Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რას მოგვიტანს ახალი ეკონომიკური სტრატეგია

06 დეკემბერი 2016

ტერმინები „ინდუსტრიული პოლიტიკა“, „ინდუსტრიალიზაცია“ ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად გამოჩნდა პოლიტიკური პარტიის სტრატეგიაში. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეფასებით, ეს იდეოლოგიური გარდატეხის პერიოდია, რომელსაც ბაზრის დერეგულაციის, პრივატიზაციისა და ლიბერალიზაციის პრინციპების სანაცვლოდ სთავაზობს საზოგადოებას. ოპოზიციაში ამ სტრატეგიას წინასაარჩევნო ბლეფსა და ფულის ფუჭ ხარჯვასთან აიგივებენ, რომელსაც ეკონომიკური განვითარების მხრივ პერსპექტივა არ აქვს. არასამთავრობო სექტორში ინდუსტრიის განვითარების პოლიტიკას, ძირითადად, პოზიტიურად აფასებენ, თუმცა შემაფერხებლად ფინანსური და ადამიანური რესურსის, დაბალკონკურენტუნარიანი გარემოს, საკანონმდებლო ბაზისა და სხვა ტიპის პრობლემებს ასახელებენ.

ამ დროისთვის, ჯერჯერობით, უცნობია გრძელვადიანი სტრატეგია, თუ როგორი ინდუსტრიული პოლიტიკა უნდა გატარდეს. ახალი პარლამენტის დაკომპლექტებასთან ერთად იგეგმება უფრო დეტალური მსჯელობის დაწყება და ინდუსტრიის განვითარების ხედვის გაწერა.

ინდუსტრიული პოლიტიკის განვითარების მიმართულებით ამ ეტაპზე რამდენიმე სტრუქტურა მუშაობს: „საპარტნიორო ფონდი“, „მეწარმეობის განვითარების სააგენტო“, „ინდუსტრიული ჯგუფი“, „აწარმოე საქართველოში“, მაგრამ არ არსებობს ცენტრალური ინსტიტუცია, რომელიც უშუალოდ აიღებს ამ სფეროზე პასუხისმგებლობას. მათ შორის კოორდინირების ხარისხიც დაბალია. ინდუსტრიული ჯგუფი მხოლოდ ათი ადამიანითაა დაკომპლექტებული.

ზემოთ ჩამოთვლილი ინსტიტუციები ამ ეტაპზე ხელს ვერ უწყობს თვისობრივად ახალი პროდუქტის, ინოვაციების შექმნას, ახალი დარგების გაჩენას და ბაზრის დივერსიფიკაციას. გარდა ამისა, სახელმწიფოს გამოყოფილი 16 მილიონი ინდუსტრიული წარმოების გასავითარებლად არასაკმარისია.

„საქართველოს მთავრობას არ გააჩნია ინდუსტრიული განვითარების სტრატეგია და ხედვა. ეს წარმოშობს რამდენიმე ურთიერთდაკავშირებულ პრობლემას. კერძოდ, სახელმწიფოს მხრიდან ინდუსტრიის განვითარების მიმართულებით ჩარევა არის ფრაგმენტული და არ ემსახურება რაიმე სახის კონკრეტულ მიზანს. არსებობს რამდენიმე სახელმწიფო უწყება, რომელიც მუშაობს ინდუსტრიული განვითარების კუთხით, თუმცა მათ შორის კოორდინაციის დონე საკმაოდ დაბალია, რაც, თავის მხრივ, აფერხებს სახელმწიფოს მიერ თანმიმდევრული ჩარევის შესაძლებლობას.“ - ნათქვამია ფრიდრიხ ებერტის ფონდის 2016 წლის კვლევაში, რომელიც ეხება საქართველოს ინდუსტრიული პოლიტიკის გამოწვევებს.

