Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აბასთუმნის ვარსკვლავები

22 დეკემბერი 2016

- ვენერა გინახავთ?

- არა

- იცით, მთვარეს ჰგავს, ახალ მთვარეს.

მზის ჩასვლის შემდეგ ცაზე პირველად ვენერა ჩნდება. ასტრონომის ღამეც ასე იწყება. საღამოს 5-6 საათიდან მკვლევრები ტელესკოპებისკენ მიიჩქარიან. გრძელ, დახვეულ კიბეს მაღლა მიუყვებიან, კოშკის გუმბათის გახსნის შემდეგ ცის ქვეშ ციურ სხეულებთან მარტონი რჩებიან.

შოთა ინასარიძე 40 წელზე მეტია, აბასთუმნის ობსერვატორიაში მუშაობს. დაკვირვებას საღამოს 6 საათზე იწყებს და დილით, 7-8 საათზე ამთავრებს. 14-საათიანი სამუშაო ღამის შემდეგ იქვე ახლოს მდებარე, თანამშრომლებისთვის განკუთვნილ კომუნალურ ბინაში მიდის და 3-4 საათს ისვენებს. შემდეგ სამუშაოს უბრუნდება და ღამით მიღებული შედეგების დამუშავებას იწყებს. დამუშავებულ მონაცემებს პარტნიორ უცხოურ ობსერვატორიებს უგზავნის.

უკვე 4 წელია, აბასთუმანში მეცნიერთა ნაწილი დედამიწასთან მოახლოებულ ასტეროიდებს აკვირდება. ინასარიძე ერთ-ერთია მათ შორის, ვინც 2013-2014 წლების დაკვირვებების შედეგად აღმოაჩინა, რომ ცნობილმა ასტეროიდმა აპოფისმა, რომელიც დედამიწას უახლოვდებოდა, 2036 წელს კი შესაძლოა შესჯახებოდა კიდეც, უკუსვლა დაიწყო. 2014 წლის თებერვალში აბასთუმნის ობსერვატორიის დაფიქსირებული მონაცემები პარიზში გაიგზავნა და აპოფისის შიშიც დასრულდა.

თუმცა 2016 წლის 3 ოქტომბერს აღმოაჩინეს, რომ ამერიკელების მიერ დაფიქსირებული მანამდე უცნობი ასტეროიდი „მარტო არ არის“, ის დედა ასტეროიდია, მის გარშემო კი მეორე, პატარა ასტეროიდი ბრუნავს. ასტეროიდებზე დაკვირვება გაერთიანებული ერების პროექტის ფარგლებში მსოფლიოს ყველა ობსერვატორიაში, მათ შორის აბასთუმანშიც, გრძელდება.

თბილისიდან დაახლოებით 240 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1 700 მეტრ სიმაღლეზე, მთა ყანობილზე ობსერვატორია მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ააშენეს. ის იმ დროისთვის პირველი მაღალმთიანი ასტროფიზიკური ობსერვატორია იყო საბჭოთა კავშირის ფარგლებში. ასტრონომიული დაკვირვებებისთვის მის უნიკალურ მდებარეობაზე არა მხოლოდ საბჭოთა, არამედ დასავლელი მეცნიერებიც საუბრობდნენ. 

მე-19 საუკუნის ბოლოს, 90-იან წლებში, აბასთუმანში რუსეთის მეფის, ნიკოლოზის ძმას მკურნალობდნენ. ახალგაზრდა უფლისწული გიორგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული. ორი სეზონის განმავლობაში მას თან მეგობარი და ასტრონომი გლაზენაპი ახლდა თან. გლაზენაპმა მაშინ მცირე, ლინზური ტელესკოპი ააწყო და მჭიდრო, ორმაგი ვარკვლავების მდებარეობა გაზომა. არადა, ჩვეულებრივ პირობებში ისინი თითქმის არ განირჩევიან. ადგილს, საიდანაც ეს მოახერხა, ახლაც „გლაზენაპის კოშკს“ უწოდებენ, თუმცა ის ახლანდელი ობსერვატორიიდან ოდნავ მოშორებით მდებარეობს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ყანობილს იმ ადგილზე გაცილებით მოხერხებული მდებარეობა ჰქონდა. როგორც ცნობილი ამერიკელი ასტრონომი ბერნჰამი 1893 წელს წერდა, გლაზენაპის დაკვირვებები ასეთი მცირე ზომის ეკვატორიალის გამოყენებით მიუთითებდა, რომ ადგილი, საიდანაც ეს დაკვირვებები წარმოებდა, ასტრონომიული სამუშაოებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო  იქნებოდა ევროპაში“.

