ღამით მუშაობა, სიმძიმეების ტარება, მავნე პირობები, საშიში მანქანა-დანადგარების გამოყენება, არაჯანსაღი გარემო - საქართველოში ბავშვთა შრომაში ჩართული ბავშვების უმეტესობა ისეთ გარემოში მუშაობს, რომელიც მათი ფიზიკური და გონებრივი განვითარებისთვის საზიანოა. მაღალია სკოლის მიტოვების რისკიც. კანონმდებლობით დეტალურადაა გაწერილი სამუშაოზე აყვანის მინიმალური ასაკი და ბავშვებისთვის შესასრულებელი სამუშაოს სპეციფიკა. მიუხედავად ამისა, საქსტატის მოკვლევამ აჩვენა, რომ ქვეყანაში ბავშვთა „სახიფათო შრომა“ არსებობს.
ალიკა და მისი მეგობრები
ალიკა 14 წლისაა. ურიკაზე ჩამომჯდარი ბაზარში დახლებს შორის მოფუსფუსე ხალხს აკვირდება. შებინდებისას, როცა ყველა სახლისკენ მიიჩქარის, ალიკა მუშაობას იწყებს. მძიმე მუყაოს ყუთებს საწყობისკენ ეზიდება. რამდენიმე დღეა, მამის ნაცვლად მუშაობს, მისივე დატოვებული ურიკით. ჯიბის ფულსაც ვშოულობ და სახლშიც მიმაქვსო. ხან 10 ლარს მაძლევენ, ხან უფრო მეტსო. ეგ რა არის, ადრე დარაჯადაც კი ვმუშაობდიო - მეუბნება სიამაყით. და-ძმასთან და მშობლებთან ერთად ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში ცხოვრობს. მეტროს დაკეტვამდე უნდა მოასწროს სახლში წასვლა. ხანდახან ვაგზალზე მეგობრებთან ერთად ათევს ღამეს. ზამთარი არ უყვარს, ხელები მეთოშებაო. სახლში ყველა ხან სად, ხან სად მუშაობს, მთავარია სამუშაო გამოჩნდესო. სკოლაში მეექვსე კლასამდე დადიოდა. წერა-კითხვა და ანგარიში კარგად ვიცი, მეტი რაში მჭირდებაო. სკოლა არც მის და-ძმას დაუმთავრებია, მეცხრე კლასიდან გამოვიდნენ. ალიკა ათი წლიდან მუშაობს. თავიდან მამას ეხმარებოდა, რომელიც ხან მტვირთავად მუშაობდა, ხან მშენებლობაზე. მერე მარტო.
გიორგი ალიკას მეგობარია. მეცხრე კლასშია. გაკვეთილების შემდეგ მუშაობს. ისიც ვაგზალზე ტვირთის შეგროვებასა და გადატანაში ეხმარება ადამიანებს, ხანდახან დახლების მეთვალყურეობაც უწევს. რამდენიმე წლის წინ დედასთან ერთად კახეთიდან ჩამოვიდა. ერთი ოთახი იქირავეს და იმის შემდეგ მუდმივად თავის გატანაზე უწევთ ფიქრი. დედაც სულ გასულია. გვიან ღამით ამთავრებს სამუშაოს. გიორგის უნდა, რომ სკოლის დამთავრება შეძლოს. სწავლით საშუალოდ სწავლობს, მაგრამ სკოლაში სიარული მომწონსო. როცა ღამე მიწევს მუშაობა, დილით პირველ ორ გაკვეთილს ვაცდენო.
