Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სკოლებისთვის „წამყვანის“ სტატუსის მინიჭება - რატომაა პრობლემური მინისტრის ახალი ინიციატივა

17 იანვარი 2017

ალექსანდრე ჯეჯელავა უკვე მეშვიდე თვეა განათლების მინისტრია. განათლების სისტემაში რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება მან უკვე დააანონსა. ერთ-ერთი ცვლილება მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სქემას უკავშირდება, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ინიციატივები, რომლებიც საჯარო სკოლების, ე.წ. „კატეგორიებად“ დაყოფას გულისხმობს. 

როგორც მინისტრის განცხადებებიდან იკვეთება, მას სკოლების კატეგორიებად დაყოფა რამდენიმე მიზნისთვის სჭირდება. ერთ-ერთი მიზანი სკოლების განსხვავებულად მართვაა. ანუ სამინისტრო ამბობს, რომ სკოლებს, რომლებიც უფრო კარგად, ან სხვებზე უკეთ ახერხებენ სხვადასხვა პრობლემების გადაჭრას და სხვადასხვა პროცესების მართვას, მეტ თავისუფლებას მისცემს. მაგალითად, ასეთ სკოლებს მართვისა და სასწავლო აქტივობების დაგეგმვის პროცესში მეტი თავისუფლება მიეცემათ. კონკრეტულად რაში გამოიხატება ასეთი სკოლების „თავისუფლება“ ჯერ ბოლომდე ცხადი არაა, სამინისტრო აღნიშნულ ინიციატივაზე ჯერ ისევ მუშაობს. 

საჯარო სკოლების მდგომარეობები, საჭიროებები და მიღწევები რომ განსხვავებულია, საქართველოში ამაზე არავინ დავობს. არც ისაა სადავო, რომ სამინისტრომ სკოლები განსხვავებული მოდელით უნდა მართოს და ზოგიერთ სკოლას შესაძლოა მეტი თავისუფლებაც უნდა მისცეს მართვის პროცესში, რათა ისინი დამოკიდებული არ იყვნენ სამინისტროზე. თუმცა ამ ინიციატივის გაჟღერებას უარყოფითი გამოხმაურებები მოჰყვა, მიზეზი კი ამ სკოლებისთვის „წამყვანი“ სკოლის სტატუსის მინიჭების ინიციატივაა.

განათლების სისტემის მკვლევართა უმეტესობა ამბობს, რომ სკოლებისთვის წამყვანის სტატუსის მინიჭება სტიგმატიზებას გამოიწვევს. გთავაზობთ ვრცლად განათლების მკვლევრების მოსაზრებებს.

სიმონ ჯანაშია:

რეიტინგების სისტემა სერიოზულ პრობლემებს ქმნის ყველგან, სადაც კი ის არსებობს. ერთ-ერთი პრობლემა არის ის, რომ რეიტინგების შედგენა სამინისტროსთვის პოლიტიკური თავსატეხი ხდება ხოლმე. ჩვენ ვნახეთ, რომ როცა 2010-2012 წლებში ბრენდირება გააკეთეს, გამოჩნდა, რომ სამინისტროს არ უნდოდა, ზოგიერთი სკოლა რეიტინგში დაბლა ყოფილიყო და ყველაფერს აკეთებდა მის ასაწევად, მაგალითად, ხელოვნურად ზრდიდა რესურსებს.

მეორე პრობლემა არის ის, რომ მოსწავლის სწავლის მოტივაცია იკლებს, როცა მან იცის, რომ ის პრობლემურ სკოლაში სწავლობს. რეიტინგების შემდგენების მიზანია, დაანახოს სკოლას პრობლემა, რომელიც საბოლოოდ სკოლამ უნდა გამოასწოროს. სინამდვილეში, გამოსწორების შესაძლებლობა სწორედ იმის გამო კლებულობს, რომ სკოლა საჯაროდ შეფასდა უარყოფითად.

თუ მოსწავლე სწავლობს პრობლემურად შეფასებულ სკოლაში მისი მოტივაცია იკლებს. თუ სკოლას ხელოვნურად მაღალ შეფასებას მივცემთ, ამან შეიძლება სხვა პრობლემები გამოიწვიოს, რადგან თავად საგანმანათლებლო სისტემაში არსებული შეფასებები და სახელმწიფოს შეფასებები ერთმანეთს შესაძლოა არ დაემთხვეს.

შეიძლება მშობლებს სკოლისგან უფრო მეტი მოლოდინი ჰქონდეს, ვიდრე სახელმწიფოს. საკმარისია, სახელმწიფომ სკოლას რაღაც კრიტერიუმების მიხედვით „წამყვანი“ დაარქვას, ამან შეიძლება მშობლები გააკვირვოს. შესაძლოა მშობლები ამ სკოლაში ისეთ პრობლემებს ხედავენ, რაც სამინისტროსთვის უინტერესოა, ამიტომ სახელების დარქმევა კარგი არ არის.

თავისთავად დიფერენცირების იდეა კარგია, ის უნდა მოხდეს, თუმცა არა სკოლების, არამედ მართვის სისტემებისა და პოლიტიკის ინსტრუმენტების. ამაში იგულისხმება ის, რომ ფინანსების მართვის სისტემის დიფერენცირება ხდება კონტროლისა და მხარდაჭერის მიხედვით, მაგალითად, თუ სკოლას აქვს მეტი შესაძლებლობები, მას ნაკლები კონტროლი და შესაძლებელია ნაკლები მხარდაჭერაც სჭირდება. თუ სკოლებს აქვს ნაკლები შესაძლებლობები, შეიძლება კონტროლიც სჭირდებოდეს და მხარდაჭერაც.

