გლობალური ფონდი, რომელიც საქართველოში შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის პროგრამებს აფინანსებს, ეტაპობრივად ქვეყნიდან გადის. სახელმწიფომ კი გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული პროგრამების დაფინანსება ადრე თუ გვიან მთლიანად თავის თავზე უნდა აიღოს. ქვეყანაში შექმნილი საკოორდინაციო საბჭო ახლა გარდამავალი პერიოდის გეგმაზე მუშაობს, სადაც უნდა აისახოს, თუ როგორ მოხდება სახელმწიფოს მიერ არსებული სიტუაციის გადაბარება.
რატომ გადის გლობალური ფონდი საქართველოდან
2014 წლიდან, აივ ინფექციის/შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური ფონდის გრანტის ძირითადი მიმღები დაავადებათა კონტროლის ცენტრი გახდა. ცენტრის წარმომადგენლის გიორგი სოსელიას თქმით, გლობალური ფონდის მიერ ქვეყნების დაფინანსების პოლიტიკა ორ ძალიან მარტივ პრინციპს ეფუძნება - ეს არის ქვეყნაში შემოსავლის დონე და აივ-ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი.
„იქიდან გამომდინარე, რომ მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის მიხედვით, საქართველომ საშუალო შემოსავლის ქვეყნების კატეგორიაში გადაინაცვლა, ხოლო მიუხედავად მზარდი ახალი ინფექციების რიცხვისა, საქართველოში ზოგად მოსახლეობაში აივ-ინფექციის გავრცელება დაბალია, გლობალურმა ფონდმა საქართველო, ე.წ. გარდამავალ ქვეყნად გამოაცხადა, რაც იმას ნიშნავს, რომ 2016-დან 2019 წლის ჩათვლით საქართველომ ეტაპობრივად უნდა უზრუნველყოს გლობალური ფონდის პროგრამების ფინანსური გადაბარება სახელმწიფო დაფინანსებაზე“, - აცხადებს სოსელია.
რა გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა გლობალური ფონდის გასვლის გამო
გლობალური ფონდის გასვლის შემდეგ მნიშვნელოვანი საკითხია, როგორ მოხდება მედიკამენტების შესყიდვა სახელმწიფო დაფინანსების პირობებში, და მოახერხებს თუ არა ქვეყანა ხარისხიანი მედიკამენტების ისევ შეღავათიან ფასებში მიღებას.
„დღესდღეობით, გლობალური ფონდის დაფინანსების პირობებში, ქვეყანა ამ წამლებს გლობალური ფონდის შესყიდვის მექანიზმით ყიდულობს, რომელიც ქვეყანას ხარისხიანი წამლების შეღავათიან ფასებში შეძენის საშულებას აძლევს. იქიდან გამომდინარე, რომ გლობალური ფონდის მიერ შესყიდული პრეპარატები არის ჰუმანიტარული დანიშნულების და თან გლობალური ფონდი მას ძალიან დიდი რაოდენობით - გაერთიანებული შესყიდვით ახორციელებს, ფონდს გარკვეულ ფარმაცევტულ კომპანიებთან წინასწარი მოლაპარაკება და წინასწარ შეთანხმებული ფასი აქვს, რომელიც საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალია“, - აცხადებს სოსელია.
მისი თქმით, ამ გარდამავალ პერიოდში დგება საკითხი, რომ როდესაც სამკურნალო საშუალებები შესყიდული იქნება სრულად სახელმწიფო დაფინანსებით, ექნება თუ არა ქვეყანას შესაძლებლობა, რომ ისარგებლოს იმავე ტიპის შეღავათებით, რაც გლობალურ ფონდს აქვს.
