Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტრამპის კადრები

13 დეკემბერი 2016

აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის ინაუგურაციამდე ერთ თვეზე ცოტა მეტი რჩება. დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წევრთა ნაწილის ვინაობა უკვე ცნობილია. მათ შორის არის სამი გადამდგარი გენერალი, ნავთობმაგნატი, კლიმატის ცვლილებების თეორიის კრიტიკოსი და ვრესტლინგის ტურნირების ორგანიზატორი.

ტრამპის მიერ შერჩეული კანდიდატების უმეტესობას თანამდებობაზე დამტკიცებამდე კონგრესმენების კითხვებზე პასუხის გაცემა მოუწვეთ. ყველაზე მეტად მსოფლიო აშშ-ის ახალი სახელმწიფო მდივნის წარდგენას ელოდება. თუ ამერიკულ მედიას ვენდობით, ამ პოსტზე აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი დიპლომატიურ ასპარეზზე გამოუცდელ მულტიმილიონერ რექს ტილერსონს განიხილავს.

რუსეთის მეგობარი

“ის არის მსოფლიო დონის მოთამაშე” - ასე აფასებს ტილერსონს თავად დონალდ ტრამპი. 64 წლის ბიზნესმენი უკვე 10 წელია კომპანია Exxon Mobile-ს ხელმძღვანელობს.

2015 წელს ჟურნალ Forbes-ის პლანეტის ყველაზე გავლენიანი ადამიანების ნუსხაში ის  25-ე ადგილს იკავებდა. მისი მეთაურობით 2014 წელს კომპანია Exxon Mobile-მა 34 მილიარდი დოლარის ოდენობით სუფთა მოგება მიიღო, ხოლო გადასახადების სახით ბიუჯეტს 80 მილიარდი შეჰმატა. როგორც ამერიკული Times წერს ტილერსონს აშშ-ის საგარეო უწყების ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენის რეკომენდაცია ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა და პენტაგონის ყოფილმა მეთაურმა რობერტ გეითსმა გაუწიეს. ორივე პოლიტიკოსი მანამდე Exxon Mobile-ის კონსულტანტი იყო.

Financial Times შეფასებით ტილერსონი მკაცრი, უკომპრომისო, კომპეტენტური და მოლაპარაკებების დროს ეფექტური ადამიანია. ყველაზე მთავარი კი მაინც მისი კავშირებია. ტექსასელ ბიზნესმენსა და ამერიკელი ბოისკაუტების ყოფილ პრეზიდენტს კარგად იცნობენ მთელ მსოფლიოში და მათ შორის კრემლშიც.

