Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პატიმრობა შინ

14 თებერვალი 2017

ბოლო წლების განმავლობაში სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის მიმართულებით რამდენიმე ნაბიჯი გადაიდგა - გაუქმდა სასჯელის შეკრებითობა, განხორციელდა მასობრივი ამნისტია, პენიტენციურ დაწესებულებებში გაჩნდა რესოციალიზაციაზე მორგებული აქტივობები და ა.შ. მიუხედავად საზოგადოების შიშისა, რომ ეს ყველაფერი კრიმინალის დონეს გაზრდიდა, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ამ მიმართულებით ნაბიჯები კიდევ უნდა გადაიდგას.

უწყების მიერ მომზადებული საკანონმდებლო პაკეტით, ცვლილებები 19 კანონში შედის და ბევრი ტექნიკური თუ შინაარსობრივი სიახლე იგეგმება.

სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კანონის პროექტით,  მთელი რიგი დანაშაულების ჩამდენთათვის ახლა სახლი იქნება ციხე. თუმცა იმ პირობით, რომ მსჯავრდებულს იქ ყოფნა მხოლოდ დღე-ღამის გარკვეულ მონაკვეთში მოუწევს, სხვა დროს კი გადაადგილება ნებადართული გარკვეული რადიუსით ექნება. ამ პირობებს სასამართლო ყველა მსჯავრდებულის შემთხვევაში ინდივიდუალურად განსაზღვრავს. მსჯავრდებულებს სპეციალური ელექტროსამაჯურების მეშვეობით გააკონტროლებენ. აღსანიშნავია, რომ ის მხოლოდ ნაკლებად მძიმე დანაშაულების ჩამდენს შეიძლება დაეკისროს, მაგალითად, როგორიცაა: სამსახურებრივი მდგომარეობის გადამეტება, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა, ცემა, ქურდობა, ძარცვა, აფექტის მდგომარეობაში ჩადენილი მკვლელობა, პირადი ცხოვრების საიდუმლოს გამჟღავნება და სხვა. სასჯელი არ გამოიყენება ოჯახში ძალადობისთვის ნასამართლევი პირისთვის.

„ჩვენ რომ შანსს ვაძლევთ, ვაკონტროლებთ კიდეც მას, და თუ მსჯავრდებული არ შეასრულებს სასამართლოს მიერ დადგენილ პირობებს, სასამართლოს მივმართავთ და შინაპატიმრობის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლას მოვითხოვთ“, - აღნიშნავს „ლიბერალთან“ საუბრისას სასჯელაღსრულების სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, სანდრო დარახველიძე. 

სამინისტროს მიერ შემოთავაზებული კიდევ ერთი ცვლილება სრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის უმაღლესი განათლების მიცემაა. სანდრო დარახველიძე ამბობს, რომ წარსულში იყო შემთხვევები, როდესაც მსჯავრდებულები წარმატებით აბარებდნენ ეროვნულ გამოცდებს და გრანტსაც იღებდნენ, თუმცა ინფრასტრუქტურის არარსებობის გამო სწავლის მიღების საშუალება არ ჰქონდათ. დარახველიძის განმარტებით, უმაღლესი განათლების დისტანციურად მიღების შანსი გათავისუფლების მომზადებისა და დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულებს ექნებათ. ასეთი ამჟამად რუსთავის #16 დაწესებულებაა, რომელშიც ყველა საჭირო ინფრასქტრუქტურაა.

თუმცა პრობლემა შეიძლება წარმოშვას დაფინანსებამ. თუკი მსჯავრდებული 100%-იან გრანტს აიღებს, ცხადია ის უფასოდ ისწავლის. მაგრამ თუკი ის მხოლოდ ნაწილობრივ ან საერთოდ ვერ მოიპოვებს დაფინანსებას, მას ან ოჯახმა უნდა დაუფაროს სწავლის საფასური, ან თავად იმუშაოს დაწესებულების შიგნით და ისე გადაიხადოს ეს თანხა. ამასთან, მსჯავრდებული სტუდენტებისთვის მხოლოდ იმ პროფესიების დაუფლება იქნება შესაძლებელი, რაც თეორიულ სწავლებას ეფუძნება და არა პრაქტიკულს.