„აქვე აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენ ეტაპობრივად უკვე დავიწყეთ სახელმწიფო დაფინანსებაზე გადასვლა. 2015 წლიდან სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაახლოებით 1 200 000 ლარის ღირებულების პირველი რიგის მედიკამენტები შევისყიდეთ. გლობალურ ფონდთან მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ იმას, რომ სახელმწიფო დაფინანსების პირობებში ამავე მექანიზმით მოხდა ამ მედიკამენტების შესყიდვა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ეს მოხდა იმ პირობებში, როდესაც გლობალური ფონდი ჯერ კიდევ წარმოდგენილია ქვეყანაში. ჩნდება შეკითხვა - როდესაც გლობალური ფონდი ქვეყნიდან სრულად გავა, ექნება თუ არა ქვეყანას ამავე მექანიზმის გამოყენების საშუალება. ამაზე პასუხი დღესდღეობით ჩვენ არ გავქვს. თუმცა გლობალურ ფონდთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რომელმაც ინოვაციური შესყიდვის მექანიზმი შეიმუშავა. ის ოდნავ განსხვავდება მისივე წინა მოდელისგან. ეს ქვეყნებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა იქ გლობალური ფონდი, ამგვარი შესყიდვით სარგებლობის საშუალებას მისცემს. ოღონდ ეს არ იქნება ყველა ქვეყნისთვის, არამედ მხოლოდ მათთვის, ვისთანაც ეს მოლაპარაკება იმოქმედებს. ჩვენ ვართ მოლაპარაკების რეჟიმში და იმედია, რომ ჩვენთან იქნება ამის შესაძლებლობა“, - აცხადებს სოსელია.
ამ კუთხით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ყურადღებას დარგის სპეციალისტები ამახვილებენ პრევენციული პროგრამების დაფინანსებაა, რომელიც ამ ხნის განმავლობაში ასევე გლობალური ფონდის მიერ ფინანსდებოდა.
როგორც უკვე აღინიშნა, ქვეყანა გარდამავალი პერიოდის გეგმაზე მუშაობს, რომელიც, როგორც ამბობენ, მზად 2016 წლის დეკემბრის ბოლოს იქნება. დოკუმენტში გაწერილი უნდა იყოს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ, იმისათვის, რომ ის პროგრამები, რაც დღეს გლობალური ფონდის მხარდაჭერით ფინანსდება უმტკივნეულოდ გადავიდეს სახელმწიფო მხარდაჭერაზე. ასევე, დოკუმენტში ასახული იქნება ისიც, რამდენად შენარჩუნდება ყველა ის მიდგომა, რომელიც პაციენტთა საჭიროებებს ეფუძნება.
„გლობალურ ფონდიდან არის ასეთი ტიპის კომუნიკაცია - იმისთვის, რომ ქვეყანას ჰქონდეს შესაძლებლობა 2018 წლის შემდეგაც მიიღოს გარკვეული დაფინანსება, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი თანხების ნაწილი მიმართული უნდა იყოს პრევენციულ ღონისძიებებზე. ეს ერთგვარი კონტროლის მექანიზმია, რომელიც გლობალურ ფონდს იმისთვის აქვს, რომ ინვესტიცია თანაბრად განაწილდეს, როგორც სამკურნალო, ასევე პრევენციულ პროგრამებზე და მნიშვნელოვანი პროგრამები არ დარჩეს მხარდაჭერის გარეშე“, - აცხადებს სოსელია.
მაკა გოგია, ზიანის შემცირების ქსელის წარმომადგენელი, პრევენციულ ღონისძიებებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ამ კუთხით ასევე აუცილებელია არსებული საკანონმდებლო ბაზის გამოსწორება. მისი თქმით, არსებული ნარკოპოლიტიკის პირობებში ზიანის შემცირების პროგრამებს პაციენტამდე მისასვლელად ბარიერები ექმნებათ.
შიდსის ცენტრის ინფორმაციით, აივ-ინფიცირების გადაცემა 44.7%-ის შემთხვევაში ინექციურ ნარკომოხმარებაზე მოდის.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ზიანის შემცირების პროგრამების განხორციელება, რომელიც პრევენციულ ხასიათს ატარებს და დაინფიცირების ახალ შემთხვევებს ამცირებს, ნარკოტიკების მომხმარებლებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, თუმცა, პოლიციის ფაქტორის გამო, მომხმარებლები აღნიშნული პროგრამებით სარგებლობისგან თავს იკავებენ.
„მაგალითად, ბათუმში გასულ წელს გვქონდა ასეთი შემთხვევა, რომ უკლებლივ ყველა პაციენტი, რომელიც მობილური ამბულატორიიდან ჩამოვიდა, ნარკოტესტირებაზე წაიყვანეს... გასულ წელს თბილისშიც გვქონდა შემთხვევა - ჩვენი ორი სოციალური მუშაკი დააკავეს, 5 პატრული მოვარდა, იმხელა ოპერაცია ჩაატარეს, საბოლოოდ არაფერი დარღვევა არ აღმოჩნდა. ორივე სოცმუშაკი გამოუშვეს. მაგრამ თავად ეს ფაქტი, რომ ეს მოხდა ზიანის შემცირების ცენტრში, ბენეფიციარების თვალწინ, იყო ძალიან ცუდი, - რადგან ის ბენეფიციარი იმდენად დააფრთხეს, საკითხავია მოვა თუ არა შენთან შემდეგ. სამტრედიაშიც იყო შემთხვევა, როდესაც მობილურ ამბულატორიას ველზე უკან პატრულის მანქანა დაჰყვებოდა“, - ამბობს მაკა გოგია.