როგორც აშშ-ის თავადაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე ჯონ ჰამრი ამბობს, რექს ტილერსონს ყველა სხვა  ამერიკელზე უფრო ხშირი კონტაქტი ჰქონდა რუსეთის ლიდერთან. ამ მხრივ მას მხოლოდ ჰენრი კისინჯერი თუ შეედრება.  ტილერსონი პირადად იცნობს რუსეთის სახელმწიფო ნავთობკომპანია “როსნეფტის” ხელმძღვანელ იგორ სეჩინსაც. 2011 წელს მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს, რომელიც რუსეთთან ერთად არქტიკაში ნავთობის სამძებრო სამუშაოების ჩატარებას ითვალისწინებდა. ეს პროექტი 2014 წელს ვაშინგტონის მიერ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გამო შეჩერდა. ბიზნესმენი ყირიმის ანექსიის გამო რუსეთის ასეთი ფორმით დასჯის  წინააღმდეგი იყო. 2013 წელს ტირელსონი ვლადიმირი პუტინის ბრძანებით “მეგობრობის ორდენით” დააჯილდოვეს. პუტინთან ასეთი მჭიდრო კავშირის გამო T-rex-ს, როგორც მას ალასკის ყოფილი გუბერანტორი სარა პეილინი ეძახის, ამერიკელი კონგრესმენები უკვე აკრიტიკებენ. ჯონ მაკკეინი, ჩაკ შუმერი, ლინდსი გრემი, ბობ მენენდესი - ეს მხოლოდ ნაწილია იმ გავლენიანი პოლიტიკოსებისა, რომლებიც დონალდ ტრამპს არჩევანს ღიად უწუნებენ. “თუ ტილერსონი სახელმწიფო მდივანი გახდება, ეს ნიშნავს, რომ რუსეთს აშშ-ის საგარეო პოლიტიკურ კურსში ჩარევის საშუალება გაუჩნდება“, - ამბობს ნიუ-ჯერსის შტატის დემოკრატი სენატორი ბობ მენენდესი. “თუ შენ მიიღე მეგობრობის ორდენი კრემლისგან, მაშინ ჩვენ სალაპარაკო გვაქვს” - ეს კომენტარი კი რესპუბლიკელ ლინდსი გრემს ეკუთვნის. ტილერსონის ფიგურის გარშემო არსებულ კითხვებს ემატება საპრეზიდნეტო არჩევნების დროს რუსი ჰაკერების დემოკრატიულ პარტიაზე თავდასხმების საქმე. “Washington Post” წერს, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოს კიბერდამნაშავეების რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებები აქვს. ასე რომ, თუ დონალდ ტრამპი აშშ-ის პირველი დიპლომატის პოსტზე რექს ტილერსონს წარადგენს, მას ამ თანამდებობაზე დამტკიცებამდე  კონგრესში რთული პროცედურის გავლა მოუწევს.

