Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პანსიონში, ოჯახიდან შორს

15 დეკემბერი 2016

საქართველოში დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ მზრუნველობამოკლებული ბავშვები საბჭოთა კავშირისდროინდელი, ე.წ. „ბავშვთა სახლების“ მსგავს გარემოში აღარ უნდა ცხოვრობდნენ. სივრცე, სადაც ისინი უნდა იზრდებოდნენ, ოჯახურ გარემოსთან უნდა იყოს მიახლოებული. ამ მიზნით საქართველოში 2006 წლიდან არაერთი დიდი ზომის ინსტიტუცია დაიხურა, თუმცა საქართველოში ისევ ფუნქციონირებს დაწესებულებები, სადაც ბავშვები ტიპური „ბავშვთა სახლის“ გარემოში აგრძელებენ ცხოვრებას. ასეთია, ე.წ. სკოლა-პანსიონები, რომელიც თავის დროზე განათლების სამინისტრომ დააფუძნა, ახლა კი ადგილობრივი თვითმმართველობა მართავს. ერთ-ერთი მათგანია ბორის სკოლა-პანსიონი. 

სოფელი ბორი. ხარაგაულის რაიონი. სკოლა-პანსიონის ეზოში ფერადი კარუსელები ცარიელია. გარეთ ჟინჟლავს და სუსხია. ბავშვების ხმები შენობების კედლებიდან გარეთ აღწევს. სკოლის მოსწავლეები კიბეზე ჟივილ-ხივილით დარბიან. ყველა მათგანს ხელში შავი, თითქმის ერთნაირი, ტყავის ახალთახალი ფეხსაცმელი უჭირავს. ზოგს გადახლართული თასმით კისერზე აქვს ჩამოკიდებული. ზამთრის ფეხსაცმელები მეათე კლასელებს მერხებზეც ულაგიათ. სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს საჩუქრები დილით ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მოუტანეს.

ბორის სკოლაში 132 მოსწავლეა. 23 მათგანი შენობის ეზოში მდებარე პანსიონში ცხოვრობს. აქ ბავშვები იმერეთის რეგიონის სხვადასხვა სოფლიდან არიან. შენობა, რომელიც 1961 წელს აშენდა, კიცხის სკოლა-ინტერნატის სახელით იყო ცნობილი. მას შემდეგ აქ მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის დიდი ინსტიტუცია იყო. დაწესებულება დღეს, უკვე ბორის სკოლა-პანსიონის სახელით, პანსიონურ მომსახურებას ინარჩუნებს. პანსიონში ბავშვები ძირითადად ოჯახების მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო ხვდებიან.   

ვიდეო: სოფო აფციაური

3 საათია. გაკვეთილები დასრულებულია. საჩუქრებით ხელში მოსწავლეები სახლებისკენ მიეშურებიან.

მედეა და ფიქრია მეგობრებთან ერთად პანსიონში რჩებიან. ბავშვები ტელევიზორის წინ ხის სკამებზე ჩამწკრივებულან. ერთ-ერთ ინდურ ტელესერიალს უყურებენ. სერიალის მონოტონური ხმები მათ საძინებელ ოთახებამდეც აღწევს. კედლის ერთ მხარეს გოგონების საძინებელი ოთახია მოწყობილი, მეორე მხარეს - ბიჭების. ერთ ოთახში 10-მდე ბავშვის საწოლი დგას. თითოეულის კედელზე მათი პირადი ნივთები კიდია. ეს ერთადერთი ადგილია, სადაც მათ პირადი სივრცე აქვთ მოწყობილი. ბიჭებისა და გოგონების ოთახებს კარები არ აქვს.

ფიქრია 15 წლისაა. 9 წელია, პანსიონში ცხოვრობს, ძმასთან ერთად. დედამ აქ ოჯახის მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო მოიყვანა. მამა არ ჰყავთ. უფროსი ძმა ახლა სახლშია, მაგრამ ისიც წლების განმავლობაში პანსიონში იყო. თავიდან ფიქრია სკოლის შესახებ აღფრთოვანებული ჰყვება. გვეუბნება, რომ აქ ძალიან მოსწონს, გაკვეთილების მერე ჭრა-კერვის, ცეკვის, სიმღერის გაკვეთილებით ერთობა.

