Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მანდატურები სკოლის ცხოვრებაში

17 თებერვალი 2017

უსაფრთხო სკოლის პოლიტიკის განხილვისას ყველაზე ბევრს მანდატურის ინსტიტუტზე საუბრობენ. პირველად მანდატურები საჯარო სკოლებში  6 წლის წინ გამოჩნდნენ. მათი ფუნქციები სხვადასხვა დროს განსხვავებული იყო. პედაგოგები ხშირად იხსენებენ, რომ გარდა დეკლარირებული უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობისა, რაც მანდატურებს ჰქონდათ,  ეს ინსტიტუტი სკოლაზე და პედაგოგებზე კონტროლის ერთგვარი პოლიტიკური ინსტრუმენტიც იყო. მაგრამ ახლა იმაზეც საუბრობენ, რომ  რეალობა შეიცვალა და პედაგოგებისთვის უფრო ცხადია მანდატურების როლი და მოვალეობები სკოლის ცხოვრებაში. თუმცა, მანდატურების ნდობასთან და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით მუდმივად არსებობს საზოგადოების ინტერესი. ამ ინსტიტუტის შეფასებას განსაკუთრებით ართულებს სტატისტიკის ნაკლებობა, რადგან არ გვაქვს უახლესი კვლევა.  

2010 წლიდან როგორ იცვლებოდა ეს სამსახური, მანდატურების მიმართ ნდობა და დამოკიდებულებები? რა რეალობა გვაქვს დღეს? როგორ აფასებენ მათ საქმიანობას პედაგოგები, მშობლები, მოსწავლეები?

რას ამბობენ სკოლაში

თბილისის 55-ე საჯარო სკოლა ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი სკოლაა. 1700 -მდე ბავშვი ორ ცვლაში სწავლობს.  სკოლას 5 მანდატური ჰყავს.

სკოლის დირექტორი მაია შარტავა ორი წელია ამ პოზიციაზეა. მიიჩნევს, რომ უსაფრთხო სკოლაზე პასუხისმგებლობა სკოლაში შემავალ ყველა რგოლს ეკისრება და მას მხოლოდ მანდატურის სამსახური თავის თავზე ვერ აიღებს.

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში საჯარო სკოლაში არ მუშაობდა, კოლეგებისგან იცის, რა ფორმით შემოვიდა ეს სამსახური სკოლებში. მათი ფუნქციები გაცილებით მეტი იყო, ისინი საგაკვეთილო პროცესშიც ერეოდნენ. თუმცა, აღნიშნავს, რომ მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ახლა მანდატურს  არ აქვს უფლება, შეაღოს საკლასო ოთახის კარი, თუ იქ პედაგოგია; ასევე, არ აქვს პედაგოგის მიმართ რაიმე ტიპის ადმინისტრაციული საქმისწარმოების უფლება. ამის უფლება ერთპიროვნულად დირექტორსაც კი არ აქვს. სკოლაში არსებობს დისციპლინური კომიტეტი, რომლის მოვალეობაცაა, განიხილოს პედაგოგის მხრიდან რაიმე ტიპის გადაცდომის შემთხვევები.

მაია შარტავა ამბობს, რომ  ამჟამად სკოლაში მანდატურებს ევალებათ ტერიტორიის კონტროლი, სკოლის ტერიტორიაზე დანაშაულის არა მხოლოდ აღმოჩენა, არამედ პრევენცია: ჩხუბის, კამათის დაფიქსირება და აღმოფხვრა. თუ მოცემულ მომენტში პრობლემას  ვერ აგვარებენ, ამის შესახებ დირექციას უნდა აცნობონ.

დირექტორი მიიჩნევს, რომ მანდატურები, როგორც დამატებითი რგოლი, სკოლის უსაფრთხოების დასაცავად საჭიროა, მით უფრო, თუ სკოლა მრავალრიცხოვანია.