თუმცა ობსერვატორიის დაარსება მხოლოდ 1930-32 წლებში მოხერხდა.

აბასთუმნის შემოგარენმა ყურადღება სწორედ დაკვირვებისთვის უჩვეულოდ კარგი და წყნარი ატმოსფერული პირობების გამო მიიპყრო. თუმცა გლაზენაპის კოშკის სიახლოვეს უფრო ფართო ადგილის შერჩევისას  აღმოაჩინეს მთა ყანობილი, რომელიც უფრო „განფენილი ადგილი იყო, უკეთესი ასტრონომიული კლიმატით“. აშენდა პირველი შენობები; დაიდგა ტელესკოპები. 1937 წლის შემოდგომაზე დაიწყო პირველი დაკვირვებები, რომლებიც შემდგომ გაფართოვდა; ობსერვატორიამაც ახალი დანადგარები მიიღო.

ამჟამად „ევგენი ხარაძის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი სამეცნიერო ინსტიტუტია. ობსერვატორიას დღეს 10-მდე ტელესკოპი აქვს, როგორც მკვლევრები ამბობენ, მათგან მუშა მდგომარეობაში მხოლოდ ექვსია.

მკვლევრებს გული ყველაზე მეტად დიდ ტელესკოპზე სწყდებათ, რომელიც უკვე 4 წელიწადზე მეტია,  გაჩერებულია. დაზიანებული ელექტრონაწილის აღდგენა ქართველ სპეციალისტებს არ შეეძლოთ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მკვლევრებს სპეციალისტის მონახვა და ხარჯთაღრიცხვის წარდგენა სთხოვა. აბასთუმნის ობსერვატორიის თანამშრომლებს ჩეხმა კოლეგებმა სამუშაო ჯგუფი გამოუგზავნეს. ჯგუფი მზად იყო, დაზიანებული ნაწილები უსასყიდლოდ შეეკეთებინა, ოღონდ ქართულ მხარეს ნაწილებისთვის საჭირო 220 000 ევრო უნდა გადაეხადა. თანხა 4 წლის განმავლობაში ვერ გამოინახა.

აბასთუმნის ობსერვატორიის „ანგარიშზე“ არაერთი ახალი ვარსკვლავია, ასევე - კომეტები „თევზაძე 1“ და „თევზაძე 2“, რომლებსაც მსოფლიო მეცნიერები სწორედ აღმომჩენის გვარით იცნობენ.

„ყოველი ცა-მოწმენდილი ღამე ჩვენთვის დღესასწაულია“ - ამბობს შოთა ინასარიძე და ტელესკოპს ძაბვას აწოდებს. ტელესკოპთან ახლოს მიდის, გუმბათს ხსნის, სამართავ პულტზე კოორდინატებს კრეფს და საღამოს ცაზე  ერთადერთ მანათობელ სხეულს გვაჩვენებს. „ეს ვენერაა, თუმცა კარგად არ ჩანს; ჯერ ძალიან ბევრი სინათლეა, ჰორიზონტთანაც ძალიან ახლოსაა;  სინათლის სხივმა ძალიან სქელი ფენა უნდა გამოიაროს, რყევას განიცდის და ამიტომ გამოსახულება არც ისე მკაფიოა; დაელოდეთ, დილისკენ ულამაზესი იქნება“, - გვეუბნება და შემდეგ ქვედა სართულზე, კუთხეში ხის საწერ მაგიდაზე დადგმულ კომპიუტერს გვაჩვენებს, რომელიც ობსერვატორიას 2005 წელს გადასცეს და მისი საშუალებით ტელესკოპით დაფიქსირებული მონაცემები ელექტრონულად აღირიცხება. კომპიუტერთან ახლა როლანდ სიგუა ზის. ის იმ მკვლევართა ჯგუფის წევრია, რომლებიც ინასარიძისგან განსხვავებით, არა მზის სისტემას, არამედ გარე გალაქტიკურ ობიექტებს აკვირდებიან.

„მთის კანონი, რატომღაც, მეცნიერებზე არ ვრცელდება“, - ამბობს შოთა ინასარიძე და გვიხსნის, რომ მათი საშუალო ხელფასი 500-600 ლარია. ობსერვატორიის მეცნიერ-თანამშრომელი „ცის ქვეშ“ 14 საათს ატარებს, კიდევ რამდენიმე საათს მონაცემების დამუშავებას ანდომებს, თუმცა ეს გარკვეული შეღავათებისა თუ სახელფასო დანამატის წინაპირობა დიდი ხანია აღარ გამხდარა. ინასარიძემ შარშან „გარეთ“ 342 ღამე გაატარა.

