Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

... და იქმნა „შუშის იალქანი“

17 იანვარი 2017

ჰამბურგის ახალი ფილარმონია - გზა ევროპის დამსხვრეული იდენტობის გასამთელებლად

შეიძლება ითქვას, რომ 2017 წლის 11 იანვარი გერმანიისთვის (და არა მხოლოდ გერმანიისთვის) უკვე ისტორიულ თარიღად იქცა: ჰამბურგის ძველი პორტის მახლობლად მდებარე აგურის შენობის ადგილას, სადაც წლების განმავლობაში ყავისა და კაკაოს მარცვლების საწყობი იყო განთავსებული, შუშის „მუსიკალური იალქანი“, ანუ ჰამბურგის ახალი და უნიკალური ფილარმონია წამოიჭიმა.

ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მშენებლობა რომელიც დაახლოებით ათი წელი გრძელდებოდა, საბოლოოდ, ევროპის ყველაზე ძვირადღირებულ პროექტად იქცა. მშენებლობისთვის თავდაპირველად გამოყოფილი 187 მილიონი ევრო დროთა განმავლობაში დაახლოებით ხუთჯერ გაიზარდა და ქალაქის მთავრობას 2100 ადგილიანი, უნიკალური საკონცერტო დარბაზი 798 მილიონი ევრო დაუჯდა.

ამბიციური არქიტექტურული პროექტი, რომელიც ცნობილმა შვეიცარიულმა კომპანიამ Herzog & de Meuron-მა განახორციელა, იმთავითვე დისკუსიისა და დაუსრულებელი კამათის  მიზეზად იქცა. თუმცა ქალაქის მამები უკვე ალაპარაკდნენ „ბილბაოს ეფექტზე“ (იგულისხმება გუგენჰაიმის ახალი მუზეუმი ბილბაოში, რომელმაც ტურისტული ნაკადი რამდენჯერმე გაზარდა ქალაქში) და აპირებენ ახალი ფილარმონია ჰამბურგისა და შესაბამისად, ჩრდილოეთ გერმანიის კულტურულ და ტურისტულ ტრენდად აქციონ. ინვესტორები კი უკვე ფიქრობენ ფილარმონიის მიმდებარე ძველი საპორტო უბანი (Hafen City) თანამედროვე შენობებით გაამდიდრონ და მიმზიდველი ინფრასტრუქტურა შექმნან.

საკონცერტო დარბაზი გამაოგნებელია თავისი არაპროპორციული, ორიგინალური, ტალღოვანი ფორმებითა და იარუსების ტერასისებული განლაგებით; რითაც ცოტათი პარიზის ახალ ფილარმონიას ჩამოჰგავს. 2015 წლის იანვარში, ტერორისტული აქტიდან სულ რაღაც ერთ კვირაში, პარიზის ჩრდილოეთით მდებარე „ლა ვილეტის“ დასასვენებელ პარკში საზეიმოდ გაიხსნა ფილარმონიის ახალი, გიგანტური შენობა, რომლის ფუტურისტული პროექტი და დიზაინი ცნობილმა არქიტექტორმა, ჟან ნუველმა შექმნა. სწორედ პარიზის ახალ ფილარმონიასთან ერთად, ჰამბურგის, ანუ როგორც გერმანელები უწოდებენ „ელბის ფილარმონია“ (Elbphilharmonie), ერთ-ერთი ყველაზე საოცარი, გამორჩეული და ძვირადღირებული არტობიექტია მსოფლიოში.

აისბერგის მოყვანილობის შენობა და კრისტალების ფორმის სახურავი უამრავი მცირე მინის ნაწილისგან შედგება, რომელიც მზესა და სინათლეს ერთროულად ირეკლავს. რის გამოც, მთელი დღის განმავლობაში შენობის განათება იცვლება. ღამით კი სპეციალური განათების სისტემის წყალობით შენობა გაჩახჩახებულ გემს ემსგავსება.

არცერთი სწორი კედელი, არანაირი სიმეტრია. უზარმაზარ სივრცეში ყველაფერი ფორმას იცვლის, მრგვალდება, იტოტება, იშლება... რაც გაუდის არქიტექტურულ ასოციაციასაც იწვევს. კედლები თაბაშირითა და მინანარევი ბეტონითა მოპირკეთებული, ხოლო ზედაპირი ნიჟარების ფორმითაა გამოაკვეთილი. დარბაზის ფორმაც და მოპირკეთებაც იაპონელმა დიზაინერმა და არქიტექტორმა, „აკუსტიკის ჯადოქარმა“, იასუხისო ტოიოტამ ითავა. როდესაც მაყურებელი დარბაზს ბოლომდე ავსებს, ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს  ყურძნის ვენახები ტერასებზეა შეფენილი. ამის გამო გერმანულმა პრესამ საკონცერტო დარბაზს „ყურძნის“ უწოდა.

მუსიკოსები აღიარებენ, რომ ორივე - დიდი და მცირე  დარბაზების აკუტიკა - ლამის სრულყოფილია. ყოველი ნოტი, ყოველი ბგერა მკვეთრად ისმის, ხოლო მათი დიფერენციაცია იოლად  შესამჩნევია. ეს დამატებით პასუხიმგებლობას უქმნის შემსრულებლებს, რადგან მებისმიერი უზუსტობა, ან ასინქრონულობა ასმაგად შესამჩნევი ხდება.

გასაგებია, რომ „ელბის ფილარმონიის“ გახსნა გერმანიის პოლიტიკური ელიტის თავშეყრის მიზეზიც გახდა. პირველ რიგებში ჩამწკრივებულ გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს, პრეზიდენტ იოაჰიმ გაუკს, ქალაქის ბურგომისტრ ოლაფ შტოლცს, მინისტრებსა და ბუნდესტაგის წევრებს კანონიერი სიამაყის მიზეზი მიეცათ. მათ აერთიანებდათ არა მხოლოდ პატრიოტული კულტურით მორწყულ-გამყარებული ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია, რომლის გარეშეც არცერთი მნიშვნელოვანი კულტული აქცია არ  ტარდება, არამედ იმის ბუნდოვანი შეგრძნებაც, რომ კულტურა გადაარჩენს გერმანიას და გერმანია გადაარჩენს ევროპას...

სხვადასხვა ეპოქისა და სტილის მუსიკა - ბაროკოს მტვერში ჩაკარგული ემილიო დე კავალიერით დაწყებული, როლფ ლიბერმანის ენერგიული მოდერნითა და ვოლფგანგ რიმის ანტიკური „რემინესცენციებით“ დამთავრებული, ქმნიდა იმის ილუზიას, რომ მკვეთრად არტიკულირებადი და საამაყო კულტურის მემკვიდრეობა ტერორიზმით გათანგულ ევროპას ერთობასა და იდენტობას შეუნარჩუნებს. და ეს ოპტიმიზმი, ერთი შეხედვით ეფემერული, მაცდური, მაგრამ გასაგები, დაგვირგვინებული ფინალური ბეთჰოვენით, არის ის მთავარი მესიჯი, რომელიც  განსაზღვრავს გერმანული თუ ევროპული კულტურის მნიშვნელობას; ერთგვარ ბილიკს ევროპის დამსხვრეული იდენტობის გასამთელებლად.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^