ ვიცით, რამდენია ტყვიის შემცველობა ჰაერში, წყალში, ნიადაგში. ამდენად, ეს გარემო იმდენად კომბინირებულია, რომ რისკი სულ უფრო მატულობს“.

„იმ შემთხვევაში, თუ სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ნორმაზე 2-ჯერ და 3-ჯერ მეტია, თანდათანობით ხდება კლინიკური ნიშნების გამძაფრება. ბავშვი შეკითხვებს სათანადოდ ვერ პასუხობს, სკოლაში ჩამორჩება, ასევე აქვს ინტელექტის დაქვეითების ნიშნები. თანდათანობით თავს იჩენს ისეთი დაავადებები, როგორიცაა-ანემია და ა.შ. შესაძლოა, ბავშვი კრუნჩხვებამდეც მივიდეს, მაგრამ არავის არ მოსდის აზრად, შეამოწმოს, ბავშვის სისხლში რამდენია ტყვიის შემცველობა“,-ამბობს ღვინერია.

მისი თქმით, პლასტმასის სათამაშოებიც არ არის დაზღვეული მავნე ზეგავლენისგან, რადგან ისინიც შეიცავს მავნე ნივთიერებებს.

„პლასტმასის სათამაშოებში გამოყენებულია დამარბილებელი და ელასტიკურობის მიმცემი დანამატები, რომლებიც ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად მოქმედებს; კარცეროგენამდე მიდის საქმე, ესტროგენებზე (ჰორმონი, რომელიც არეგულირებს ქალის რეპროდუქციულ სისტემას) მოქმედებს. ამ შემთხვევაშიც საუბარია არა მწვავე, არამედ ქრონიკული მოწამვლის საშიშროებაზე. ბავშვთა სათამაშოები არც საბაჟოზე კონტროლდება, რადგან ამას ბაზა სჭირდება, თავისი ლაბორატორია, მომზადებული კადრი, მოწესრიგებული სისტემა, რასაც ქიმიური უსაფრთხოების დაცვა და პროფილაქტიკა ჰქვია და რაც, ჯერჯერობით, ჩვენთან არ არის. საკმაოდ ძვირადღირებული კომფორტია, რადგან ლაბორატორიები და სისტემური კონტროლი ხარჯთან არის დაკავშირებული“,-ამბობს ღვინერია.

მისი თქმით, მკურნალობის ეფექტი დამოკიდებულია სწორ დიაგნოსტიკაზე. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია სისტემური ლაბორატორიული კონტროლი და იმ მიზეზების დადგენა, თუ რამ მიიყვანა ბავშვი ამა თუ იმ მდგომარეობამდე.

პედიატრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ კვეზერელი ამბობს, რომ სათამაშოების საღებავები უნდა იყოს მეტად მდგრადი და არ იხსნებოდეს ნერწყვის შეხებაზეც კი. აუცილებლად უნდა გამოიყენებოდეს კვების მრეწველობისთვის განკუთვნილი საღებავები, არ უნდა ჰქონდეს სპეციფიკური სუნი, რომ არ გამოიწვიოს გარკვეული მოწამვლითი პროცესები.

როგორც კვეზერელი ამბობს, მის პრაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევა, როდესაც ბავშვის სათამაშოთი მოწამვლაზე ჰქონიათ ეჭვი, თუმცა, მისივე თქმით, „გამჟღავნების საშუალება არ აქვთ, რომ ბავშვის მოწამვლა გარკვეულ შემთხვევებში სწორედ სათამაშოს ბრალი იყო“.

„საერთო ინტოქსიკაცია, პირღებინება, სიფერმკრთალე, შესაძლოა კუჭის აშლაც, ამას ემატება ნერვული სიმპტომატიკა, აღგზნებადობა ან პირიქით, ალერგიული გამონაყარი, მაღალი სიცხე, თუკი ბავშვი მოწამლულია მძიმე მეტალებით, ზოგიერთი ნევროლოგიური გადახრა და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, შესაძლებელია, გამოწვეული იყოს სხვა მიზეზით, მაგრამ თუკი ეჭვი გაგვიჩნდა, რომ სათამაშოს ბრალია, მაშინ აუცილებელია ამ სათამაშოების ექსპერტიზაზე წაღება და შემოწმება. მკურნალობის მეთოდები ამ ჩივილებზე არ განსხვავდება, თუმცა რამ გამოიწვია ის, ამის დადგენა ჩვენთან უკვე ძალიან ძნელია“,-ამბობს კვეზერელი.

ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოთხოვნები

პროდუქტის უსაფრთხოების ზოგადი დირექტივა 2001/95/EC

„წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დანიშნონ კომპეტენტური პირები ან შექმნან კომპეტენტური ორგანო, რომელიც მონიტორინგს გაუწევს პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად ნორმებთან შესაბამისობას. მათ უნდა მიენიჭოთ სათანადო  ძალაუფლება, რათა მიიღონ შესაბამისი ზომები, რომლებიც ამ დირექტივით არის განსაზღვრული.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ შესაბამისი ორგანოების ამოცანები... მათ ზომები უნდა მიიღონ ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც შესაძლოა, ადამიანს საფრთხეს უქმნიდეს; გონივრულ ვადაში მისცენ გაფრთხილება რისკის არსებობის შესახებ.

ნებისმიერი სახიფათო პროდუქტის შემთხვევაში: უნდა აიკრძალოს მისი რეკლამა და დაადგინონ წესები აკრძალვის უზრუნველსაყოფად.