სწავლა არ მიყვარსო, დანანებით ამბობს. ადრე წიგნებს ვკითხულობდი, მომწონდაო, მაგრამ ახლა გულს ვეღარ ვუდებო. პროფესიულ სასწავლებელში უნდა ჩაბარება.

„აქაც კარგია, მაგრამ დედას რომ არ უჭირდეს ჩვენი შენახვა, ჩემს ოჯახში მირჩევნია. დედასთან, ძმებთან ერთად“.

„სახლში ყოფნა ვის არ უნდა“, - კითხვითვე გვპასუხობს 13 წლის მედეაც. მედეას პანსიონში მოხვედრის მიზეზიც გაჭირვებაა. დევნილი მრავალშვილიანი ოჯახიდანაა. აქ ორ უფროს ძმასთან ერთად 8 წელია ცხოვრობს. მამა არ ჰყავთ.

„ახლაჩემი ოჯახი ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მაგრამ დევნილებს გვპირდებიან, ახალ სახლებს მალე მოგცემთო. დედამ მითხრა, ახალი სახლი რომ გვექნება, წაგიყვანთო“.

პანსიონში მცხოვრებ ბავშვებთან გაკვეთილების დასრულების შემდეგ ერთი აღმზრდელი რჩება.

„მშობლებივით ვართ. გაკვეთილების მერე ბავშვები ამოდიან, ტანსაცმელს იცვლიან, თუ კარგი ამინდია, ეზოში თამაშობენ. თუ არა, აქვე შაში გვაქვს, ტელევიზორს უყურებენ, გაკვეთილებს ამზადებენ“, - გვიყვება ეთერ ნიქამაძე, აღმზრდელი.

40 წელია სკოლა-პანსიონში მუშაობს. ადგილობრივია. ბავშვებთან დღეში 6 საათს ატარებს, 250 ლარი აქვს ხელფასი.

ამბობს, რომ ადრე უფრო კარგი მდგომარეობა იყო. ჰქონდათ სასკოლო და სააღმზრდელო პროგრამა, რომლითაც ბავშვებს ამეცადინებდნენ. ახლა სიახლეები გვჭირდებაო, ახალი ცოდნის შეძენაზე უარს არ ვიტყოდით აღმზრდელებიო.

ჰამლეტ ბერაძე, რომელიც 2005 წლიდან სკოლა-პანსიონის დირექტორია, შენობას გვათვალიერებინებს.

ამბობს, რომ თითქმის 60 წლის შენობა ავარიული არაა, თუმცა ინფრასტრუქტურა გასაუმჯობესებელია.

შენობა სახარბიელოდ მართლაც არ გამოიყურება. ახლა სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. კედლებზე ლურჯ, ერთ დროს ხასხასა საღებავს ფერი უკვე გადასული აქვს. შენობის ნაწილის იატაკი ბეტონისაა. ფანჯრებია მხოლოდ ახალი - მეტალოპლასტმასის. რემონტია აბაზანა-ტუალეტშიც, რომლითაც პანსიონში მცხოვრები ბავშვები სარგებლობენ. შენობის ყველა დანარჩენი ძირითადი დეტალი წლების წინანდელი, სკოლა-ინტერნატის დროინდელია.

კიცხის სკოლა-ინტერნატს 2005 წლამდე მხოლოდ პანსიონური მომსახურება ჰქონდა. ის ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ფინანსდებოდა. 2005 წელს, სკოლების ოპტიმიზაციის პროცესის შემდეგ, როცა სკოლები საჯარო იურიდიული სამართლის პირებად ჩამოყალიბდა, კიცხის სკოლა-ინტერნატის მდგომარეობა ღიად დარჩა. ჰამლეტ ბერაძე იხსენებს, რომ მაშინ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლა-პანსიონს რეგისტრაცია არ გაუუქმა, თუმცა ვერც სტატუსი დაუდგინა.

