Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მასობრივი გამოკითხვების კრიტიკა საქართველოში

24 იანვარი 2017

საქართველოში მასობრივი გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნებას ხშირად თან ახლავს მწვავე დებატები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კვლევა ხალხის პოლიტიკურ შეხედულებებს ეხება. ეს დებატები ზოგჯერ იმდენად  კრიტიკულია, რომ მსმენელს კვლევის შედეგების უარყოფისკენ უბიძგებს.

ზოგადად, კვლევის კრიტიკა მიმართული უნდა იყოს კვლევის პროცესზე და უნდა ეხმარებოდეს მკვლევრებს, უკეთ აკეთონ თავიანთი საქმე. თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში კვლევის კრიტიკა ხშირად არაკონსტრუქციული და არაპროდუქტიულია და კრიტიკოსთა მხრიდან კვლევის შედეგების არმოწონებას და არმიღებას უფრო ემყარება, ვიდრე კვლევის პროცესის ხარვეზებს.

კვლევის კონსტრუქციული კრიტიკა ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა კვლევითი ორგანიზაციებისთვის, პოლიტიკოსებისთვის და, ზოგადად, ქვეყანაში „კვლევის კულტურის“ განვითარებისთვის. ხშირად მასობრივი გამოკითხვის კრიტიკას საქართველოში საფუძვლად უდევს ის განსხვავება, რაც გამოკითხვის შედეგებსა და კრიტიკოსთა მოსაზრებებს შორის არსებობს. სწორედ ამიტომ მათგან, ვინც კვლევას აკრიტიკებს, ხშირად გვესმის, რომ მასობრივი გამოკითხვის შედეგები რეალობას (უფრო ზუსტად - მათ რეალობას) არ შეესაბამება.

უნდა ასახავდეს თუ არა მასობრივი გამოკითხვის შედეგები რეალობას? უმეტეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითია. მასობრივი გამოკითხვის შედეგები ასახავს მოსახლეობის მოსაზრებებს, რომლებსაც არც თუ ისე იშვიათად რეალობის დამახინჯებული აღქმა უდევს საფუძვლად და, რომლებსაც რესპონდენტები ინტერვიუერებს, მათთვის სრულიად უცხო ადამიანებს, თავისუფლად უზიარებენ. შესაბამისად, რომ დავივიწყოთ ფილოსოფიური დისკუსია იმის შესახებ, თუ რა არის რეალობა და საერთოდ არსებობს თუ არა ის, ერთი რამ ნათელია - მასობრივი გამოკითხვის შედეგები ასახავს მოსახლეობის წარმოდგენებს და არა რეალობას.

ბევრ სხვა დაშვებას შორის, რომელიც საქართველოში მასობრივი გამოკითხვის კრიტიკისას კეთდება, ყველაზე ხშირი შემდეგი ორი დაშვებაა:

  1. მან, ვინც მასობრივ გამოკითხვას აკრიტიკებს, ყველაზე უკეთ იცის, თუ რას ფიქრობს ხალხი;
  2. ის, რასაც მის გარშემო მყოფი ხალხი ფიქრობს, განზოგადებადია მთელი საქართველოს მოსახლეობაზე.

უნდა აღინიშნოს, რომ ორივე დაშვება მცდარია, რადგან სინამდვილეში:

  1. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა უმრავლესობას სჯერა, რომ მათ გარშემო მყოფ ადამიანებს კარგად იცნობს, ეს ასე არ არის. ფსიქოლოგიური კვლევები აჩვენებს, რომ ადგილი აქვს ფართოდ გავრცელებულ ილუზიას, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ იმაზე უკეთ ვიცნობთ და გვესმის ადამიანების, ვიდრე ეს სინამდვილეშია - მაშინაც კი, თუ ეს ადამიანები ჩვენი ოჯახის წევრები ან უახლოესი მეგობრები არიან.
  2. დიდი შანსია, რომ ჩვენს სოციალურ წრეში მყოფი ადამიანები მართლაც ჩვენს მსგავსად ფიქრობდნენ ამა თუ იმ საკითხზე, რადგან ჩვენ მიდრეკილნი ვართ, საურთიერთოდ ავარჩიოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენნაირად ფიქრობენ და ჩვენს აზრებს იზიარებენ. შესაბამისად, ადამიანებს უფრო ხშირად ესმით არა მათი მოსაზრების საწინააღმდეგო, არამედ მსგავსი მოსაზრებები, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს მათ რწმენას იმის შესახებ, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა მათ მსგავსად ფიქრობს.
  3. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ ჩვენი სოციალური წრე ძალიან მრავალფეროვანია, ის არასოდესაა საკმარისად მრავალფეროვანი საქართველოს მოსახლეობაზე სრული წარმოდგენის შესაქმნელად. გარდა ამისა, ინდივიდუალური გამოკითხვა (თუ მოსაზრებების გაგება) ვერ მოგვცემს სწორ სურათს იმის შესახებ, თუ როგორ ნაწილდება მოსაზრებები საქართველოს მთელ მოსახლეობაში.

დაშვება, რომ ის, რაც ჩვენ გარშემო გვესმის განზოგადებადია ქვეყნის მოსახლეობაზე, ძალიან ჰგავს რომელიმე, მაგალითად, გლობალური თავისუფლების ინდექსის რუკაზე ერთი ქვეყნის, მაგალითად, კანადის გადიდებას და დაშვებას, რომ რადგან კანადა მწვანე, ანუ „თავისუფალია“, მთელი მსოფლიო მწვანეა. სინამდვილეში, თუ მთლიან რუკას შევხედავთ, დავინახავთ, რომ მთელი მსოფლიო სულაც არაა მწვანე - ის ძალიან ფერადია და მასში მწვანეს სხვა ფერები სჭარბობს. ერთი ქვეყანა, რაც უნდა დიდი იყოს ის, სულაც არ ქმნის წარმოდგენას მსოფლიოს მრავალფეროვნების შესახებ.

მსგავსი ტიპის შეცდომას უშვებენ ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ის, რასაც მათ გარშემო მყოფი ადამიანები ფიქრობენ (უფრო სწორად, რასაც, მათი აზრით, მათ გარშემო მყოფი ადამიანები ფიქრობენ) საქართველოს მოსახლეობის აზრს წარმოადგენს.

ობიექტური და კონსტრუქციული კრიტიკის ნაცვლად, რომელიც პროფესიონალურ ცოდნას ემყარება, საქართველოში მასობრივ გამოკითხვებს ხშირად ემოციებისა და  პერსონალური მოსაზრებების საფუძველზე აკრიტიკებენ. სამწუხაროდ, ის, რაც ასეთ დისკუსიებს ყველაზე მეტად აკლია, სწორედ პროფესიონალიზმია. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პოლიტიკოსები ერთსა და იმავე გამოკითხვის შედეგებს ხან დადებით კონტექსტში ახსენებენ, ხან - უარყოფითში, იმის მიხედვით, თუ რამდენად მოსწონთ ან არ მოსწონთ სხვადასხვა საკითხზე ერთი გამოკითხვის შედეგები. მაგალითად, რომელიმე კონკრეტული სახელმწიფო პროგრამისა თუ წამოწყების დადებითი შეფასება სიამაყით მოიხსენება ხოლმე საჯარო მოხელეების მხრიდან, ისე, რომ კვლევის ხარისხში ეჭვი არავის შეაქვს. თუმცა, თუ იგივე გამოკითხვის შედეგები რომელიმე პოლიტიკოსს ან პარტიის შემცირებულ რეიტინგზე მიუთითებს, მაშინვე იწყება კვლევის მეთოდოლოგიის, ან უფრო მეტიც, კვლევითი ორგანიზაციის დისკრედიტაციის მცდელობა.

