პოლიტიკური ლეგიტიმაციის ამოწურვამდე რამდენიმე დღით ადრე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა საზოგადოებას ”ტელემედიის მხარდამჭერი მთავრობის ინიციატივა” გააცნო.
2012 წლის 15 ოქტომბერს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე ხეთაგურმა საზოგადოებას ახალი სამთავრობო ინიციატივა გააცნო. ამ ინიციატივის მიხედვით, შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე ქვეყანაში მოქმედ ყველა ტელემაუწყებელს არსებული ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანება და მასზე დარიცხული სანქციები შეუმცირდება.
სპეციალურ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ხეთაგურმა აღნიშნა, რომ ამ გზით, როგორც ცენტრალური, ასევე რეგიონალური ტელეკომპანიებისათვის ფინანსური ვალდებულებების შემსუბუქება და მათი თანაბარ პირობებში ჩაყენება მაუწყებლების სტაბილური ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფას, სატელევიზიო ბაზრის განვითარებას, კონკურენციის გაზრდასა და ახალი ინვესტიციების მოძიებას შეუწყობს ხელს.
”ფინანსთა სამინისტრო პროცესის გამჭირვალობისა და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, ღიად მიმართავს ყველა მაუწყებელს საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, წერილობით მიმართონ ფინანსთა სამინისტროს, რათა დროულად მოხდეს შესაბამისი პროცედურების განხორციელება და მათთან ერთად სამუშაო ვითარებაში დაიწყოს საგადასახადო დავალიანების შემცირებაზე მსჯელობა” - აღნიშნულია განცხადებაში.
”ტელემედიის მხარდაჭერის მთავრობის ახალ ინიციატივამდე” რამდენიმე თვით ადრე - 17 ივლისს, შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე დავალიანების მქონე კომპანიების, მათ შორის ტელევიზიების სია გამოქვეყნდა.
იმ დროისათვის ”საზოგადოებრივი მაუწყებელის” სახელმწიფო ბიუჯეტისადმი დავალიანება - 3 538 741,59 ლარს შეადგენდა, ”რუსთავი 2”-ის 5 496 090, 39 ლარს, ”იმედის” ვალი კი - 1 390 250, 86 ლარი იყო.
ეს დავალიანებები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც 2010 წლის აპრილში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ტელევიზიებისათვის 36 მილიონ ლარიანი საგადასახადო ამნისტია გამოცხადდა. განცხადება ამნისტიის შესახებ პრეზიდენტმა, საპარლამენტო გამოსვლის დროს გააკეთა. თავიდან ეს ინიციატივა მხოლოდ რეგიონულ მაუწყებლებს ეხებოდა, თუმცა, ერთი კვირის ვადაში, კანონში შესული ცვლილებებით ნაციონალურ მაუწყებლებზეც გავრცელდა.
36 მილიონი ლარიდან, რეგიონული მაუწყებლების დავალიანება ჯამში 2 მილიონს არ აღემატებოდა. ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” დავალიენება კი 10 მილიონ ლარამდე იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო ტელეკომპანიებს, "რუსთავი 2"-სა და "იმედს" ჯამში, სავარაუდოდ, 24 მილიონ ლარამდე საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერათ.
2012 წლის 15 ოქტომბერს, სატელევიზიო არხებისათვის გამოცხადებულ ახალ საგადასახადო ამნისტიას ”საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” გამოეხმაურა.
არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამნისტიის შედეგად ყველაზე მეტად ორი ეროვნული ტელეარხი ისარგებლებს, რადგან შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე ივლისში გამოქვეყნებული ინფორმაციით, ტელეკომპანია “იმედს” გადასახადების სახით 13.9 მილიონი ლარი, ხოლო “რუსთავი 2”–ს 5.5 მილიონი ლარი დავალიანება ჰქონდათ, ხოლო სხვა ტელეკომპანიების საგადასახადო დავალიანება კი უცნობია.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მიაჩნია, რომ საგადასახადო ამნისტია არასამართლიან კონკურენტულ გარემოს ქმნის და იმ ტელევიზიებს, რომლებსაც პოლიტიკური მხარდაჭერა აქვთ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს.