ამიტომ დირექტორმა სამინისტროს მიმართა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის ბრძანებით („ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლების წესდების დამტკიცების შესახებ“), კიცხის სკოლა-ინტერნატი ბორის საჯარო სკოლად გადაკეთდა.  ამავე ბრძანების მესამე დანართი სკოლას პანსიონური მომსახურების შენარჩუნების საშუალებას აძლევდა.

ახლა საჯარო სკოლა განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაშია. პანსიონს ადგილობრივი თვითმმართველობა წელიწადში 105 ათასი ლარით აფინანსებს. დირექტორი ამბობს, რომ ეს თანხა ძირითადად, თანამშრომლების ხელფასებზე იხარჯება, რომელთა რაოდენობა 30-ს აღწევს. ბავშვების კვებაზე ერთ-ერთი ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია ზრუნავს.

ეჭვის თვალით უყურებს პანსიონის ბიუჯეტს არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ბავშვებისთვის” წარმომადგენელი ანდრო დადიანი. ამბობს, რომ ბიუჯეტის დაგეგმვის პრინციპი გაუგებარია და საეჭვოა, არის თუ არა გათვალისწინებული ბავშვების საჭიროებები. მისი განმარტებით, ეს თანხა ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტსაც კი არ აფინანსებს, როგორიც კვებაა:

„ერთ დღესაც არასამთავრობო ორგანიზაციამ დაფინანსება და საკვების მოტანა რომ შეწყვიტოს, ბავშვების საკვების გარეშე დარჩენის საფრთხე დადგება. ამასთან, ჩემთვის ბუნდოვანია, რატომაა გათვალისწინებული ამხელა თანხა მხოლოდ თანამშრომლების ხელფასებისთვის, როცა აღმზრდელი მხოლოდ ოთხია და მათი ანაზღაურებაც მიზერულია. ამიტომ გაუგებარია, რეალურად რაში იხარჯება ეს ფული”, - ამბობს დადიანი.

სკოლა-პანსიონები რეგულირების მიღმა

ბავშვთა კეთილდღეობის რეფორმა, რომელიც რამდენიმე წლის წინ დაიწყო, დიდი სააღმზრდელო დაწესებულებებიდან ბავშვების გამოყვანასა  და მათთვის ოჯახურ გარემოში ცხოვრების ხელშეწყობას გულისხმობდა. 2006 წლიდან მოყოლებული 40-ამდე ბავშვთა სახლი დაიხურა. გაჩნდა მცირე ტიპის საოჯახო სახლები, რომლებიც 6 წლის ზემოთ ბავშვებს იღებს. ნაწილი კი მინდობით აღზრდაში გადავიდა.

რეფორმის მიუხედავად, რიგი დაწესებულებები, რომლებიც  ბავშვებს 24-საათიან ზრუნვას სთავაზობს, რეგულირების მიღმა დარჩა; მაგალითად,  რელიგიური კონფესიების, ადგილობრივი მთავრობების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კერძო ფილანტროპების მიერ დაფუძნებული ან დაფინანსებული მომსახურებები, ასევე, განათლების სამინისტრო მიერ დაფუძნებული საჯარო სკოლები პანსიონური მომსახურებით.

2016 წელს სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ კანონში ცვლილებები შევიდა. ცვლილებების მიხედვით, ყველა დაწესებულებამ, რომელიც მზრუნველობამოკლებულ ბავშვებზე ზრუნავს, 2017 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზია უნდა მიიღოს.  წინააღდეგ შემთხვევაში, მათ წინააღმდეგ 2017 წლის სექტემბრიდან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 462-ე მუხლით განსაზღვრული პასუხისმგებლობის ზომა ამოქმედდება. ეს გულისხმობს, რომ  დაწესებულება, რომელიც კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე საქმიანობს, დაჯარიმდება 3000 ლარით.  საყურადღებოა, რომ სავალდებულო ლიცენზირების ნუსხაში არ მოხვდა განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლა-პანსიონები. კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, ლიზენზირებისგან მხოლოდ ისინი  თავისუფლდებიან.   