მსჯავრდებული სტუდენტებისთვის ან მათთვის, ვისაც სამოქალაქო სექტორში მუშაობა სურს, გადაადგილებას მოსახერხებელს გახდის ახალი ტიპის დაწესებულება - Half Way House, ანუ „ნახევრად სახლში“. იქ დაბალი რისკის მსჯავრდებულები და ის პირების გადავლენ, რომელთაც გათავისუფლებამდე 6 თვე დარჩათ. მათ საშუალება ექნებათ, უქმეებზე ან სამუშაო დღეებში დატოვონ დაწესებულება სწავლის, მუშაობის ან სხვა საჭიროების მოსაგვარებლად. საკანონმდებლო ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, Half Way House დაბალი რისკისა და ქალთა დაწესებულებებში ცალკე ფლიგელად აშენდება. 

„თუკი მათ უმაღლესი განათლების მიღების სურვილი ექნებათ და ასეთ დაწესებულებაში გადავლენ. ჩვენ მათ საშუალებას მივცემთ, დატოვონ დაწესებულება და უნივერსიტეტში იარონ“.

სიახლეა მსჯავრდებული დედებისთვისაც, საუბარია მათზე, ვისმა შვილმაც 3 წელს მიაღწია და დაწესებულება დატოვა. დღევანდელი კანონმდებლობის თანახმად, თუკი ქალს დაკავებისას უკვე ჰყავდა შვილი ან დაწესებულებაში იმშობიარა, შეუძლია შვილი თავისთან, მათთვის გამოყოფილ საცხოვრებელში 3 წლის ასაკამდე ჰყავდეს. შემდეგ ბავშვი დაწესებულებას ტოვებს. შემოთავაზებული ცვლილებებით, ასეთ შემთხვევაში ქალს საშუალება ეძლევა, 1 წლის განმავლობაში უქმე და დასვენების დღეებში დაწესებულება დატოვოს. თუმცა კანონმდებლები განმარტავენ, რომ ამით ყველა ქალი ვერ ისარგებლებს, საკითხის გადაწყვეტისას დაწესებულების დირექტორი შემდეგ გარემოებებს გაითვალისწინებს: მსჯავრდებულისგან მომდინარე საფრთხე, პიროვნული თვისებები, კრიმინალური წარსული, დანაშაულის ხასიათი და მოტივი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და ა.შ. 

სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ამბობს, რომ ეს UNICEF-ისა და სახალხო დამცველის რეკომენდაცია იყო, რადგან გარდამავალი პერიოდი დედისთვისაც და ბავშვისთვისაც საკმაოდ რთულია. 

ცვლილებები უვადო თავისუფლებააღკვეთილებსაც შეეხებათ. უფრო კონკრეტულად კი, მათ 20-წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ საშუალება ექნებათ, სასჯელის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს  მიმართონ. საქმე ისაა, რომ აქამდე თითქმის არ არსებობდა მექანიზმი, რომლითაც მათ სასჯელი შეუმცირდებოდათ ან შეეცვლებოდათ. მუდმივმოქმედ საბჭოს არ შეეძლო მათთვის სასჯელის სახის შეცვლა, რადგან ასეთ დროს მათთვის სამუდამოდ სასარგებლო შრომის, ან სამუდამო პირობითი მსჯავრის დაკისრება მოუწევდათ. ამიტომ ასეთი საქმეები საერთოდ არ განიხილებოდა.

სანდრო დარახველიძის განმარტებით, მოსამართლეს სრული დისკრეცია ექნება, ასეთ მსჯავრდებულებს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეუცვალოს და საკუთარი ხედვისამებრ გადაწყვიტოს, რას დააკისრებს მათ - პირობით მსჯავრს, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას თუ საერთოდ მოუხსნის სასჯელს. 

„ეს შანსი ამ 20 წლის განმავლობაში მათთვის სტიმული იქნება“,- აღნიშნავს დარახველიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^