Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"აზდაკის ბაღის" საახალწლო აურზაური

20 დეკემბერი 2016

“აზდაკის ბაღი” - ასე ქვია პირველ ინკლუზიურ თეატრალურ დასს, რომელიც მარტში ერთი წლის გახდება. დასში 32 ადამიანია გაერთიანებული - 18 შეზღუდული შესაძლებლობის და შვიდი ტიპური განვითარების დამწყები მსახიობი; ასევე რეჟისორი, ფსიქოლოგი/ოკუპაციური თერაპევტი და სხვა მოხალისე მსახიობები.

ბაჩო გაბრუაშვილი დასის რეჟისორია. შვიდი წლის წინ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ერთ-ერთ დღის ცენტრში სპექტაკლის დადგმა შესთავაზეს. ამის შემდეგ სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობდა. მერე გაჩნდა თეატრალური დასის შექმნის იდეა. ბაჩომაც თანამოაზრე ადამიანები დღის ცენტრებიდან შეკრიბა. მოგვიანებით, გუნდს მარტყოფის, "საქართველოს კარიტასის" მცირე საოჯახო ტიპის სახლის ფსიქოლოგი, ქეთი ქიმოტსელი დაუკავშირდა და დასს მარტყოფში მცხოვრები ოთხი ბავშვი შეუერთდა.

მიცკევიჩის ქუჩაზე, ერთ-ერთი შენობის სარდაფში, 45 კვადრატული ზომის ოთახი ბაჩომ თავისი სახსრებით იქირავა. ნიკა, ლიკა, სესილი, ლექსო, გიგო და მათი მეგობრები კვირაში სამჯერ იკრიბებიან. მარტყოფიდან კი, შეზღუდული ფინანსური რესურსების გამო, თბილისში კვირაში მხოლოდ ერთხელ ახერხებენ ჩამოსვლას. ახლა საახალწლო სპეკტაკლზე მუშაობენ. 

პირველი სპექტაკლი - "ბოშები" თბილისის მერიამ დაუფინანსათ. ამის შემდეგ გუნდმა მერიაში პროექტი შეიტანა და დასის მუშაობის გასაგრძელებლად საჭირო თანხები ითხოვა. წელიწადში დაახლოებით 180 ათასი ლარი სჭირდებოდათ, თუმცა დაფინანსებაზე უარი მოუვიდათ:

“სამწუხაროდ, მერიიდან დაფინანსებაზე უარი მივიღეთ იმ არგუმენტით, რომ სხვა თეატრთან უკვე ჰქონდათ შეთანხმება დადებული და მათი დაფინანსებისთვის თანხები უკვე გამოყოფილი იყო. თუმცა ის თეატრი აქამდე არ შექმნილა”, - ამბობს ბაჩო გაბრუაშვილი.

მეორე სპექტაკლზე სამუშაოდ საჭირო ფინანსები არ აქვთ. ბაჩო და ქეთი თავისი რესურსებით ცდილობენ დასის საქმიანობის გაგრძელებას. თეატრალური კოსტიუმები ითხოვეს, მსახიობებს კი მიზერულ ჰონორარს უხდიან. თუმცა, რეჟისორი ამბობს, რომ კულტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებები აქვთ და იმედია, დასი მუშაობას მომავალშიც შეძლებს: 

"თეატრის კონვენციას არ ვარღვევთ და მსახიობებს ჰონორარს ყოველთვის ვუხდით, თუმცა ეს არაა ის ანაზღაურება, რაც მათ ეკუთვნით. მსახიობები აქტიურად მუშაობენ და მათ ღირსეული ხელფასი სჭირდებათ", - ამბობს დასის რეჟისორი. 