გასულ წელს ორგანიზაციამ „პატრნიორობა ბავშვებისთვის” მთავრობასთან შეთანხმებით და ჰოლანდიის მთავრობის ხელშეწყობით  ყველა ის დაწესებულება შეისწავლა და აღწერა, რომელიც ბავშვებს 24-საათიან ზრუნვას სთავაზობს.

მოკვლევამ აჩვენა, რომ  ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური განათლების სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლა-პანსიონებია. თუმცა მოგვიანებით მათი დაფინანსება ადგილობრივმა მთავრობამ თავის თავზე აიღო.

ასეთი სულ  ხუთი სკოლა-პანსიონია: 4 აჭარაში (ჩაისუბანი, მერისი, სალიბაური, შუახევი),  ერთი კი - ხარაგაულის რაიონში (ბორის სკოლა). მოკვლევის დროს ხუთივე სკოლა-პანსიონში 475 ბავშვი ირიცხებოდა.

კვლევაში საუბარია, რომ ეს სკოლა-პანსიონები აგრძელებენ ფუნქციონირებას, როგორც ბავშვთა სახლები და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა რეზიდენტული დაწესებულებები. მათ ბენეფიციართა უმეტესობა  სოციალურად გაჭირვებული ოჯახებიდანაა. 

ასევე, საუბრია იმაზე, რომ არ არსებობს ამ დაწესებულებებში ჩარიცხვის კანონით განსაზღვრული წესები და კრიტერიუმები. გადაწყვეტილებას დაწესებულების ადმინისტრაცია იღებს: „ამ დაწესებულებებზე არ ვრცელდება ბავშვზე ზრუნვის სახელწმიფო სოციალური სამსახურის ზედამხედველობა, თუნდაც ბავშვთა დაცვის კუთხით, და სტანდარტები. კითხვებს იწვევს აღნიშნული დაწესებულებების დაფინანსების მექანიზმებიც“.

ამას ადასტურებს ბორის სკოლა-პანსიონის დირექტორის მონაყოლიც. ჰამლეტ ბერაძე გვიყვება, რომ მასთან ხშირად ცრემლიანი მშობლები მიდიან, ეუბნებიან, რომ რთული ოჯახური მდგომარეობა აქვთ, ან ფინანსურად უჭირთ და ეს შესაძლოა პანსიონში ბავშვის მიღების ერთადერთი მიზეზი იყოს.

“ბავშვის მისაღებად საჭიროა მისი სოციალურად დაუცველობის დამადასტურებელი საბუთი. მას შემდეგ, რაც ვრწმუნდები, რომ სახლში ბავშვს ნამდვილად აქვს სოციალური პრობლემა, გადაწყვეტილებას მე ვიღებ”, - ამბობს დირექტორი.

ანდრო დადიანი „პატრნიორობა ბავშვებისთვის” მიერ ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი ავტორია. მან პირადად მოინახულა ყველა ის დაწესებულება, რომელიც ბავშვებზე 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ.

ის ამბობს, რომ  რეალურად ეს პანსიონები, როგორც დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულებები, აქამდე მხოლოდ იმიტომ შემორჩნენ, რომ  მათი საქმიანობით არავინ დაინტერესდა.

„ეს ჯანდაცვის სამინისტროს პასუხისმგებლობაა. ბავშვი  ბიოლოგიური მშობლისგან მოშორებით ცხოვრობს. ფაქტობრივად, ეს მზრუნველობამოკლებული ბავშვია, უბრალოდ არავის უზრუნია იმაზე, რომ მას ასეთი სტატუსი მიეღო.  მზრუნველობამოკლებულება განპირობებულია სოციალური პრობლემით. თუმცა ვიღაცამ უნდა დააყენოს საკითხი, რომ ბავშვი სხვის მზრუნველობაშია, საშინელ პირობებში. უნდა შევისწავლოთ მისი ოჯახის მდგომარეობა და გამოვუძებნოთ ოჯახური ტიპის ალტერნატივა“,- ამბობს ანდრო დადიანი.