მერაბი ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობაზე ოცნებობს. იქ კარგი „კაბინები“ აქვთ, თბილა, ტელევიზორიცაა და სპეციალურ ტანსაცმელსაც გჩუქნიანო. მანქანები მოსწონს, ნებისმიერი მანქანის მარკის გამოცნობა შემიძლიაო. 15 წლისაა. სკოლაში დადის, მაგრამ მასაც თავისი მეგობრების მსგავსად უწევს მუშაობა. უმუშავია საწყობში, თონეში დამხმარედ, მშენებლობაზე; მოსავლის ასაღებად თუ მანდარინის საკრეფად სხვებსაც გაჰყოლია სოფლებში. ამბობს, რომ ხანდახან, თუ ვინმე მისი ასაკით დაინტერესდა, მალავს. თუმცა, ძირითადად მაინც, ასაკს არავინ ეკითხება. ოჯახის წევრებს თითქმის ვერასოდეს ხედავს, მშობლები და ძმა სულ სამუშაოდ არიან გასული. სკოლის მერე ვაგზალზე დანარჩენებთან შემოივლის. თუ რამე სამუშაო გამოჩნდება, მუშაობს ან ალიკას ეხმარება და მერე ფულს იყოფენ.
ანასტასია
რამდენიმე თვეა სამკერვალოში მუშაობს, დილის ათი საათიდან საღამოს 8 საათამდე. კვირის გარდა. სამუშაოს დასრულების შემდეგ მასწავლებლებთან მიდის, სახლში ღამის 12 საათზე ბრუნდება. ანასტასია 17 წლისაა. აბიტურიენტი. სკოლაში ვერ დადის. რამდენიმე საგანში ემზადება. ამბობს, რომ მასწავლებლები ხელს უწყობენ. ეროვნული გამოცდები უნდა ჩააბაროს. ხუმრობს, გაკვეთილებზე კვირაში ერთ დღეს თუ შევივლიო.
11 წლიდან სხვადასხვა ადგილზე მუშაობს - ბავშვებსაც ასწავლიდა ცეკვას, მიმტანიც იყო, ბოლოს მზარეულს ეხმარებოდა ერთ-ერთ ბარში. მშობლებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომ მუშაობა მათი ნებართვით დაიწყო. ხანდახან ღამის გათენებაც უწევდა, როცა დიდი ღონისძიებებისთვის უამრავი სენდვიჩი იყო მოსამზადებელი. ამბობს, რომ მუშაობა მისი არჩევანია, რომ მშობლებს არ შეუძლიათ ყოველთვის ყველაფერში დახმარება. ამიტომ ადრევე მიხვდა, რომ საკუთარი შემოსავალი სჭირდებოდა. მასწავლებლის ფულს საკუთარი ხელფასიდან იხდის.
ბავშვთა შრომა და მომუშავე ბავშვები
ბავშვებს აქვთ შრომის უფლება, რაც დაშვებულია ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონმდებლობით. ეს მომუშავე ბავშვთა კატეგორიაა. „ბავშვთა შრომა“ კი ნიშნავს ბავშვების ჩართულობას აკრძალულ შრომაში, ისეთი ტიპის საქმიანობაში, რომელიც მათ ფიზიკურ თუ გონებრივ განვითარებას აზიანებს.
სამუშაოზე მიღების მინიმალურ ასაკი 16 წელია. 16 წლის ქვემოთ კი ბავშვების შრომა დასაშვებია მისი კანონიერი წარმომადგენლის (მშობლის ან მზრუნველობის ორგანოს) თანხმობით; ასევე, იმ შემთხვევაში, როცა შრომითი ურთიერთობა არ ეწინააღმდეგება ბავშვის ინტერესებს, ზიანს არ აყენებს მის ზნეობრივ, ფიზიკურ და გონებრივ განვითარებას და არ უზღუდავს სავალდებულო საბაზო განათლების მიღების შესაძლებლობას. 14 წლამდე ასაკის ბავშვთან კი შრომითი ხელშეკრულების დადება, ძირითადად, აკრძალულია, გარდა იმ საქმიანობისა, რომელიც სპორტს ან ხელოვნებას უკავშირდება.
კანონი განსაზღვრავს, რომ 16-17 წლის ასაკის არასრულწლოვნის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 36 საათს, ხოლო 14-15 წლის ასაკის არასრულწლოვნის - 24 საათს.
ასევე, აკრძალულია ბავშვის მუშაობა ღამის სამუშაოზე - 22 საათიდან დილის 6 საათამდე.
