Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

არაქართულენოვანი სკოლების საკადრო გასაჭირი

17 იანვარი 2017

საგარეჯოს რაიონის სოფელ დუზაგრამაში აზერბაიჯანულენოვანი საჯარო სკოლა ნახევარ საუკუნეზე მეტია მოქმედებს. სკოლაში 350 მოსწავლე სწავლობს და ოცი მასწავლებელი ასწავლის. მათ შორისაა თალეჰ ფაშაევი, რომელმაც სკოლაში, ინგლისური ენის მასწავლებლად მუშაობა სექტემბრიდან დაიწყო. თალეჰი „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამაშია“ ჩართული, ის დამხმარე მასწავლებელია და ადგილობრივ პედაგოგებს სხვადასხვა საგნის სწავლებისას ეხმარება.

სკოლაში დასაქმებული მასწავლებლების უმეტესობისგან განსხვავებით მან ქართული კარგად იცის. თალეჰმა დუზაგრამის საჯარო სკოლის დასრულებისა და საატესტატო გამოცდების ჩაბარების შემდგომ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა და ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით ისწავლა. 

პროგრამა ეთნიკური უმცირესობებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის მიზნით 2010 წლიდან ამოქმედდა. ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ან სომხურენოვანი ტესტის ჩაბარების საფუძველზე სტუდენტი ერთი წელი ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას გადის, რაც ენის ცოდნის გაღრმავებაში ეხმარება, იმდენად, რომ მომდევნო ოთხი წელი სწავლა ბაკალავრიატის საფეხურზე შეძლოს.

„იმ სკოლაში დაბრუნებას მასწავლებლად, რომელიც დაასრულე, თავისი უპირატესობა აქვს, - კარგად იცნობ გარემოს, სადაც სწავლობდი. იცი, რა პრობლემები არსებობს. კარგად ხედავ ნაკლოვანებებსა და შესაძლებლობებს. ეს გეხმარება, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, სწორად იურთიერთო სხვა მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან. ეს შესაძლებლობაა, რომ შენი სკოლისთვის რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთო. რა არის ეს მნიშვნელოვანი? რა თქმა უნდა, ხარისხიანი განათლება მისცე მოსწავლეებს. ჩვენთან, სოფლებში, განათლების დონე ძალიან დაბალია. ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი მასწავლებლების არასათანადო პროფესიული მომზადებაა“, - ამბობს თალეჰი და განმარტავს, რომ სკოლაში პედაგოგები, ძირითადად, ტრადიციული, მოძველებული მეთოდებით ასწავლიან, ორიენტირებულნი არიან რამდენიმე ბეჯით მოსწავლეზე და ნაკლებ ყურადღებას უთმობენ დანარჩენებს. ამბობს, რომ მისი, როგორც დამხმარე მასწავლებლის ერთ-ერთი მიზანიც ადგილობრივი მასწავლებლებისთვის სწავლების თანამედროვე მეთოდების გაცნობაა, თუ როგორ ჩაატარონ და დაგეგმონ არა რამდენიმე მოსწავლისთვის, არამედ მთელი კლასისთვის საინტერესო გაკვეთილები.

ამბობს, რომ თავიდან ადვილი არ იყო. მისი როგორც ახალგაზრდა დამხმარე მასწავლებლის სტატუსი ადგილობრივ მასწავლებლებში პროტესტს იწვევდა, მაგრამ ნელ-ნელა ვითარება შეიცვალა.

თალეჰი სწავლისა და სწავლების პროცესში წარმოქმნილ პრობლემებზეც ამახვილებს ყურადღებას:

„ჩვენს სკოლებში მოსწავლეებს გადასცემენ იმ ცოდნას, რომელიც სახელმძღვანლოს მიხედვით უნდა იცოდნენ, მაგრამ როგორ ან რისთვის უნდა გამოიყენონ ეს ცოდნა, არ იციან, რადგან გაკვეთილი არ არის სწორად დაგეგმილი, რომ შედეგს მიაღწიონ. შედეგი არის ის, რომ მოსწავლეს დამოუკიდებელი და კრიტიკული აზროვნება შეეძლოს. ვფიქრობ, რომ აზროვნების განვითარებაში მასწავლებელი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს. ჩვენთან ეს დიდი პრობლემაა“, - ამბობს თალეჰი და დარწმუნებულია, რომ რეგიონში არსებული ერთ-ერთი მწვავე პრობლემა გოგონების ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, გარკვეულწილად, სწორედ სწავლის არასწორი მეთოდებითაა განპირობებული, რაც მოსწავლეებს დამოუკიდებელ, თავისუფალ ადამიანებად ვერ ზრდის, რომ თავიანთ მომავალზე პასუხისმგებლობა თავად აიღონ.

