Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რომელ ადამიანს უნდა, რომ ეუბნებოდნენ, იყავით, მაგრამ ისე, რომ არ ჩანდეთ, არავინ გაიგოს თქვენს შესახებ, იყავით, იარსებეთ ისე, თითქოს არ არსებობთ?!”

მალხაზ სონღულაშვილი

ნატა

ოთხი წლის წინ, როცა სოფლიდან წამოსვლა გადაწყვიტა, უკვე კარგად ჰქონდა გაცნობიერებული, რომ თბილისში დალხენილი ცხოვრება არ მოელოდა. ყველაფერი კარგად დაგეგმა, იცოდა, როგორც მოუწევდა თავის რჩენა, თუმცა, გადაწყვიტა, რომ დამცირებისა და შეურაცხყოფის ატანას ასე სჯობდა. კი არ წამოვიდა, გამოიპარა. თავიდან ძალიან გაუჭირდა - წასასვლელი არსად ჰქონდა და თავს სარდაფს აფარებდა. ღამით გადიოდა სამუშაოდ. მაშინ მხოლოდ მე-8 კლასში იყო.

ნატა 21 წლის ტრანსგენდერი ქალია. დღეს სალონში სტილისტად მუშაობს და თავის უზრუნველყოფაც შეუძლია, თუმცა 4 წლის წინ ყველაფერი სხვაგვარად იყო. ქალაქში ახალჩამოსულს იმავე გზის გავლა მოუწია, რომელსაც საზოგადოებისგან გარიყული ტრანსგენდერი ადამიანები უფულობის გამო დაადგებიან ხოლმე.

როცა სახლში არავინ იყო, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს იცვამდა, ტანზე ფარდას შემოიხვევდა და სწორედ ამ დროს გრძნობდა თავს ყველაზე კომფორტულად. ბებიას ამაზე მხოლოდ ეცინებოდა, ბავშვურ გატაცებად მიიჩნევდა, თუმცა ამის გამო არასდროს გაბრაზებულა.

სკოლაშიც იცოდნენ, რომ ბიჭები მოსწონდა. მე-4 კლასში იყო, როცა ფურცელზე „მიყვარხარ” დაწერა, კალმის ბუდეში ჩადო, ჩაჰბერა, მაგრამ ადრესატის ნაცვლად მასწავლებელს მოარტყა. ყველამ ასე გაიგო, რომ კლასელი ბიჭი უყვარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქმე „მშობელთა კრების“ მოწვევით დასრულდა, კლასელებისგან აგრესია არასდროს უგრძვნია. დღემდე ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს, იმ ფურცლის ადრესატის გარდა. თუმცა სხვა მოსწავლეები ერჩოდნენ, დასცინოდნენ.

„სანამ ქალის ტანსაცმელს ჩავიცვამდი, სოფელში კარგად მექცეოდნენ. სკოლიდან სახლამდე ტყე მქონდა გასავლელი, ისე მეშინოდა... ხან ვინ დამხვდებოდა, ვინ რას მესროდა, ბევრჯერ ვუცემივარ“ - ამბობს ნატა.

დედა ყოველთვიურად აკითხავს; კარგი ურთიერთობა აქვთ. მამას, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, თავისი იდენტობა თბილისში ჩამოსვლის შემდეგ გაუმხილა, მისწერა, რომ ტრანსგენდერი ქალია, მხარდაჭერის ნაცვლად კი მხოლოდ შეურაცხყოფა და მუქარა მიიღო.

ნათესავების მხრიდან დამოკიდებულება რამდენიმე წლის წინ შეიცვალა, როცა თბილისში გოგონათა სილამაზის კონკურსში მიიღო მონაწილეობა. კონკურსი ტელევიზიამ გააშუქა და ყველამ შეიტყო, რომ ნატა ტრანსგენდერი ქალია. ოჯახისთვისაც მაშინ გახდა პრობლემა მისი იდენტობა.

