Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კინოცენტრის მოკრძალებული ხიბლი

29 ნოემბერი 2016

ქართული კინემატოგრაფის პრობლემები მრავალი შრისგან შედგება, ამიტომ მათი დეტერმინირება კომპლექსურად უნდა მოხდეს. ამ წერილის მიზანი კი  რიგ საკითხებზე კითხვების გაჩენა  და თემის აქტუალიზაციაა. საქართველოში კინო ათწლეულებია მეორეხარისხოვან ხელოვნების დარგად ითვლება. ეს გამოიხატება სახელმწიფოს  დამოკიდებულებაშიც, რომელიც კინოსთვის მიზერულ თანხას გამოჰყოფს. არ არსებობს  პოლიტიკური ნება, რათა  განხორციელდეს  სტრუქტურული ცვლილებები. ეს  ყველაფერი  კი ფინანსებთან ერთად კინოპოლიტიკის ძირეულ ცვლილებას საჭიროებს, რის შემდგომაც კინო თავს დააღწევდა  ემბრიონის ფორმით  არსებობას.  აუცილებელია, დავაყენოთ საკითხი, დავსვათ  შეკითხვა კულტურის სამინისტროს არსებობის  შესახებ, რომელიც ხელოვნების განვითარების ნაცვლად  ერთგვარ თეატრალურ მასკარადს ქმნის. ამ დაწესებულებაში გაერთიანებულია ეროვნული კინოცენტრიც. დამოუკიდებლობის არქონისა და რიგი ბიუროკრატიული მიზეზის გამო ქართული კინოპოლიტიკა უცვლელ ნარატივს აგრძელებს. ეს სივრცე კი არ იღებს ახალ აზროვნებასა და   გაბატონებული კულტურისგან გარიყულ სიტყვას. ისევე როგორც ინოვაციებსა თუ რადიკალურ სამეტყველო ენას. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ ლაშა ცქვიტინიძის ახალი სცენარი, რომელსაც გაუგებარი თუ გასაგები  მიზეზის გამო უშუალოდ შეეხო ცენზურა. ამით ქართულმა კინომ შესაძლოა „ახალი სიტყვა“  დაკარგა. მაშინ, როცა რეჟისორის წინა ფილმი „მე ვარ ბესო“ შეგვიძლია ერთგვარ აღმოჩენად და იმ დამკვიდრებული ნორმატივების გარღვევად მივიჩნიოთ, რომლებიც  ქართულ კინემატოგრაფიაში ათწლეულებია დომინირებს;  ასევე მნიშვნელოვანია უფრო გამჭირვალე გახდეს კინოცენტრის ფინანსები, რითაც ბევრ შეკითხვას გაეცემა პასუხი. არსებული ფინანსების გადანაწილება კი უფრო გეგმაზომიერად  და სამართლიანად  გახდება შესაძლებელი. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ ჟურნალი FILMPRINT, რომლის ტირაჟირებაც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული (წერილების ავტორებს არ უხდიან ჰონორარს), ხოლო უშუალოდ ჟურნალის გავრცელების არეალი ვერ გასცდა ვიწრო წრეს. მსგავსი ელიტისტური დამოკიდებულება კი ამ სივრცის განუყოფელი ნაწილია. ამასთანავე შეუძლებელია გვერდი ავუაროთ  განათლების პრობლემას წამყვან აკადემიებში. მკვდარი სასწავლო მეთოდები რეჟისორებს, კინოკრიტიკოსებს, მსახიობებს და ა.შ. არ აძლევენ  განვითარების საშუალებას. არ არსებობს  ინოვაციური კვლევითი პრაქტიკა. ლიტერატურისა  და ტექნიკური მხარის საკითხი  კი დღემდე მოუგვარებელია. სახელმწიფოს დამოკიდებულებასთან ერთად, საკითხის  ხასიათზე უშუალოდ უნივერსიტეტების მიდგომაც მეტყველებს. განახლება რომ ფუჭ სურვილად არ დარჩეს, აღნიშნული პრობლემების რადიკალიზაციაა საჭირო. ეს ყველაფერი კი უამრავ პოლიტიკურ საკითხს დააყენებს დღის წესრგიში.

“წერე ქართულ კინოზე" - კინოცენტრის ახალი ინიციატივაა. პროექტი კინომცოდნე სტუდენტებზეა გათვლილი.  კონკურსის თორმეტმა მონაწილემ დიდ ეკრანზე  (კინოთეატრ ამირანში) ათი თანამედროვე ქართული ფილმი ვნახეთ, რომლებზეც  ერთი თვის განმავლობაში რეცენზიები უნდა დაგვეწერა. გამარჯვებულებს კი სხვა პრიზიორებთან ერთად გამოავლენენ კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე.

კონკურსი, რომლის  სავარაუდო მიზანი ახალგაზრდა კინოკრიტიკოსების აღმოჩენა, წახალისება და გააქტიურებაა  უნდა ყოფილიყო, სამწუხაროდ, რადიკალურად შეიცვალა. აღსანიშნია ის ფაქტი, რომ კონკურსმა პირველივე ეტაპზე გამოავლინა  ზედაპირულობა. კინოცენტრს ბოლომდე გააზრებულიც არ ჰქონდა, თუ ვისთვის აცხადებდა კონკურსს, რადგან მონაწილეებს წარსადგენ საბუთებში უნივერსიტეტის აკრედიტაციის ცნობა მოგვთხოვეს. სიტუაცია კომიკურია, რადგან კინოკრიტიკა მხოლოდ  ილიას სახელმწიფო  უნივერსიტეტსა და თეატრალურში ისწავლება. გარდა ამისა, კონკურსის მიმდინარეობისას არაერთხელ გამოვლინდა კინოცენტრის უპასუხისმგებლობა. 