მიუხედავად კანონით გათვალისწინებული ნორმებისა, სახელმწიფოს არ გააჩნია სპეციალური ორგანო, რომელიც სამუშაო ადგილებზე ბავშვთა შრომის შემთხვევების მონიტორინგზეა პასუხისმგებელი. გარდა ამისა, 2000 წლიდან 2015 წლამდე ქვეყანაში არავის უკვლევია და შეუფასებია ბავშვთა შრომის შემთხვევები.
გასულ წელს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ბავშვთა შრომის მდგომარეობაზე მოკვლევა დაიწყო. ეროვნულმა კვლევამ, როგორც საქსტატი ამბობს, დაახლოებით 7700 შინამეურნეობა მოიცვა და ოჯახის წევრებთან ერთად 5-17 წლის ასაკის ბავშვები გამოიკითხა.
ქვეყანაში მცხოვრები 5-17 წლის ასაკის ბავშვების 4.2% ბავშვთა შრომაშია ჩართული. ბავშვთა დასაქმების შემთხვევები სოფლის მეურნეობაში უფრო ხშირია. შესაბამისად, სოფლის ტიპის დასახლებებში გაცილებით მეტი ბავშვია ჩართული ბავშვთა შრომაში, ვიდრე ქალაქში.
როგორც კვლევამ აჩვენა, 5-17 წლის ასაკის ბავშვების აბსოლუტური უმრავლესობა სკოლაში დადის, რაც, კვლევის ავტორების აზრით, იმით აიხსნება, რომ განათლების საბაზო საფეხურის გავლა სავალდებულოა 9 კლასის ჩათვლით, ხოლო ზოგადი განათლება უფასოა. გამოკითხული ბავშვების უდიდესი ნაწილი (90.7%) მხოლოდ სწავლითაა დაკავებული, 5.2% ერთდროულად სწავლობს და მუშაობს (აქ შედის იმ ბავშვების რაოდენობაც ვინც დაშვებულ შრომაშია ჩართული), ხოლო იმ ბავშვების წილი, რომლებიც არც მუშაობს და არც სწავლობს 3.5%-ია.
რას გულისხმობს ბავშვთა სახიფათო შრომა
ბავშვთა სახიფათო შრომის განმარტებას საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს. შესაბამისად, არ არსებობს ბავშვთა სახიფათო შრომისთვის დადგენილი დარგებისა და პროფესიების ჩამონათვალი. კვლევაში გამოყენებული ბავშვთა სახიფათო შრომის განსაზღვრება შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტს ეფუძნება.
ბავშვებისათვის „სახიფათო სამუშაო“ ის სამუშაოა, რომელმაც თავისი ხასიათით ან პირობებით შესაძლებელია ზიანი მოუტანოს ბავშვის ჯანმრთელობას, უსაფრთხოებას ან უარყოფითად იმოქმედოს მის სწავლა-განათლებაზე. სახიფათო სამუშაოდ ითვლება: ხანგრძლივი სამუშაო საათები, ღამე მუშაობა, სიმძიმეების ტარება, მანქანა-დანადგარების გამოყენება, მავნე გარემო (მტვერი, კვამლი, მაღალი ტემპერატურა), საშიში პირობები (მიწის ქვეშ, სიმაღლეზე ან დახურულ სივრცეში, წყალში).
საქართველოში 16 ათასამდე ბავშვის შრომა სახიფათოა, რაც შრომაში ჩაბმული ბავშვების 63.9%-ია.
როგორც კვლევამ აჩვენა, საქართველოში სახიფათო შრომაში დასაქმებულ ბავშვთა უმეტესობა ღამით მუშაობს. ბავშვებისათვის ყველაზე ფართოდ გავრცელებული პრობლემა მტვერსა და კვამლში მუშაობაცაა. სახიფათო შრომაში ჩართული ბავშვების ნაწილს მუშაობა ხმაურის ან ვიბრაციის ფონზე, უკიდურეს სიცხესა ან სიცივეში უწევს.