ყოველივე ამის ფონზე სასურველია, რომ საქართველოში კვლევის კრიტიკა უფრო მეტად იყოს ფოკუსირებული კვლევის პროცესსა და მის გაუმჯობესებაზე და ნაკლებად - კვლევის შედეგებისა და, ზოგადად, კვლევის მნიშვნელობის უარყოფაზე. ჟურნალისტების, მკვლევრებისა და პოლიტიკოსების მოვალეობაა, ხელი შეუწყონ ჯანსაღ დისკუსიას მასობრივი გამოკითხვის თემაზე და ემოციური მესიჯების ნაცვლად, რომელიც ძირითადად კვლევისადმი და კვლევითი ორგანიზაციებისადმი ნდობის შემცირებას ემსახურება, რაციონალურად განიხილონ კვლევის პროცესი და მისი შეზღუდვები, კვლევის შედეგები და მათი მნიშვნელობა და, სადაც შესაძლებელია, მიუთითონ მასობრივი გამოკითხვის ხარისხის გაუმჯობესების გზები.

მასობრივი გამოკითხვის სპეციალისტები, რომლებიც „გაურკვეველ“ ან „არასწორ“ მეთოდოლოგიაზე საუბრობენ, უფრო დამაჯერებელნი გახდებიან, თუ თავიანთ გამოსვლებში თუ საჯარო დისკუსიებში დააზუსტებენ კვლევის იმ ასპექტებს, რომლებიც მას „გაურკვეველს“ ან „არასწორს“ ხდის. კვლევითი ორგანიზაციები, ვფიქრობ, მხოლოდ მიესალმებიან ისეთ კრიტიკას, რომელიც კონკრეტულ კითხვებს სვამს და ამით კვლევის პროცესს აუმჯობესებს. ასეთი კითხვები შეიძლება იყოს, მაგალითად: იძლევა თუ არა შერჩევის დიზაინი განზოგადების საშუალებას? იყო თუ არა თავიდან არიდებული მიმანიშნებელი კითხვები? როგორ ხდება ხარისხის კონტროლი საველე სამუშაოების მიმდინარეობისას? და ა.შ.

ის ფაქტი, რომ მასობრივი გამოკითხვის კრიტიკა საქართველოში ხშირად არასწორ დაშვებებს ეფუძნება და კვლევითი ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესებისკენ არაა მიმართული, საშიშროებას ქმნის, რომ საზოგადოებაში გაჩნდება არაინფორმირებული სკეპტიციზმი მასობრივი გამოკითხვებისა და ზოგადად კვლევის შედეგების მიმართ. ამის თავიდან ასაცილებლად კი მნიშვნელოვანია, გაჩნდეს მასობრივი გამოკითხვების კონსტრუქციული, პროფესიონალურ ცოდნაზე დაფუძნებული კრიტიკა, რომელიც გააუმჯობესებს კვლევის ხარისხს და ხელს შეუწყობს ხალხის აზრისა და საჭიროებების პოლიტიკოსებამდე სწორად მიტანას პოლიტიკის ინფორმირებულად დაგეგმვისთვის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

18 ოქტომბერი
18 ოქტომბერი

ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალი კანდიდატები ...

ქვემო ქართლში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში კენჭს ეთნიკური აზერბაიჯანელი ქალებიც იყრიან. ”შენების მოძრა ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

როგორ აპირებენ მერობის კანდიდატები თბილი ...

თბილისის მოსახლეობა ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად გამწვანებას ასახელებს. „სოციალური კვლევის და ანალიზის ინსტი ...
17 ოქტომბერი
17 ოქტომბერი

თბილისის განაშენიანება - რას გვპირდებიან ...

21 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება და თბილისის მოსახლეობა მერს აირჩევს. კანდიდატები საარჩევნო პროგრამაში ...

მეტი

^