„ისეთი დიდი სკოლისთვის, როგორიც ჩვენია საჭირო და აუცილებელიც კია მანდატურები. როცა კერძო სკოლაში ვმუშაობდი, მცირეკონტინგენტიან სკოლაში,  თითო მასწავლებელზე ორი-სამი ბავშვი მოდიოდა და დასვენებაზეც კი ყველა მოსწავლე ყურადღების ცენტრში გვყავდა. აქ დიდი ტერიტორიაცაა,  სამეთვალყურეო კამერებიც დაყენებულია, მაგრამ მუდმივად  საჭიროა დერეფნებში და სართულებზე ვიღაც მოძრაობდეს. ორი ცვლაა, ამიტომ, მანდატურების გარდა, მორიგეობაც გვაქვს დაწესებული. მე, მოადგილე ან კოორდინატორი - გაკვეთილების დროს ერთ-ერთი მაინც ყოველთვის ადგილზე უნდა ვიყოთ“, - ამბობს მაია შარტავა.

დირექტორისგან განსხვავებით, ნინო კოდუა უკვე ათი წელია 55-ე სკოლაში ბიოლოგიას ასწავლის. მას ის დროც კარგად ახსოვს, როდესაც მანდატურები სკოლაში პირველად მოვიდნენ. ამბობს, რომ  თავდაპირველად მანდატურების საქმიანობაში ძალიან ბევრი რამ იყო ბუნდოვანი. პედაგოგებმა ისიც კი არ იცოდნენ, რა ეწერა დებულებაში, რა სტრატეგიით უნდა ემუშავათ მანდატურებს. ისინი პედაგოგების საქმიანობაშიც ერეოდნენ. ამიტომ, როგორც ნინო ამბობს, მასწავლებლები მაქსიმალურად ერიდებოდნენ მათთან ურთიერთობას.

ნინო კოდუაც აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც მანდატურების მოვალეობები შეიცვალა და გასაგები გახდა სად გადიოდა მათი უფლებამოსილების ზღვარი, ეს ინსტიტუტი დამხმარე საშუალებად იქცა მრავალრიცხოვანი სკოლებისთვის კიდევ უფრო უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

რაც შეეხება სკოლის მიმართ მანდატურების ანგარიშვალდებულებას, სკოლაში ამბობენ, რომ მანდატურის სამსახურს აქვს მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც მათ საქმიანობას აკონტროლებს. შესაბამისად, ისინი ანგარშვალდებულნი თავიანთი სამსახურის მიმართ არიან. თუმცა, ახალი მანდატურის მოსვლის ან შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების საკითხს სკოლა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე განიხილავს. საბჭოს თანხმობის შემდეგ კი დირექტორი მანდატურების ახალ შემადგენლობას ამტკიცებს.

სკოლის დირექტორის თქმით, თუ მანდატურების საქმიანობასთან დაკავშირებით სამეურვეო საბჭოს რაიმე ტიპის ინფორმაცია აქვს, ან პედაგოგების თუ მშობლების მხრიდან გაჩნდა კითხვები მანდატურების მიმართ ნდობასთან დაკავშირებით, შეუძლიათ დასვან ამ მანდატურის მიერ სკოლის დატოვების საკითხი.

სამეურვეო საბჭო სკოლის თვითმმართველი ორგანოა. ის ირჩევს სკოლის დირექტორს, ამტკიცებს ბიუჯეტს და აკონტროლებს დირექციის საქმიანობას. სკოლის სამეურვეო საბჭოში მშობლები, პედაგოგები და მოსწავლეები შედიან. მშობლები და მასწავლებლები ირჩევენ სამეურვეო საბჭოს, ხოლო განათლების სამინისტრო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები უფლებამოსილნი არიან, საბჭოებში სათათბირო ხმის უფლებით თითო წევრი დანიშნონ.

ლელა ბუხაიძე მშობელია, ის უკვე ერთი წელია  55-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს წევრია. ამ სკოლაში მისი სამი შვილი სწავლობს. ამბობს, რომ მანდატურებისთვის ხელშეკრულების გაგრძელება მათი ნებართვით მას შემდეგ მოხდა, რაც მათი პირადი საქმეები განიხილეს. ფიქრობს, რომ  რაც უფრო მეტი ადამიანი ზრუნავს სკოლის უსაფრთხოებაზე, ის, როგორც მშობელი, თავს უფრო მშვიდად გრძნობს.

მანდატურის სამსახური დღეს

ზაზა ხუციშვილი საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურია. ამჟამად 67-ე საჯარო სკოლაში მუშაობს. მანამდე ათამდე სკოლა გამოიცვალა. მანდატურად სამსახურის დაარსების დღიდან მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურმა ამ პერიოდის განმავლობაში საკმაოდ რთული გზა გაიარა, რადგან სკოლებში იყო ძალადობა,  საფრთხის შემცველი გარემო. სწორედ ამიტომ მდგომარეობა სერიოზულ, ზოგჯერ რადიკალურ ჩარევას საჭიროებდა.

