Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ასოცირების შეთანხმებით“ ნაკისრი ვალდებულებები, როგორც განვითარების შესაძლებლობა

20 იანვარი 2017

2014 წლის 27 ივნისს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, მოახდინოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმირება და დანერგოს ევროკავშირის შესაბამისი დირექტივები და რეგულაციები. რეფორმები უნდა განხორციელდეს საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ გაერთიანებაში გაწევრების შემდეგ, იქ განსაზღვრული ფორმატით.    

აღებული „ვალდებულებები“ გულისხმობს, რომ ევროკავშირის დახმარებით, მოვახდინოთ ენერგეტიკული სექტორის რეფორმა, გავხადოთ ის ინსტიტუციურად, პროფესიულად და ტექნოლოგიურად განვითარებული და ინვესტირებისათვის მიმზიდველი. ეს უფრო შესაძლებლობაა, ვიდრე ვალდებულება; რეფორმების გზაზე არსებული „სირთულეები“ და „პრობლემები“ კი, ძირითადად, განვითარებისა და ზრდის პრობლემებია, რომელთა გადაჭრაც განვითარების ახალ საფეხურზე ასვლას ნიშნავს.

დღეს ენერგეტიკული კანონმდებლობა, ინსტიტუციური მოწყობა და მართვის სისტემა ბევრ ხარვეზს შეიცავს, აფერხებს საქართველოს ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, ეკონომიკურ განვითარებას და ევროკავშირთან ასოცირებასაც დამატებით ბარიერებს უქმნის. შეგვიძლია გამოვყოთ ზოგიერთი მათგანი:

 სახელმწიფო ხელშეკრულებები ენერგეტიკულ კომპანიებთან

იმისათვის, რომ სრულფასოვანი კონკურენცია დაინერგოს, ევროკავშირის და სხვა მოწინავე ქვეყნების ენერგეტიკული კანონმდებლობა ემხრობა ქსელური (მონოპოლიური) და არაქსელური (კონკურენტული) საქმიანობების, როგორც ბიზნესის, ერთმანეთისგან გაყოფას (განცალებას), რასაც ხარისხიანი საბაზრო წესები და დამოუკიდებელი პროფესიული რეგულირება სჭირდება. ამის საწინააღმდეგოდ, 2006 წლის შემდგომ პერიოდში, საქართველოში მოქმედ ენერგეტიკულ კომპანიებთან („ინტერ რაო ე-ესი“, „ენერგო-პრო“, „სოკარი“) გაფორმებული საკამათო ხელშეკრულებებით, შეიქმნა არაჯანსაღი პირდაპირი გარიგებების პრეცენდენტი მთავრობასა და დიდ უცხოურ ენერგეტიკულ/კომუნალურ კომპანიებს შორის. სამინისტრო (სემეკის იგნორირებით) ენერგეტიკულ კომპანიებს პირდაპირ ურიგდებოდა გრძელვადიანი სამომხმარებლო ტარიფების და საინვესტიციო ვალდებულებების შესახებ, სადაც სხვადასხვა (გენერატორი და ქსელური) შვილობილი კომპანიები, განცალების პრინციპის საპირისპიროდ, ერთ ერთობად განიხილებოდა.

შესაბამისად, „ინტერ-რაო ეესთან“ და „ენერგო-პროსთან“ გაფორმებული მემორანდუმები ეწინააღმდეგებოდა კონკურენტუნარიანი ენერგეტიკული ბაზრისა და რეგულირების პრინციპებს, რამაც, დარგის ექსპერტების აზრით, გამოიწვია ინვესტიციის ნაკლებობა, მომსახურების ხარისხის გაუარესება და მომხმარებლის მიერ დიდი თანხების გადახდა. ამ თანხამ  2012 წლის ბოლოსთვის რამდენიმე ასეული მილიონ ლარს მიღწია. კომპანიებს ახალი ელექტროსადგურები უნდა აეშენებინათ, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

2013 წელს, ასევე პირდაპირი მოლაპარაკების საფუძველზე და, სავარაუდოდ, საინვესტიციო ვალდებულებების აღების ხარჯზე, სამომხმარებლო ტარიფები შემცირდა. ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ახალი სადგურები არ აშენდა და, ინვესტირების ნაკლებობის გამო, სხვა ტექნიკური პრობლემებიც შეიქმნა. ამ მაგალითმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მთავრობამ შესაძლოა ზოგჯერ მოკლევადიანი პოლიტიკური მიზნები, გრძელვადიან ინტერესებზე მაღლა დააყენოს. ამჟამად, სწორედ „ინტერ რაო ე-ესთან“ და „სოკართან“ გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმები წარმოადგენს ერთ-ერთ დაბრკოლებას ევროპული ენერგეტიკული კანონმდებლობის შესაბამისად კონკურენციისა და სრულფასოვანი რეგულირების დანერგვის გზაზე[1].

საინვესტიციო გარემო და ინვესტიციების ხარისხი

ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერამდე და შემდეგაც, ჰიდროსადგურების დეველოპერებთან რამდენიმე ათეული ახალი მემორანდუმი გაფორმდა, რომლებიც შესაძლოა ეწინააღმდეგება ასოცირების ხელშეკრულების პრინციპებს და, შესაბამისად, ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მისწრაფებებს.