„ქართული ოცნების“ მაჟორიტარის, ბექა ნაცვლიშვილის თქმით, იგეგმება ინდუსტრიის განვითარების სახელმწიფო სტრატეგიის შექმნა, საპარტნიორო ფონდის გარდაქმნა განვითარების ბანკად, დაფინანსების ზრდა, საკანონმდებლო ბაზის მომზადება და ერთიანი ფინანსური ინსტიტუტის შექმნა, რომელიც უშუალოდ ინდუსტრიის განვითარებაზე, ინოვაციების აღმოჩენასა და მათ ხელშეწყობაზე იმუშავებს:

„ჩვენ ორიენტირებულები ვართ განვითარების პოლიტიკაზე. ყველა პარტიის მთავარი ამოცანაა დასაქმება, მაგრამ მთავარია სახელმწიფოს როლი ამ პრობლემის გადაჭრაში. უნდა ჩაერიოს თუ არა სახელისუფლებო სტრუქტურები ამ პროცესებში. ჩვენ არ ვსაუბრობთ სახელმწიფოს მხოლოდ მარეგულირებელ ფუნქციაზე, არამედ სახელმწიფო, როგორც ინვესტორი, პასუხისმგებელი ადამიანების სრულფასოვანი განათლების მიღებაზე, ჯანმრთელობასა და, რაც მთავარია, დასაქმებაზე.“ - აცხადებს ისნის მაჟორიტარი, ბექა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ პირველი ხელისუფლებაა, რომელმაც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა გააცნობიერა განათლებისა და ჯანდაცვის სფეროში და გადადგა მეწარმეობის ხელშესაწყობად პირველი ნაბიჯები, როგორც სოფლის მეურნეობის სივრცეში ისე ურბანული მიმართულებით, თუმცა, პირველ რიგში, მთავარია ჯერ არსებულის ერთი ქოლგის ქვეშ შეკრება, ცენტრალიზება და მათი დაკავშირება საგანმანათლებლო სივრცესთან.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე ამ კონცეფციას ფუნდამენტურად არამართებულს უწოდებს, რადგან სახელმწიფომ და ბიუროკრატიამ, მისი მოსაზრებით, არ იცის, რა შეიძლება იყოს ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო პრიორიტეტი და ამ კურსის განსაზღვრა ბიზნესის პრეროგატივაა:

„ხელისუფლებისთვის პრიორიტეტული უნდა იყოს, რომ რაც შეიძლება ნაკლები ფული დახარჯოს ისეთი ინიციატივების წახალისებაზე, რომლებსაც შესაძლოა, არ ჰქონდეს ეკონომიკური ეფექტი. ფული გაიფლანგება და შედეგი არ იქნება. ამის ალბათობა ძალიან მაღალია. სახელმწიფოს ხელშეწყობა ისეთი დარგების, რომლებიც ექსპორტზეა ორიენტირებული, თეორიულად კარგია, მაგრამ, როგორც წესი, ეს ბიზნესის სფეროა. ბიზნესი უკეთესად იგებს, რაში ჩადოს ფული და სად დააბანდოს  ინვესტიცია. ეს იქნება მორიგი ბიუროკრატიული მახე, ფულის ფუჭი ხარჯვა, რომელიც გადასახადების გადამხდელების რესურსს გაფლანგავს. ვფიქრობ, ბიუროკრატიამ ყველაზე ცუდად იცის ეს საკითხი.“

პრობლემურია ფინანსური სექტორიც, რომლის 93%-ს კომერციული ბანკები წარმოადგენენ და პერსპექტივაში განხორციელებადი პროექტები სწორედ ამ ბანკების თანამონაწილეობაზეა დამოკიდებული. ფრიდრიხ ებერტის კვლევაში აღნიშნულია, რომ ბანკების პრიორიტეტი კომერციული და ნაკლებად რისკიანი პროექტების დაფინანსებაა და თუნდაც ტექნოლოგიური გადაიარაღება, რაც ინდუსტრიის განვითარებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ბანკების ინტერესებში შესაძლებელია საერთოდ არ შედიოდეს.

საქართველოს სოციალურ ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში გაწერილია, რომ მაღალი დამატებითი ღირებულების მქონე პროდუქტის ტექნოლოგიური სირთულის ინდიკატორი 2020 წლისთვის უნდა გახდეს 9.5. კითხვის ნიშნებს აჩენს, ამდენად მაღალი დამატებითი ღირებულება და პროდუქტის ტექნოლოგიური სირთულე რამდენადაა თავსებადი აგრარულ და სერვისულ ეკონომიკასთან.