არაქართულენოვან სკოლებში მოსწავლეები ორენოვანი სახელმძღვანელოებით სწავლობენ. სასწავლო მასალის ნაწილი ქართულ ენაზეა, ნაწილი - ეთნიკური უმცირესობების. შესაბამისად, საგნის მასწავლებლისთვის ქართული ენის ცოდნა მნიშვნელოვანია, თუმცა, როგორც სოფელ ეშტიის საჯარო სკოლის ქართული ენის მასწავლებელი ნინა მარიკიანი ამბობს, მასწავლებლების უმეტესობამ ქართული ენა არ იცის, შესაბამისად, ვერც ამ რესურსს იყენებენ სათანადოდ.

ნინა მარიკიანმა ნინოწმინდაში სოფელ ეშტიის #1 სომხურენოვანი საჯარო სკოლა დაასრულა. თალეჰის მსგავსად ისიც სკოლის დასრულების შემდგომ 1+4 საგანმანათლებლო პროგრამით დაინტერესდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოლოგია ისწავლა, 2015 წლიდან კი ეშტიის საჯარო სკოლაში ქართულ ენას ასწავლის. ისიც „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამაშია“ ჩართული და 2016 წლიდან დამხმარე მასწავლებელია.

„განათლების სისტემაში ბევრი ცვლილებაა. ენის უცოდინრობის გამო, მასწავლებლებს უჭირთ ამ ცვლილებების შესახებ ინფორმაციის გაცნობა, ამიტომ ინფორმირებულები არ არიან. სიახლის გარეშე კი სკოლის ცხოვრება უინტერესო ხდება, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვისაც“, - ამბობს ნინა.

ნინა მარიკიანი ფიქრობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან მასწავლებლების პროფესიული განვითარებისათვის დაგეგმილი ტრენინგები მნიშვნელოვანია, თუმცა არასაკმარისი საიმისოდ, რომ სიახლემ ყველა მასწავლებლამდე მიაღწიოს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების მწირი შესაძლებლობები, სახელმწიფო ენის არცოდნა, პედაგოგთა „დაბერების“ პრობლემა, სხვადასხვა საგნობრივი მიმართულების მასწავლებელთა დეფიციტი, - უკვე წლებია, არაქართულენოვანი სკოლები ამ პრობლემების წინაშე დგანან.

სწორედ ამ საკითხებზეა ყურადღება გამახვილებული სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის მიერ 2015 წელს მომზადებულ პოლიტიკის დოკუმენტში. დოკუმენტი ეთნიკურ უმცირესობათა სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფას შეეხება.

რა სახის საკადრო პრობლემები არსებობს არაქართულენოვან სკოლებში

„მასწავლებელთა დაბერება“, ზოგადად, ქართული სკოლებისთვის პრობლემური საკითხია, მაგრამ, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს პრობლემა განსაკუთრებით თვალშისაცემი არაქართულენოვანი სკოლების შემთხვევაშია. ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს, - არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებელთა ასაკი ზოგიერთ რეგიონში ქვეყანაში არსებულ საშუალო მონაცემებზე გაცილებით მაღალია; მასწავლებლებს პრობლემა აქვთ სახელმწიფო ენის არცოდნის თვალსაზრისით, რაც, თავის მხრივ, გავლენას ახდენს არაქართულენოვანი სკოლების საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციაზე, რადგან, ენის შესასწავლად ასაკი ხშირ შემთხვევაში მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა.

როგორც დოკუმენტის ავტორები განმარტავენ, არაქართულენოვან სკოლებში ორენოვანი განათლების პროგრამები რეფორმის მნიშვნელოვანი კომპონენტია, რასაც ენობრივად და მეთოდოლოგიურად მომზადებული მასწავლებლები სჭირდება. საპენსიო ასაკში კი პედაგოგებს, უმეტეს შემთხვევაში, მსგავს ძირეულ რეფორმებში ჩართვის სურვილი ნაკლებად აქვთ.

