Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მოზარდს სთხოვდნენ აღიარებას, რომ დანა მისი იყო“ - როგორ მუშაობს არასრულწლოვანთა კოდექსი

07 თებერვალი 2017

„დაახლოებით 3 თვის წინ თბილისის ერთ-ერთ უბანში, ქუჩაში მდგომ 16 წლის არასრულწლოვანთან სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირი მიდის, ეუბნება აღიაროს, რომ დანა, რომელიც იქვე მიწაზე გდია, მისია. არასრულწლოვნის უარის შემდეგ მათთან კიდევ ერთი პირი მიდის. ისინი მოზარდს მანქანაში სვამენ და პოლიციის განყოფილებაში მიჰყავთ, თანაც ისე, რომ დაკავების ოქმს არ ადგენენ“,- ამ შემთხვევის შესახებ „ლიბერალს“ ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიის წევრმა, ადვოკატმა გიორგი ტურაზაშვილმა აცნობა.

მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში ძალით გადაყვანილ არასრულწლოვანს კვლავ მოუწოდებენ, რომ აღიაროს, თითქოს დანა მისი იყო.  შემდეგ ის დააჭერინეს ხელში და მისი ნების საწინააღმდეგოდ ტელეფონით ფოტო გადაუღეს.  ადვოკატი ამბობს, რომ ასე მისგან აღიარებითი ჩვენების მიღებას ცდილობდნენ.

ადვოკატის მონაყოლის მიხედვით, განყოფილებაში მისვლის შემდეგ  პოლიციელებმა მოზარდის მამას დაურეკეს. ადგილზე მისულს უთხრეს, რომ მის შვილს დანა ჰქონდა და მისი გამოკითხვა უნდოდათ.  თუმცა მოზარდისთვის არავის განუმარტავს, რომ არასრულწლოვანთა კოდექსის თანახმად, ეს ნებაყოფლობითია. მამამ პოლიციელებს ადვოკატის გარეშე გამოკითხვაზე უარი უთხრა. მათ უფასო იურიდიული დახმარება, ანუ სახაზინო ადვოკატი შესთავაზეს, თუმცა მშობელმა ამაზეც უარი განაცხადა და მამა-შვილი განყოფილებიდან წავიდნენ.

თუმცა ამბავი აქ არ დასრულებულა. ამის შემდეგ პოლიციელები მოზარდს სახლში აკითხავდნენ და სთხოვდნენ, რომ გამოსაკითხად განყოფილებაში მისულიყო. აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად კოდექსის მოთხოვნისა, არასრულწლოვნის საქმეში მხოლოდ სპეციალიზებული ადვოკატი, პოლიციელი გამომძიებელი/პროკურორი და მოსამართლე იყოს ჩართული, 16 წლის მოზარდის საქმეში პოლიციელთა კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჩანს.

გიორგი ტურაზაშვილი პროცესში ორი კვირის წინ ჩაერთო და, როგორც ამბობს, მაშინვე გაუგზავნა მიმართვა შსს-სა და პროკურატურის გენერალურ ინსპექციებს, ასევე რაიონის ზედამხედველი პროკურატურის განყოფილებას. მათ აუხსნა, რისი უფლება არ ჰქონდათ პოლიციელებს და რომ მათ, ფაქტობრივად, უფლებამოსილებას გადაამეტეს. ადვოკატი ამბობს, რომ ამ მიმართვების გაგზავნის დღიდან პოლიციელები მოზარდის ოჯახში აღარ მისულან. ამჟამად გიორგი ტურაზაშვილი გენერალური ინსპექციიდან და საქმის ზედამხედველი პროკურორისგან პასუხებს ელის, თუ რა ეტაპზეა გამოძიება. ის ამჟამად პოლიციის განყოფილების დასახელებისგან თავს იკავებს, თუმცა გენერალური ინსპექციებიდან მიღებულ პასუხებს მკითხველი „ლიბერალისგან“ შეიტყობს.

„ეს მძიმე შემთხვევაა, რადგან რეფორმის ფარგლებში საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით  ძალიან ბევრი ტრეინინგები ჩატარდა. ამის ფონზე ასეთი საქციელი შავი ლაქაა და უნდა აღიკვეთოს. ასეთი მენტალობის პირების გამოსწორება ნაკლებად წარმომიდგენია. ისინი პოლიციელები არ არიან, ისინი ამ მანდატს უბრალოდ იყენებენ“, - ამბობს ტურაზაშვილი.