„აქ რომ ჩამოვედი, სექსმუშაკად დავიწყე მუშაობა. კარგად რომ მომქცეოდნენ, ალბათ, სოფელში დავრჩებოდი. საზოგადოებამ მიბიძგა; სოფელი იყო ასეთი; ვეღარ ვძლებდი; აქ ჩამოსულს დასაქმება ძალიან გამიჭირდა, თუმცა გაცნობიერებულიც მქონდა, რომ ასე იქნებოდა. ვაგზალზე ვცხოვრობდი, პადვალში. პარიკი მეფარა. ქუჩაშიც ასე გამოვდიოდი მიუხედავად იმისა, რომ შეიძლებოდა, ვინმეს ვეცემე. შინაგანად ძლიერი ვიყავი და ვამბობდი, რომ თუ ეს ვარ, ეს უნდა ვიყო“.

ქუჩაში მუშაობა საშიშია. ნატა იხსენებს, როგორ ათრია უცხო მამაკაცმა კიბეებზე თმით. ძალიან დაშავდა, მაგრამ გამოძიებამ შედეგი ვერ გამოიღო. უთხრეს, რომ სათვალთვალო კამერებმა ვერაფერი დააფიქსირა.

„ახალი წელი დგებოდა. იმ დღეს მუშაობას არ ვაპირებდი; სოფელში უნდა წავსულიყავი და ახალი კაბა ვიყიდე, გოგოებისთვის უნდა მეჩვენებინა. ვიღაცამ მანქანით ჩაიქროლა და შავი სითხით სავსე ბოთლი მესროლა. თურმე ბენზინი იყო. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, უკან არ მობრუნებულიყო და ასანთიც არ ესროლა“.

უკვე დიდი ხანია, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს აღარ იცვამს. რამდენჯერაც ჩავიცვი, იმდენჯერ მცემესო, ამბობს.      ერთხელ კლუბიდან გამოსულს მამაკაცი დაესხა თავს და ხელი მოსტეხა. ძალადობის მსხვერპლი მას შემდეგაც არაერთხელ გამხდარა, მაგრამ პოლიციას უკვე აღარ მიმართავს. არ აქვს დახმარების იმედი, რადგან ზოგჯერ სამართალდამცავები დასცინიან და შეურაცხყოფენ. ურჩევნია, პრობლემები თვითონ მოაგვაროს.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით აღარ მგზავრობს. როცა სადმე წასვლა უნდა, ტაქსის იძახებს.

„განა მეშინია, არ მინდა, ვინმემ რამე მითხრას და ავნერვიულდე. შეურაცხყოფის ბევრი შემთხვევა ყოფილა, კენჭები უსვრიათ, უგინებიათ. ადრე უფრო ვაქცევდი ყურადღებას, ვღიზიანდებოდი. ახლა ნაკლებად, გავივლი და მალევე მავიწყდება. ათას შეურაცხმყოფელ სიტყვას გვეძახიან, მაგრამ ლესბოსელი, გეი, ტრანსი - ჩემთვის ყველა ერთია. მათი ტკივილი ჩემი ტკივილია. ვცდილობ, ასეთ გამოხდომებს არ ავყვე, ყველანაირად ვცდილობ“.

მერი

„23 წლის ვარ და ფიზიკურად დღემდე არავინ შემხებია. უფრო დამცინოდნენ ხოლმე. სხვა ტრანსგენდერ ქალებთან შედარებით ძალიან გამიმართლა. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ გამოიყურები, რამდენად შეესაბამება შენი გარეგნობა, ხმის ტემბრი შენს გენდერულ იდენტობას. მამაკაცის გარეგნობა რომ მქონოდა, სამსახურში, ალბათ, არ მიმიღებდნენ”

მერი სამკერვალო ატელიეში მუშაობს. დამსაქმებელმა მისი გენდერული იდენტობის შესახებ თავდაპირველად არაფერი იცოდა, თუმცა, როცა გაიგო, არც მას შემდეგ შესცვლია კეთილგანწყობა. მერიმ იცის, რომ მისი გამოცდილება განსხვავებულია სხვა ტრანსგენდერი ქალების გამოცდილებისგან - ქუჩაში არავინ მისდევს, არავინ აწუხებს, რადგან ბიოლოგიურად ქალისგან ვერ არჩევენ.

