Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ბრძოლა ელისეისთვის

20 დეკემბერი 2016

2017 წლის მაისში საფრანგეთი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. არჩევნებამდე ჯერ კიდევ 6 თვეა, თუმცა ბრძოლა პრეზიდენტობისათვის უკვე კარგა ხნის გაჩაღებულია. აქამდე დაპირისპირება უმეტესწილად პარტიებს შიგნით მიმდინარეობდა, რომლებიც საპრეზიდენტო კანდიდატებს ირჩევდნენ. ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ კონსერვატიული „რესპუბლიკელების“ (Lეს ღéპუბლიცაინს) საპრეზიდენტო კანდიდატი ფრანსუა ფიიონი იქნება, ხოლო „ეროვნული ფრონტის“ (Fრონტ Nატიონალ) სახელით მარინ ლე პენი იბრძოლებს. ჯერ კიდევ უცნობია მმართველი სოციალისტების საპრეზიდენტო კანდიდატი, რომელსაც პარტია იანვარში აირჩევს. სამაგიეროდ, ცნობილია, რომ 4%-იანი რეიტინგის მქონე მოქმედი პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი, არ აპირებს ხელმეორედ კენჭისყრას. საერთოდ, 2017 წელს სოციალისტის გაპრეზიდენტების ალბათობა მცირეა, რადგან პარტიას დაბალი რეიტინგი აქვს და ბევრ ჯგუფადაა დაქსაქსული. ყველაზე დიდი ალბათობით საპრეზიდენტო არჩევნების ბოლო რაუნდში ფიიონი და ლე-პენი იბრძოლებენ.

მარინ ლე პენი

ფრანსუა ფიიონი პრეზიდენტობის კანდიდატი უპრეცედენტო შიდაპარტიულ არჩევნებში გახდა, რომელიც პირველად ისტორიაში საფრანგეთის ყველა მოქალაქისთვის ღია იყო. რაკი სოციალისტებს გამარჯვების მინიმალური შანსი აქვთ, ლე პენის მთავარ კონკურენტად კონსერვატორი კანდიდატი აღიქმება. ამიტომ არჩევნებს სამ მილიონზე მეტი ფრანგი დაესწრო, რათა ისეთი კონსერვატორი კანდიდატის შერჩევა უზრუნველეყოთ, 2017 წელს ლე პენის დამარცხებას რომ შეძლებს.

ფაქტობრივად, მთელი შიდაპარტიული ბრძოლის განმავლობაში წამყვან კანდიდატად მიიჩნეოდა ბორდოს მოქმედი მერი, ყოფილი პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ალან ჟიუპე, რომელსაც მეორე ადგილზე ექსპრეზიდენტი სარკოზი მოსდევდა. ფიიონი, ვისი ბედიც ბოლო რამდენიმე კვირამ გადაწყვიტა, მხოლოდ მესამე ადგილს იკავებდა.

ფიიონი გამოცდილი პოლიტიკოსია, რომელიც 27 წლის ასაკიდან მოყოლებული მუდმივად ფრანგულ პოლიტიკაშია. 2007-2012 წლებში იგი პრემიერ-მინისტრიც იყო პრეზიდენტ სარკოზის ხელისუფლებაში, თუმცა ეს არ ყოფილა მისი საუკეთესო კარიერული მომენტი და სწორედ 2012 წლის შემდეგ დაიწყო ფიიონის პოლიტიკური ცხოვრების ყველაზე კონსერვატიული ფაზა, რომელმაც იგი 2016 წელს კონსერვატორთა საპრეზიდენტო კანდიდატად აქცია.