უფრო კონკრეტულად კი 2015 წლისათვის ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა 50,4% 51 წელს ზემოთ იყო, მაშინ, როდესაც 35 წლამდე მასწავლებელთა რაოდენობა საერთო რაოდენობის მხოლოდ 22,8% შეადგენდა.

რაც შეეხება საგნობრივ მიმართულებებზე მასწავლებელთა დეფიციტს, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის მასწავლებელთა ასაკი სხვა საგნის მასწავლებლებთან შედარებით გაცილებით მაღალია. საბუნებისმეტყველო საგნებში კი „დაბერების პრობლემის“ გარდა, მასწავლებელთა ნაკლებობის პრობლემაცაა, რის გამოც საბუნებისმეტყველო საგნების სწავლება სხვა საგნის მასწავლებლებს აქვთ შეთავსებული. შესაბამისად, არაქართულენოვან სკოლებში მასწავლებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი რამდენიმე საგანს ერთდროულად ასწავლის. ამის დასადასტურებლად დოკუმენტში მოტანილია სტატისტიკა, რომლის თანახმადაც, 129 მასწავლებელი 7 სხვადასხვა საგანს ასწავლის სკოლაში, 395 კი - 6 სხვადასხვა საგანს.

კვლევის ავტორების შეფასებით, ის, რომ ერთი და იგივე მასწავლებელი რამდენიმე, ერთმანეთისგან დამოუკიდებელ საგანს ასწავლის, „საგნის არაკომპეტენტური პედაგოგის მიერ სწავლებაზე მიანიშნებს“, რაც საბოლოოდ მოსწავლეების განვითარებასა და მიღწევებზე უარყოფითად აისახება.

დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია არაქართულენოვანი სკოლებისთვის მასწავლებლების მომზადების საუნივერსიტეტო პროგრამებზეც და ნათქვამია, რომ უმაღლეს სასწავლებლებში განათლების პროგრამებზე არ სწავლობენ სტუდენტები, რომლებიც პოტენციურად არაქართულენოვან სკოლებში შეიძლება დასაქმდნენ. ამის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი კი მასწავლებელთა განათლების პროგრამის არაპრესტიჟულობაა, რომელიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში „კვოტირების სისტემით“, საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ჩარიცხული სტუდენტების დაინტერესებას ვერ უზრუნველყოფს.

რას აკეთებს სახელმწიფო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებისთვის

2016 წლიდან სახელმწიფო არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების განვითარების პროგრამას ახორციელებს. აღნიშნული პროგრამა მოიცავს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ გასულ წლებში განხორციელებულ პროგრამებს, - „ვასწავლოთ ქართული, როგორც მეორე ენა“ (2009-2015 წწ) და „ქართული ენა მომავალი წარმატებისთვის“ (2011-2015 წწ).

ახალი პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მიმართულებად განისაზღვრა ადგილობრივი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის კურსის შეთავაზება, რომელზეც აქტიური მუშაობა მიმდინარე წლის თებერვლიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების გზით სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესება.

როგორც პროგრამის ხელმძღვანელი თამარ კეკელიძე ამბობს, ქართული ენის კურსი, პირველი ნაკადის მონაცემებით, 300-ზე მეტმა მასწავლებელმა წარმატებით გაიარა. (საუბარია ენის A1 და A2 დონის დაძლევაზე).

ენის კურსს პროგრამის მონაწილე კონსულტანტი მასწავლებლები უძღვებიან, პარალელურად, სკოლებში ქართული ენის გაკვეთილებს ატარებენ და გაკვეთილების შემდგომ მასწავლებლებთანაც მუშაობენ.

თამარ კეკელიძის განმარტებით, ენის კურსის დასრულების შემდეგ მასწავლებლები ქართულ ენაზე პროფესიული უნარების ტრენინგს გაივლიან. აღნიშნული ტრენინგისთვის ცენტრი ორენოვან ფასილიტატორებს ამზადებს, რომლებიც ქართულენოვან ტრენერებს არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლებთან ურთიერთობისას დაეხმარებიან. პროგრამა ასევე ითვალისწინებს არაქართულენოვანი მასწავლებლებისთვის საგნობრივ ტრენინგებს მათ მშობლიურ ენაზე.