„აბასთუმნის ცას ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ბადალი არ ჰყავს“ - გვეუბნება მკვლევარი და მხოლოდ იმაზე წუხს, რომ შესაბამისი ინსტრუმენტების უქონლობის გარდა, ხელს გააქტიურებული საავიაციო მიმოსვლა უშლით.

შოთა ინასარიძე

„აბასთუმნის ცაზე ცუდს ვერავინ იტყვის. კარგია გამჭვირვალობა; ციმციმი არ არის; დიდ ქალაქებს დაშორებული ვართ და ღამის ნათება და გამონაბოლქვი ხელს არ გვიშლის; არც ისეთი ქარი იცის, რომ სარკეს გვიჭუჭყიანებდეს. ჩვენი ოცნება ტელესკოპია, დიდი, სარკე სამი მეტრი სიგრძის რომ იყოს, ავტომატიზებული, მაშინ შევძლებდით, მსოფლიოსთვის ყოველდღე მიგვეწოდებინა ჩვენი ინფორმაცია. ინფორმაცია, რომელიც ძალიან ხშირად აღმოჩენილა უნიკალური, მოძველებული აპარატურითაც კი. გარდა ამისა, აბასთუმნის ცაზე ადრე არც ერთი თვითმფრინავი არ დაფრინავდა, ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ტრასები გაყიდულია და თვითმფრინავების კვამლი ხშირად ძალიან გვიშლის ხელს“, - გვიხსნის მკვლევარი და ახალციხის უნივერსიტეტის პროფესორი.

ობსერვატორიის ტერიტორიაზე სულ ათამდე ტელესკოპის შენობაა, 10-მდე საცხოვრებელი ბინა, სადაც სულ 30-მდე ადამიანი ცხოვრობს. ყოფილ ლაბორატორიული სამუშაოების ოთახებში კი ახლა ორი სასტუმროა გახსნილი. ამბობენ, რომ ზაფხულობით სასტუმროები გადატვირთულია. ექსკურსიებისა და სტუმრების ნაკლებობა კი არც ზამთარშია.

კულტურული მემკვიდრეობა

კურორტი აბასთუმანი - ეს სიტყვები თითქოს საბჭოთა წარსულს გახსენებს. შესაძლოა, საერთოდ არც გიცხოვრიათ საბჭოთა კავშირში, მაგრამ  მშობლებისგან, ბებია-ბაბუისგან აუცილებლად  გსმენიათ კურორტ აბასთუმნის უნიკალურ შესაძლებლობებზე, მის ჰაერზე,  გოგირდოვან წყლებზე, ობსერვატორიასა და ტუბდისპანსერზე. იქ კიდევ უფრო მძაფრად აღიქვამ, რომ  ამ სიტყვათა კავშირთან ერთად (კურორტი აბასთუმანი) საბჭოთა კავშირის აღმავალი პერიოდის შემდეგ  არაფერი შეცვლილა. უფრო სწორად,  შეიცვალა, რადგან ინფრასტრუქტურა მოძველდა და შენობები დაინგრა. აბასთუმნის მთავარ ქუჩაზე მოდერნულ სტილში გადაწყვეტილი ძველი ხის სახლები ნაწილობრივ დაკეტილია, სხვაში კი ცხოვრობენ, თუმცა მათი მდგომარეობის სიმძიმე ადვილი შესამჩნევია.

მეცხრამეტე საუკუნის სახლები, რომანოვების სასახლეები, ობსერვატორია, საბჭოთა არქიტექტურის ნიმუშები (სანატორიუმები, ტუბდისპანსერები) - ეს ზოგადად აღწერს აბასთუმნის კულტურულ თუ ბუნებრივ, ისტორიულ მემკვიდრეობას. აბასთუმნის არქიტექტურისთვის საცხოვრებელი სახლებით დაწყებული და სხვა დიდი სამოქალაქო არქიტექტურით დასრულებული (მათ შორის, საბჭოთა შენობები) მთავარი მახასიათებელი გარემოსთან, იმ ბუნებრივ მემკვიდრეობასთან კავშირია, რომელსაც  ძალიან დიდი რესურსი აქვს. ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აბასთუმანში სულ 116 ობიექტს აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლებისათვის ჯერ არაფერი შეუცვლია ამ სტატუსს.

ზ. ფალიაშვილის 19, აბასთუმანი

ერთადერთი, რაც ამ დანგრეულშენობებიან, მისტიკურ დასახლებას აცოცხლებდა, ის რამდენიმე ადამიანი იყო, რომლებიც ქუჩაში შეგვხვდნენ. ამ „უკაცრიელ“ კურორტზე  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით,  937 ადამიანი ცხოვრობს. 