ფრანსუა ფიიონი 

ფიიონის მოულოდნელ გამარჯვებას დიდწილად წლებით ადრე მისი უფრო მარჯვნივ გადასვლა ხსნის. ფრანსუა ფიიონი ჯერ კიდევ ახალგაზრდობიდან მოყოლებული „გოლისტი“ იყო, რაც პრეზიდენტ შარლ დე გოლის პოლიტიკური პრინციპებისა და პოზიციების მიმდევრობას გულისხმობს. „გოლიზმი“ ფრანგული პატრიოტიზმისა და ნაციონალიზმის ერთგვარი ნაირსახეობაა. მას ახასიათებს ტრადიციული სკეპტიციზმი როგორც აშშ-ის, ასევე ევროპული კავშირის მიმართ, რადგან ორივეს სუვერენული დამოუკიდებლობის ხელისშემშლელ ფაქტორებად აღიქვამს. „გოლიზმის“ ერთ ნაირსახეობას - „სოციალურ გოლიზმს“ მემარცხენე პოლიტიკური პრაქტიკაც ახასიათებდა. ამ ხედვის მიხედვით, რომელსაც ფიიონიც იზიარებდა, დადებითად მიიჩნევა სახელმწიფოს ეკონომიკაში ჩართულობა ეროვნული სტაბილურობისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. თუმცა 2012 წელს დაწყებულმა ტრანსფორმაციამ ფიიონისგან ახლებური „გოლისტი“ დატოვა. ფიიონმა შეინარჩუნა „გოლისტური“ კონსერვატიული ნაციონალიზმი, მაგრამ უარყო „გოლიზმის“ მემარცხენე ასპექტები და მეტიც, მემარცხენე კეთილდღეობის სისტემის ერთ-ერთ მოწინავე ოპონენტადაც იქცა. ამის ნაცვლად, ფიიონი ტეტჩერისტული რადიკალური ეკონომიკის მომხრეა, მისი კულტურული პრეფერენციები კი — კონსერვატიულია. ფიიონი მტრობს მულტიკულტურალიზმს და ემხრობა „ბურკინის“ აკრძალვას. როგორც აქტიური კათოლიკე, ფიიონი ასევე ეწინააღმდეგება აბორტსა და ერთნაირსქესიანთა ქორწინებას, რომელთაგან საფრანგეთში ორივე ლეგალურია. 1982 წელს ფიიონმა ჰომოსექსუალობის დეკრიმინალიზაციის წინააღმდეგაც მისცა ხმა, თუმცა, მისივე თქმით, დღეს იგი უკვე აღარ აპირებს არც აბორტის და არც ერთნაირსქესიანთა ქორწინების თაობაზე კანონების შეცვლას.

ფიიონი ნამდვილი რადიკალია, როგორც კულტურული გაგებით, ასევე ტეტჩერისტული ეკონომიკური პრეფერენციებით, რომელთა წყალობით, იგი დაასრულებს 35-საათიან სამუშაო კვირას, თავს დაესხმება ფრანგული რესპუბლიკის კეთილდღეობის სისტემას და მასობრივად შეამცირებს საჯარო მოხელეებს. „ალან ჯიუპე ცდება, როცა ჩემს წინადადებებს ზედმეტად სარისკოს, ან რადიკალურს უწოდებს... მე ვეუბნები მას, რომ, თუ ჩვენ დღეს არ გავწევთ ყველა რისკს, არც კი ვიცი, როდისღა გავწევთ რისკს!”, - ქარიზმატულად შესძახა შიდაპარტიული არჩევნებისას ფიიონმა დამსწრე საზოგადოებას მაშინ, როცა ალან ჟიუპე ზომიერი კონსერვატიზმით ცდილობდა ფონს გასვლას და ცენტრისა და მემარცხენეების მიზიდვას. ჟიუპე ხაზს უსვამდა მულტიკულტურალიზმს და სხვა ფრანგულ რესპუბლიკანურ ღირებულებებს.