„ორიენტირებული ვიყავით  დარღვევების დაფიქსირებაზე, იმისათვის, რომ სკოლიდან დანაშაული დროულად გაგვედევნა. მაგრამ როგორც კი გარკვეულ ეტაპზე შედეგს მივაღწიეთ და სიტუაცია სკოლებში დასტაბილურდა,  ჩვენ წინაშე უკვე სხვა ამოცანები დადგა. სამსახური სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა: შეიქმნა ფსიქოლოგიური ცენტრი, პროფესიული ორიენტაციის სამმართველო და ა.შ.  ჩვენი მთავარი მიზანი ბავშვების უასფრთხოებაზე ზრუნვაა და, ამ მიზნიდან გამომდინარე,  სხვადასხვა მიმართულებით ვმუშაობთ“, - ამბობს ზაზა ხუციშვილი.  

მანდატურის თქმით, ისინი სასწავლო პროცესს „გარედან იცავენ“,  არ აქვთ სასწავლო პროცესში ჩარევის უფლება, განსაკუთრებით - პედაგოგების საქმიანობაში,  რადგან ეს დირექციის პრეროგატივაა.

მანდატურის სამსახურის ინფორმაციით, ამჟამად 1275 მანდატური საქართველოს 445 საჯარო სკოლაში თავის მოვალეობას ასრულებს. ეს სამსახური თავდაპირველად, 2010 წელს თბილისის 10 საპილოტე სკოლაში შევიდა. შემდეგ ისინი სხვადასხვა ქალაქსა და კერძო სკოლაში გამოჩნდნენ.

მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ  სამსახურში განხორციელებული ცვლილებების შემდეგ, დღეს მანდატურის ძირითად  მოვალეობებში შედის:  სკოლის შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი; დაპირისპირებულ მოსწავლეებს შორის მედიატორის როლის შესრულება; მოსწავლეთა, პედაგოგთა და სკოლის ადმინისტრაციისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა; კონფლიქტური სიტუაციის გამოვლენა და მოგვარება; დარღვევის აღრიცხვა.

2013 წელს მანდატურის სამსახურში მოსწავლეების ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი შეიქმნა, სადაც მანდატურის თუ სკოლის რეკომენდაციითა და მშობლების თანხმობით ბავშვებს შესაბამისი ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ.

რაც შეეხება მანდატურების კვალიფიკაციას, მათ მიმართ ნდობას და მათი საქმიანობის მონიტორინგს, ეს საკითხი ხშირად გამხდარა საზოგადოების ყურადღების საგანი.

მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ  მათი შერჩევა კონკურსის წესით ხდება და აუცილებელი მოთხოვნებია, რომ კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს ქმედითუნარიანი, ნასამართლეობის არმქონე მოქალაქე, რომელმაც აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ჯანმრთელობისა და ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა. შერჩეული კანდიდატები კი გადიან სპეციალური მომზადების კურსებს შსს-ს აკადემიაში, სადაც  ისწავლება შემდეგი საგნები:  ფსიქოლოგია,  მედიაცია, უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება და ა.შ. ამ კურსის გავლის შემდეგ კი, როგორც სამსახურში ამბობენ, ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრი მათ უტარებს ტრენინგკურსებს ბავშვის განვითარების ეტაპების შესახებ; ასევე, კონფლიქტის მართვის თუ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების იდენტიფიცირებისა და გადამისამართების შესახებ.

„მანდატურების საქმიანობისა და დაკისრებული მოვალეობების შესრულების ხარისხის მონიტორინგი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. შესაბამისად,  ნებისმიერი სამსახურეობრივი გადაცდენის შემთხვევაში, ჩვენი სამსახურის მონიტორინგის სამმართველოს მიერ შესაბამისი ზომების გამოყენება ხდება“, - ამბობს საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ადმინისტრაციული სამმართველოს ხელმძღვანელი შორენა ზედგინიძე.