სოფლიდან 8 თვის წინ წამოვიდა. 15 წლის იყო, როცა დედას უთხრა, რომ ქალია. დედას გაეცინა, გაგივლის, 21 წლის ასაკში ამაზე გაგეცინებაო, მაგრამ დღეს მხოლოდ ამ ისტორიის გახსენებაზე ეცინება. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე სცადა, დედისთვის აეხსნა, თუმცა უშედეგოდ. მამას შედარებით გვიან გამოუტყდა. მოუსმინა, ძალიანაც განიცადა, ცდილობდა, მხარში დასდგომოდა, მაგრამ მაინც მის „გამოსწორებას” ცდილობდა.

„გრძელი თმა მქონდა და როცა ავიწევდი, მეუბნებოდა, გარეთ ნუ გადიხარ, მეზობლები გნახავენო. როცა ეუბნებოდნენ, რა ლამაზი გოგო გყავთო, თავს უხერხულად გრძნობდნენ, როცა ჩემი სახელის თქმა უწევდათ. არ ვაქცევდი მეზობლებს ყურადღებას, ვერც ბევრ უხეშ გამოხატულებას გავიხსენებ. უნივერსიტეტში ორმა სტუდენტმა გამოთქვა პროტესტი, მაგრამ მალევე დავალაგეთ ურთიერთობა”

მერიმ კიდევ ერთხელ სცადა, მშობლებისთვის თავისი იდენტობა აეხსნა. ამისათვის ფსიქოლოგსა და სექსოლოგთან საუბრის შემდეგ გენდერული იდენტობის დამადასტურებელი სამედიცინო მოწმობაც აიღო, პროცედურა კი სტიპენდიით დაიფინანსა. როცა სტიპენდია ამოეწურა, დანარჩენი თანხა მშობლებმა გადაუხადეს. დედა ნელ-ნელა იღებს ისეთს, როგორიც არის, თუმცა ოჯახის სხვა წევრები ჯერაც ძველი სახელით მიმართავენ.

„როცა პირველად გავედი ქუჩაში ქალის ფორმაში, მეშინოდა, ვინმეს არ ვეცნე, ვინმე ფიზიკურად არ გამსწორებოდა. ჩემმა მეგობრებმა იციან, რომ ტრანსგენდერი ვარ, მაგრამ ახალგაცნობილ ადამიანებს არ ვეუბნები, გამარჯობა, მე ტრანსგენდერი ვარ-მეთქი. ამას თუ ხშირად გავიმეორებ, მათ გონებაშიც ასე აღვიბეჭდები. რა საჭიროა? მე ვარ ქალი. ტრანსგენდერობა, ეს წვრილმანია, რომელიც შესაძლოა, მხოლოდ ახლო მეგობრის, ან პარტნიორისთვის იყოს მნიშვნელოვანი. სხვისთვის რა მნიშვნელობა აქვს?!“

თანასოფლელებს ქალის ტანსაცმელში გამოწყობილი არ უნახავთ. უნდა, რომ მშობლები მოინახულოს, თუმცა ფიქრობს, რომ ამისთვის ჯერ მზად არ არიან.

„არ მინდა, რომ ჩავიდე და სახლში გამომკეტონ. მინდა, მიხვდნენ, რომ არაფერს ვაშავებ და ამაში სამარცხვინო არაფერია. ჩემთან ერთად გამოჩენის არ უნდა შერცხვეთ. ვიცი, რომ მათთვის ჩემი ასე დანახვა ძნელი გადასატანი იქნება. ჯერ ეშინიათ საზოგადოების, მაგრამ ნელ-ნელა ყველაფერი მოგვარდება, სხვა გზა არ აქვთ”

კატია

ადრეული ასაკიდანვე მოსწონდა ქალის ტანსაცმელი და კოსმეტიკა. 10 წლის ასაკში უკვე ხვდებოდა, რომ სხვებისგან განსხვავებული იყო. ეს არც დედის თვალს გამორჩენია. კატია 15 წლის არის. დედასთან ერთად საზღვარგარეთ ცხოვრობდა, თუმცა, როცა დედამ შეატყო, რომ ფემინური ქცევები ჰქონდა, „გამოსწორების“ იმედით გადაწყვიტა, მამასთან გამოეშვა თბილისში.