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი 2016 წლის იანვრიდან ამოქმედდა. ის არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებზეა მორგებული, ამიტომ ისეთ რეგულაციებს ითვალისწინებს, როგორიცაა, საქმეში მხოლოდ სპეციალიზებული პირების ჩართვა, ინდივიდუალური მიდგომა, განრიდებისთვის პრიორიტეტის მინიჭება და სხვა. ომბუდსმენის აპარატმა და ორგანიზაციამ - „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფებისთვის“ - მოამზადა კვლევა, სადაც 1 წლის განმავლობაში გამოკვეთილი ხარვეზები ჩანს.

გიორგი ტურაზაშვილი, რომელიც კვლევის ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ ფოკუს-ჯგუფების გამოკითხვისას არაერთი შემთხვევა გამოვლინდა, როცა არასრულწლოვანს მოწმის სახით კითხავენ, თან ისე, რომ არ დგება ოქმი და ეს არსად ფიქსირდება.  ამ არაოფიციალური თანამშრომლობისას ისინი არასრულწლოვანს ეუბნებიან, რომ იციან მისი დანაშაულის შესახებ და თუ აღიარებს,  განრიდებას გაუკეთებენ. განყოფილებაში კი უკვე ბრალდებულის სტატუსით გადაჰყავთ და სწორედ ამის შემდეგ რთავენ საქმეში ადვოკატს. ტურაზაშვილი ამბობს, რომ დაცვის მხარის ჩართვას მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს, რადგან არასრულწლოვანი უკვე შემზადებულია ჩვენების მისაცემად. ეს ხარვეზი შესაძლოა კოდექსის იმ ნორმიდან მომდინარეობდეს, რომლის მიხედვითაც მოწმე არასრულწლოვნისთვის ადვოკატის ყოლა ნებაყოფლობითია. ტურაზაშვილი მიიჩნევს, რომ ეს სავალდებულო უნდა გახდეს.

„სწორედ ეს არაფორმალური გასაუბრების ეტაპი წარმოადგენს მომატებული რისკის პერიოდს არასრულწლოვან ბრალდებულებზე ზეწოლის განხორციელების კუთხით. მოწმედ ყოფნის პერიოდში არასრულწლოვანი არ არის უზრუნველყოფილი დაცვის უფლებით, ვერ აცნობიერებს მის შესაძლებლობას, გამოიყენოს დუმილის უფლება, არ მისცეს თავისი ან მისი ახლობელის მამხილებელი ჩვენება, მისცეს ჩვენება მხოლოდ სასამართლოში და ა.შ.“ - ვკითხულობთ კვლევაში.

მსგავსი პრობლემა ჩნდება 18-21 წლის პირების შემთხვევაშიც. კოდექსის თანახმად, ადვოკატით სარგებლობა მათთვისაც ნებაყოფლობითია და სახაზინო ადვოკატით იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუკი მისი ოჯახი გადახდისუუნაროა. კვლევის ავტორები მიიჩნევენ, რომ შესაძლოა ოჯახი გადახდისუუნარო არ იყოს, მაგრამ  არც კერძო ადვოკატის დაქირავება  შეეძლოს.

ამ 1 წლის განმავლობაში გამოიკვეთა არასრწულწლოვნის გამოკითხვასთან დაკავშირებული პრობლემა. არ არსებობს სახელმძღვანელო პრინციპები, რომელიც განსაზღვრავს, რა გარემოში და როგორ უნდა გამოიკითხოს არასრულწლოვანი. ტურაზაშვილი იმ შემთხვევებს იხსენებს, როცა გამომძიებელმა საკუთარი ინიციატივით მოაწყო ოთახი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კი მისთვის განკუთვნილი ადგილი დატოვა, მხარეების გვერდით დაჯდა  და ასე წარუძღვა პროცესს. თუმცა ასეთი შემთხვევები ერთეულია და ეს კანონმა უნდა დაარეგულიროს.

ამასთან, მნიშვნელოვანია დღის ის მონაკვეთი, რომელშიც არასრულწლოვანს გამოკითხავენ, რადგან კოდექსი გვიან ღამით მათ დაკითხვას კრძალავს. თუმცა  სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილ არასრულწოვანთა საქმეებში არის შემთხვეები, როდესაც  არასრულწლოვანი მოწმე დაკითხულია 00:55-02:25 დროის შუალედში, ხოლო სხვა შემთხვევაში საგამოძიებო ექსპერიმენტი არასრულწლოვნის მონაწილეობით ჩატარდა 03:20 საათზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი ფსიქოლოგის ჩართულობაა. დღეს მოქმედი კოდექსით, პროკურორი წყვეტს, როდისაა მისი ჩართვა ოპტიმალური. თუმცა კონკრეტული კრიტერიუმები არ არსებობს. ამიტომ შესაძლოა პროკურორი ერთს ფიქრობდეს, ადვოკატი მეორეს და უცნობია, რომლის სასარგებლოდ უნდა გადაწყდეს დავა.