როგორია დამოკიდებულებები მანდატურის ინსტიტუტის  მიმართ

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მხარდაჭერით, პროექტის - “ბავშვზე ორიენტირებული სკოლის ადვოკატირება" - ფარგლებში 2012 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც არკვევდა სკოლის თემის დამოკიდებულებას უსაფრთხო სკოლის პოლიტიკისადმი, აღმოჩნდა, რომ მანდატურის, როგორც მედიატორის როლის შემსრულებლისადმი ნდობა დაბალია როგორც მოსწავლეებში, ისე მშობლებში. კონფლიქტური სიტუაციების გადაჭრაში უპირატესობას მოსწავლეთა და მშობელთა დიდი ნაწილი კლასის დამრიგებელსა და დირექტორს ანიჭებს.

ჩვენთან საუბარში მოსწავლეებიც ამბობენ, რომ პრობლემისა და კონფლიქტის დროსაც კი ისინი ძირითადად კლასის დამრიგებელს მიმართავენ, იშვიათად - მანდატურს.

არ არსებობს უახლესი კვლევა და ციფრები იმის გასაზომად, როგორ შეიცვალა მანდატურების მიმართ დამოკიდებულება, ასევე - სკოლების უსაფრთხოების ხარისხი.  

მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ დღეს მანდატურების მიმართ ნდობა გაზრდილია  და ამას მოწმობს  მანდატურის მოთხოვნის წერილები სხვადასხვა სკოლიდან. ამ მოთხოვნის საფუძველზე, სამსახურის ინფორმაციით,  2016 წელს  40 საჯარო სკოლაში 150-მდე მანდატურმა დაიწყო მოვალეობის შესრულება. ასევე, მოთხოვნის შესაბამისად, 2017 წელს დაგეგმილია მანდატურების იმ სკოლებში დანიშვნაც, რომლებშიც 400 და მეტი მოსწავლე ირიცხება.

განათლების სპეციალისტი რეზო აფხაზავა ამბობს, რომ კვლევის არარსებობის გამო მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებების გაკეთება ჭირს, მაგრამ ტენდენცია აჩვენებს, რომ მანდატურების მიმართ ნდობა გაიზარდა და დამოკიდებულებებიც შეიცვალა.

ის ხაზს უსვამს სკოლების უფრო მეტ ჩარევას მანდატურების შერჩევაში და თავად მანდატურების კვალიფიკაციის საკითხს: „ამ ადამიანებს მოეთხოვებათ ძალიან მაღალი კვალიფიკაცია. ისინი აგვარებენ უსაფრთხოების საკითხს და მუდმივ კონტაქტში არიან ბავშვებთან, შესაბამისად, მათი შერჩევა ძალიან ფრთხილად უნდა მოხდეს. გარდა ამისა, სკოლები თავად უნდა იყვნენ პასუხისმგებელი მანდატურებზე,  მანდატურები კი, თავის მხრივ, ანგარიშვალდებულნი - სკოლების და არა სკოლის გარეთ არსებული ინსტიტუტის წინაშე. რაც უფრო გაიზრდება სკოლის როლი მანდატურის შერჩევაში,  გაიზრდება ნდობაც“.

ხშირად საუბრობენ, რომ, მაგალითად, სკოლის პერიმეტრის კონტროლი, სკოლის ფიზიკური გარემოს მეთვალყურეობა, კონფლიქტის მოგვარება და ა.შ., რაც მანდატურის მოვალეობებში შედის, ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობის აღება თავად სკოლასაც შეუძლია და აქვს ამის რესურსი, განსაკუთრებით, მცირეკონტინგენტიან სკოლებს. ამიტომ ეს არის ხელოვნური რგოლი, რაშიც სახელწმიფო მნიშვნელოვან თანხებს ხარჯავს. ამიტომ, არის თუ არა საჭირო საერთოდ ეს რგოლი?

ამასთან დაკავშრებით მანდატურის სამსახურში ამბობენ, რომ  ეს ინსტიტუტი  უსაფრთხო გარემოსთან, ზრუნვასთან და  მედიაციასთან არის დაკავშირებული და საგანმანათლებლო დაწესებულებებს ფსიქო-სოციალური თუ უსაფრთხოების კუთხით კომპლექსურ სერვისს სთავაზობს.

სტატია მომზადებულია ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.  სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ ავტორი და ის არ ასახავს ევროკავშირის პოზიციას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^