აბასთუმნის სახლებიდან ერთ-ერთში (ფალიაშვილის #7) სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა. ქუჩის განაპირას ქალი იჯდა, გვიან შევნიშნეთ. გვითხრა, რომ სახლი შარშან, ოქტომბერში დაეწვა.

„48 წელია, აბასთუმანში ვარ. აქ დავიბადე. ვიცი, დიდი მნიშვნელობისაა აბასთუმანი, უბრალოდ, მოვლა და პატრონობა სჭირდება. ეს სახლიც ძეგლია, 100 წელზე მეტია, არსებობს. მეც ამ სახლში ვცხოვრობდი, ოქტომბერში ძველ ელექტროგაყვანილობას ცეცხლი გაუჩნდა და სახლის ნახევარი დაიწვა. დაწვამდე თანხა არავინ გამოყო ამისთვის. წინა მთავრობაც გვპირდებოდა. ახლა დაიწყეს აღდგენა. ვიმედოვნებ, როგორიც იყო, ისეთს ჩაგვაბარებენ. აქამდე კი ამბობდნენ, სტატუსი აქვს და ვერ შევაკეთებთო“.

ლიანა ახლა ნათესავის ოთახში ცხოვრობს, სახელმწიფო ადიგენში სთავაზობდა საცხოვრებელ ფართს, თუმცა უარი თქვა და აბასთუმანში დარჩა, აქედან ხომ უფრო ადვილად ადევნებს თვალს, როგორ მიმდინარეობს სამუშაოები. 

აბასთუმნის სახლები ერთნაირად მძიმე, ავარიულ მდგომარეობაშია. იქ სადაც ცხოვრება არ შეიძლებოდა შეძლებისდაგვარად გადააკეთეს, ან სულაც მიატოვეს.  იციან, რომ მათი სახლები ისტორიული მნიშვნელობისაა, რომ არქიტექტურულ-მხატვრული ღირებულებები აქვს, თუმცა ფიქრობენ, რომ სახლებისთვის, ძეგლის სტატუსის გარდა, კიდევ ბევრი რამაა საჭირო, რათა იქ ღირსეულად იცხოვრონ.

ახლა აბასთუმანში ერთადერთი, რაზეც სიამაყით საუბრობენ, წარსულია; დაუზარებლად ჰყვებიან რომანოვების სასახლეებისა და ტუბერკულოზით განკურნებული უფლისწულის შესახებ.

მართლაც, უნიკალური ჰაერისა და წყლების გამო, მეთვრამეტე  საუკუნის ბოლოს მიიქცია აბასთუმანმა რუსეთის საიმპერატორო კარის ყურადღება.

რომანოვების სასახლე, აბასთუმანი

იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ძმა, გიორგი ტუბერკულოზით იყო დაავადებული, მან და მისმა თანმხლებმა პირებმა აღმოაჩინეს, რომ აბასთუმნის უნიკალური გარემო და ჰავა  ასტრონომიისთვის შესაბამის პირობებს ქმნიდა. აქედან იწყება აბასთუმნის ობსერვატორიის ისტორიაც. უფლისწულ გიორგისთვის აშენდა სასახლეები. ერთ-ერთი მათგანი, რომელშიც შემდეგ  სანატორიუმი „მესხეთი“ განთავსდა, 90-იანი წლებიდან დედათა მონასტერს გადაეცა. 2008 წელს სასახლე, იგივე სანატორიუმი „მესხეთი“ დაიწვა. შემორჩენილ მცირე ნაწილში ისევ მონაზვნები ცხოვრობენ.

თითქმის დამწვარი სასახლის გვერდით მეორე,  XIX საუკუნის დასასრულით დათარიღებული სასახლე დგას. ის ხისგანაა აშენებული და ახლა მხოლოდ კედლებიღა შემორჩენილა. შენობა კერძო საკუთრებაშია. მფლობელი შპს „სამეფო აბასთუმანია“, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილია. კერძო საკუთრებაშია მესამე სასახლეც.

აბასთუმნისთვის შემოსავლის წყარო,  ძირითადად, ზაფხულში ჩამოსული დამსვენებელია, რომელიც არც ისე ბევრია და ძალიან ცოტა იმისათვის, რომ მთელი წელი  იცხოვროს ადგილობრივმა. ზამთარს აბასთუმანში ტუბერკულოზით დაავადებული რამდენიმე ათეული ადამიანი თუ შემორჩება.