რაც შეეხება ლიცენზირების ნაწილს, თუ რატომ მოხვდნენ სწორედ ეს სკოლა-პანსიონები გამონაკლისში, კვლევის ავტორები ამბობენ, რომ ეს დაწესებულებები ვერანაირ სტანდარტს ვერ დააკმაყოფილებდა, ვერც ფიზიკური გარემოს და ვერც ზრუნვა/განათლების ნაწილში. სტანდარტის მიხედვით, ასეთ დაწესებულებაში ბავშვების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10-ს, რომ ისინი ოჯახთან მიახლოებულ გარემოში იზრდებოდნენ. ამიტომ, სავარაუდოდ, ეს სკოლა-პანსიონები ვერ დააკმაყოფილებენ ამ მოთხოვნებს და მათი დახურვა მოუწევდათ.

დადიანის თქმით, მთავრობაში მიიჩნევენ, რომ ადგილობრივი მთავრობისთვის ეს პოლიტიკურად არაპოპულარული ნაბიჯი იქნებოდა - ადგილობრივები დაუსაქმებლები დარჩებოდნენ. შესაბამისად, ბავშვების ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე ამ სკოლა-პანსიონებს კვლავ არ შეეხნენ. ხოლო იმისთვის, რომ ეს სკოლა-პანსიონები სტანდარტებს მოერგონ, სახელმწიფოს მნიშვნელოვანი ინვესტიცია დასჭირდებოდა.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ ამ სკოლა-პანსიონებზე პასუხისმგებლობას არ იღებენ, რადგან ეს პანსიონები თავის დროზე ადგილობრივმა მთავრობებმა შეინარჩუნა.

სამინისტროს ინკლუზიური სამმართველოს ხელმძღვანელი, ეკა დგებუაძე საუბრობს იმის შესახებ, რომ განათლების სამინისტრო მხოლოდ რამდენიმე ტიპის პანსიონს ხედავს და აფინანსებს. ესენია პანსიონები: მძიმე და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისთვის,  უსინათლო და მცირემხედველი მოსწავლეებისთვის, სმენის არმქონე და სმენადაქვეითებული მოსწავლეებისთვის და ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე ბავშვებისთვის. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, მათი რეკომენდაციაა, დაიხუროს ასეთი დაწესებულებები და არც ლიცენზირების წინააღმდეგი არიან.

მიუხედავად იმისა, რომ განათლების სამინისტროს წარმომადგენელი ღიად ემხრობა პანსიონის დახურვას, ჯანდაცვის სამინისტროში გვპასუხობენ, რომ სწორედ განათლების სამინისტრომ უნდა გადაწყვიტოს სკოლა-პანსიონების საჭიროების საკითხი და, შესაბამისად, მისი საქმიანობაც დაარეგულიროს:

„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მათ აქვთ საკუთარი მოსაზრებები და არგუმენტები იმის დასადასტურებლად, რომ მსგავსი ტიპის პანსიონები საჭიროა განათლების მისაღებად”, - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში. აქვე განმარტავენ, რომ პანსიონებზე ჯანდაცვის სამინისტრო პასუხისმგებლობას არ იღებს, რადგან იქ არ არიან ზრუნველობამოკლებული ბავშვები. მათ ჰყავთ მშობლები.