აქ ყველაფერი კიდევ უფრო გართულდა. ექიმებთან წაიყვანეს - ფსიქოლოგს, სექსოლოგს გაასინჯეს, რომლებმაც დაასკვნეს, რომ მას ლგბტ ადამიანებმა „ტვინი აურიეს“.

„13 წლისა უკვე აღარ დავყავდი ექიმთან. დედას ვუთხარი, შინაგანად გოგო ვარ, ბიჭის სხეულში არასწორად დავიბადე-მეთქი. მითხრა, გარყვნილი ხარ, ავადმყოფი, გონებაჩლუნგი ხარ და მკურნალობა გჭირდება, მარტო სექსი გინდაო. ერთხელ დამინახა, რომ მისი ტანსაცმელი მეცვა, დამარტყა. რომ შემეძლოს, გარეთაც ქალის ტანსაცმლით ვივლიდი, მაგრამ ჩემი ასაკის გათვალისწინებით, არ ვარ მზად.“

იძულებული გახდა, სკოლაში ქამინგ აუთი გაეკეთებინა. უცნაურ კითხვებს უსვამდნენ; ბოლოს თქვა, რომ ტრანსგენდერია, საპასუხოდ კი დაცინვა მიიღო.

„ისეთ რაღაცებს მეუბნებოდნენ, გახსენებაც არ მინდა. ცურვაზე დავდიოდი. იქაც გაიგეს ეს ამბავი. ჩემი შვილი რომ იყოს, ყელს გამოვჭრიდიო, ამბობდნენ. მასწავლებელმა ჩემი მხარე დაიჭირა, თუმცა განწყობა მაინც ჰომოფობიური იყო.“

დღეს ნათესავთან ცხოვრობს. მამას იშვიათად ნახულობს, რადგან ყოველი შეხვედრა შეურაცხყოფით მთავრდება.

„როცა ვხვდები მამაჩემს, ხან მაგინებს, ხან შეურაცხმყოფელ სიტყვებს მეუბნება. შიში მაქვს მამის. არც ტელეფონზე მირეკავს; საერთოდ არ ვაინტერესებ. არ შემიძლია ამ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც, სულ საფრთხე მემუქრება. მირჩევნია, დედასთან წავიდე ისევ, უცხოეთში. საქართველო რომ ჰომოფობიური ქვეყანა არ იყოს, ვიცხოვრებდი, როგორც ქალი, სამსახური მექნებოდა და ოჯახი მეყოლებოდა. ვიქნებოდი ჩვეულებრივი ადამიანი, როგორიც ახლა ვარ. მინდა, ხალხმა გაიგოს, რომ ტრანსგენდერი ადამიანებისთვის აქ ცხოვრება ძალიან ძნელია. განვითარების არავითარი საშუალება არ აქვთ, სექსმუშაკობით არიან დაკავებულები და ყოველდღე ელოდებიან სიკვდილს. ამაზე მეც მიფიქრია.“

კატია ჰყვება, რომ მას შემდეგ, რაც ნათესავ ბიჭს თავისი იდენტობა გაუმხილა, მისგან სექსუალური შევიწროების მსხვერპლი გახდა. ამის შესახებ მშობლებს უთხრა, მაგრამ მათ არ დაუჯერეს, აქეთ დაადანაშაულეს, მოძალადე კი - გაამართლეს.