აქამდე საქართველოში არ არსებობდა მონაცემები ბავშვთა „სახიფათო შრომის“ შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ ეს სრულიად ახალი ინფორმაციაა. თუმცა, საქსტატის კვლევის სამიზნე არეალში ვერ მოხვდა უსახლკარო, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ამბობენ, რომ როცა საქმე ბავშვებისთვის საზიანო სამუშაოს ეხება, პირველ რიგში, ყოველთვის ქუჩაში მომუშავე ბავშვები გვახსენდება, შესაბამისად, კვლევა, რომელშიც ამ ბავშვების შესახებ მონაცემები ვერ მოხვდა, არ შეიძლება ჩაითვალოს სრულყოფილად.
ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) წარმომადგენელი ანა აბაშიძე ბავშვთა შრომის შესახებ არსებულ ამ მონაცემებსაც კი დადებით მოვლენად აფასებს, რადგან მსგავსი სტატისტიკა აქამდე საერთოდ არ არსებობდა. თუმცა, მიიჩნევს, რომ პრობლემა გაცილებით მწვავეა, ვიდრე ამას კვლევა აჩვენებს და ფართომასშტაბიანი მოკვლევის შედეგები, სავარაუდოდ, გაცილებით საგანგაშო იქნებოდა.
სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში კი ამბობენ, რომ კვლევა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის აპრობირებული მეთოდოლოგიით ჩატარდა, ისე, როგორც ტარდება სხვა ქვეყნებში და გულისხმობს შინამეურნეობებში ზრდასრული წევრებისა და ბავშვების გამოკითხვას. კვლევის ფორმატი და გამოკითხული ადამიანების რაოდენობა კი იძლევა იმის საშუალებას, რომ ბავშვთა შრომის პირობებსა და მასშტაბზე ვისაუბროთ. გარდა ამისა, როგორც სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თენგიზ ცეკვავა ამბობს, კვლევის მიზანი ვერ იქნებოდა ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების შესწავლა, რადგან ეს საქსტატის მანდატსა და კომპეტენციაში არ შედის.
როგორია ბავშვთა შრომითი ურთიერთობები; ბავშვების რაოდენობა, რომლებიც ჩართულნი არიან ფორმალურ ან არაფორმალურ შრომაში? რამდენად არის მათი უფლებები დაცული? არის თუ არა შესწავლილი ბავშვებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები? რა ტიპის სამუშაო პირობებზეა საუბარი? - ქვეყანაში, პრაქტიკულად, არ არსებობს ორგანო, რომელსაც ამ კითხვებზე პასუხი აქვს.
როგორც ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია ამბობს, კვლევის შედეგად მიღებული რიცხვები ცხადყოფს, რომ ბავშვთა შრომაში ჩართულობის მაჩვენებელი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია და, ამ მხრივ, საქართველო საგანგაშო ქვეყნების რიცხვს არ მიეკუთვნება. მისი თქმით, მას შემდეგ, რაც შრომის ინსპექცია შეიქმნა, სამასი სახელმწიფო და კერძო კომპანია შემოწმდა, ბავშვთა შრომის კუთხით კი დარღვევები არცერთში არ გამოკვეთილა.
ბავშვთა შრომა - მიზეზები და რისკები
რა უბიძგებს ბავშვებს მუშაობისკენ? - გამოკითხვის მიხედვით, 10-17 წლის დასაქმებული ბავშვების უმეტესობა ერთ-ერთ მიზეზად ოჯახური საწარმოს/მეურნეობის დახმარებას ასახელებს. შემდეგი ყველაზე ხშირი მიზეზი ოჯახის შემოსავლის გაზრდა და მუშაობის სურვილია. მომუშავე ბავშვთა ყველზე მცირე ნაწილის მიზანი სამუშაო უნარების განვითარებაა. სხვა მიზეზების შესახებ კვლევაში არაფერია ნათქვამი.
