Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რეკორდული საარჩევნო სია

20 აგვისტო 2012

3 621 251 ამომრჩეველი - ამ რაოდენობრივი მაჩვენებლით 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები, 1990 წლიდან საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს შორის, პირველ ადგილს დაიკავებს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები შესაძლოა კიდევ შეიცვალოს - საარჩევნო კოდექსის მიხედვით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში ცვლილებების შეტანის პროცესი არჩევნებამდე  ორი კვირით ადრე დასრულდება.

საარჩევნო სიების საკითხი ბოლო წლებში ჩატარებული ყველა არჩევნების უმნიშვნელოვანეს პრობლემად მიიჩნეოდა.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად პრეზიდენტის N726-ე ბრძანებულებით, 2011 წლის 15 ნოემბერს შეიქმნა სპეციალური ორგანო, რომელიც ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის სახელითაა ცნობილი.

საარჩევნო კოდექსის 184-ე მუხლის თანახმად “1. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია არის დამოუკიდებელი ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც თავისი უფლებამოსილების ფარგლებში დამოუკიდებელია სხვა სახელმწიფო ორგანოებისაგან. 

2. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის შემადგენლობაში თანაბარი წარმომადგენლობის პრინციპით შედიან ხელისუფლების, ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომისიის შემადგენლობაში უნდა იყოს არანაკლებ 15 წევრისა.

3. ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას ქმნის და მის შემადგენლობას პოლიტიკური გაერთიანებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარდგინებით განსაზღვრავს საქართველოს პრეზიდენტი”.

კოდექსის 129\18 მუხლის საფუძველზე შექმნილ კომისიას პოლიტიკური პარტია “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა კაციტაძე ხელმძღვანელობს. 21 წევრისგან შემდგარი კომისიის საქმიანობა მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა. შრომის ანაზღაურებას 935 000.00 ლარი დასჭირდა, ოფისის ხარჯი 105 000.00 ლარი დაჯდა.  პროექტის „კარდაკარი“ რეგისტრატორთა ანაზღაურების თანხამ 2 112 000.00 ლარი შეადგინა. ტექნიკურ აღჭურვილობას და მომსახურებას 147 000.00 ლარი მოხმარდა. 165 000.00 გახდა საჭირო სატრანსპორტო მომსახურების დასაფარად. რეკლამაში 690 000.00  ლარი დაიხარჯა, კადრების მომზადებასა და ტრენინგებში  58 000.00 ლარი. მივლინებისთვის საჭირო თანხამ 4 000.00 ლარი შეადგინა.  წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის 40 000.00 ლარი გამოიყო. 2012 წლის 31 ივლისის ჩათვლით სულ 4,256,000.00 ლარი დაიხარჯა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით “ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიების დაზუსტებას სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, კარდაკარ გადამოწმების პრინციპით”.

პროგრამა “კარდაკარის” რეგისტრატორთა სწავლებისთვის 625 ტრენინგი ჩატარდა და 12 200 რეგისტრატორი გადამზადდა.

“კარდაკარის” შედეგების პრეზენტაცია 1 აგვისტოს სასტუმრო „ქორთიარდ-მერიოტში“ გაიმართა. კომისიის მონაცემების მიხედვით 2.160.608 ამომრჩევლის შემთხვევაში მონაცემები ზუსტია, დაზუსტებები შევიდა 39.426 ამომრჩევლის პირად მონაცემში. გარდაცვლილია - 25.949, საზღვარგარეთ გასულია - 291.471, რეგისტრაციის მისამართიდან მოხსნილია - 132.156, შიდა მიგრაციაშია - 649.839, ხოლო კონტაქტი ვერ დამყარდა - 183.621 ამომრჩეველთან.

ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე “ლიბერალთან” იმ პრობლემებზე საუბრობს, რომლებმაც კომისიას მუშაობაში ხელი ყველაზე მეტად შეუშალა.

“პირველი პრობლემა რეგლამენტირებული რესურსები გახლდათ, ერთი მხრივ - ფინანსური, მეორე მხრივ კი დროის თვალსაზრისით. ამან საველე სამუსაოებზე გარკვეული ზეგავლენა მოახდინა, რადგან ძნელია, რომ ადამიანს სრულფასოვანი მუშაობა მოსთხოვო, როდესაც 110 ან 150 ლარს უხდი.”

კაციტაძე მეორე პრობლემად დაუმისამართებლობას ასახელებს, მისი თქმით, ამ მხრივ, განსაკუთრებული სირთულით რეგიონები გამოირჩეოდნენ. 