ცოფიანი ძაღლი და „გადამდგარი გენერლები“

დონალდ ტრამპის მომავალ ადმინისტრაციაში კიდევ ერთი ექსტრავაგანტული ფიგურა 66 წლის გადამდგარი გენერალი ჯეიმს მეტისი გახლავთ. მან აშშ-ის შეიარაღებულ ძალებში 44 წელი იმსახურა. პირადად მონაწილეობდა ისეთ სამხედრო ოპერაციებში, როგორიცაა მაგალითისთვის ცნობილი „უდაბნოს ქარიშხალი”. მან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა 2004 წელს ფალუჯას ბრძოლაში. 2010-2013 წლებში ჯეიმს მეტისი ახლო აღმოსავლეთში, აღმოსავლეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაში გაგზავნილ ამერიკელ ჯარისკაცებს მეთაურობდა. მათ შორის ხელმძღვანელობდა სამხედრო ოპერაციებს ავღანეთსა და ერაყში. ყოფილი გენერალი ცნობილია თავისი არაკორექტული, ხისტი გამონათქვამებით. 2005 წელს ავღანეთში ყოფნისას მეტისმა სამხედროებს უთხრა, რომ ზოგიერთი ადამიანის დახოცვა მას ამხიარულებს კიდეც. მას ეკუთვნის ისეთი ფრაზები, როგორიცაა, მაგალითად - „იყავი თავაზიანი, პროფესიონალი, მაგრამ ყოველთვის გქონდეს ნებისმიერი შემხვედრის მკვლელობის გეგმა“.  ხისტი ხასიათის გამო ჯეიმს მეტისს ზედმეტსახელად „ცოფიან ძაღლს“ უწოდებენ. მიუხედვად ამისა, სამხედროების უმეტესობა გენერალს დადებითად ახასიათებს. ცნობილია, რომ მეტისს უყვარს კითხვა და ბრძოლის ველზე ყოველთვის დააქვს წიგნები. მის ბიბლიოთეკაში არის როგორც რომაელი ფილოსოფოსების ნაშრომები, ასევე სუნ ძის „ომის ხელოვნებაც“. გენერალი მეტისი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში სტაბილურობას და მშვიდობას საფრთხეს უპირველეს ყოვლისა ირანი უქმნის. თეირანთან შეთანხმების გამო ის ბარაკ ობამას ადმინისტრაციას ხშირად აკრიტიკებდა.  „ცოფიან ძაღლს“ არც ტრამპის ყველა მოსაზრება მოსწონს. წინასაარჩევნო მარათონის დროს ყოფილი გენერალი  მილიარდერის მიერ NATO-ს შესახებ გაკეთებულ ნეგატიურ განცხადებებს არ დაეთანხმა. მეტისი მიიჩნევს, რომ  ალიანსის ზოგიერთმა მოკავშირე სახელმწიფომ მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ავღანეთში მეტი ჯარისკაცი დაკარგა, ვიდრე აშშ-მა. მეტისი არ მოერიდა რუსეთის გაკიცხავს მოსკოვის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიისა და უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში კონფლიქტის ესკალაციის გამო. კონგრესში გადამდგარ გენერალს გავლენიანი მხარდამჭერები ჰყავს. მათ შორისაა არიზონელი სენატორი ჯონ მაკკეინიც. თუმცა მეტისის თავდაცვის მდივნად დანიშვნა იოლი არ იქნება. აშშ-ის კანონმდებლობით სამხედრო და სამოქალაქო პირების თანამდებობი ერთმანეთისაგან მკაცრადაა გამიჯნული. პენტაგონის ხელმძღვანელის სავარძლის დაკავება  შეიარღებული ძალებიდან წასულ სამხედროს მხოლოდ 7 წელიწადში შეუძლია. მეტისის შემთხვევაში კოგრესს სპეციალური კანონის მიღება და გამონაკლისის დაშვება მოუწევს. აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, სავარაუდოდ,  კიდევ  2  გადამდგარი გენერალი იქნება. ერთი ერაყის ომის ვეტერანი ჯონ კელია. ის ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივნის პოსტზე წარადგინა. მას საიმიგრაციო რეფორმის გატარება და ტერორიზმთან ბრძოლა დაევალება, რაც ტრამპის წინასაარჩვენო კამპანიის დროს პრიორიტეტულ ამოცანად ითვლებოდა. მეორე კი 57 წლის გენერალ-ლეიტენანტი მაიკლ ფლინი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი გახდება. ფლინი 2012-2014 წლებში სამხედრო დაზვერვის სააგენტოს ედგა სათავეში. როგორც თავად ამბობს, ის სამსახურიდან რადიკალურ ისლამზე მისი შეხედულებების გამო დაითხოვეს. ფლინი მიიჩნევს, რომ ისლამი პოლიტიკური იდეოლოგიაა. მაიკლ ფლინი დიდი ხნის გამავლობაში დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი გახლდათ, თუმცა 2016 წლის არჩევნების დროს ჰილარი კლინტონს მწვავედ აკრიტიკებდა და ყოფილი სახელმწიფო მდივნის დაპატიმრებასაც კი ითხოვდა. საინტერესოა, რომ მაიკლ ფლინი ხშირად ჩნდებოდა  რუსულ ტელეარხ Russia Today-ის ეთერში.

„მეგობრები და მოკავშირეები“

დონალდ ტრამპის კაბინეტში პორტფელი ასევეოკლაჰომის ყოფილ გენერალურ პროკურორსაც შეხვდება. ის გარემოს დაცვის სააგენტოს უხელმძღვანელებს. სკოტ პრუიტი გლობალური დათბობის კუთხით ბარაკ ობამას პოლიტიკის მიმართ ყოველთვის სკეპტიკურად იყო განწყობილი. პრუიტი ეჭვქვეშ აყენებს მეცნიერების დასკვნას იმის შესახებ, რომ დედამიწაზე ტემპერატურის მატებას ადამიანების ქმედებები იწვევს. ტრამპის ჯანდაცვის მდივანი  ჯორჯიის შტატის სენატორი ტომ პრაისი გახდება, რომელიც  დემოკრატიული პარტიის ჯანდაცვის რეფორმას გადახედავს. რა სისტემას შესთავაზებს ის ამერიკელებს, ე.წ. ობამაქეარის სანაცვლოდ ჯერ კვლავ უცნობი რჩება.

