Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქალაქის განაშენიანების პოლიტიკის ხარვეზები

20 იანვარი 2017

18 იანვარს „საქართველოს ლურჯი ფარის ეროვნული კომიტეტის“ ოფისში იურისტმა ანანო ცინცაბაძემ მოხსენება წაიკითხა - „ქალაქის განაშენიანების პოლიტიკის ხარვეზები“. პროექტი „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“  ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება და კულტურული მემკვიდრეობისა და საჯარო სივრცეების დაცვის მიმართულებით სტრატეგიული სამართალწარმოების წარმართვას ითვალისწინებს.

პროექტის ფარგლებში ორგანიზაცია აწარმოებს დავებს თბილისის მერიაში, არქიტექტურის სამსახურში, სარჩელი შეიტანეს „პანორამა თბილისის“ წინააღმდეგაც. კვლევის ავტორის, ანანო ცინცაბაძის თქმით, კვლევისას გამოვლინდა, რომ „მუნიციპალიტეტი და ქალაქის მერია, როგორც უმაღლესი აღმასრულებელი ორგანო, ძალიან ფორმალური ტექნოკრატიული ორგანოა, და ის რეალურად ხელშესახებ გადაწყვეტილებას ვერ და არ იღებს ქალაქგეგმარების კუთხით და მისი როლი ფორმალურია.

ანანო ცინცაბაძემ ფორმალურობის გამოსააშკარავებლად , ე.წ. ზონალურ საბჭოზე ისაუბრა, რომლის ფუნქციაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების რევიზიაა. საბჭო გამწვანების სამსახურს ექვემდებარება. ზონალური საბჭო ძირითადად საჯარო მოხელეებისგან და მერიის სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლებისგანაა დაკომპლექტებულიკანონმდებლობა ძალიან ბუნდოვნად განმარტავს ამ საბჭოს დანიშნულებასა და ფუნქციას. კანონის მიხედვით, მასში 5 ექსპერტი უნდა შედიოდეს, თუმცა დაკონკრეტებული არაა, რისი ექსპერტები უნდა იყვნენ ისინი.

ანანო ცინცაბაძის თქმით, ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კანონში არაა დაზუსტებული, თუ ვინ შეიძლება იყოს პროფესიონალი, რომელმაც ამა თუ იმ პროექტზე თავისი დასკვნა უნდა წარმოადგინოს.

„ეს 5 ექსპერტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი. ჩვენს რეალობასა და პრაქტიკაში ესენი ძირითადად არიან დეველოპერები. ის პირები, ვინც პირდაპირ და უშუალოდ არიან ჩართულნი მშენებლობის ბიზნესში. ამ, ე.წ. ექსპერტებს კვოტა ათვისებული აქვთ. მეორე ნაწილს  სახელმწიფო მოხელეები წარმოადგენს. ეს სიმბიოზი ასახავს იმ სიმბოლოს, რომ დღეს ჩვენ ქალაქგეგმარებით ნაწილში გადაწყვეტილებები მიიღება სახელმწიფოსა და ბიზნესის ძალიან ახლო და მჭიდრო თანამშრომლობით“, - ამბობს ანანო ცინცაბაძე.

შემდეგი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სამართალწარმოების შედეგად გამოვლინდა, ანანო ცინცაბაძის თქმით, არის ის, რომ არ ხდება დაგეგმილი მშენებლობის შეფასება. მისი თქმით, მშენებლობა უნდა დაეფუძნოს წინასაპროექტო კვლევას, თუმცა ეს წინასაპროექტო კვლევა ქალაქგეგმარებითი კანონმდებლობის მიხედვით ფორმალურია.

„საბჭოს სხდომაზე იმ რენდერული  პროექტებისა განხილვა მიმდინარეობს, რომელსაც მენაშენე წარმოადგენს. საბჭოს წევრები ცდილობენ, იმსჯელონ ძალიან უმნიშვნელო დეტალებზე, სად იქნება პარკინგი, სად გაივლის გზა და ა.შ. კონკრეტული მენაშენისთვის შესაძლოა ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საზოგადოებისთვის, მოსახლეობისთვის, რომელზეც პირდაპირი და უშუალო გავლენა აქვს ასეთ მშენებლობებს. ეს არ ხდება განხილვის საგანი. ჩვენ ვართ კოდიფიცირებული სამართლის ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ კანონმდებლობა წინასწარ გვაქვს დაწერილი. ის ძალიან კარგად აქვს მორგებული ქალაქის მერიას და ფიქრობს, რომ მხოლოდ და მხოლოდ დაწერილი ნორმატიული აქტების ვიწრო ფარგლებში უნდა იმოქმედოს.

ის მავნე ზემოქმედება, რომელიც შესაძლოა ამა თუ იმ მშენებლობამ საზოგადოებაზე მოახდინოს, ხდება საჯარო ინტერესი. არავინ იცის ზუსტად, რა შეიძლება გახდეს საჯარო ინტერესის ობიექტი. მაგრამ მისი საინტერესოობაც ის გახლავთ, რომ ადმინისტრაციულ ორგანოებს აქვს ფუნქცია, აქვს ვალდებულება, ქალაგეგმარებითი გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელოს საჯარო ინტერესით, თუ რა გავლენას მოახდენს მისი გადაწყვეტილება თემზე, საზოგადოებაზე, გარემოზე და ა.შ. “

იურისტის თქმით, არცერთი საქმეზე, რომელზეც „ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ იბრძვის, არქიტექტურულ სამსახურმა და საბჭომ საჯარო ინტერესი არ გაითვალისწინა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ითქვას, როგორ ჩაგრავს საჯარო ინტერესს კერძო ინტერესი ამ წარმოებების პროცესში და ეს არის ქვაკუთხედი ყველა საქმეში. მთელი სისტემა მუშაობს ძალიან გამართულად, რომ ბიზნესს გაუადვილდეს თუნდაც ერთი დაბრკოლების გადალახვა“, - ამბობს ცინცაბაძე.