წარმოდგენილი ფილმებიდან თითქმის არცერთი არ იყო შემოწმებული, რამდენიმე ფილმის ჩვენება სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა. იყო შემთხვევები, როდესაც ორი სხვადასხვა ფილმის ნაცვლად დისკებზე ერთი და იგივე ფილმი ორჯერ იყო ჩაწერილი, ზოგი ფილმი კი - მხოლოდ სანახევროდ.  დანარჩენ  შემთხვევებში კი დაბალი ხარისხის გამო გამოსახულება არ ვარგოდა, იყო ხმის პრობლემა და გადაბმული ტიტრები.  კონკურსის პირობების თანახმად,  ჩვენებების დასრულების შემდეგ  ფილმები ელექტრონულ ფოსტაზე ორი დღის ვადაში უნდა მიგვეღო, რაც ერთი კვირით გაიწელა. გამოგზავნილ ფილმებს კი იდენტური პრობლემები აღმოაჩნდათ. შეგვექმნა  შთაბეჭდილება, რომ დაუსრულებელ "შავ მასალას" ან სპეციალურად დაზიანებულ ვერსიებს  ვუყურებდით, რომლებიც კონკურსის ფარგლებს გარეთ გასვლის შემთხვევაში გამოუსადეგარი უნდა ყოფილიყო. ერთი მხრივ, საწყენია ასეთი უნდობლობა; მეორე მხრივ კი, ძნელია შეაფასო რაიმე, როდესაც არ იცი, ფილმის პრობლემასთან გაქვს საქმე, თუ ეს მხოლოდ იმ ვერსიის ხარვეზია, რომელიც შენ გამოგიგზავნეს. 

სასაცილოა, რომ კონკურსის პირველივე  წელს კინოცენტრმა ელემენტარულ ორგანიზებას  ვერ მოაბა თავი, რაც ჯამში მხოლოდ 10 ფილმის ჩვენებას და შემდეგ მათ გამოგზავნას მოიცავდა.  მსგავსი ფაქტები კი საბოლოოდ  კინოცენტრისა და კინოპოლიტიკის ზოგად სახეს გვიჩვენებს. 

კონკურსის მონაწილეების თხოვნით  კინოცენტრს  უნდა აეღო პასუხისმგებლობა და  ჩვენთვის აკრედიტაციების გამოყოფის მიზნით შუამავლობა უნდა გაეწია თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალთან. კინოფესტივალის დაწყებამდე ორი დღით ადრე კინოცენტრისგან  მეილით მივიღეთ შეტყობინება, რომ  აკრედიტაციებს ვერ  გადმოგვცემდნენ.  თუ დასწრების სურვილი გვქონდა, თავად უნდა გვეზრუნა ბილეთებზე, რომელთა დიდი ნაწილიც იმ დროსთვის  გაყიდული იყო.  წერილზე მუშაობის პროცესში (27 ნოემბერი) ინფორმაციის გადასამოწმებლად პირადად დავუკავშირდით კინოფესტივალის დირექტორს, რომელიც სიტუაციაში გარკვევასა და დახმარებას დაგვპირდა. ერთი საათის შემდეგ კინოცენტრისგან მივიღეთ შეტყობინება, რომ  გუშინდელი პასუხი აკრედიტაციების შესახებ  შეიცვალა, რაც  უსვამს ხაზს მათ უუნარობასა და არაორგანიზებულობას. საკითხი, რომელიც კინოცენტრმა იოლად მოიშორა თავიდან, კონკურსის რამდენიმე მონაწილემ თავად მოვაგვარეთ.

 აღნიშნული და კიდევ არაერთი ფაქტი  გვიჩვენებს კინოცენტრის პოლიტიკის ფასადურობასა და მათ ზოგად დამოკიდებულებას ახალგაზრდა კინოხელოვანების მიმართ. ეს სივრცე კი გზას უკეტავს ახალ სისხლსა და  იდეოლოგიურ  გარდაქმნას.  ცენზურა, კონფორმიზმი,  უმოძრაობა, ნეპოტიზმი, ფინანსების არასწორი განაწილება და  ვიწრო პოლიტიკური ინტერესები ამ სტრუქტურის შემადგენელი ნაწილია და მისსავე  ხატს ჰქმნის.  ჩვენ კი უნდა ვიფიქროთ ალტერნატიული სივრცეების შექმნაზე. უშუალოდ კინოცენტრის გარდაქმნის იდეა კი, ვიწრო და მოჩვენებითი რეფორმების  ნაცვლად, ფუნდამენტურ და რადიკალურ ცვლილებებს საჭიროებს.         

ხელმომწერები:
კინოკრიტიკოსები: კოკა ესაიაშვილი; ალექსანდრე გაბელია; თორნიკე  კვალიაშვილი; გიორგი კობაიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^