Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► რას აპროტესტებდნენ 2016 წელს

26 დეკემბერი 2016

2016 წელს არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა. მთელი წლის განმავლობაში მოქალაქეები სხვადასხვა ფორმით აპროტესტებდნენ არსებულ ნარკოპოლიტიკას, სოლიდარობას უცხადებდნენ მუშებს, მოითხოვდენ განათლების რეფორმას, თანასწორობას - სხვადასხვა სოციალური ჯგუფებისთვის, ეკოლოგიურად ჯანსაღ გარემოს:

ფოტო: სოფო აფციაური
გაფიცვა ტყიბულსა და ქსანში
ტყიბულელი მეშახტეების გაფიცვა 15 დღეს გაგრძელდა. გაფიცულები შრომის პირობების გაუმჯობესებას და ანაზღაურების გაზრდას მოითხოვდნენ. მეშახტებს მხარს უჭერდნენ ჭიათურელი მაღაროელები, ქსანში გაფიცული „მინის” ქარხნის მუშები და მუშები რუსთავიდან, სტუდენტები. გაფიცვა დასრულდა 29 თებერვალს,  მას შემდეგ, რაც კომპანია „ჯი-აი-ჯი ჯგუფის“ ადმინისტრაციამ მუშების მოთხოვნაზე, ხელფასის 40%-ით გაზრდაზე უარი თქვა და შემოსავლის 7%-ით, მოგვიანებით კი დამატებით 3%-ით გაზრდას შეჰპირდა. ერთი კვირის შემდეგ კი სს „მინის" ქარხნის მუშებმა შეწყვიტეს გაფიცვა. შეთანხმება კომპანიასა და საგაფიცვო კომიტეტს შორის  გაფიცვის 30-ე დღეს შედგა. მოთხოვნილი ხელფასის 30%-იანი ზრდის ნაცვლად კომპანიამ მუშებს 7,5%-ით მომატებული ანაზღაურება შესთავაზა. ასევე, დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა პროფკავშირისთვის გამოყოფილ ფართთან დაკავშირებით. 

ფოტო: ლევან ხერხეულიძე
„პაNOრამა“
პროექტ „პანორამა თბილისის“ აშენებას მოქალაქეები მთელი წლის განმავლობაში აპროტესტებდნენ. 5 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მოქალაქეთა ნაწილმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, იმ სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისთვის, რომელთა მიღების შემდეგაც „პანორამა თბილისის” მშენებლობა ნებადართული გახდა. სასამართლო პროცესი ამ დრომდე ჭიანურდება, „პანორამა თბილისის“ სამშენებლო სამუშაოები კი გრძელდება.

ფოტო: სოფო აფციაური

სტუდენტების პროტესტი
სტუდენტური მოძრაობა „აუდიტორია 115-ის“ ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, სტუდენტური თვითმმართველობის არსებული მოდელის გაუქმებაა. მარტში უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში არაერთი სამუშაო შეხვედრა მოჰყვა, მომზადდა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ შესატან საკანონმდებლო ცვლილებათა პროექტიც, თუმცა საქმე ახალი კანონპროექტის პარლამენტში ინიცირებამდე არ მისულა.

„აუდიტორია 115-ის“ აქციების პარალელურად უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმართველობა და მათი მხარდამჭერებიც მართავდნენ საპროტესტო აქციებს, ისინი თსუ-ის უკვე ყოფილი რექტორის, ვლადემიერ პაპავას გადადგომას მოითხოვდნენ.

24 ნოემბერს „აუდიტორია 115-ის“ წევრებმა თსუ-ის მე-6 კორპუსი პროტესტის ნიშნად დაიკავეს და ამ დრომდე იქ რჩებიან. მოძრაობის წევრები მოითხოვენ, გაუქმდეს „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ 45-ე მუხლი, რომელიც სტუდენტური თვითმმართველობის უფლებებს განსაზღვრავს. 

ფოტო: სოფო აფციაური

სარვამარტო აქცია
ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის“ და ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციის ინიციატივით, მსვლელობა შრომით უფლებებს მიეძღვნა. აქციის მონაწილეებმა პარლამენტის ყოფილი შენობისკენ მსვლელობა მოაწყვეს და ქალთა მოძრაობის მიერ ორგანიზებულ აქცია „პოლიტიკა SHE-ის” შეუერთდნენ.
„რა გვინდა? - თანასწორობა, როდის? - ახლა“ , „არც მოძღვარი და არც ქმარი, ქალის ბედს წყვეტს თვითონ ქალი“, - მსვლელობის დროს შეძახილები ისმოდა რუსთაველის გამზირზე. 