ვნებათაღელვა გამოიწვია გენერალური პროკურორის პოსტზე ალაბამის სენატორ ჯეფ სეშენსის წარდგენამაც.  ის ცნობილია თავისი ულტრამემარჯვენე პოზიციით. 1986 წელს რონალდ რეიგანმა სეშენსის ფედერალურ მოსამართლედ დანიშვნა გადაწყვიტა, თუმცა კონგრესში მას მხარი არ დაუჭირეს. რამდენიმე ადვოკატმა სეშენსს რასიზმში დასდო ბრალი. ტრამპის ადმინისტრაციაში ადგილს ბიზნესმენები და ბანკირებიც დაიკავებენ. მაგალითად, სწრაფი კვების ობიექტებისა და რესტორნების ქსელის მეპატრონე ენდრიუ პუზდერი შრომის მდივანი გახდება. აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ახლო მეგობარსა და რესპუბლიკური პარტიის დონორს 2017 წლიდან მშრომელთა უფლებების დაცვაზე და ახალ სამუშაო ადგილებზე ზრუნვა მოუწვს. აშშ-ის მთავარი ხაზინადარის თანამდებობაზე კი ბანკირი სტივენ მნუჩინი განიხილება. 1985-2002 წლებში მნუჩინი გლობალურ საინვესტიციო გიგანტ Goldman Sach-ში მუშაობდა და 40 მილიონი დოლარი დააგროვა. მოგვიანებით კი ჰოლივუდში წარმატებული პროდიუსერი გახდა. უოლ სტრიტზე ყველასათვის ნაცნობი მნუჩინის ხაზინის მდივნად წარდგენას მხოლოდ მიესალმნენ.

ნიუ-იორკელი მილიარდერის ადმინისტრაციაში ჯერ სამი ქალი კანდიდატია. ტრანსპორტის მდივანი ელეინ ჩაო. ის გახლავათ პირველი აზიელი ქალი, რომელმაც მდივნის პორტფელი ჯერ კიდევ ჯორჯ ბუშ უმცროსის პრეზიდენტობის დროს მიიღო. ელეინ ჩაო სენატში უმრავლესობის ლიდერ მიჩ მაკკონელის მეუღლეა. განათლების სფერო კი ტრამპმა მილიარდერსა და ფილანტროპ 58 წლის ბეთსი დევოს ჩააბარა. ის რესპუბლიკური პარტიის ხელგაშლილი მხარდამჭერია. კიდევ ერთი ქალი ლინდა მაკმაჰონი კი მცირე ბიზნესის ადმინისტრაციას უხელმძღვანელებს. ვრესტლინგის ჩემპიონატების ორგანიზატორი კომპანიის ყოფილმა უფროსმა მანამდე სენატში ორჯერ იყარა კენჭი. 2016 წლის არჩევნების დროს მაკმაჰონმა ტრამპის შტაბს 6 მილიონი დოლარი შესწირა.

აშშ-ის პრეზიდენტის ადამინისტრაციის სრული შემადგენლობა 20 იანვარამდე გახდება ცნობილი, სწორედ ამ დღეს არის დადგეგმილი დონალდ ტრამპის ინაუგურაცია. საზეიმო ცერემონიალისათვის სამზადისი ვაშინგტონში უკვე დაწყებულია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

26 აპრილი
26 აპრილი

„ყაზტრანსგაზი“ და „ინტერ რაო“ საქართველო ...

„ყაზტრანსგაზმა“, რომელიც ყაზახეთის ძირითადი გაზოენერგეტიკული და გაზოსატრანსპორტო სახელმწიფო კომპანიაა, საქარ ...
26 აპრილი
26 აპრილი

ქალაქის გამაყრუებელი დუმილი - ინტერვიუ პ ...

თუ  მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის რეკომენდაციებს დავეყრდნობით,  დიდი ხნის განმავლობაში ხმაურიან გარემოში ყოფ ...
25 აპრილი
25 აპრილი

გვიპოვეთ, თუ შეგიძლიათ

თბილისის 202-ე უსინათლოთა სკოლის მოსწავლეები - ანა, თაკო, სოფი და მე დირექტორის კაბინეტის მისაღების წინ, მოზრდილ ოთ ...

მეტი

^