მისი თქმით, რთულია პასუხისმგებელი ორგანოს მოძებნა, მაშინ, როცა საბჭო აცხადებს, რომ ის არის მხოლოდ საკონსულტაციო ორგანო და ხელს არქიტექტურის სამსახურისკენ იშვერს. არქიტექტურის სამსახური კი აცხადებს, რომ საბჭო შედგება ექსპერტებისგან, შესაბამისად, ენდობა მათ გადაწყვეტილებას.

„ჩვენ რამდენიმე საქმე უშუალოდ არქიტექტურის სამსახურშიც გავასაჩივრეთ. ნიაღვრის ქუჩაზე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობას ძალიან მძიმე შეფასება მისცა არაერთმა საექსპერტო ორგანომ. თუმცა ყოველთვის მოიძებნება ექსპერტი, რომელიც დადებით დასკვნას დადებს, თუნდაც ის კანონით განსაზღვრულ ნორმებს ეწინააღმდეგებოდეს“.   

იურისტის თქმით, კვლევისას გამოვლინდა, რომ საკანონმდებლო მექანიზმები, რომლებსაც ამა თუ იმ ტეროტორიის განაშენიანებისაგან დაცვა შეეძლება, არის მყიფე.

„რაც შეეხება მზიურის პარკში 3 უზარმაზარი კორპუსის მშენებლობას: ორი 16-სართულიანი, ერთიც ოცსართულიანი კორპუსია, რომლის ქვეშაც კიდევ უფრო მასშტაბური მანქანის დასაყენებებლი ადგილების მოწყობა იგეგმება. ეს მშენებლობა ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიის დირექტორის ოჯახის წევრი პარლამენტარია. სწორედ ის პარლამენტარი, რომელმაც პარლამენტში კანონპროექტი შეიტანა, რომლის მიხედვითაც გამწვანების ჭრა უნდა გამარტივდეს. ეს შემთხვევა ძალიან კარგად ასახავს, თუ როგორ თანამშრომლობს საქართველოში ბიზნესი და პოლიტიკა. ამ განაშენიანების წინააღმდეგ დავაში მერიასთან განხილვის მთავარი თემა ისაა, შენდება თუ არა კორპუსები მზიურის პარკში. მენაშენე ამტკიცებს, რომ ის  პარკში არ შენდება. საბჭო კი ჩვენ გვთხოვს დავასაბუთოთ, არის თუ არა ეს ტერიტორია პარკი. რეალურად განაშენიანების სივრცე სარეკრეაციო ზონა 2-ია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი, რადგან მას აქვს სარეკრეაციო ფუნქციაც. ამ ტერიტორიას ზონის სტატუსი რომც არ ჰქონდეს, საბჭოსთვის გადამწყვეტი ეს არ უნდა იყოს. ამ პროექტს სამჯერ ეთქვა უარი, ბოლოს უკვე განაცხადეს, რომ ამდენი ხნით საბჭოში საკითხის გაჩერება არ შეიძლება. როგორც ჩანს, შუალედური გადაწყვეტილებით ეს პროექტი თანხმობისკენ მიჰყავთ“, - ამბობს ანანო ცინცაბაძე.

იურისტის თქმით, პრობლემაა ქონების გასხვისების საკითხიც. თუ ტერიტორია არ მიეკუთვნება დამცავ ზონას, სხვისდება ნებისმიერ შემთხვევაში. მაგ: ნუცუბიძის 77-ში კორპუსებს შორის მდებარე ტერიტორია, ადგილობრივებს ჰქონდათ გამწვანებული, თუმცა პროექტს, რომელიც ამ გამწვანებულ ტერიტორიაზე იჭრება, საჯარო სივრცეში მიეცა თანხმობა.

„ინიციატივა საჯარო სივრცისთვის“ ასევე სწავლობს თბილისის გენერალურ გეგმას, რომელიც შემუშავების პროცესშია.

ახალ გეგმაში რაიმე არსებითი ცვლილება არ არის. მიუხედავად იმისა, რომ 2009 და 2014 წლის თბილისის გენერალური გეგმების ხარვეზები დამუშავდა.

გენგეგმის ჯგუფი არ იძლევა კონკრეტულ ვალიდურ რეკომენდაციებს,  კანონმდებლობის ცვლილებასთან დაკავშირებით, რომლის ვალდებულებაც მათ აქვთ. ის საკანონმდებლო პრობლემები, რომელიც ვახსენე არ მოხდა გენგეგმის ჯგუფის ინტერესის სფეროში“.

იურისტის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ახალი სივრცითი კოდექსის მიღება, რომელიც ძალიან ფორმალური კანონპროექტია. მას რეალურად მნიშვნელოვანი ცვლილებები არ შემოაქვს. მასში მთლიანად ამოღებულია საჯარო ინტერესი, რაც დღევანდელ სივრცით კოდექსში არის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^