გარდამავალ გეგმაზე მომუშავე ქვეყნის სააკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის თამარ გაბუნიას თქმით, დაფინანსების ახალი მოდელის ფარგლებში, ახლახან მოეწერა ხელი ორ გრანტს, რომელიც სამ წელიწადზეა გაწერილი.
მისი თქმით, ამის შემდეგ რა ფორმით გადაწყვეტს გლობალური ფონდი ქვეყნაში მუშაობის ეტაპობრივად შემცირებას, ამ საკითხებზე ახლა მიმდინარეობს მუშაობა.
„დღეს იმის თქმა გადაჭრით არ შეიძლება, რომ 2019 წლის 31 დეკემბერს გლობალური ფონდი ქვეყნიდან წავა. დღეს ამის შესახებ მკაფიოდ ვერავინ ვერაფერს იტყვის. პირიქით, არის საუბრები იმაზე, რომ გლობალური ფონდი მიჰყვება ამ გარდამავალ პერიოდს, ვიდრე არ შეფასდება ქვეყნის მზაობა იმისთვის, რომ თავის თავზე აიღოს იმ სერვისების მიწოდება, ფონდი შეეცდება, რომ ქვეყანას დაეხმაროს“, - ამბობს გაბუნია.
საპრევენციო პროგრამებზე საუბრისას გაბუნია აცხადებს, რომ აღნიშნული პროგრამების შენარჩუნება კრიტიკულად მნიშვნელოვანია და ის არა მხოლოდ შიდსის, არამედ ტუბერკულოზის შემთხვევაში კიდევ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.
„იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი ისე გადაწყდება, როგორც უნდა გადაწყდეს, რადგან ეს ვალდებულება სტარატეგიებშიც არის“, - ამბობს გაბუნია.
რაც შეეხება მედიკამენტების ხარისხსა და მისი შესყიდვის მექანიზმს, გაბუნია აღნიშნავს, რომ „მომდევნო სამი წლის განმავლობაში, კონკრეტულად ამ მიმართულებით ძალიან სერიოზული მუშაობა ჩატარდება, რომ აბსოლუტურად გამოირიცხოს ხარისხის გაუარესების თემა წამალთან მიმართებით“.
მისი თქმით, მედიკამენტებთან დაკავშირებით კარგია ის, რომ მედიკამენტის ფასები იკლებს, თუ ადრე უფრო დიდი რესურსი სჭირდებოდა მედიკამენტების შეძენას, ახლა ნაკლებია საჭირო.
მისი თქმით, გარდამავალი პერიოდის გეგმა, დაფინანსების ფორმულების გარდა, ძალიან ბევრ მნიშვნელოვან საკითხს მოიცავს, რომელიც პოლიტიკის და სისტემურ გაძლიერებისკენ მიმართულ საკითხებს ეხება, რომელსაც თავის მხრივ კიდევ დასჭირდება რესურსი.
„ამდენად ეფექტურობის გაუმჯობესებისთვის შემოთავაზებულია მთელი რიგი გზები - მაგალითად დაფინანსების მექანიზმი რანაირად შეიძლება შეიცვალოს, რომ ჩვენ უფრო მეტად გამოვიყენოთ ამბოლატორიული მომსახურება, ჰოსპიტალურის ნაცვლად. დღესაც არ ვიყენებთ ჩვენ ძალიან ბევრ ჰოსპიტალურ მომსახურებას, მაგალითად, ტუბერკულოზის შემთხვევაში თუ სხვა ქვეყნებს შევედრებით, რაც, რა თქმა უნდა, კარგია. მაგრამ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ ეფექტურობის თვალსაზრისით ეს პროგრამები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს და შეიქმნას ისეთი მექანიზმები, რომელიც შეამცირებს ადამიანის ჰოსპიტალში მოხვედრის საჭიროებას“, - ამბობს გაბუნია.