ლექსო 23 წლისაა. რეპეტიციაზე დღეს დედასთან ერთადაა მოსული. ნაცარქექიას როლს ასრულებს. პროფესიით მხატვარია, მაგრამ რამდენიმე თვის წინ დასში გაწევრიანდა და თავისი შესაძლებლობები თეატრშიც მოსინჯა. დღის განმავლობაში დატვირთული გრაფიკი აქვს, თამაშობს რუსთაველის თეატრშიც, ხატავს აქტიურად. სულ ახლახან დაამთავრა კოლეჯი, სადაც მზარეულის პროფესია შეისწავლა, თუმცა ამ ეტაპზე თეატრში ყოფნა და ხატვა ყველაზე მეტად მოსწონს.

ნანა ლებანიძე ლექსოს დედაა. ამბობს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის მსგავსი აქტივობები სოციალიზაციისთვის უმნიშვნელოვანესია: "ლექსოს და მის მეგობრებს აქ ყოფნა ბევრ რამეში ეხმარებათ. გააუმჯობესეს მეტყველება, უფრო თამამები და გამბედავები, სოციალურები გახდნენ".

ლიკა დუაძეც დასის ერთ-ერთი, შედარებით ახალი მსახიობია. ლიკას მეტყველების პრობლემა აქვს, თუმცა დედამისი, ლუიზა გაბაიძე ამბობს, რომ დასში თამაშმა და რეჟისორისა და ფსიქოლოგის სწორმა მიდგომამ, ლიკას კომპლექსები მოუხსნა.

ქეთი ქიმოტსელი მარტყოფში “საქართველოს კარიტასის” მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში მესამე წელია ფსიქოლოგად მუშაობს. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიმართ დასის სწორი მიდგომების გამო, გადაწყვიტა, მათთან მარტყოფში მცხოვრები ბავშვებიც დაეკავშირებინა.

ამბობს, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის უდიდესი თერაპიაა გარკვეული როლის მორგება და თამაში. დასის წევრებს დრამთერაპია კომუნიკაციის უნარების განვითარებაში, თვითშეფასების ამაღლებაში, საზოგადოებაში დამკვიდრებაში, ემოციების, აზრების გამოხატვაში ძალიან ეხმარებათ. ასევე, ქეთის თქმით, დასის მსახიობები ამ პერიოდის განმავლობაში გაცილებით ლაღები, კომუნიკაბელურები გახდნენ.

“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები 21-ე საუკუნეში არ უნდა იყვნენ ჩვენი საზოგადოებისგან ცალკე, ეს ადამაინები არიან ქმედუნარიანები, აქვთ ინტერესები, თავისი საქმე, რომელიც აუცილებლად ანაზღაურებადი უნდა იყოს. ყველაფერი ერთად კი მათ ცხოვრების სტიმულსა და დამოუკიდებელი ცხოვრების შესაძლებლობებს აძლევს”,- ამბობს ქეთი.

"აზდაკის ბაღის" ბაზაზე 2017 წლის იანვრიდან იხსნება პროფესიულ-თეატრალური სტუდია "აზდაკის ბაღიც", სადაც მიიღებენ ტიპური განვითარებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, 10 წლის ზემოთ მყოფ მსურველებს. სტუდიაში შეისწავლება: მსახიობის ოსტატობა, მეტყველების კულტურა, სიმღერა და რითმიკა. ქეთი ამბობს, რომ 4-წლიან სასწავლო პერიოდში სტუდიის აღსაზრდელებთან იმუშავებენ კვალიფიციური პედაგოგები.

დეკემბერში კი, სპექტაკლის "საახალწლო აურზაური ზღაპარეთში" პრემიერა შედგება. წარმოდგენა გაიმართება სხვადასხვა თეატრში, სკოლებსა და გასართობ პარკებში, დაგეგმილია გასვლა ორ სხვადასხვა ქალაქში. სპექტაკლს ითამაშებენ საქველმოქმედოდ მოხუცთა თავშესაფარში, ბავშვთა საავადმყოფოსა და ბავშვთა სახლებშიც. 

იქამდე, ერთ პატარა ოთახში, სესილი მალვინას, გიგო ბურატინოსი, ლექსო კი ნაცარქექიას როლს მოირგებენ და თეატრალურ კოსტიუმებში გამოწყობილები, კვირაში 3-ჯერ სპექტაკლისთვის მოემზადებიან.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^