„წლების განმავლობაში არაქართულენოვან სკოლებში ვგზავნიდით მოხალისე ან კვალიფიციურ კონსულტანტ მასწავლებლებს. მათი მუშაობისას ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ქართული ენის ცოდნის დაბალი დონე იყო, არა მხოლოდ მოსწავლეებში, არამედ თავად პედაგოგებშიც. სწორედ ამიტომ, ამ პროგრამით აქცენტი მასწავლებლების სათანადო მომზადებაზე კეთდება. გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში საკადრო დეფიციტის შევსებაზეც ვზრუნავთ. დღეისათვის არაქართულენოვან სკოლებში გაგზავნილი გვყავს ქართულის, როგორც მეორე ენის 114 კონსულტანტ-მასწავლებელი და 162 დამხმარე მასწავლებელი. მათ შორის 28 ბილინგვი დამხმარე მასწავლებელია, რომლებიც 1+4 პროგრამის კურსდამთავრებულები არიან. ეს ორენოვანი დამხმარე მასწავლებლები არიან ის ადამიანები, რომლებიც ჩვენ გვინდა, რომ გამოვზარდოთ კვალიფიციურ კადრებად, რათა მომავალში სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ტრენერი მასწავლებლების დეფიციტი აღარ იყოს“, - ამბობს თამარ კეკელიძე.

მასწავლებლის სახლის მონაცემებით,  არაქართულენოვან სკოლებში დაახლოებით 6 000-მდე მასწავლებელია, თამარ კეკელიძის თქმით, პროგრამის პირველ და მეორე ნაკადში მათგან დაახლოებით 15%-მა გამოთქვა ქართული ენის შესწავლის სურვილი. პროგრამის ბიუჯეტი 3 მილიონი ლარია.

რამდენად ეფექტიანია სახელმწიფოს პოლიტიკა

სპეციალისტების შეფასებით, სახელმწიფოს პოლიტიკა არაქართულენოვან  სკოლებთან მიმართებით, არაეფექტიანია და ვერ უზრუნველყოფს მათ ქართულ საგანმანთლებლო სივრცეში ინტეგრირებას.

თავის მხრივ, პოზიტიურია, როცა სახელმწიფო ქართული ენის სწავლებას იწყებს, მაგრამ რეალური შედეგის მისაღწევად საჭიროა სამიზნე ჯგუფის განსაზღვრა, ვინაიდან საპენსიო ასაკის მასწავლებლებში ენის სწავლის სურვილი ნაკლებადაა, - ამბობს განათლების სპეციალისტი, სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის ხელმძღვანელი შალვა ტაბატაძე და განმარტავს, რომ მიზანმიმართული პოლიტიკით რესურსი აღარ გაიფლანგება. გარდა ამისა, მისი თქმით, საჭიროა იმ მასწავლებლების წახალისება, რომლებიც ეუფლებიან ან უკვე ფლობენ ქართულ ენას, ვინაიდან მხოლოდ ერთი ინსტრუმენტის ამოქმედებით, - სახელმწიფო ენის სწავლებით არაქართულენოვანი სკოლებისთვის გარდამტეხი და მნიშვნელოვანი ცვლილებები ვერ განხორციელდება.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მხოლოდ სტატისტიკის დათვლით, ცოტა ხანში აღმოჩნდება, რომ მასწავლებლის სახლმა არაქართულენოვანი სკოლების 80%-ს „ასწავლა“ ქართული, მაგრამ, რეალურად, 8%-ს არ ეცოდინება. პროგრამას განვითარება და დახვეწა სჭირდება. ამისათვის საჭიროა, ენის ცოდნის შეფასება იყოს რეალური, ენის ფლობისთვის კი არსებობდეს წახალისების მექანიზმები. რეალურად, სახელმწიფო ფრაგმენტულად ცდილობს პრობლემის მოგვარებას და არა სისტემურად. სისტემური ხედვის არარსებობაა მთავარი პრობლემა. სახელმწიფო მუდმივად სტრატეგიების წერაშია და რეალურ ნაბიჯებს არ დგამს“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

ქვეყანაში მასწავლებელთა სერტიფიცირება 2010 წლიდან დაიწყო. სერტიფიცირების დებულების მოთხოვნათა მიუხედავად, უმცირესობათა მშობლიურ ენებზე სასერტიფიკაციო გამოცდები არ ტარდებოდა. საგნის გამოცდის მშობლიურ ენაზე  ჩაბარების შესაძლებლობა  კი    არაქართულენოვანი სკოლების  პედაგოგებს 2016 წლიდან მიეცათ.