„ვერც ნავთობი და გაზი გვექნება ოდესმე, ვერც ტურიზმით აშენდება ეს ქვეყანა. სახელმწიფო არ უნდა შეუშინდეს სხვადასხვა პროგრამის დაფინანსებას. თუ სახელმწიფო შეშინდება - რადგან ეს გადასახადების გადამხდელების ფულით ხდება, - შედეგს ვერ მოიტანს. სახელმწიფოს მხრიდან ექსპერიმენტები არის ძალიან კარგი განვითარების ამ ეტაპზე, რადგან არ გვაქვს იდენტიფიცირებული ის მიმართულებები და რესურსები, რომლებიც მომავალში შეიძლება გახდეს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზარზე,“ - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

მისივე თქმით, განათლების სისტემასა და ეკონომიკას შორის ბმის არარსებობაა ქვეყნის მთავარი პრობლემა, რომლის გადაჭრისთვისაც საჭიროა შეიქმნას რაიმე ორგანო, დეპარტამენტი, საჯარო უწყება, რომელიც განათლებისა და ეკონომიკის კავშირს გაუწევს კოორდინირებას.

ებერტის ფონდის შეფასებით, რთულია, ბუნებრივი, მატერიალური და ადამიანური რესურსების გათვალისწინებით, ტექნოლოგიის ამ საფეხურებზე საქართველოს წარმოდგენა.

ინდუსტრიული პოლიტიკის გატარების მთავარ პირობას კვლევის დაფინანსება წარმოადგენს. დღევანდელი საგანმანათლებლო სივრცე და საუნივერსიტეტო გარემო ეჭვქვეშ აყენებს განვითარების პერსპექტივებს. კითხვის ნიშნებს აჩენს ამ დროისთვის მიმდინარე კვლევითი პროცესების ხარისხის თვალსაზრისით შექმნილი ვითარებაც. რამდენად უზრუნველყოფს ეს მოცემულობა ინდუსტრიულ განვითარებას?

„ქართული ოცნების“ ხედვით, მაქსიმალურად დიდი ინვესტიცია უნდა დაბანდდეს განათლებისა და კვლევის მიმართულებით, რათა მაღალ ტექნოლოგიებს ადამიანური რესურსი მომზადებული დახვდეს. „ჩვენს საზოგადოებას აქვს უნარი და ერთი ადამიანიც არ უნდა დარჩეს, რომლის პოტენციალიც არ იქნება გამოუყენებელი,“ - აცხადებს ბექა ნაცვლიშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, რომან გოცირიძე უარს ამბობს ამ სტრატეგიის სერიოზულად განხილვაზე:

„ეს იყო საარჩევნო ზღაპარი, ყველაფერი რაც ითქვა, არის ბლეფი. არასერიოზულია. ინდუსტრიალიზაცია კი არა, კიტრი ვერ მოუყვანიათ“.

სერგი კაპანაძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკა არ უნდა იყოს სერვისული, ან ექსპორტის. ეს უნდა იყოს ყველაფერი მთლიანობაში:

„ამოსავალი წერტილი ისაა, რომ სახელმწიფომ რაც შეიძლება ცოტა ფული ხარჯოს და არ ფლანგოს მოქალაქეებისა და ბიზნესის რესურსი. ყველაზე მართებული მიდგომაა ისაა, რომელიც ამცირებს გადასახადებს, ხელს უწყობს მეწარმეების შემოსვლას ან ადგილობრივმა ადამიანებმა დაიწყონ წარმოება. ამას ბაზარი დაარეგულირებს, თუ რომელი სფერო იქნება წამყვანი და რა მიმართულებით განვითარდება ეკონომიკა. რაც ნაკლები იქნება სახელმწიფოს როლი ამ პროცესში, მით უკეთესი. იმის დაშვება, რომ ბიუროკრატმა უკეთ იცის, არის ყველაზე ცუდი. ამ დაშვების შედეგად ხდება არასწორი მიმართულებით ფულის ხარჯვა.“

ბექა ნაცვლიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ხელი უნდა შეუწყოს ტექნოლოგიების განვითარებას და ინოვაციებს, რადგან სერვისის ეკონომიკა პირდაპირაა დამოკიდებული გეოპოლიტიკურ გარემოზე. ტურიზმი მაგალითად, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის სტაბილურობასთან. გარდა ამისა, „ქართული ოცნების“ ხედვით, სერვისის ეკონომიკა ყველაზე დაბალ დამატებით ღირებულებას ქმნის და გადამამუშავებელი მრეწველობა - ყველაზე მაღალს:

„ინფორმაციაზე წვდომა არაა თანაბრად გადანაწილებული, ფინანსებზე წვდომა დაბალია. ეს პირდაპირ მეტყველებს, რომ ბაზარი და უხილავი ხელი არ არის გარანტი. სახელმწიფო გვევლინება, როგორც მარეგულირებელი, როგორც მაორგანიზებელი ამ პროცესების. თუ გვინდა მდგრადი განვითარება, ისეთ სექტორებს უნდა შევუწყოთ ხელი, რომლებზეც კრიზისები და მეზობელი ქვეყნების პოლიტიკა ნაკლებ გავლენას მოახდენს. ტექნოლოგიურ საქონელზე მოთხოვნა ყოველთვის იქნება და ტურიზმის შემთხვევაში ეს მოთხოვნა შეიძლება გაქრეს პატარა ინციდენტის შედეგად. უფრო მოწყვლადია, ვიდრე რეალური ეკონომიკა,“ - ამბობს ბექა ნაცვლიშვილი.

მისი მტკიცებით, ყველა თანამედროვე ქვეყანა განვითარდა სახელმწიფოს აქტიური ჩარევით. თუ გავითვალისწინებთ ევროპულ, სკანდინავიურ, თუ სამხრეთ აზიურ გამოცდილებას.

„ქართულმა ოცნებამ“ ასევე დაიწყო შრომის ბაზრის ფორმირებაზე საუბარი, რომელიც ინდუსტრიული პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა. პარტიის წევრების აზრით, მათ უნდა გადაწყვიტონ რა მიმართულებით სურთ ქვეყნის განვითარება და კონკურენტუნარიანი მომავლისთვის იდენტიფიცირებული მიმართულების მიხედვით დააგენერიროს სახელმწიფომ ადამიანური რესურსი.

„საქართველოს მთავრობის ხელში არსებული ინსტრუმენტები არ არის ორიენტირებული „ახალი ეკონომიკური აქტივობების წახალისებაზე. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამის „აწარმოე საქართველოში” ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმით საპროექტო წინადადება ახალი ბიზნესის წამოწყებას უნდა გულისხმობდეს, იგი მაინც არ ახდენს საქართველოს ეკონომიკისთვის თვისობრივად ახალი აქტივობის (ახალი დარგის) წახალისებას. ვერც „საპარტნიორო ფონდი” უწყობს ხელს საქართველოს წარმოებული პროექტების დივერსიფიკაციას იქიდან გამომდინარე, რომ მისი მთავარი კრიტერიუმია საპროექტო იდეის კომერციულობა და არა ინოვაციურობა,“ - აღნიშნულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის კვლევაში.

აქვეა ნახსენები, რომ 90-იანი წლების შემდეგ ხელისუფლებაში მოსულმა ყველა მთავრობამ ცალ-ცალკე თავისი ეკონომიკური დოქტრინა წარმოადგინა, თუმცა ისინი შინაარსობრივად იდენტური იყო, ვინაიდან ყველა მათგანი სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩაურევლობას ურყევ პრინციპად იღებდა. „შედეგად მივიღეთ ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი დერეგულაცია და არსებული საზოგადოებრივი სიმდიდრის დაჩქარებული და ხშირ შემთხვევაში  უკანონო პრივატიზაცია.”

დღეს საქართველო ისევ რჩება ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე სუსტ ქვეყნად რეგიონში. ჯინის ინდექსის მიხედვით, შემოსავლების მხრივ  საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთ-ერთი ყველაზე უთანასწოროა.

ქვეყნის ეკონომიკის განვითარების სხვადასხვა ხედვა აქვთ პარტიებს. ვინ უნდა მისცეს ეკონომიკას მიმართულება სახელმწიფომ, თუ ბიზნესმა; როგორ გადაიჭრება ფინანსური სექტორის პრობლემა; რამდენად გაიზრდება კვლევებისა და ინდუსტრიის განვითარების დაფინანსება; როგორ მოხდება ბაზრის დივერსიფიკაცია და რა ფორმით შეიცვლება საკანონმდებლო ბაზა - ამ საკითხზე დისკუსია უკვე ახლად შეკრებილ პარლამენტში დაიწყება.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^