ქალბატონი ლანაც მარტო ცხოვრობს, მისი ოჯახი კი  თბილისშია.

„მივატოვე თბილისში ყველაფერი, ოჯახიც. ახლა აქ ვარ და გასათბობად შეშას ვჩეხ. მომეწონა აქაურობა, ადრე მხოლოდ ზაფხულობით ჩამოვდიოდი და ახლა დავრჩი. ჩემს სახლსაც აქვს სტატუსი, ვცდილობ, ისეთი შევინარჩუნო, როგორიც იყო.

როცა ვიყიდე, სახლის ნაწილი დანგრეული იყო. ჭერი არ ჰქონდა. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში მივედი და მითხრეს, რომ არ შეიძლებოდა ამის გადაკეთება. ნებართვა არ მოუციათ. არავის არ აქვს აქ ნებართვა. მე მაინც გავაკეთე, მეშინია, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. სულ ჩამოინგრეოდა მთელი ჭერი. შემეძლო, ეს ძველი ფანჯრებიც გამომეცვალა, მაგრამ არ გავაკეთე, მინდა, რესტავრაცია გავუკეთო და იგივე ფანჯრები დავუტოვო. სახლში ის ძველი ბუხარიც შენარჩუნებული მაქვს“.

აბასთუმნის ტუბდისპანსერი

სახლის არათუ რესტავრაცია, შეკეთებაც კი საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული და ამის შესაძლებლობა აბასთუმანში ბევრს არ აქვს. მუდმივი დილემის წინაშე დგანან ის ადამიანები, რომლებიც უნებურად ისეთ სახლში ცხოვრობენ, რომელიც ისტორიული, არქიტექტურული და მხატვრული იერსახით მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა აღმოჩნდა. ასეთ შემთხვევაში რთულია გამიჯვნა, სად გადის ზღვარი ადამიანის საკუთრების უფლებასა და მთლიანად საზოგადოების საკუთრების უფლებას შორის. სტატუსის მქონე სახლში მცხოვრებმა ადამიანებმა ამ შესაძლებლობებისა და ბარიერებს მიღმა როგორ უნდა მოიპოვონ ღირსეულად ცხოვრების საშუალება? კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რესტავრაცია/რეაბილიტაცია და კანონის შესაბამისად გადაკეთება დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, მას სჭირდება პროექტი, მას სჭირდება სპეციალისტები და ა.შ.  აქედან გამომდინარე,, ამისთვის მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს საკმაოდ დიდი ფინანსური  შემოსავალი, რაც ამ შემთხვევაში აბასთუმნის მცხოვრებთა ძირითადი ნაწილისთვის შეუძლებელია.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის 30-ე მუხლის მიხედვით, ძეგლის მესაკუთრეს ეკისრება პასუხისმგებლობა ძეგლის მოვლა- პატრონობასთან დაკავშირებით და თუ ძეგლი სასწრაფოდ  საჭიროებს ჩარევას, მაშინ მეპატრონე ვალდებულია, ეს გააკეთოს ნებართვის საფუძველზე. თუმცა ფინანსური პასუხისმგებლობა ეკისრება მესაკუთრეს. მართალია, დღეს მესაკუთრესთან ერთად  სახელმწიფოც არ ასრულებს კანონით განსაზღვრულ ქმედებებს, თუმცა ძეგლის მფლობელობაში არსებობა პრობლემური ხდება დაბალი შემოსავლის მქონე ადამიანისთვის.

საიას იურისტის, სულხან სალაძის თქმით, ესაა რთული და მძიმე საკითხი, რომელსაც სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ყურადღება სჭირდება. საჭიროა შესაბამისი ნორმის დადგენა, რათა არ დაირღვეს არც კულტურული მემკვიდრეობის იერსახე და ადამიანსაც მიეცეს ღირსეულად ცხოვრების საშუალება. მისი თქმით, კანონის ეს ნაწილი უფრო მორგებულია იმ დიდ კომპანიებზე, რომლებსაც საკუთრებაში აქვთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.   

„სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი; დაიცვას არა მარტო ფიზიკური თვალსაზრისით, რომ ვინმემ არ ააფეთქოს და არ გაანადგუროს, არამედ თუ ძეგლს სჭირდება აღდგენა, რეაბილიტაცია, რესტავრაცია ან  კანონით განსაზღვრული სხვა რამ, უნდა მოახდინოს რეაგირება. თუკი სახელმწიფოს არ ექნება რაღაც პოლიტიკა, ან კონკრეტული პროგრამა, რომელიც კერძო საკუთრებაში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს დაიცავს, ამის გარეშე კერძო მესაკუთრეებს ძალიან გაუჭირდებათ, თავიანთი სახსრებით შეინარჩუნონ ისე, როგორც ამას კანონი მოითხოვს და მეორე მხრივ, შეძლონ ამ შენობის ისეთ ფორმაში მოყვანა, რომელიც არ დაარღვევს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონის მოთხოვნებს.