”მაუწყებლებს შეუძლიათ გადასახადების გადახდას თავი აარიდონ, ვინაიდან მათ ეს დავალიანება მაინც “ეპატიებათ”, მაშინ როდესაც სხვა ტელევიზიები კეთილსინდისიერად იხდიან ყველა გადასახადს. “რუსთავი 2”–ს, “იმედს” და სხვა რამდენიმე ტელეკომპანიას “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” დაახლოებული პირები ფლობენ. მფლობელების ბოლოდროინდელმა გადაადგილებამ ცხადჰყო, რომ საქართველოში სატელევიზიო სივრცე ისევ პოლიტიკურად პოლარიზებული რჩება. რამდენიმე ტელეარხს მომავალი პრემიერ–მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებიც ფლობენ და არაა გამორიცხული საგადასახადო ამნისტიით ამ ტელეარხებმაც ისარგებლონ”, - აღნიშნულია არასამთავრობო ორგანიზაციის განცხადებაში.
“ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის” საბჭოს თავმჯდომარის - ზვიად ქორიძის თქმით, ალექსანდრე ხეთაგურის მიერ ჩამოთვლილი არგუმენტები, პრინციპულად ეწინააღმდეგება ტელეკომპანიებისათვის ვალების ჩამოწერის საკითხს.
ასევე, ძალიან ცუდია, როდესაც ხელისუფლება რეგიონული მედიის განვითარებით სპეკულირებს, რადგან რეგიონული ტელევიზიებისა და ნაციონალური მაუწყებლების გათანაბრება აბსურდია - ”კონკურენტული გარემო, რა თქმა უნდა, ვერ შეიქმნება - ტელეკომპანიათა გარკვეული ნაწილი უკვე დაზარალდა იმის გამო, რომ გადასახადებს პატიოსნად იხდიდნენ და საბიუჯეტო დავალიანება არ ჰქონდათ, თანხის ძირითადი ნაწილი კი სწორედ ნაციონალურ მაუწყებლებზე იყო აკუმულირებული. ყველაზე დიდი ტყუილი ის არის, რომ ფინანსთა სამინისტროს ინიციატივა ტელევიზიებს ახალი ინვესტიციების მოსაძიებლად გამოადგებათ; არ მგონია რომელიმე ინვესტორი ისეთი ტელეკომპანიით დაინტერესდეს, რომელმაც 2 წელიწადში 14 მილიონიანი დავალიანება დააგროვა, რომლის სანდოობის ხარისხიც ძალიან დაბალია და რომელმაც ”მოდელირებული ქრონიკა” მოამზადა” - ამბობს ქორიძე.
”ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს” აღმსარულებელ დირექტორს თამარ კორძაიას მიაჩნია, რომ ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება მედიასაშუალებების თანაბარ პირობებში ჩაყენებას ვერ უზრუნველყოფს, რადგან აბსურდულია თანაბარ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ის ტელევიზები, რომელთაც ვალი არ აქვთ და ტელეკომპანია, რომელსაც 14 მილიონ ლარს პატიობენ “- ვინ პატიობდა ამ ვალს კონკრეტულ ტელევიზიებს და რატომ აძლევდნენ მათ ამხელა დავალიანების დაგროვების საშუალეას? ალბათ ეს საკითხები საგამოძიებო ორგანოებმა უნდა წამოჭრან. ამნისტირება ასე მარტივად არ ხდება - მე როგორც რიგით მოქალაქეს მრჩება განცდა, რომ საერთოდ არ მაქვს ინფორმაცია, თუ რა დგას და რა კეთდება ამ აბსურდული ფრაზების მიღმა. არც ერთი ტელეკომპანია თავს ვალდებულად არ თვლის განმარტოს რეალურად რა ხდება, რა ოდენობის ვალს ვაპიტობთ თითოეული მოქალაქე. ეს ვალი ზეპირი საუბრის საფუძველზე ვერ იქნება ჩამოწერილი, ამას სამართლებრივი დოკუმენტების გაფორმება უნდა მოყვეს. საზოგადოების მაღალი ლეგიტიმური ინტერესიდან გამომდინარე, ეს ინფორმაცია საჯარო უნდა იყოს” - განმარტა კორძაიამ.
”საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ”ქართული მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის” ხელმძღვანელის - ნათია კაპანაძის თქმით, ახლაც, ისევე, როგორც 2010 წლის ამნისტიის დროს ძირითადი კითხვები იმასთან დაკავშირებით ჩნდება, თუ როგორ დაგროვეს ტელევიზიებმა ამხელა ვალი; ასევე, უცნობია თუ რა თანხებზეა საუბარი - ეს არის ქონების გადასახადი, საშემოსავლო გადასახადი თუ რაიმე სხვა ტიპის ვალი.
„ეს პროცესი არ არის ღია, თუმცა ჩვენ გვაქვს საგადასახადო კოდექსი, სადაც ცალსახად არის განმარტება გადასახადების დაფარვის ინტენსივობასა და გადასახადების შესახებ ინფორმაციის წარდგენასთან დაკავშირებით. სხვა საქმეა თუ ეს ვალები რესტრუქტუირებული იყო და ცალკე ამბავია, თუ ამ დავალიანების დაგროვებას ყურადღება არ ექცეოდა. აღმოჩნდა, რომ ვალები იმ ტელეკომპანიებს ჰქონდათ, რომლებსაც საზოგადოება ხელისუფლებასთან აკავშირებს. დისკრიმინაციული მიდგომისა და სხვა ტიპის ეჭვების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია პროცესები ღია გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა ხშირად საგადასახადო საიდუმლოების საკითხით აპელირებს - რიგითმა გადამხდელებმა უნდა იცოდეს რაში იქნა გადახდილი მისი თანხა“ - აღნიშნა კაპანაძემ.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატის თინა ხიდაშელის განცხადებით, ქვეყანაში მოქმედებდა კორუფციული სქემა, რომლის მიხედვითაც ხელისუფლება კონკრეტულ კერძო კომპანიას არც ვალს სთხოვდა და არც გადასახადებზე აწუხებდა, რადგან კომპანიის ხელმძღვანელი მათთან დაკავშირებული პირი იყო ; როცა ეს ვალი წარმოუდგენლად მაღალ ნიშნულს აღწევდა, მთავრობა ამის ჩამოწერას ახდენდა. თინა ხიდაშელის თქმით, ხელისუფლებას ჰქონდა სარგებელი - ეს ტელევიზიები მისი იდეოლოგიურ-პროპაგანდისტული მანქანის მთავარი იარაღი იყო, ამიტომ ის, რაც „რუსთავი 2“-სა და „იმედთან“ მიმართებაში ერთი მხრივ - სარეკლამო და მეორე მხრივ - საგადასახადო პრივილეგიიების მინიჭებით ხდებოდა, პირდაპირი ფორმის ღია კორუფცია იყო - „ტელეკომპანია „იმედის“ საკითხი განსაკუთრებით პრიორიტეტული იყოს; უნდა მოვიკვლიოთ ყველაფერი - საკუთრების უფლების ხელყოფიდან დაწყებული, სარეკლამო ბაზრითა და საგადასახადო სქემების საკითხებით გაგრძელებული. აქ სრულმასშტაბიანი სამართალდარღვევაა წარმოდგენილი; ამ დანაშაულს შევისწავლით და რეაგირებისათვის პროკურატურას გადავუგზავნით“.
ზვიად ქორიძე მიიჩნევს, რომ ვალების ჩამოწერის ფაქტი ახალი ხელისუფლებისთვისაც მაცდური პრეცედენტია, რადგან იმ ტელევიზიების მიმართ, რომლებიც შესაძლოა ახალი ხელისუფლების მაამებლებად მოგვევლინონ, არ არის გამორიცხული იგივე პრაქტიკა - ვალების ჩამოწერის პოლიტიკა იქნას გამოყენებული.