ნებისმიერი საშიში პროდუქტის შემთხვევაში, რომელიც უკვე ბაზარზეა: [შესაბამისმა ორგანომ] უნდა მოითხოვოს მისი დაუყოვნებლივ გატანა და აცნობოს მომხმარებელს არსებული რისკის შესახებ. მწარმოებელსა და დისტრიბუტორთან ერთად გაუწიოს კოორდინაცია ან, თუ საჭიროა, მოახდინოს მყიდველისგან საშიში პროდუქტის უკან გამოთხოვისა და შესაბამის პირობებში განადგურების ორგანიზება“,-ამის შესახებ ნათქვამია პროდუქტის უსაფრთხოების ზოგად დირექტივაში, რომლის გათვალისწინებაც საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით აკისრია.

ლია თოდუა, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის პროექტის მომკჰმარებელი.გე-ს ხელმძღვანელი, ამბობს, რომ როგორც კი ძალაში შევიდა ასოცირების შეთანხმება, პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივა უნდა დანერგილიყო.

„პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივის მიხედვით, ზოგადად, ბაზარზე განთავსებული პროდუქცია უნდა იყოს უსაფრთხო, მაგრამ დირექტივა ამბობს იმასაც, რომ ამას უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო, ბაზრის ზედამხედველობა, ანუ კონტროლდებოდეს, თუ რამდენად სრულდება ამ დირექტივის მოთხოვნები. აღნიშნული საქართველოში დღემდე არ ხდება“,-ამბობს თოდუა.

მისივე თქმით, მიუხედავად „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის“ კოდექსში არსებული ჩანაწერისა, რომ „მწარმოებელი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ უსაფრთხო პროდუქტი“, შემდეგ ვინ აკონტროლებს ამას, ეს უკვე კოდექსში აღარ არის განსაზღვრული.

როგორც თოდუა ამბობს, ამ კოდექსს სჭირდება დახვეწა და ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად ცვლილება.

„ყველაფერი შემთხვევითი შერჩევის პრინციპით უნდა მოწმდებოდეს, იცავენ თუ არა მწარმოებლები კანონის მოთხოვნას. ეს ეხება ყველა პროდუქციას და არა მხოლოდ სათამაშოებს. ამავე კოდექსში გათვალისწინებულია ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, თუმცა ის რეალურად აკონტროლებს არა ბაზარზე განთავსებულ პროდუქციას, არამედ ლიფტებს, შახტებს, საბაგიროებს, უფრო ინფრასტრუქტურულ ნაგებობებს“,-ამბობს თოდუა.

თოდუას თქმით, გარდა „პროდუქციის ზოგადი უსაფრთხოების დირექტივისა“, არსებობს უშუალოდ სათამაშოებთან დაკავშირებული დირექტივა (Toy Safety Directive 2009/48/EC), რომელიც საქართველოში 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა ამოქმედდეს.

ამ დირექტივით დაწესებულია კონკრეტული მოთხოვნები: რომ სათამაშოს ჰქონდეს EC ნიშანი, შესაბამისობის დეკლარაცია, რომ ის ევროკავშირის მოთხოვნებს აკმაყოფილებს. დირექტივის მიხედვით, სათამაშოს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ინსტრუქცია, ასევე ინფორმაცია უსაფრთხოების შესახებ. ის უნდა იწვევდეს გაგუდვას, ასფიქსიას; არ უნდა იყოს აალებადი; ქიმიურ მოთხოვნებში გაწერილია, რა შეიძლება და რა არ შეიძლება, იყოს გამოყენებული. წერია, რომ ალერგიული ნივთიერებები არ უნდა იყოს გამოყენებული. გაწერილია ნივთიერებების ზღვრული რაოდენობა-ალუმინი, ბარიუმი, ქრომი და ა.შ. ასევე გაწერილია სხვა ორგანულ ნივთიერებებზე ზღვრული შემადგენლობები, რომელი ნივთიერება რა რაოდენობით დაიშვება და ა.შ“, - ამბობს თოდუა.

ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკავშირის დახმარებით ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოში განხორციელდა ტექნიკური დახმარების პროექტი, რომელიც დასრულდა მიმდინარე წლის სექტემბერში. პროექტის ფარგლებში-ბაზრის ზედამხედველობის სისტემის სისუსტეების ანალიზზე დაყრდნობით მიმდინარე წელს სააგენტოში დაიწყება ევროკავშირის დაფინანსებული თწინნინგ-ის პროექტი (თწინნინგ-ევროკავშირის ინსტრუმენტი, რომლის ფარგლებშიც ხდება საჯარო უწყებების ინსტიტუციური თანამშრომლობა ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსა და პარტნიორ ან ბენეფიციარ სახელმწიფოს შორის), სააგენტოს თანამშრომლების გადასამზადებლად და მისი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, რათა საქართველოში დაიწყოს ბაზარზე ზედამხედველობა, ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. 

მათი თქმით, ბაზრის ზედამხედველობისთვის, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია ევროპული ქვეყნების ლაბორატორიების მომსახურების გამოყენება (თუ საჭირო გახდება პროდუქტის სპეციფიკიდან გამომდინარე და ამავე დროს შეუძლებელი იქნება საქართველოში ასეთი მომსახურების მიღება). 

რაც შეეხება სათამაშოების უსაფრთხოების დირექტივას, როგორც სამინისტროში აცხადებენ, იმის გათვალისწინებით, რომ სათამაშოების შესახებ დირექტივის მიღება დაგეგმილია 2019 წელს, მანამდე დაგეგმილია შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები-შესაბამისი კადრების მომზადება და სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერება. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^