 ადგილობრივი მცხოვრები ეთერ მათოშვილი ამბობს, რომ  მის სახლს სტატუსი ისე მიენიჭა,  არაფერი იცოდა.

შ. რუსთაველის 56, აბასთუმანი

„ჩვენ ისიც არ ვიცოდით, სახლს ძეგლის სტატუსი თუ ჰქონდა მინიჭებული. შემდეგ 2 წელი დავდიოდი თბილისში, ნებართვა რომ მოეცათ და გაგვერემონტებინა,  მაგრამ მითხრეს, რომ უნდა გაკეთებულიყო პროექტი და ეს პროექტი ჯდებოდა 10 000 ლარი, თან ან დაგიმტკიცებენ, ან არა. ამით ახალს ავაშენებდით. ამიტომაც ამ სახლის უკან ავაშენეთ ახალი, სადაც ახლაც ვცხოვრობთ“.

წლებია, ადგილობრივი  მოსახლეობა ელოდება აბასთუმნის სახლების რეაბილიტაციას, თუმცა  ეს გეგმა რამდენჯერმე გადაიდო. ახლა ამბობენ, რომ ზღაპრების აღარ სჯერათ. ადიგენის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის, გოდერძი სხირტლაძის ინფორმაციით, 2017 წელს მართლაც იგეგმება აბასთუმნის რეაბილიტაცია, თუმცა ბიუჯეტისა და კონკრეტული თარიღის შესახებ არაფერი იცის.

„რუსთაველზე დაგეგმილია ისტორიული უბნის რეაბილიტაცია. მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს და რა თანხაა ამისთვის გამოყოფილი, ჯერჯერობით ვერ გეტყვით. გაზაფხულიდან დაიდება ნუსხა და მერე გახდება ამის შესახებ ცნობილი“.

ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით კი, აბასთუმანში კულტურული მემკვიდრეობის  მხოლოდ 17 შენობას უნდა ჩაუტარდეს რეაბილიტაცია.

სხირტლაძის თქმით, იგეგმება კერძო ინვესტიციებიც. მაგ: ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი ერთ-ერთი სანატორიუმის („აღობილის“) ადგილას 120-ნომრიან სასტუმროს აშენებს.

შ. რუსთაველის 66, აბასთუმანი

დღეს სანატორიუმი „აღობილი“ აღარ არსებობს. 1930 წელს აშენებული სანატორიუმის ინვენტარიზაცია 2007 წელს ჩატარდა.  ინვესტორის მიერ დანგრეული ძეგლის სააღრიცხვო ბარათში ვკითხულობთ: „ის სცდება აბასთუმნის ფარგლებს და იმდროინდელ არქიტექტურულ სამყაროში მიმდინარე ძიებებს პასუხობს“.   ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სანატორიუმს ძეგლის სტატუსი არ მინიჭებია, თუმცა ინვენტარიზაციისას სპეციალისტების რეკომენდაცია იყო, რომ არქიტექტურულ ობიექტს ეროვნული მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი მინიჭებოდა.  ბარათის მიხედვით, სანატორიუმი „აღობილი“ თავისი არქიტექტურული მახასიათებლებით ერთ-ერთ მოდერნისტულ მიმდინარეობას, კონსტრუქტივიზმს წარმოადგენდა.  სანატორიუმის ინვენტარიზაციაზე ხელოვნებათმცოდნე ციცინო ჩაჩხუნაშვილი მუშაობდა. მისი თქმით, სანატორიუმი, მართლაც, მნიშვნელოვანი, ეროვნული მნიშვნელობის არქიტექტურული ობიექტი იყო, თუმცა ჩანდა, რომ კერძო ინტერესები იკვეთებოდა.

აბასთუმნის კულტურული მემკვიდრეობა 116 ობიექტს ითვლის. აქედან უმრავლესობა ავარიული საცხოვრებელი სახლია. ამ სახლებისა და მათი მობინადრეების მდგომარეობა კი ყოველი ზამთრის შემდეგ კიდევ უფრო მძიმდება.