„ქუჩაში ბევრ სირთულეს ვაწყდები. მაგინებენ, უცნაურად მიყურებენ. თუკი ფიზიკურად არ შემეხნენ, ვცდილობ ყურადღება არ მივაქციო. დედამ მითხრა, თუკი ასეთი ცხოვრება გსურს, სადაც გინდა, იქ წადიო, მაგრამ მასთან უნდა დავბრუნდე. იქ განვითარების მეტი საშუალება მექნება. ტრანსგენდერ ქალებს აქ ცხოვრება ძალიან გვიჭირს. ჩემი თხოვნა იქნება, იქნებ, სახელმწიფო რამით დაგვეხმაროს?!“

ნიკოლო

43 წლის ნიკოლო ტრანსგენდერი მამაკაცია. მეუღლე, შვილი, ორი შვილობილი და შვილიშვილი ჰყავს. კომპიუტერის ხელოსნად მუშაობს. თავისი იდენტობის გამო მეზობლებსა და თანამშრომლებთან პრობლემები არასდროს შექმნია, თუმცა ეს მანამდე, სანამ თანამშრომლები მოკლული ტრანსგენდერი ქალის, ზიზის სასამართლო პროცესზე ნახავდნენ ტელევიზორში.

„მგონი, გაიგეს, რომ ტრანსგენდერი ვარ. იქნებ გეი ვგონივარ? არ ვიცი. მითხრეს, დაიცავი ადამიანის უფლებები, მაგრამ ტელევიზორში ნუ გამოჩნდები სახალხოდო. ჩემს თანამშრომლებს პრობლემა არ ჰქონდათ ჩემთან, თუმცა გვერდზე ოფისის თანამშრომლების გავლენის ქვეშ მოექცნენ. ადამიანურად, მეგობრულად გეუბნებით, შენთვისვე სჯობს, წახვიდეო, მეუბნებოდნენ. არ წამოვსულვარ, რაღაცნაირად მოვაგვარე.“

მეზობლებისგან აგრესიული ან უარყოფითი დამოკიდებულება არასდროს უგრძვნია. იმავე უბანში ცხოვრობს, სადაც გაიზარდა.

„როცა ადამიანს გაგიცნობენ და შემდეგ იგებენ შენი გენდერული იდენტობის შესახებ, არ აქვთ პრობლემა, მაგრამ თუ არ გიცნობენ და ტრანსგენდერად გაგიცნეს, სტერეოტიპების ქვეშ ექცევიან; შემდეგ სურვილიც არ აქვთ, როგორც ადამიანი ისე გაგიცნონ. ჩარჩოში გსვამენ; ასეთი ხარ და მორჩა.“

ცდილობს, საზოგადოების აზრს ყურადღება არ მიაქციოს. სჯერა, რომ იმ ადამიანების აზრი უნდა გაითვალისწინოს, ვინც მისთვის ძვირფასია. შვილებსაც ამას ასწავლის. მისი იდენტობის მიმართ მშობლებს უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ. ამბობს, რომ ქამინგ აუთი არასდროს უცდია და ამის საჭიროებას ვერც ხედავს.

„საერთოდ არ არის ამის აფიშირება საჭირო. რომელი ჰეტეროსექსუალი ამბობს, იცით, მე ჰეტეროსექსუალი ვარო. ამის გარკვევა თავისთავად ხდება ურთიერთობაში. თუკი ადამიანი იმდენად ახლობელი გახდება, რომ ყველაფერი უნდა იცოდეს ჩემ შესახებ, მაშინ ვეტყვი.“

ნატასგან, მერისა და კატიასგან განსხვავებით ნიკოლომ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში სახელი შეიცვალა. ახლა სასამართლოს გზით ცდილობს, პირადობაში სქესის ჩანაწერიც შეცვალოს. მის გენდერთან შეუსაბამო ჩანაწერს პირადობაში პრობლემები არაერთხელ შეუქმნია.