“მაგალითად, ავიღოთ საგარეჯოს რაიონი. იორმუღალო, სადაც არის 12 უბანი, 4 თემი, 14 000 ამომრჩეველი და პირობითად ვამბობ - 2000 ალი მამედოვი. მისამართი არ არსებობს, ყველას უწერია “იორმუღალო”. და ასეთ პირობებში თითოეული მათგანი უნდა იპოვნო.”

თუმცა, კომისიის თავმჯდომარე თავისი რეგისტრატორების მუშაობით კმაყოფილია: “ჩვენ ისინი სამი კრიტერიუმით შევარჩიეთ - უნდა ჰქონოდათ მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობის გამოცდილება, მათი საცხოვრებელი ადგილი “კარდაკარის” ჩასატარებელ არეალს შესაბამებოდა, და უნდა ყოფილიყო მეტ-ნაკლებად განათლებული. გვქონდა კიდევ ერთი არაფორმალური კრიტერიუმი, ამ პროცესში 18 წლამდე ახალგაზრდები არ უნდა ჩართულიყვნენ.”

მთელი მუშაობის მანძილზე ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მხრიდან კრიტიკა არ აკლდა. კომისიის ხელმძღვანელი მამუკა კაციტაძე  ამ კრიტიკას “პოლიტიკურ პოზას” უწოდებს. 

“ამა თუ იმ პოლიტიკური პარტისა თუ მათი სატელიტი არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესებში სახელმწიფო კომისიის პოზიტიური რეზულტატი არ შედის და არც მომავალში შევა. თუმცა, გარკვეული გამოხდომების მიუხედავად, ჩვენი საქმიანობის საფუძვლიანი კრიტიკა არ მსმენია. არავის მოუმართავს ჩვენთვის პრეტენზიით, რომ, ვთქვათ, მეთოდოლოგია, რეგისტრატორების მუშაობა, საზოგადოების ინფორმირებულობა ან ტრენინგი არ გვივარგოდა.”

საზოგადოებრივი მოძრაობა “ამომრჩეველთა ლიგის” ხელმძღვანელი კოკა გუნცაძე მიიჩნევს, რომ მამუკა კაციტაძეს არგუმენტები არ გააჩნია და გაცვეთილ ფრაზებს მიმართავს:

“ეს ძალიან ნაცნობი ტექსტია და ხელისუფლების ბოლოდროინდელ პრაქტიკაში ხშირად გვხვდება. შემთხევითი არაა, რომ სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიის ხელმძღვანელი ამ ფრაზებს იყენებს,” - ამბობს გუნცაძე “ლიბერალთან” საუბარში.

მისი თქმით, ამომრჩეველთა რაოდენობის ამსახველი რიცხვი სინამდვილეს არ შეესაბამება და საქართველოში დღესდღეობით ორ მილიონ ნახევარზე მეტი ამომრჩეველი არ იმყოფება. გუნცაძე უცხოეთში გამგზავრებული ადამიანების რიცხვსაც არარეალურს უწოდებს: “ეს არის მეოთხედი იმ ადამიანებისა, რომლებიც ემიგრირებულნი არიან საქართველოდან.”

“ამომრჩეველთა ლიგა” თბილისსა და ზუგდიდში დამოუკიდებელ “კარდაკარს” ატარებდა და შედეგებს პერიოდულად აქვეყნებდა: “უცხოეთში გამგზავრებულები, დაუდგენელი პირები, გარდაცვლილები, ისინი, რომლებიც ჯერ სიაში არ არიან - ასეთიების რიცხვი ამომრჩეველთა რაოდენობის 21%-ია. და ეს 21% ფალსიფიკაციის საფუძველია. რას ჩაასწორებს კომისია, ეს ჯერ არ ვიცით,” - აღნიშნავს გუნცაძე.

დამოუკიდებელ “კარდაკარს” პოლიტიკური კოალიცია “ქართული ოცნებაც” ატარებდა. პროექტის ხელმძღვანელის, ზაქარია ქუცნაშვილის თქმით, მათი წარმომადგენლები 73 არსებული ოლქიდან 70-ში იმყოფებოდნენ.

ამა თუ იმ მისამართზე რეგისტრაციის გასავლელად, სახლის მეპატრონის თანხმობაა საჭირო. ქუცნაშვილის თქმით, სახლის მფლობელის თანხმობა-უარის მიუხედვად, მიწერილ ამომრჩეველს სიაში მაინც ტოვებენ:

“ეს ფაქტი განსაკუთრებით საგანგაშოა. პარლამენტის გადაწყვეტილებით, მიწერილ ამომრჩევლებს სიაში ტოვებენ და ხმის მიცემის უფლებას უკანონებენ. ეს დაახლოებით 190 000 ამომრჩეველია. ამ გზით ხმის მიცემის უფლების არმქონე პირებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცემათ.”