კურორტი აბასთუმანი -  გაზაფხულის მოლოდინში

კურორტი აბასთუმანი ნოემბრის ბოლოს ძალიან წყნარი და თითქმის უკაცრიელია. ქუჩებში ადამიანებს იშვიათად შეხვდებით, მიტოვებულ, შუშებჩამტვრეულ, მაგრამ ბოქლომებით მაინც საგულდაგულოდ ჩაკეტილ სახლებს კი - ხშირად. მათ შორის ბევრ ისეთსაც, რომელზეც ბევრი ცოდნის გარეშეც ადვილად იტყვი - კულტურული მემკვიდრეობის ნაწილია.

დაბაში სულ რამდენიმე საოჯახო სასტუმროა, ერთი მუდმივი და ერთიც საზაფხულო კაფე. სტუმრებით განსაკუთრებით აქტიური სეზონი აბასთუმანში მაისიდან იწყება და შემოდგომამდე გრძელდება. თუმცა ლიანა ზაზანაშვილის საოჯახო სასტუმრო-კაფეს ზაფხულის შემდეგ ნოემბრამდე მხოლოდ ორი სტუმარი ჰყავდა, ისიც მხოლოდ თითო ღამით.  ამბობს, რომ დაბაში წყლის პრობლემაა, წყალი იყინება და წუხს, რომ მიუხედავად მაღალმთიანი რეგიონისა, მის კაფე-სასტუმროს მაინც უწევს წყლის საფასურის მრიცხველის მიხედვით გადახდა. ამის გამო წყალს ვერ უშვებს, მილებში იყინება. ხარისხის გამო კი ზაფხულშიც წყაროდან უწევს სუფთა წყლის ზიდვა, ონკანის წყალს მხოლოდ ტექნიკური მიზნით იყენებს.

სასტუმროს მეპატრონე ამბობს, რომ დამსვენებელიც მხოლოდ კლიმატით თუ იქნება კმაყოფილი, რადგან კურორტ აბასთუმანში გართობაც პრაქტიკულად შეუძლებელია და მაღალი კლასის დასვენებაც.  ზაფხულში მიღებული შემოსავალი კი მთელი წლის განმავლობაში ძნელად თუ ეყოფათ. ოჯახში ოთხი წევრია, მათგან არც ერთი არაა სხვა საქმით დაკავებული. აბასთუმანი ჯერაც არაა გაზიფიცირებული. გასათბობად უმეტესად შეშას იყენებენ.

სახლების დიდი ნაწილი, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია, დანგრევის პირასაა, ნაწილი კი თვითნებურადაა გადაკეთებული, ზოგმა მფლობელმა იცის, რომ ამის გაკეთება არ შეიძლებოდა, მაგრამ „თავზე ხომ არ დამენგრეოდას“ პრინციპით თავად შეაკეთეს ძეგლები, რომლებითაც წლებია შესაბამისი უწყებები არ დაინტერესებულან. სახლების ნაწილი გამოკეტილია და ფასადი ტურისტებისა და ჟურნალისტების ინტერესს თუ იწვევს, ნაწილი - შეკეთებულ-გადაკეთებული, ნაწილიც თითქმის მთლიანად მოშლილდანგრეული.

მიტოვებულ შენობას ჰგავს ოდესღაც ფართოდ ცნობილი ე.წ. ტუბდისპანსერიც. აბასთუმნის გეოგრაფიული მდებარეობა, ჰავა უნიკალურ პირობებს ქმნის  სასუნთქი გზების სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ. აქვეა ცნობილი სამკურნალო თერმული წყლებიც. აბასთუმანში კურორტის მოწყობა მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო. გაჩნდა 10-მდე ტუბსანატორიუმი. მათ შორის მიკროკლიმატური მაჩვენებლებით გამოირჩეოდა სანატორიუმი „არაზინდო“ ( ზღ.დ. 1425მ)  და „აღობილი“ (1600მ.). დღეს ერთ-ერთ სანატორიუმში საავადმყოფო კვლავაც მოქმედებს,  თუმცა 1924 წელს აშენებულ შენობაში ახლა მხოლოდ 50 პაციენტი მკურნალობს. მწყობრიდან თითქმის გამოსული რენტგენის აპარატი ახლახან ახლით შეიცვალა, თუმცა თანამშრომლები წუხან, რომ უკეთესი აღჭურვილობისა და ინფორმაციის უკეთ გავრცელების შემთხვევაში, აბასთუმანში სამკურნალო შესაძლებლობების უნიკალურობის შესახებ მთელი მსოფლიო შეიტყობდა.

აბასთუმნის რეაბილიტაციაზე ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ დაიწყო ლაპარაკი. პროექტების დაწყება  ჯერ 2015 წლის გაზაფხულზე იგეგმებოდა, შემდეგ 2016 წლისთვის, ახლა კი მცხოვრებლები 2017 წლის გაზაფხულს ელიან.