„ბაქოში რომ მივდიოდი, საზღვარზე 2 საათი მაყურყუტეს, სქესი შეცდომით გიწერიაო. მდგომარეობიდან ისე გამომიყვანეს, უკვე ვყვიროდი. მიყურებდნენ და იცინოდნენ. ძალიან ცუდი შეგრძნება იყო. სახალხო დამცველს მივმართე, მათ კი მითხრეს, ეგ ჩვენი ტერიტორია არ არისო. სახელმწიფო ყველგან უნდა იცავდეს თავის მოქალაქეს.“

სასამართლოში ნიკოლოს ინტერესებს საია იცავს. როგორც იურისტი ნონა ქურდოვანიძე განმარტავს, კანონის თანახმად, დაბადებისა და პირადობის მოწმობაში სქესის შესახებ არსებული ჩანაწერის შეცვლა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუკი პირი შეიცვლის სქესს. კანონი არ აკონკრეტებს, რა ითვლება სქესის შეცვლად და რა დოკუმენტები უნდა იყოს წარდგენილი აღნიშნულის დასადასტურებლად. მისი თქმით, როგორც პრაქტიკა ადასტურებს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სქესის შეცვლის შესახებ ოპერაციის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენას მოითხოვს, რაც გაუმართლებელია, რადგან შესაძლოა, ის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნიდეს, ან ტრანსგენდერ ადამიანს საერთოდ არ სურდეს და არც სჭირდებოდეს ოპერაცია, ან არ ჰქონდეს ამის ფინანსური შესაძლებლობა.

ნიკოლოს საქმე ჯერ პირველი ინსტანციის სასამართლოშია, თუმცა საქართველოს სასამართლოების პრაქტიკაში კიდევ ორი მსგავსი საქმეა, რომლებიც უკვე უზენაეს სასამართლოშია წარდგენილი. ჯერჯერობით, უცნობია, ცნობს თუ არა უზენაესი სასამართლო მათ დასაშვებად.

„ქალთა ინიციატივის მხარდამჭერი ჯგუფის“ წარმომადგენელი ქეთი ბახტაძე აღნიშნავს, რომ დოკუმენტში სქესის ჩანაწერის შესაცვლელად ოპერაციის წინაპირობად განსაზღვრა უფლების შემლახავია, რადგან უწყება მხოლოდ ბიოლოგიურ სქესს ცნობს და არა - გენდერს.

„არ არსებობს გენდერის სამართლებრივი აღიარების იმგვარი პროცედურა, რომელიც ადამიანის უფლებებს არ შელახავს. ამასთან, არ არსებობს არც კლინიკური სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც სქესის კვლავმინიჭების პროცედურებს დაარეგულირებს. საქართველოში ექიმს ჰორმონალური თერაპიის დანიშვნის უფლებაც კი არ აქვს, როცა დანიშნულების გარეშე ჰორმონების დამოუკიდებლად მიღება შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის საზიანო იყოს.“ - ამბობს ბახტაძე.

 * * *

უკვე მეორე წელია, იუსტიციის სახლთან ლგბტ აქტივისტები 10 ნოემბერს ტრანსგენდერი ადამიანების ხსოვნის ეროვნულ დღეს აღნიშნავენ. ეს დღე პირველად შარშან 2014 წელს მოკლული ტრანსგენდერი ქალის, საბი ბერიანის, ხსოვნისადმი პატივის მისაგებად აღნიშნეს. მემორიალს ტრანსგენდერი ქალი ბიანკაც ესწრებოდა, რომელიც ალბათ ძნელად თუ წარმოიდგენდა, რომ მომავალ წელს აქ ადამიანები მისი ხსოვნისადმი პატივის მისაგებად შეიკრიბებოდნენ. 2016 წლის თებერვალში ბიანკა თავის სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

სამიოდე კვირის წინ 32 წლის ტრანსგენდერი ქალი ზიზი თავისა და ყელის არეში მიყენებული მრავლობითი დაზიანებების გამო გარდაიცვალა. თავდამსხმელმა მას თავში ბეტონი ჩაარტყა და ყელი გამოჭრა, რის საფუძველზეც სამართალდამცავებმა ბრალდებულს განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს ბრალი. პროკურატურამ მკვლელობა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულად არ შეაფასა.

