Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფართოდ დახუჭული რწმენით

31 იანვარი 2017
მარტინ სკორსეზეს ხანგრძლივი და თითქმის დაუნდობელი „დუმილი“

კათოლიკე იაპონელი მწერლის, სიუსაკუ ენდოს რომანი „დუმილი“ გასულ ასწლეულში, 1966 წელს გამოვიდა და იმხანად სრულიად ახალგაზრდა რეჟისორის, მარტინ სკორსეზეს გული და გონება ერთდროულად დაიპყრო. თუმცა ათწლეულები გახდა საჭირო, რათა კათოლიკე რეჟისორი რწმენის, სკეფსისისა და დუმილის თემებს შესჭიდებოდა.

მარტინ სკორსეზეს ახალი ფილმის სახელწოდება „დუმილი“ არამხოლოდ რომანის სათაურს იმეორებს, არამედ ინგმარ ბერგმანის ფილმის სათაურსაც, რომელიც, სხვათა შორის, ასევე 60-იან წლებში გამოვიდა ეკრანზე. ორი დის ისტორია, რომელთა როლებს ორი არაჩვეულებრივი მსახიობი - ინგრიდ ტულინი და გუნელ ლინდბლუმი ასრულებენ, გაჯერებულია უსასრულო მოლოდინითა და სექსუალური თავგადასავლებით. უღმერთობა კი შევსებულია სვენ ნიუკვისტის მიერ გადაღებული ნატიფი პროფილებითა და მაგიური სიჩუმით.

დიდი შვედის მკაცრი, შავ-თეთრი ნარატივი - დუმილი სიტყვაზე უფრო მნიშვნელოვანი და გამომსახველია. მარტინ სკორსეზესთან ის ჩანაცვლებულია ფერად სისატიკედ და სულისშემძვრელ სილამაზედ. ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო წლების განმავლობაში სკორსეზე საგანგებოდ გაურბის საკუთარ კინემატოგრაფიულ წარსულს, სქემებსა და გამომსახველობას. ეპიკური „ნიუ-იორკის ბანდების“, მითოლოგიურ-ბიოგრაფიული „ავიატორის“ , ლამის პარანოიკული დეტექტივის - „დაწყევლილთა კუნძული“ და ფინანსური ვნებებით აღსავსე „უოლდ სტრიტის მგლის“ შემდეგ, ის იღებს ფილმს, რომელშიც აღსარება გაცილებით მეტია, ვიდრე მოქმედების სურვილი; სიტყვა კი უფრო ფერმკრთალი, ვიდრე დუმილი.

1640-42 წლები. იაპონიაში სახიფათოდ იზრდება მორწმუნე ქრისტიანთა რაოდენობა, რაც ხელისუფლების უკმაყოფილებას იწვევს. შექმნილია სპეციალური სადამსჯელო რაზმები, რომლებიც ქრისტიანებს დევნიან, აწამებენ და კოცონებზე წვავენ. განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში იეზუიტები არიან, რომლებიც ქრისტეს მოძღვრებას ავრცელებენ და თან რომის პაპის ჯაშუშები და პროპაგანდისტები არიან. ერთ-ერთი მათგანია მამა ფერეირა (ლაიამ ნისონი), რომლის კვალიც მოულოდნელად ქრება. თავიანთი სურვილითვე მის მოსაძებნად იაპონიაში ორი ახალგაზრდა იეზუიტი მიემგზავრება - როდრიგესი (ენდრიუ გარფილდი) და გარუპე (ადამ დრაივერი). და ეს სახიფათო, ხანგრძლივი, დამქანცველი მოგზაურობა ფერეირას მოსაძებნად, სინამდვილეში მათი რწმენისა და ეგზისტენციის გამოცდად იქცევა...

ლამის უსაზღვრო კინემატოგრაფიული ხერხების გამოყენების შემდეგ წინა ფილმებში სკორსეზე შეგნებულად იზღუდავს თავს სტატიკური კადრებით, რომელთა ხანგრძლივობა საშუალო სტატისტიკური მაყურებლისათვის ალბათ სახიფათოდ ბევრია. თუმცა 35 მმ-იან ფირზე გადაღებული „დუმილი“ სავსეა შინაგანი ენერგიითა და მედიტაციით, რომლის არშემჩნევა და არაღიარება ყველაზე სკეპტიკურად განწყობილ კინომანსაც გაუჭირდება. შეუკრეჭავი კადრების სილამაზე და სიკვდილით დასჯისას გამოყენებული ხერხები და  სისასტიკე ისე უცხო და ამავე დროს ახლოა ერთმანეთთან, როგორც ფილმის ფინალში იეზუიტი როდრიგესი მამა ფერეირასთან.

მაყურებელი ლამის მთელი ფილმის განმავლობაში ელოდება ლაიამ ნისონის გმირის გამოჩენას და ხელში რწმენით გათანგული თუ დეპრესიულ-იმედგაცრუებული კაცი შერჩება. არადა, ნისონი თითქოს დრამატულიცაა და მომნუსხველიც. მოკლედ, არაფერს აშავებს. მისი მოლოდინი რაღაცით ჰგავს მარლენ ბრანდოს მოლოდინსა და გამოჩენას ფრენსის ფორდ კოპოლას „აპოკალიფსში“... ეს სულ რაღაც 12-15 წუთი გრძელდება. თუმცა, სიმართლე ვთქვათ, ქრისტეს რწმენისა თუ მისი „ღალატის“ ასეთი დამაჯერებელი და გამართული ვერსია კინოში ძალიან ცოტაა.

კარგი ხარისხის გამოსახულებისა და ამ დრამატულად მოელვარე ახალგაზრდების დუეტის მიუხედავად (განსაკუთრებით ენდრიუ გარფილდი უნდა აღინიშნოს), მაინც დამღლელი და სრულიად ზედმეტია ღმერთის სახელით თეოლოგიური დისკუსიები. ეგზოტიკური გატაცებების გარდა, შეინიშნება სკორსეზეს ავთენტურობის შექმნის პრეტენზიაც - განსაკუთრებით ფინალისკენ. ფილმი ნამდვილად ხარისხიანია და არ არის მოსაწყენი. უბრალოდ, ღმერთის ძიების გზები და რწმენის „ღალატის“ გრძელვადიანი ვნებები ცოტა ზედმეტია. განსაკუთრებით ფილმის ბოლოს.

სკორსეზეს „დუმილი“ არც ვერცხლია და არც ოქრო. ის მხოლოდ იმ ენაზე გვესაუბრება, რომელზეც ნამდვილად ჭირს ღმერთთან  საუბარი - ეს სავაჭრო-სასაქონლო ურთიერთობის ენაა, რომელსაც ასე გაურბიან ფილმის მთავარი გმირები. ამიტომ სჯობს, მას ფართედ დახუჭული, დღევანდელი რწმენითა და სკეპტიციზმით შევხედოთ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^