აბასთუმნის რეაბილიტაციის გეგმა 2012 წელსაც კი შემუშავდა. მის ფარგლებში კურორტზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა და სხვადასხვა ობიექტის აღდგენა გადაწყდა. ისტორიულ შენობებს პირვანდელი სახე 3 წელიწადში უნდა დაბრუნებოდა, თუმცა აბასთუმნის საქართველოს მთავარ ტურისტულ ცენტრად ქცევის იდეა ჯერაც იდეად რჩება.

საქართველომ მსოფლიო ბანკისგან 60 მლნ დოლარის ოდენობის სესხი მიიღო. პროექტის დანიშნულება საქართველოს კუთხეებში ტურიზმის ხელშეწყობაა. სახელმწიფოს თანამონაწილეობა პროექტში 20%-ია (15 მლნ დოლარი). ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის სულ 30 მილიონი დოლარია გამოყოფილი, აქედან 8 მილიონი სწორედ აბასთუმნის რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს.  თუმცა ამ გეგმების შესახებ აბასთუმნის მცხოვრებლებმა მხოლოდ ყურმოკვრით იციან. იციან, რომ გაზაფხულზე  რეაბილიტაცია დაიწყება, თუმცა ისიც ახსოვთ, რომ წინა გაზაფხულსაც ამავე იმედით ელოდნენ.

დაბა აბასთუმნის ისტორიული შენობების რეაბილიტაციის პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უნდა განახორციელოს. ფონდი მუშაობას ორი მიმართულებით აპირებს.  ერთი პროექტი სახლების პროექტირება-რეაბილიტაცია-რესტავრაციაა. მეორე კი - ობსერვატორიისა და საბაგიროს რეაბილიტაცია და  რეკრეაციული ზონების მოწყობა.

აბასთუმნის ისტორიული განაშენიანების რეაბილიტაციის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებაზე გამარტივებული ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2016 წლის 8 აპრილს გამოაცხადა, სამუშაოების ღირებულება 200 000 ლარადაა შეფასებული.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, უნდა დაპროექტდეს დაბა აბასთუმნის ისტორიულ ნაწილში, რუსთაველის ქუჩის ცენტრალურ მონაკვეთზე მდებარე 15 სახლისა და იქვე მდებარე პარკის რეაბილიტაცია; სპორტული მოედანი; საერთო სარგებლობის საპირფარეშო; ქუჩის ამ მონაკვეთში სანიაღვრე და გარე განათების სისტემების რეაბილიტაცია; ქუჩის ორივე მხარეს  დაზიანებული ტროტუარებისა და გაზონების კეთილმოწყობა; საბაღე მოსასვენებელი სკამებისა და სანაგვე ურნების განთავსება.

ტენდერში შპს „კარკასმა“ გაიმარჯვა, რომელიც სამუშაოების შესრულებას 174 ათას 999 ლარად გეგმავს.

მეორე პროექტზე კი, რომელიც აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, ტენდერი  18 ივლისს, 65 ათასი ლარის ღირებულების საპროექტო სამუშაოებზე გამოცხადდა და მასში კობა კაცაძემ გაიმარჯვა, -  61 ათას 999  ლარის ღირებულების სამუშაოების შესრულების პირობით.

დოკუმენტაციის მიხედვით, დაგეგმილია: დიდი ტელესკოპის შენობის რეაბილიტაცია; მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარე და დასახლების ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა; საბაგირო გზის რეაბილიტაცია; ავტოსადგომისა და საერთო სარგებლობის საპირფარეშოს მოწყობა. რაც შეეხება წყალმომარაგების სამუშაოებს, ეს კიდევ ერთი ცალკე პროექტის ნაწილია და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია აბასთუმნის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ცალკე გეგმავს.

ისტორიული ძეგლების, ურბანული სივრცის, ობსერვატორიის, წყალმომარაგებისა და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციას სხვადასხვა სტრუქტურა სხვადასხვა დროს გეგმავს, თუმცა სრულად სამუშაოების მოცულობისა და ვადების შესახებ ინფორმაცია არც ადიგენის მუნიციპალიტეტის ხელისუფლებას აქვს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

შეტევა საუდის არაბეთზე: ვინ ატკაცუნებს ფ ...

ახლო აღმოსავლეთში დიდი ომის საფრთხე წამოიშვა მას შემდეგ, რაც პროირანულმა იემენურმა დაჯგუფებამ უპილოტო საფრენი აპარატით & ...

მეტი

^