ნოემბერში კიდევ რამდენიმე ტრანსგენდერ ქალს სცემეს, თუმცა დამნაშავეები პოლიციის მისვლამდე გაუჩინარდნენ.

სახალხო დამცველის 2016 წლის ანგარიშის თანახმად, დისკრიმინაციის შესახებ აპარატში შესული 113 განცხადებიდან 8% სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის გამო ძალადობას ეხება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით კი, სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის მიმართ შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე 2014 წლიდან 2016 წლის 17 მაისის ჩათვლით სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ერთ ფაქტზეა აღძრული.

სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულთა კასკადი, რომელმაც როგორც საზოგადოების, ასევე არასამთავრობო სექტორების შეშფოთება გამოიწვია, პოლიტიკოსებისთვის თითქმის შეუმჩნეველი აღმოჩნდა.

ეს საკითხი არათუ ახლად არჩეული პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის დღის წესრიგში არ დამდგარა, არამედ მისმა თავმჯდომარემ ასეთი დანაშაულების გახშირებას სუბიექტური შეფასებაც უწოდა.

„ლიბერალთან“ ინტერვიუში სოფო კილაძემ აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს შეუძლია, თავი ისე განავითაროს, როგორც თავად სურს, სახელმწიფომ თანასწორობა უნდა უზრუნველყოს და, ამ მხრივ, გარკვეული გამოწვევები არსებობს, თუმცა საქართველო მაინც ისტორიულად ტოლერანტული ქვეყანაა და „აქაც შეიძლება იყვნენ ადამიანები, რომელთაც თემების ხელოვნურად აწევა სურთ“.

სახელისუფლებო პარტიებს შორის ტრანსგენდერი ქალების მიმართ ძალადობის საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, ელენე ხოშტარიამ დააყენა.

„არ გახსენდებათ ჯერ არ დასაფლავებული ტრანსგენდერი, რომელიც რამდენიმე დღის წინ სწორედ სიძულვილისა და განსხვავებულობის ნიადაგზე მოკლეს.“ - თქვა ხოშტარიამ 26 ნოემბრის სხდომაზე.

„ლიბერალთან“ საუბრისას იგი განმარტავს, რომ პოლიტიკოსები ამ საკითხზე საუბრისგან თავს იკავებენ და პრობლემას პოლიტიკის დონეზე ვერ აღიქვამენ.

„ამის შესახებ პარლამენტში სწორედ მაშინ ვსაუბრობდი, როცა ზიზი დაკრძალულიც არ იყო. ამ ფონზე, ემოციას რომ თავი დავანებოთ, მთელი რიგი ძალადობის შემთხვევები გამოვლინდა ამ ნიშნით და ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარეს ეს პრობლემა არც კი უხსენებია, თუნდაც შეფარულად. შეიძლება სახელი ვერ ეხსენებინა, მაგრამ ხომ საჭიროა აღიარება, რომ ეს პრობლემა არსებობს?!“ - ამბობს ხოშტარია.

მისივე თქმით, პოლიტიკაში საკითხისადმი ინდიფერენტულობა სამართალდამცავების მოქმედებაზეც აისახება. იგი მიიჩნევს, რომ დაჩაგრული ჯგუფების პრობლემებზე საუბარი ყველა პოლიტიკოსის ვალია, თუმცა ბევრ პოლიტიკოსს საკითხის მიმართ ჯანსაღი დამოკიდებულება არ აქვს.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი ლიკა ჯალაღანია ამბობს, რომ სიძულვილით მოტივირებული ძალადობის პრევენციის საუკეთესო საშუალება, უპირველესად, შესაბამისი ტიპის ძალადობის დასჯის მაგალითებია.