ტრამპის გაპრეზიდენტებიდან რამდენიმე დღეში გამართულ პარტიულ არჩევნებზე ფიიონის მესიჯმა გაცილებით დიდი მხარდაჭერა მოიპოვა. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ფიიონმა შეძლო ლე პენის მესიჯების მითვისებაც. მართლაც, იმიგრაციის, ისლამის, უსაფრთხოების, ნაციონალიზმისა და კონსერვატიზმის საკითხებზე ლე პენსა და ფიიონს შორის სავსებით არ არის ისეთი დიდი განსხვავება, როგორც ბევრს ოპტიმისტურად წარმოუდგენია, თუმცა დიდი განსხვავება არც მათ საგარეო პოლიტიკურ პრეფერენციებშია. ფიიონი პუტინის მეგობარია. ის ემხრობა რუსეთის ჩართულობას სირიის პრობლემის გადაჭრაში და პუტინის საგარეო პოლიტიკის კრიტიკის პასუხად, „ამერიკულ იმპერიალიზმსა“ და NAთO-ს კოსოვოში შესვლაზე იწყებს საუბარს.

ფრანგ მემარჯვენეთა ორგანიზებული არჩევნების ფონზე სრულიად არაორგანიზებული და დაქსაქსულია მემარცხენე ფრონტი. ჯერ კიდევ გაურკვეველია როგორც სოციალისტური პარტიის მომავალი, ასევე მისი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა. თუმცა უკვე ცნობილია, რომ ფრანსუა ოლანდი, მოქმედი სოციალისტი პრეზიდენტი, რომლის რეიტინგიც ისტორიულად დაბალ 4%-იან ნიშნულზეა, პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის აღარ იბრძოლებს.

სოციალისტური პარტიიდან საპრეზიდენტო ნომინაციისთვის იბრძოლებენ: მანუელ ვალსი, არნო მონტებურგი და ბენუა ჰამონი. მონტებურგი, რომელიც სოციალისტების მემარცხენე ფრთას წარმოადგენს, წარსულში ეკონომიკის მინისტრი იყო, რომელმაც 2014 წელს მთავრობას მემარჯვენე ეკონომიკურ ნაბიჯებში დასდო ბრალი და თანამდებობიდან გადადგა. წელსაც იგი პარტიას ანტიგლობალისტურ პროგრამას წარუდგენს, რომელიც ერთ-ერთ მთავარ მიზნად გლობალიზაციის ეფექტებისაგან ფრანგული მრეწველობის დაცვას ისახავს.

ოლანდის პრემიერი - მანუელ ვალსი არსებითად ოლანდის სოციალური და ეკონომიკური პოლიტიკის გამგრძელებლად მიიჩნევა, თუმცა არაერთი მემარცხენის აზრით, ოლანდის ადმინისტრაციამ მემარცხენე ეკონომიკურ პრინციპებს უღალატა, რითაც დაკარგა შეხება თავისსავე ამომრჩეველთან. ბენუა ჰამონი ერთი მათგანია, ვინც მიიჩნევს, რომ პარტიამ ოლანდის კურსი კი არ უნდა განაგრძოს, არამედ ახალი უნდა აირჩიოს, მაგრამ ყველა წინასწარი გამოკითხვის მიხედვით, სოციალისტების საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება მემარჯვენე ფრთის ლიდერი მანუელ ვალსი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ დატოვა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, რათა საპრეზიდენტო მარათონში ჩართულიყო.

მანუელ ვალსი

თუმცა სოციალისტური პარტიისგან დამოუკიდებლად, მემარცხენე პლატფორმის სახელით ორი სხვა ძალაც იბრძოლებს: ჟან-ლიუკ მელენქონის მარქსისტული „მემარცხენე პარტია“ (Pარტი დე Gაუცჰე) და ემანუელ მაკრონის სოციალურ-ლიბერალური მოძრაობა „წინ!“ (Eნ მარცჰე!). მელენქონი ყოფილი სოციალისტია, რომელმაც პარტია 2008 წლის რეიმსის კონგრესის შემდეგ დატოვა, როცა იგი მემარცხენე პრინციპებთან შეუხამებლად მიიჩნია. ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში „კომუნისტური პარტიის“ დახმარებით მან 11%-ით მე-4 ადგილი დაიკავა.