როგორც სამინისტროში გვიპასუხეს, სწორედ იმის გამო, რომ “ქვეყანაში მომრავლებულია, ე.წ. სკოლა-პანსიონები, მათ შორის რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებით, სადაც მშობლები „აბარებენ“ ბავშვებს, სახელმწიფომ 2016 წელს სააღმზრდელო საქმიანობის შესახებ ახალი კანონი მიიღო. კანონის გამიჯნავს სკოლა-პანსიონებს სააღმზრდელო დაწესებულებებისგან და იქ იქნებიან მხოლოდ მზრუნველობამოკლებული ბავშვები.  დანარჩენი დაწესებულებები, რომლებიც თავის თავს სკოლა-პანსიონებს უწოდებს, დაიხურება, გარდა განათლების სამინისტროს მიერ „აღიარებული“ სკოლა-პანსიონებისა”, - ამბობენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ანდრო დადიანი მიიჩნევს, რომ არსებული ფორმით ბორის სკოლა-პანსიონის არსებობა ცალსახად გაუმართლებელია და ის უნდა დაიხუროს. ასევე ფიქრობს, რომ პანსიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის ყველა ის რისკი, რომლებიც ბავშვთა სახლებში არსებობდა, ბულინგიდან დაწყებული სექსუალური ძალადობით დამთავრებული, ისევ არსებობს, რადგან არ არის შესაბამისი გარემო. ბიჭების და გოგონების საძინებელ ოთახებში კარიც კი არ არის, ღამით კი მათთან მხოლოდ ერთი ძიძა რჩება.   

ბორის სკოლა-პანსიონთან დაკავშირებით იხსენებს, რომ  გასულ წელს სექსუალური ძალადობის შემთხვევაზეც იყო საუბარი. ის არ გამორიცხავს, რომ ეს სიმართლე იყო. 

ამ შემთხვევის შესახებ ბორის სკოლა-პანსიონის  დირექტორს ვკითხეთ. ამბობს, რომ ეს ფაქტი პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული და თანამშრომელი, რომელმაც სავარაუდო სექსუალური ძალადობის შესახებ ისაუბრა, მას არ გაუთავისუფლებია. მან სამსახური საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. როგორც დირექტორი ამბობს, პროკურატურამ შეისწავლა შემთხვევა, მაგრამ ფაქტი არ დადასტურდა და საქმეც დაიხურა.

რეგულირების მიღმა დარჩენილი სკოლა-პანსიონები ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ იმ ბოლო ანგარიშშიც მოხვდნენ, რომლებიც  ბავშვების უფლებებსა და ამ კუთხით არსებულ პრობლემებს ეხება.

როგორც პოლიტიკის დოკუმენტშია ნათქვამი, 2016 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ფუნქციონირებს სახელმწიფო რეგულირების მიღმა არსებული ბავშვთა 36 დიდი ზომის სადღეღამისო დაწესებულება, სადაც 1146 ბავშვი ცხოვრობს.

მიუხედავად იმისა, რომ ასეთი დაწესებულებების არსებობა ხშირად ბავშვების შიმშილისგან გადარჩენის მიზეზითაა გამართლებული, როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ამგვარი არჩევნის დაყენება იმთავითვე არასწორი და კანონსაწინააღმდეგოა. გაერო-ის ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია, ყველა ბავშვს შეუქმნას ზრდისა და განვითარების პირობები, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანი უფლებაა, ბავშვმა იცხოვრობს ოჯახში, მშობლებთან და და-ძმასთან ერთად.

მასალა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

11 დეკემბერი
11 დეკემბერი

მშობლები, შვილები და განათლება

უსაფრთხოება სკოლაში, მასწავლებლები და მათი დამოკიდებულებები, განათლების ხარისხი, მშობლების მონაწილეობა შვილების განათლებ ...
08 დეკემბერი
08 დეკემბერი

პაციენტის ტატუმ ეთიკური დილემა წარმოშვა

დილის შემოვლის დასრულების შემდეგ ექიმ გრეგორი ჰოლტს გადაუდებელი მედიცინის განყოფილებაში ახალი პაციენტის სანახავად დაუძახ ...
07 დეკემბერი
07 დეკემბერი

12 მგ. „მდმა”-ისთვის 9 წლით დაპატიმრებულ ...

გამარჯობა, მე მიხაილო ვარ, DJ და პროდიუსერი. პირველად ციხეში 2009 წელს ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის” მოხ ...

მეტი

^