2010 წლიდან შემუშავდა ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლის სტანდარტი, ასევე - ბილინგვური მასწავლებლის სტანდარტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა კი ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებელთა სერტიფიცირება 2013 წლიდან დაიწყო. ცენტრის მიერ მოწოდებული სტატისტიკის თანახმად, 2014 წლიდან დღემდე, ქართულის, როგორც მეორე ენის გამოცდაზე სულ 1161 პედაგოგი გავიდა. მათგან მინიმალური კომპეტენციის ზღვარი 609 პედაგოგმა გადალახა, რაც დაახლოებით 52%-ია.

როგორც შალვა ტაბატაძე ამბობს, ყველაზე პრობლემური საკითხი, რა მიმართულებითაც ერთი ნაბიჯიც არ გადადგმულა, მომავალი მასწავლებლების მომზადებაა. მისი თქმით, ამ მიმართულებით მხოლოდ უნივერსიტეტებმა იაქტიურეს და ორენოვანი მასწავლებლებისთვის მოსამზადებელი პროგრამები შეიმუშავეს, მაგალითად კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ახალციხის უნივერსიტეტო მოაქვს, თუმცა ამ მიმართულებითაც ბევრი პრობლემა იკვეთება:

„დღემდე ვერ მივაღწიეთ, რომ ენის ცენტრთან ინტეგრირებული სწავლების მასწავლებლების ხელფასზე დანამატი დაწესდეს, რაც სტუდენტებში მოტივაციას გაზრდიდა. მეორე მხრივ, დღემდე ვერ მოხერხდა, რომ მასწავლებელთა განათლების პროგრამა, რომელიც უფასოა მთელ ქვეყენაში, გავრცელდეს იმ სტუდენტებზეც, რომლებიც „კვოტირებით“, საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში ხვდებიან უნივერსიტეტებში, ვინაიდან, თუკი ისინი ვერ იღებენ სახელმწიფო გრანტს, ფულის გადახდა უწევთ მასწავლებელთა განათლების პროგრამებზე სწავლისათვის, ეს კი სტუდენტების დაინტერესებისთვის ხელისშემშლელი ფაქტორია. ეს არის კონკრეტული მაგალითი, თუ როგორ ვერ ხედავს სახელმწიფო საჭიროებებს“, - ამბობს შალვა ტაბატაძე.

მეორე მხრივ, როგორც ის განმარტავს, არავინ იცის, დასაქმდებიან თუ არა კურსდამთავრებულები, რადგან პროფესიაში ყოფნა ან გასვლა გამჭვირვალე მექანიზმებით არ რეგულირდება. მისივე თქმით, შემდგომი 4 წლის განმავლობაში დაახლოებით 4 000 მასწავლებელი იქნება ჩასანაცვლებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესმა სასწავლებლებმა დაახლოებით 2 000 მასწავლებელი უნდა მოამზადონ, რაზეც, რეალურად, სახელმწიფო არ ზრუნავს.

რა არის საჭირო არსებული პრობლემების მოსაგვარებლად? არაქართულენოვან სკოლებში დასაქმებული მასწავლებლები და მოსწავლეები ქვეყნის განათლების სისტემის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენენ. არაქართულენოვან სკოლებში სულ 6000-მდე მასწავლებელია დასაქმებული, რაც ქვეყანაში საჯარო სკოლების მასწავლებელთა საერთო რაოდენობის დაახლოებით 10%-ია.

სპეციალისტების შეფასებით, მნიშვნელოვანია, ამ მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის შესწავლის მხარდასაჭერად ეფექტიანი მექანიზმები შემუშავდეს, რაც სკოლის ბაზაზე ენის ინტენსიურ და რეგულარულ შესწავლას უზრუნველყოფს. ვინაიდან, მოკლევადიანი ტრენინგები ფუნდამენტურ ცვლილებებს ვერ მოიტანს. გარდა ამისა, საჭიროდ მიიჩნევენ არაქართულენოვან სკოლებში სახელმწიფო ენის მცოდნე მასწავლებლების წახალისებას. ასევე, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სამომავლოდ კადრების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად, საჭიროა, სახელმწიფომ აბიტურიენტები და სტუდენტები ორენოვანი საგანმანათლებლო პროგრამებით დააინტერესოს, რომ არაქართულენოვანი სკოლები კარგად მომზადებული, კვალიფიციური კადრებით შეივსოს.  

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^