„დღეს არ გვაქვს კარგი მაგალითები იმისა, რომ ტრანსფობიური დანაშაულისთვის ვინმე შესაბამისად დაისაჯა. ზიზის საქმეში ვნახეთ, რომ მოტივის გამოკვეთის პრობლემა არსებობს, ასევე იყო საბი ბერიანის საქმეზე. 17 მაისის საქმე დღემდე სააპელაციო სასამართლოშია და პროცესი იწელება. არც ერთ საქმეზე არ დადგა განაჩენი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს, რომ თუ ამას გააკეთებს, სამაგალითოდ დაისჯება“ - ამბობს ჯალაღანია.

მისი თქმით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა ამ ნიშნით ადამიანების დისკრიმინაციისგან დაცვის მექანიზმს ვერ იძლევა.

ადამიანის უფლებებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერის მრჩეველი სოფო ჯაფარიძე ამბობს, რომ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის აღმოფხვრის თვალსაზრისით გარკვეული ხარვეზები არსებობს, თუმცა ასეთ დანაშაულთან ბრძოლა ხელისუფლების პრიორიტეტია. იგი აღნიშნავს, რომ გარკვეულწილად იზიარებს არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკას, რომ არ ხდება გახშირებული ძალადობის ფონზე ასეთ ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოებისგან ადეკვატური რეაგირება. თუმცა იმასაც დასძენს, რომ რიგ შემთხვევებში ეს საკმარისი მტკიცებულებების არარსებობით არის განპირობებული.

„ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს ძალიან მკაფიო ანტიდისკრიმინაციული გზავნილები ჰქონდეთ. მათმა განცხადებებმა ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გაძლიერებას არ უნდა შეუწყოს ხელი, რადგან პირველ რიგში ისინი არიან მისაბაძნი. ვფიქრობ, გარდატეხა უნდა მოხდეს ამ ადამიანების მენტალიტეტში. სასურველია, თუ უწყებების შიდა რეგულაციებში ჩაიდება ნორმა, რომელიც საჯარო მოხელეებს დისკრიმინაციულ განცხადებებს აუკრძალავს. ეს ერთ-ერთ ნაბიჯი იქნება ამ პრობლემის წინააღმდეგ” - ამბობს ჯაფარიძე.

ქორწინების კონსტიტუციაში განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით სოფო ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ ერთნაირი სქესის მქონე პირთა ქორწინება სახელმწიფოს დისკრეციის საკითხია, თუმცა პრობლემა მაშინ წარმოიქმნება, როცა ასეთი წყვილებისთვის ურთიერთობის ფორმალიზების ალტერნატიული ფორმა არ არსებობს.

„შესაძლოა, სწორედ აქ იყოს პრობლემა, მაგრამ ქვეყანა გადის განვითარების რაღაც ეტაპებს და ამ საკითხს ძალიან ფრთხილი ადვოკატირება სჭირდება. ბუნებრივია, რაღაც პერიოდის შემდეგ გარდაუვალი იქნება იმაზე მსჯელობის დაწყება, რომ ერთნაირი სქესის მქონე ადამიანების ურთიერთობა საკანონმდებლო რეგულირების ჩარჩოში მოექცეს, იქნება ეს პარტნიორობის ინსტიტუტი, თუ სხვა“ - ამბობს ჯაფარიძე.

* * *

მიუხედავად ადამიანის უფლებათა საკითხებში პრემიერის მრჩევლის ლიბერალური პოზიციებისა, ფაქტია, რომ ხელისუფლებისთვის ლგბტ თემის უფლებები მეორეხარისხოვანია. ამაზე მიუთითებს სიჩუმე პრობლემებზე ხმამაღლა საუბრის ნაცვლად; ლგბტ წყვილებისთვის ქორწინების წინმსწრებად აკრძალვა, მათი უფლებების დაცვის ნაცვლად.

ხელისუფლების მიერ ლგბტ ადამიანების ქორწინების საკითხით სპეკულირების შედეგს ტრანსგენდერი ადამიანები უკვე იმკიან. სანამ ადამიანის უფლებათა კომიტეტი ქართველი ერის ტოლერანტობით ამაყობს, ვინ თანაუგრძნობს მოკლულ ტრანსგენდერ ქალებს?  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^