ფოტო: ბასტი მგალობლიშვილი

ანტიჰომოფობიური პლაკატი
თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე  ანტიჰომოფობიური პლაკატი გააკრეს. პლაკატის ავტორი, მხატვარი მუსია ქებურიაა. მისი თქმით, ნამუშევარი არა მხოლოდ ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, არამედ 17 მაისს ლგბტ აქტივისტთა დაკავებასაც მიეძღვნა.
„სახელმწიფომ ვერ მოგვცა უსაფრთხოების გარანტია. შესაბამისად, იძულებულნი ვხდებით, წელს არ აღვნიშნოთ 17 მაისი. სამაგიეროდ, უნდა აღვნიშნოთ, რომ სახელმწიფოსგან ლგბტქ ადამიანებს და მხარდამჭერებს არ გვაქვს გარანტიები, რუსთაველზე გასვლის შემთხვევაში ცოცხლები თუ გადავრჩებით“, - ამბობდნენ ლგბტ აქტივისტები, რომლებიც პლაკატის გაკვრამდე 1 დღით ადრე, სტენსილის გამო დააკავეს.

ფოტო: სოფო აფციაური
„დეკრიმინალიზაცია გარდაუვალია“

არასამთავრობო ორგანიზაციები და აქტივისტები წლის განმავლობაში რეპრესიული ნარკოპოლიტიკის ცვლილების მოთხოვნით აქციებს მართავდნენ. მათი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ყველა სახის ნარკოტიკების მოხმარებისა და მცირე ოდენობით ფლობის დეკრიმინალიზება. ისინი დღის წესრიგში მწვავედ აყენებენ ნარკოტესტირების არესული პრაქტიკის ცვლილებასაც. მათი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია, რომ დადგინდეს ნარკოტიკული საშუალებების ადეკვატური და სამართლიანი - მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი - ოდენობები.

ფოტო: ნათია ამირანაშვილი

„არა - „ხუდონჰესს“ და სხვა დიდ ჰესებს!“
წელს არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა სხვადასხვა ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ. მოქალაქეები „ხუდონის“ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის შეჩერებას მოითხოვდნენ. ისინი ასევე მოუწოდებდნენ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს წინასაარჩევნო დაპირება, პროგრამა და საკანონმდებლო დონეზე აკრძალოს დიდი ჰესების მშენებლობა, რასაც, მათი აზრით, გაუმართლებელი რისკი და დანაკარგები მოაქვს გარემოსთვის. აქციები იმართებოდა სვანეთშიც. ადგილობრივები სოფელ ჭუბერში, „ნენსკრა ჰესის“ მშენებლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ. 

ფოტო: ბასტი მგალობლიშვილი
„მე მახსოვს საბი ბერიანი“ - ერთი ქალის აქცია
2016 წლის 25 მაისს თბილისის სააპელაციო სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა და ძალაში დატოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენი, რომლის თანახმადაც, ლევან კოჭლაშვილი უდანაშაულოდ ცნეს საბი ბერიანის მკვლელობაში.
„მე მახსოვს - 10 ნოემბერს მოკლეს ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი. მან დათმო სიცოცხლე თავისუფლების ფასად“ - ამ ლოზუნგით, ტრანსგენდერთა ხსოვნის ნაციონალური დღის აღსანიშნავად, ლგბტ აქტივისტმა, ნინო ბოლქვაძემ, პარლამენტის წინ ერთკაციანი, მდუმარე აქცია გამართა.

    ფოტო: თორნიკე შევარდნაძე
„დემურ სტურუასთვის“
სამტრედიის რაიონის სოფელ დაფნარში 22 წლის დემურ სტურუამ თავი მოიკლა. მკვლელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციელის მუქარა გახდა.
რამდენიმე დღის შემდეგ სამტრედიაში, პოლიციის შენობის წინ, მოქალაქეებმა აქცია „დემურ სტურუასათვის, პოლიციური ძალადობის წინააღმდეგ" გამართეს.
„ნუ მკლავ, მეც ადამიანი ვარ", „დღეს გაჩუმება ხვალ სიკვდილს ნიშნავს" - ამ მოწოდებით „თეთრი ხმაურის მოძრაობის" მიერ ორგანიზებულ აქციაზე მოქალაქეები დემურ სტურუას საქმეში დამნაშავეთა დასჯას და რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ქმედით ნაბიჯებს მოითხოვდნენ.