ბავშვთა შრომის მიზეზებზე საუბრისას არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციები ერთხმად ასახელებენ ოჯახების მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ქვეყანაში არსებულ ზოგად სოციალურ ფონს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, მათ მიერ შესწავლილი საქმეებიც ადასტურებს, რომ არასრულწლოვანთა მნიშვნელოვანი ნაწილი სიღარიბესა და არასათანადო სოციალურ გარემოში ცხოვრობს, რაც სწორედ ბავშვთა შრომის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
სახალხო დამცველის მოადგილე ეკა სხილაძე „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ მონაცემები პრობლემის ერთ ნაწილს გვიჩვენებს; მაგრამ აქ არ გვხვდება განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორია - ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, რომლებიც ყველაზე მეტად არიან შრომითი იძულების და ექსპლუატაციის რისკის ქვეშ.
ხშირად რისკები, რომლებიც თან ახლავს ბავშვთა შრომას, განსაკუთრებით, ბავშვთა სახიფათო შრომას, დაკავშირებულია ჯანმრთელობასთან, ბავშვების ინტელექტუალურ თუ სოციალურ განვითარებასთან. ერთ-ერთი მთავარი რისკი სკოლის მიღმა დარჩენაა. განათლების უფლების შეზღუდვა კი მომავალში მათ ხელს შეუშლის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში.
სახალხო დამცველის აპარატში მიიჩნევენ, რომ თავიდან სწორედ სკოლა უნდა იყოს ყურადღებით. როცა ბავშვი ხშირად აცდენს გაკვეთილებს, შესაბამისი ზომები სკოლამ უნდა მიიღოს და სოციალურ სამსახურს მიმართოს. თუმცა, რეფერირების მექანიზმი ჯერ კიდევ დასახვეწია, კოორდინაცია კი არაეფექტიანია.
გაერო-ის ბავშვთა ფონდში ხაზს უსვამენ, რომ მნიშვნელოვანია სისტემურ დონეზე ცვლილებები, სიღარიბის დაძლევა, ოჯახების გაძლიერება, ეფექტიანი განათლების სისტემის შექმნა. შეუძლებელია ბავშვთა შრომის აღმოფხვრა, თუ არ გავიგებთ, რა პრობლემებია ოჯახში, სკოლაში, რა აიძულებს ბავშვს, ქუჩაში გავიდეს და შრომაში ჩაერთოს.
სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ როცა კონკრეტულ შეტყობინებას იღებენ ბავშვთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით, სააგენტო შესაბამისად რეაგირებს და საკითხის მოკვლევაში სოციალური მუშაკები ერთვებიან. ბავშვთა შრომასთან დაკავშირებით, როგორც ამბობენ, სააგენტოში შეტყობინებები თითქმის არ ყოფილა. სააგენტოს ინფორმაციით, მთავრობის მიერ 12 სექტემბერს დამტკიცებული რეფერირების ახალ დოკუმენტში გაწერილია, რომ ყველა უწყებას მსგავსი შემთხვევების შესახებ სოც. სააგენტოსთვის შეტყობინება ევალება, იქნება ეს სკოლა, შსს, სამედიცინო დაწესებულება თუ სხვა.
შეიძლება ითქვას, რომ ბავშვთა შრომა, როგორც პრობლემა ქვეყანაში, სრულყოფილად შესწავლილი ჯერ კიდევ არ არის. ამ ეტაპზე მხოლოდ რიცხვები გვაქვს, რომლებიც ბავშვთა შრომის შესახებ გარკვეულ წარმოდგენას იძლევა. თუმცა, ამ სტატისტიკის მიღმა რჩებიან ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები. ასევე, არ გვაქვს ზუსტი მონაცემები იმის შესახებ, რატომ ტოვებენ ბავშვები სკოლას და არის თუ არა სკოლის მიტოვების ერთ-ერთი მიზეზი ბავშვთა შრომა. ქვეყნის შრომის პოლიტიკა კი ბავშვების ნაწილს საერთოდ ვერ ხედავს.
სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.