საინვესტიციო გარემოს არასრულყოფილების გამო ქვეყანაში ნაკლებად შემოდიან  სტრატეგიული ინვესტორები, ვისაც ექნება საკმარისი რესურსი, გამოცდილება, მაღალი ბიზნესეთიკა და სურვილი, რომ რისკის ფასად განახორციელონ პროექტები, და რესურსებითა და განვითარებული ქვეყნების მხარდაჭერით გაამყარონ ქვეყნის მდგრად განვითარებას. ამის სანაცვლოდ შემოდიან ნაკლებად გამოცდილი და მომზადებული დეველოპერები, რომელთაც საკმარისი დასაბუთების გარეშე კერძო მოლაპარაკებებით, დაჩქარებული წესითა და შეღავათიანი პირობებით გადაეცემათ ქვეყნის ბუნებრივი რესურსები. ამ ინვესტორებს უფორომდებათ გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებები, რითაც საინვესტიციო რისკი მთლიანად სახელმწიფოსა და მის მოქალაქეებზე გადაინაცვლებს. კომფორტული პირობების შეთავაზების მიუხედავად, პროექტები მაინც შეფერხებებით ვითარდება, დეველოპერები კი უცვლელად ინარჩუნებენ უფლებას ქვეყნის ბუნებრივ რესურსებზე. 

მსგავსი მემორანდუმები ზღუდავს საბაზრო კონკურენციას, კომერციული რისკები დეველოპერებისგან სახელმწიფოზე გადააქვს და ტვირთად აწვება ბიუჯეტს, რამაც შეიძლება გაუმართლებელი ხარჯები და ელექტროენერგიის ფასების ზრდა გამოიწვიოს.

ქაოსური ცვლილებები ენერგეტიკულ კანონმდებლობაში

ენერგეტიკული კანონმდებლობის დაბალი ხარისხი ხშირად მასში ცვლილებების შეტანის საფუძველი ხდება, რაც იწვევს არასტაბილურობას და, საბოლოოო ჯამში, სექტორის განვითარებისათვის ზიანის მომტანია. პოლიტიკური თუ ბიზნესსუბიექტების ინტერესების მიხედვით ცვალებადი, არასტაბილური კანონმდებლობა აუარესებს საინვესტიციო გარემოს, რაც ქვეყანას ძვირი უჯდება. საკანონმდებლო ცვლილებების უმრავლესობა სამართლებრივი სისტემას ევროკავშირის სტანდარტებისგან კიდევ უფრო აშორებს და ართულებს რეფორმებს. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ცვლილებით, ჰიდროელექტროენერგიის ექსპორტიორი კომპანიების მომხმარებლებს ახალი თბოელექტროსადგურის გარანტირებული სიმძლავრისსაფასურის ანაზღაურება დაეკისრათ, რამაც გააძვირა და პრაქტიკულად დაბლოკა ექსპორტის შესაძლებლობები და შეაფერხა ჰიდროსადგურების განვითარების ტემპი.  

მალე საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების სრულფასოვანი წევრი გახდება, თუმცა ენერგეტიკის სექტორში რეფორმების  განხორციელებას რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. მანამდე კი საჭიროა შემუშავდეს მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის ახალი გაუმართლებელი ხელშეკრულებების დადებას და კანონმდებლობის შემდგომ გაუარესებას, რაც რეფორმებისთვის დამატებითი ბარიერებს შექმნის.

ამისთვის საჭიროა:

  1. ენერგეტიკის სამინისტროში დაწესდეს შიდა კონტროლი და პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს ახალი მემორანდუმებისა და საკანონმდებლო ინიციატივების შესაბამისობას ევროპულ სტანდარტებთან;
  2. პარლამენტში ახალი საკანონმდებლო ინიციატივების წარდგენის აუცილებელი პროცედურული ნაწილი ენერგეტიკული თანამეგობრობის სამდივნოს მხრიდან ამ ცვლილებების კოლეგიალური განხილვა გახდეს;
  3. აუცილებელია, შეიქმნას დაინტერესებულ მხარეთაგან შემდგარი მონიტორინგის ჯგუფი, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების მონაწილეობით. ჯგუფი მონიტორინგს გაუწევს ახალ პოტენციურ საერთაშორისო ხელშეკრულებებს და საკანონმდებლო ცვლილებებს ევროპულ სტანდარტებთან და ენერგეტიკაში ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესებთან შესაბამისობაზე. ასეთი ჯგუფის მუშაობა ასევე ხელს შეუწყობს საზოგადოების და სპეციალისტების მზაობას რეფორმებისათვის.

მურმან მარგველაშვილი

ანალიტიკური ცენტრი „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ - WEG


[1] აღსანიშნავია, რომ სემეკის მიერ თელასისა და ენერგო-პროს ტარიფების ახალი - წამახალისებელი რეგულირების მეთოდით დადგენამ, გარკვეულწილად დაარღვია ეს შეზღუდვა და ჯანსაღი რეგულირების პრეცედენტი გააჩინა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^