ემანუელ მაკრონი

მილიონერი მაკრონი, რომელიც არასდროს არ ყოფილა სოციალისტური პარტიის წევრი, მემარცხენე კაბინეტის რეფორმატორი მინისტრი იყო და პრეზიდენტ ოლანდის მემკვიდრედ მიიჩნეოდა, მაგრამ ეკონომიკური ხედვისა და კლასობრივი კუთვნილების გამო, ვერ შეძლებდა „სოციალისტური პარტიის“, როგორც ერთიანი ორგანიზმის, გაძღოლას. ამიტომ, 2016 წლის აგვისტოში მან ფინანსთა მინისტრის თანამდებობა დატოვა და საპრეზიდენტო კამპანიისათვის დაიწყო მზადება. მაკრონს Eნ Mარცჰე!, პროგრესულ პოლიტიკურ მოძრაობას განეკუთვნება, თუმცა იგი ფრანგულ ტრადიციულ მემარცხენეობას ნაკლებად წარმოადგენს. მაკრონი ე. წ. „პატარა მთავრობის ეგალიტარიანელია“ — მას მინიმალურად დარეგულირებული, თავისუფალი ბაზრით მიღწეული ეკონომიკური ზრდის სწამს, მაგრამ ამ ზრდის პროდუქტის მემარცხენე განაწილების მომხრეა, ჩვეულებრივი მოქალაქეების მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით. მაკრონი ახალგაზრდა და ქარიზმატულია, შესაძლოა, ზედმეტად ახალგაზრდაც კი, თუმცა მას ზურგს უმაგრებს ფინანსთა მინისტრობის დროს გატარებული არაერთი წარმატებული რეფორმა, რის გამოც როგორც მემარცხენე, ასევე მემარჯვენე დასში მიმდევრები ჰყავს.

მაშასადამე, ამ დროის მონაცემებით, მემარცხენე დასიდან საპრეზიდენტო არჩევნებზე მინიმუმ სამი ადამიანი წარდგება: ემანუელ მაკრონი, ჟან-ლიუკ მელენქონი და „სოციალისტური პარტიის“ შიდა არჩევნებში გამარჯვებული — უდიდესი ალბათობით, მანუელ ვალსი. ბოლო გამოკითხვის თანახმად, მემარცხენეთა შორის ყველაზე პოპულარული ლიდერი ემანუელ მაკრონია. გამოკითხულ მემარცხენეთა 33% ამბობს, რომ არჩევნებზე მაკრონს დაუჭერდა მხარს, 27% კი ვალსს ემხრობა. თუმცა, განსხვავებით 2013 წლის არჩევნებისგან, წელს ნაკლები მემარცხენე ამომრჩეველი იქნება, მემარცხენე კანდიდატი კი — 3, რაც სხვა არაფერს გამოიწვევს, გარდა კონსერვატორი ფიიონის გაძლიერებისა, თუ მემარცხენე დასმა შემდეგი ნახევარი წლის განმავლობაში ვითარების რადიკალურად შემობრუნება არ მოახერხა.

სანამ ფრანგული მემარცხენეობა დაქსაქსულია, ზომიერი კონსერვატიზმი კი შესუსტებული, საფრანგეთი გასცქერის არჩევანს ცუდსა და ცუდს შორის. დემოკრატია უდავოდ გაიმარჯვებს, თუმცა შეიძლება ვერ გადარჩეს რესპუბლიკა. ყველაფერი შემდეგ თვეებზეა დამოკიდებული.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

კონსტიტუცია და მისი პოლიტიკური ინტერპრეტ ...

2012 წელს ქვეყნის სათავეში მოსული „ქართული ოცნება“ გახელისუფლების შემდეგ ყველაზე მწვავე და არსებით პოლიტიკურ ...
11 ნოემბერი
11 ნოემბერი

როგორ შევამციროთ სამედიცინო შეცდომების რ ...

მსჯელობა შეცდომებზე  პარადოქსულია, რომ გასაოცარი სამედიცინო პროგრესის პარალელურად, პაციენტთა გარდაცვალების ერთ-ე ...

მეტი

^