მისივე თქმით, სახელმწიფოს ასევე მოუწევს თანხების გამოყოფა სამედიცინო პერსონალის პროფესიული განვითარებისთვის, ასევე ახალი გაიდლაინების დანერგვაზე, რომელსაც აქამდე დონორი უწყობდა ხელს.
სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებები
აივ/შიდსის პრევენციისა და კონტროლის 2016-2018 წლების ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებაში ვკითხულობთ, რომ „აივ/შიდსის ეპიდემია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება საქართველოში. 1989 წელს აივ-ინფექციის პირველი შემთხვევის რეგისტრირების შემდეგ, ქვეყანაში ინფექციის ახლად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა მუდმივად იზრდებოდა და 2013 წელს 100,000 ადამიანზე 10.9-ს მიაღწია. უკანასკნელი გამოთვლებით, საქართველოში აივ-ინფიცირებულთა სავარაუდო რაოდენობა 6,800-ს შეადგენს; მათგან 45%-მა თავისი ინფიცირების სტატუსის შესახებ არაფერი იცის.
დოკუმენტის მიხედვით, მიუხედავად ზოგად მოსახლეობაში აივ-პრევალენტობის დაბალი მაჩვენებლისა (0.07%), საქართველო ეპიდემიის გავრცელების მნიშვნელოვანი რისკის წინაშე დგას შემდეგი ფაქტორების გამო: მაღალი რისკის მქონე ქცევები, მსმ-ებსა და ინმ-ებს შორის ინფექციის მზარდი პრევალენტობა, ზოგად მოსახლეობაში აივ-ინფექციის სქესობრივი გზით გავრცელების სერიოზული საფრთხე და მაღალი რისკის ჯგუფებისთვის დამახასიათებელი მაღალი მობილურობა.
ინფიცირების გვიანი გამოვლენა და, შესაბამისად, დაავადების გვიან სტადიებზე მკურნალობის დაწყება კვლავ წარმოადგენს აივ/შიდსზე ეროვნული პასუხის სერიოზულ გამოწვევას საქართველოში. ეს უარყოფითად აისახება გადარჩენის მაჩვენებელზე, რამაც შესაძლოა მოკლე ვადაში სიკვდილიანობის რისკის თითქმის 90%-იანი ზრდა გამოიწვიოს.
შესაბამისად, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2016-2018 წლების ეროვნული სტრატეგიის მთავარი მიზანია საქართველოში აივ-ეპიდემიის შემცირება მაღალი რისკის ჯგუფებზე ფოკუსირებული გაძლიერებული ინტერვენციებითა და აივ-ინფიცირებულთა მკურნალობის გამოსავლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით.
ასევე, მთავრობის ვალდებულების გაძლიერება, სამოქალაქო საზოგადოების უფრო აქტიური ჩართულობა და პრევენციისა და ზრუნვის სერვისების უწყვეტი ჯაჭვის ოპტიმალური ინტეგრირება ეპიდემიაზე მძლავრი პასუხის მდგრადობას უზრუნველყოფს.
რაც შეეხება ტუბერკულოზის კონტროლის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ტუბერკულოზი, როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრობლემა, განმეორებით წამოიჭრა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ და მისი ტვირთი საქართველოში კვლავ მაღალია. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიხედვით, ტუბერკულოზის ახალი შემთხვევები (ინციდენტობა) შეადგენდა 116-ს 100,000 მოსახლეზე (2013 წლისთვის), რაც რიგით მეოთხე ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ჯანმო-ს ევროპის რეგიონის 53 ქვეყანაში. 2013 წლის შეფასებით, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 100,000 მოსახლეზე იყო 7.0 (აივ-ასოცირებული ტუბერკულოზის შემთხვევების გამოკლებით).
ტუბერკულოზთან დაკავშირებით სტრატეგიით გათვალისწინებული ამოცანებია:
ადრეულ და ხარისხიან დიაგნოსტიკაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ფორმის, მათ შორის, M/XDR ტუბერკულოზისთვის;
ხარისხიან მკურნალობაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველა ფორმის, მათ შორის, M/XDR ტუბერკულოზისთვის პაციენტის სათანადო მხარდაჭერით;
მხარდამჭერი გარემოს და სისტემების შექმნა ტუბერკულოზის ეფექტური კონტროლის მიზნით.