რის ხარჯზე გაიზარდა ამომრჩეველთა რაოდენობა? ამ კითხვით, “ლიბერალმა” სიების დაზუსტების კომისიის ხელმძღვანელს მიმართა, თუმცა მამუკა კაციტაძის თქმით, ძირითადი სია არათუ გაზრდილი, არამედ 150 000 ამომრჩევლით შემცირებულიც კია. ერთიანი სიის ზრდა კი, იმ ამომრჩეველთა სიაში ასახვამ გამოიწვია, რომლებთაც მანამდე ხელისუფლებამ ხმის მიცემის უფლება უკანონოდ შეუზღუდა”

კაციტაძე მიწერილ ამომრჩევლებთან ერთად იმ პირებსაც გულისხმობს, რომელთაც სხვადასხვა მიზეზით ბინების დაკარგვასთან ერთად მისამართზე რეგისტრირების პრობლემა შეექმნათ.

მამუკა კაციტაძე ორივე დამოუკიდებელი “კარდაკარის” შედეგებს ეჭვით უყურებს: ““ქართული ოცნების” “კარდაკარი” პოლიტიკური კოალიციის ამოსაცნობი ნიშნებით მიმდინარეობდა, რაც, როგორც წესი, პრობლემებს ქმნის. ბევრი ადამიანი მათ უბრალოდ კარს არ გაუღებდა. მიუღებელია მათი გამოკითხვის მეთოდოლოგიაც, მაგალითად, რეგისტრატორები კითხულობდნენ: - “იღებდით თუ არა მონაწილეობას 2008 წლის არჩევნებში და ვის მიეცით ხმა?” - ისინი თავის მხარდამჭერთა სიას ადგენდნენ”.

კაციტაძე “ამომრჩეველთა ლიგის” მიერ დადებულ მონაცემებსაც არ ენდობა - “შეიძლება, რომ ორ ქალაქში,  ზუგდიდსა და თბილისში გამოკითხვა ჩაატარო და ამომრჩეველთა სიის სრულყოფილებაზე გქონდეს პრეზენტაცია?  ეს გამოკითხვა შესაძლოა სოციოლოგებს გამოადგეთ, ზოგადი ტენდენცია რომ გაარკვიონ. მე ამხელა კომისიის ხელმძღვანელი ტენდენციის დასადგენად არ ვარ. მე ზუსტი მონაცემები მჭირდება.”

მისი განცხადებით, კომისია პირველ სექტემბრამდე სიის სიზუსტეს კიდევ გადაამოწმებს. “მაგრამ ამის საფუძველი უნდა იყოს მოქალაქის განცხადება და არა რომელიმე გაურკვეველი ორგანიზაციის მომართვა”.

17 აგვისტოს ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიაში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ პარალელურად ჩატარებული “კარდაკარის” მონაცემები შეიტანა. მონაცემები შავი სამუშაო მასალაა და ძირითადი ნაწილი მოქალაქეების მიერ შევსებული განცახდებებია.

„კომისიის კარი ყოველთვის ღია იყო სხვადასხვა, მათ შორის, პარტიული ტიპის “კარდაკარისათვის”. თუკი ჩვენ მიერ შესწორებული სიისგან განსხვავებულ მონაცემებს აღმოვაჩენთ, ერთიან სიაში მათ აუცილებლად ავსახავთ.  პირველ სექტემბრამდე კომისია იმსჯელებს, როგორ მოხდეს გადამოწმება, რაც მონაცემთა ბაზასთან შედარებას გულისხმობს. 15 სეტებრამდე კი კომისია არა მხოლოდ პარტიული “კარადკარების” მონაცემებზე, არამედ თითოეული მოქალაქის განცხადებაზე მოახდენს რეაგირებას.“ - განაცხადა კომისიის მდივანმა ბადრი ნიაურმა.

2011 წლის საპარლამენტო არჩევნები პირველ ოქტომბერსაა დანიშნული. ამომრჩეველს მასში მონაწილეობა რეკორდულად მრავალრიცხოვანი სიის მეშვეობით მოუწევს. 

სტატია მომზადებულია გაეროს დემოკრატიის ფონდის მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი  და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა და გაერთიანებული ერების დემოკრატიის ფონდის შეხედულებებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^