ფოტო: სოფო აფციაური
ნიკა ჩერქეზიშვილის პროტესტი
პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი მთავრობის ადმინისტრაციასთან სამსახურიდან გათავისუფლებას აპროტესტებდა. ნიკა 2015 წლის 30 ოქტომბერამდე, საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო შესყიდვების უზრუნველყოფის სამსახურის უფროსად, 6 თვის გამოსაცდელი ვადით მუშაობდა. 30 ოქტომბერს ის გაათავისუფლეს და მიზეზად დაუსახელეს, რომ არის არაკომპეტენტური და კონფლიქტური კადრი. ნიკა ამბობს, რომ ამ 6 თვის განმავლობაში არც ერთი შენიშვნა არ მიუღია, ამიტომ მისი გათავისუფლება სრულიად უსამართლო და დაუსაბუთებელი იყო. ჩერქეზიშვილმა გადაწყვეტილება სასამართლოშიც გაასაჩივრა, რამდენიმე დღე იშიმშილა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო კი პროსტესტი დროებით შეწყვიტა. მოქალაქეებმა მისი მხარდამჭერი აქციაც გამართეს.

ფოტო: სოფო აფციაური
პროტესტი ზვარეში
2 ნოემბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ზვარეში, ორ ადგილობრივ მოსახლეს, რომლებიც სოფელში შეშას ეზიდებოდნენ, შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს" თანამშომლებმა გზა გადაუკეტეს და უთხრეს, რომ ადგილობრივებმა შეშა კომპანიის ტერიტორიიდან მოიპარეს. ზვარეში მცხოვრებლებმა მათ უპასუხეს, რომ შეშა არ მოუპარავთ, ტყიდან მოჰქონდათ. შელაპარაკების დროს, კომპანიის წარმომადგენლები ადგილობრივებს ფიზიკურად გაუსწორდნენ, იყენებდნენ ცივ იარაღს. ინციდენტს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროში" დასაქმებული ორი მუშა შეესწრო. კომპანიის წარმომადგენლებმა მუშებსაც სცემეს. ოთხივე მათგანი იმ საღამოსვე სხეულის სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს - ამის შესახებ ზვარეში მცხოვრები ადამიანები და კომპანიაში დასაქმებულები ჰყვებიან. მეორე დღეს კი კომპანიაში დასაქმებულმა მუშებმა პროტესტის ნიშნად სამუშაოს შესრულებაზე უარი თქვეს. მათ პროტესტსსოფლის მოსახლეობაც შეუერთდა, ასევე - რკინიგზის პროფკავშირების წარმომადგენლებიც. მუშები ამბობდნენ, რომ სამუშაოს არ დაუბრუნდებოდნენ, სანამ კომპანიის მენეჯმენტი არ შეიცვლებოდა. 
დაახლოებით ერთი თვით ადრე ამავე კომპანიაში დასაქმებული მუშები გაიფიცნენ, ისინი მძიმე შრომის პირობებსა და კომპანიის მხრიდან კანონის უგულებელყოფაზე საუბრობდნენ. გაფიცვის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე რკინიგზის ახალი პროფკავშირის წევრები და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანიშნული მედიატორი კომპანიის წარმომადგენლებს  შეხვდნენ და გარკვეულ საკითხებზე შეთანხმდნენ.

ფოტო: სოფო აფციაური
არ დავთმოთ ღამე
25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე „ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის” ინიციატივით, ღამის მსვლელობით აღინიშნა. 
„არ დავთმოთ ღამე" - ამ მოწოდებით ქალები სექსუალურ შევიწროებას და ქალთა მიმართ ძალადობას აპროტესტებენ. – „ჩვენ, ქალები, ვითხოვთ უსაფრთხო საჯარო სივრცეს! 
ჩვენ, ქალები, ვითხოვთ, სათანადოდ ვიყოთ დაცულები კანონმდებლობით!“ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^