ბევრი მიმართულებით შეიძლება სკოლის შეფასება. მგონია, რომ დიფერენცირება სწორედ მიმართულებების მიხედვით უნდა მოხდეს და არა სკოლების მთლიანობაში. შეიძლება სკოლას შეეძლოს ფინანსების მართვა, მაგრამ არ შეეძლოს სწავლება. ან პირიქით. ამის გამო არ შეიძლება სკოლა შეფასდეს, როგორც წამყვანი ან არაწამყვანი.

მინისტრის განცხადებით, ის ამბობს, რომ ის დააყოფს სკოლებს, თუმცა აქ არ ჩანს სკოლების როლი. ამიტომ მგონია, რომ თუ დიფერენცირება მოხდება, უნდა მოხდეს ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით: ერთი მხრივ, რას მიიჩნევს სახელმწიფო სკოლის შესაძლებლობებად, მეორე მხრივ კი, რას ფიქრობენ თავად სკოლები - რა არის მათი შესაძლებლობები.

რევაზ აფხაზავა:

„წამყვანი სკოლა“- ტერმინი ჩემთვის არ არის საუკეთესო. ყველას ის სახელი  უნდა დავარქვათ, რაც მასში იგულისხმება. სხვადასხვა სახელის სკოლებს შორის რეალურად არსებობს განსხვავებები. განსხვავება არის ის, რომ ისინი სხვადასხვა რეგულირების ქვეშ ექცევიან - ზოგი იქნება უფრო მაღალი რეგულირების ქვეშ, ზოგი უფრო დაბალი. შესაბამისად, ეს არის გარკვეულწილად განათლების მენეჯმენტის ამოცანა და არა სკოლის, როგორც ასეთის წამყვანად აღიარება.

წამყვანი სკოლა თავისთავად უხერხულობას წარმოშობს და სკოლების სტიგმატიზაციასაც იწვევს. გამოდის, რომ სხვები უფრო ცუდები არიან. მინისტრს თავად არა აქვს ეს განცდა, მაგრამ ამ ტერმინის გამოყენების შემთხვევაში საზოგადოების მხრიდან სკოლები სწორედ „კარგებად“ და „ცუდებად“ იქნება აღქმული. რაც რეალურად ასე არ არის. რეალურად ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან რეგულაციისა და უფლებების დელეგირების სხვადასხვა მოდელები უნდა იყოს. სადღაც, სადაც ამის შესაძლებლობა არ არის, იქნება მეტი მხარდაჭერა და მეტი რეგულირება. ხოლო,  იმ სკოლებში, სადაც დასტურდება, რომ ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემაა, გადაწყვეტილების მიღების პროცესები გამართულია, გარკვეული უფლებების დელეგირება მოხდება, რომლებიც ამ ეტაპზე სკოლებს არ აქვს. ეს იქნება სასკოლო სახელმძღვანელოების შერჩევა თუ მასწავლებლების პროფესიული განვითარების ხედვა, მენეჯმენტის, შესყიდვების საკითხები, საკადრო პოლიტიკა, ეს საკითხები უფრო მეტად სკოლის დონეზე გადაწყდება.

ამის მიხედვით წამყვანად და არაწამყვანად სკოლების დაყოფა არასწორია. ეს უფრო გარკვეული რეგულირების დონეებად დაყოფა უნდა იყოს. რეალურად ეს ასეა, მაგრამ სახელად  „წამყვან“ სკოლას ვარქმევთ. ეს კი ნიშნავს, რომ კარგი სკოლაა, დანარჩენები ცუდი გამოდის.

შალვა ტაბატაძე

ვიღაცას დაერქვა „წამყვანი“ და ვიღაცას „არაწამყვანი“, სადაც ყველაფერს სამინისტრო წყვეტს, აფინანსებს, დირექტორს თვითონ ნიშნავს, მასწავლებლების ხელფასს განსაზღვრავს, უკვე ცალსახად უსამართლობაა. თუ რომელიმე სკოლა არაწამყვანია, ეს სახელმწიფოს არასწორი პოლიტიკის გამო. თუ ჩვენი მიზანია სკოლის გაძლიერება, უნდა შევისწავლოთ ამ სკოლის საჭიროება და შევიმუშაოთ შესაბამისი დახმარების მექანიზმები. არა ისე, რომ ვიღაც წამყვანი იყოს ან ვინმეს ამ სტატუსის მოპოვება მოუნდეს.

ცალსახად მოხდება ის, რომ გაჩნდება პრესტიჟული სკოლები. მაინც მათკენ არის ლტოლვა. ამას თუ ისიც დაემატება, რომ ზოგიერთი სკოლა „წამყვანის“ სტატუსს მიიღებს, რა თქმა უნდა, ამგვარი სტატუსის არმქონე სკოლები „ჩაიძირება“. მეორე მხრივ, სწავლების ხარისხის მიუხედავად, სტატუსის გამო ასეთი სკოლები ბევრ მოსწავლეს მიიზიდავს. ამიტომ სახელების დარქმევა და იარლიყების მიწებება, სახელმწიფოს მხრიდან, რომლის წილიც მთელ ამ პროცესში 90%-ს აჭარბებს, არასწორია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^