გამოიკვეთა თუ არა ხარვეზები სასამართლო განხილვების ეტაპზეც და რის შეცვლას მიიჩნევენ აუცილებლად მოსამართლეები, ამის გასარკვევად „ლიბერალი“ თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს, ეკა არეშიძეს ესაუბრა. მისი თქმით, არასრულწლოვანთა კოდექსის ამოქმედების შემდეგ სასამართლოში ბევრი საქმე აღარ შედის, რადგან ძირითადი აქცენტი განრიდების პროგრამაზე კეთდება. კოდექსით, სიახლეა ისიც, რომ განრიდების უფლება, რაც აქამდე პროკურორის დისკრეცია იყო, ახლა მოსამართლესაც აქვს. 

არეშიძის ინფორმაციით, კოდექსის ამოქმედებისას გაუგებრობას ქმნიდა კანონის ნორმების არაზუსტი გაგება. მისი თქმით, თავდაპირველად ადვოკატს სათავისოდ ესმოდა, პროკურორს სათავისოდ, მოსამართლესაც თავისი ახსნა ჰქონდა. ამიტომ ეს რიგ ნორმებთან დაკავშირებით  გაურკვევლობას იწვევდა. მაგალითად, მათ ეგონათ, რომ 18-21 წლის პირებიც ყველა იმ შეღავათით სარგებლობენ, რითაც არასრულწლოვნები.

„ძირითადი პრობლემა ისაა, რომ რამდენადაც ეს კოდექსი მთლიანად ბავშვის საუკეთესო ინტერესზეა მორგებული, რის გამოც საკმაოდ ლიბერალურია, იმდენად უსამართლოა ის რიგ შემთხვევებში დაზარალებულისთვის.  როცა შენ სამართლებრივად სწორ გადაწყვეტილებას იღებ, გარედან ვიღაცისთვის ძალიან უსამართლო ჩანს“.

მოსამართლე იმის საფრთხესაც ხედავს, რომ კოდექსის ლმობიერმა მიდგომამ შესაძლოა დაუსჯელობის განცდა გააჩინოს. მისი ინფორმაციით, არიან არასრულწლოვნები, რომელთაც სულ ასამართლებენ. მათ ძალიან კარგად აქვთ გათავისებული, რომ  მათ უფლებებს კანონი იცავს და მცირედი გადაცდომაც კი მოსამართლისთვის იქნება ცუდი. იციან, რომ კი ჩაიდინა დანაშაული, მაგრამ არც ისე მკაცრად დაისჯება. თუმცა, ეკა არეშიძის შეფასებით, ასეთი შემთხვევები იშვიათია.

„ძალიან მომწონს მოსამართლის უფლებამოსილებები, რომლებიც სრულწლოვანთა კოდექსებში შეზღუდულია. კოდექსით გვაქვს მინიმუმზე დაბალი სასჯელი, განრიდებაში დაბრუნება, ინდივიდუალურად უდგები ყველა საქმეს და კანონის ჩარჩოებით არ იზღუდები“, - ამბობს მოსამართლე.

ეკა არეშიძე ვარაუდობს, რომ მომავალში ალბათ დაიწერება სახელმძღვანელოდ, რა საკითხი როგორ სჯობს, რომ გადაწყდეს. რადგან კოდექსის აღსრულებაში ჩართული ყველა პირი  პერიოდულად იკრიბება და მსჯელობს, ვის რა პრობლემა შეექმნა პრაქტიკაში, აანალიზებენ და რეკომენდაციის სახეს აძლევენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

25 სექტემბერი
25 სექტემბერი

პოლიტიკის წესები

დასავლური პოლიტოლოგიის ვერსია იმის შესახებ, თუ რატომ ხდებიან მმართველები დიქტატორები, კარგადაა აღწერილი ნიუ-იორკის უნივე ...
11 სექტემბერი
11 სექტემბერი

რას ვუყუროთ. კინორეკომენდაცია

დასვენების დღეებში, „ლიბერალი“ გთავაზობთ კინორეკომენდაციებს, მოკლე ანოტაციებით. თითო რეკომენდაციაში სულ ცოტა სამი ფილმია ...
04 სექტემბერი
04 სექტემბერი

გაველურდი! - ჩემი რჩევა ტექნოლოგიასთან ე ...

„რა თქმა უნდა, ყველა ვერ გავიქცევით და ტყეში ვერ ვიცხოვრებთ. მაგრამ თუკი უარს ვიტყვით სესხებზე, მოწყობილობებზე და ბუნება ...

მეტი

^