Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჰელსინკიდან ლისაბონამდე... სირიაზე გავლით

17 თებერვალი 2017

ბერლინის კინოფესტივალი ახალი ესთეტიკური კოორდინატების ძიებაში 

ბერლინის 67-ე კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამა გაცილებით ევროპიზებულია, ვიდრე წინა წლებში. რაც გულისხმობს მხოლოდ მცირე ამერიკულ-აზიურ კინემატოგრაფიულ „დოზებს“: მაგალითად, ამერიკელი რეჟისორის, ორენ მოვერმანის ფსიქოლოგიურ ტრილერს „სადილი“ (რიჩარდ გირის მონაწილეობით); ჩილელი რეჟისორის, სებასტიან ლელიოს დრამატულ ისტორიას ტრანსექსუალის შესახებ („ფანტასტიური ქალი“); ჩინურ ექსპერიმენტულ-ანიმაციურ ფილმს და გახმაურებული იაპონელი რეჟისორის, საბუს (ეს ჰიროუკი ტანაკის ფესვდონიმია) სრულიად განსახვავებულ ესთეტიკას ფილმში „მისტერ ლონგი“. თუმცა, ძირითადი აქცენტი მაინც ევროპულ კინოზეა გადატანილი. კრიტიკოსთა რეიტინგებშიც ძირითადად, ევროპული ფილმები ლიდერობენ.

უსამართლობა იქნებოდა ევროპული „კინოპეიზაჟის“ აღწერა ყველაზე მწარე ჰუმანისტისა და მელანქოლიური იუმორის მქონე ფინელი  რეჟისორის, აკი კაურისმიაკის გარეშე დაგვეწყო. მის ახალ ფილმს „იმედის მეორე მხარე“, რომელიც საკონკურსო პროგრამაშია, კრიტიკოსები იმთავითვე ფავორიტად მიიჩნევდნენ და, შეიძლება ითქვას, რომ მათ იმედები არ გაცრუებიათ. კაურისმიაკი დღეს ერთადერთ რეჟისორად რჩება ევროპაში, რომლისთვისაც სიტყვები - „ძმობა“ და „სოლიდარობა“ მხოლოდ დეკლარაცია და უბრალოდ სიტყვები არ არის!

იმედის მეორე მხარე

კომივოიაჟერი ვიკსტრიომი (ამ როლს კაურისმიაკის ფილმების მუდმივი მსახიობი, საკარი კუოსმანენი თამაშობს) ჰელსინკის ერთ-ერთ უბანში მიგდებულ რესტორანს ყიდულობს. აქ კოვბოების სამოსში გამოწყობილი ბებერი როკ-მუსიკოსები იკრიბებიან, რომლებიც აუღელვებელი და სევდიანი სახეებით „უბერავენ“ როკ-ენ-როლს. სადღაც კუთხეში ძველებური მუსიკალური ავტომატი დგას, რომელსაც ჯიმი ჰენდრიკსის სურათი დაჰყურებს. სწორედ ამ რესტორანში შეიფარებენ სირიელ ლტოლვილ ჰალედს, რომელიც პოლიციას გამოექცა და რომლის როლსაც შერვან ჰაჯი, სირიელი ლტოლვილი თამაშობს.

კომივოიაჟერისა და ჰალილის უცნაური მეგობრობა თუ სასაცილო ნიუანსებით გამდიდრებული ურთიერთობა, ასევე პირქუში რესტორნის უცნაურ ოფიციანტებსა და სირიელ ლტოლვილს შორის დამოკიდებულება ფილმის აბსურდულ-ჰუმანისტურ ტონალობასაც განსაზღვრავს. რეჟისორი ტაქტითა და ცოტა ირონიითაც გვიჩვენებს, რომ უსახლკარობა, უსამშობლოობა და მარტოობა ყოველთვის შეიძლება გადაარჩინოს მეგობრობამ; რომ ადამიანთა ერთობა და სოლიდარობა ყველაზე დიდი გრძნობაა.

კაურისმიაკის უცნაური, სასაცილო, ახირებული და კეთილი პერსონაჟებით დასახლებული კინოსამყარო დამაჯერებელი პასუხია ევროინტეგრაციის რეალურობასა და ახალი ევროპული უტოპიის შესაძლებლობაზე. ფილმის ფინალი ადასტურებს, რომ კაურისმიაკი ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰუმანისტი რეჟისორია ევროპულ კინოში.

წვეულება

კაურისმიაკის სრულ ანტითეზად აღიქმება ბრიტანელი რეჟისორის, სალი პოტერის შავ-თეთრი „წვეულება“. მეგობრები ჯანეტის (კრისტინ სკოტ ტომასი) სახლში იკრიბებიან, რომ ჯანმრთელობის დაცვის მინისტრად დანიშვნა მიულოცონ. თუმცა მოვლენები ისე ვითარდება, რომ ყველაფერი თავდაყირა დგება. აბსურდული, სატირული თუ მახვილგონივრული სცენები და დიალოგები ისეა ერთმანეთში გადახლართული (ფილმში მოქმედება ლონდონში, ჯანეტის სახლში ხდება), რომ ნამდვილად გაგახსენდებათ ბრიტანული თეატრის დიდი ტრადიციები.

კინემატოგრაფიული და გამომსახველობითი თვალსაზრისით სალი პოტერის ფილმი რაღაცით ჰგავს მაიკლს ნიკოლსის 1966 წელს გადაღებულ შავ-თეთრ შედევრს  „ვის ეშინია ვირჯინია ვულფის?“ (ედუარდ ოლბის პიესის მიხედვით). თუმცა ცოტათი ხელოვნური კონსტრუქციით აგებულ სცენარსა და თხრობის თეატრალურობას ნამდვილად შველის მსახიობთა ბრწყინვალე ანსამბლი: ტიმოთი სპოლი, კრისტინ სკოტ ტომასი, პატრიცია კლაკსონი, ბრუნო განცი...

ახლა გეზი პოლონეთისკენ. წლევანდელი პროგრამის ასევე გამორჩეული ფილმია ცნობილი პოლონელი რეჟისორის, აგნეშკა ჰოლანდის „კვალი“. ჰიოლანდის ფილმი „სოფლის დეტექტივს“ ჰგავს, რომელიც სავსეა უცნაურობებით, მისტიკით, შავი იუმორით... თითქოს, „ტვინ პიკსის“ ევროპული ვარიანტია.

კვალი

პანი დუშეიკო, რომლის როლსაც ბრწყინვალედ თამაშობს აგნეშკა მანდატი (ჩემი აზრით, „ვერცლის დათვის“ ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის),  ინგლისურის მასწავლებელია; ამავე დროს, ცხოველთა დამცველი, ათეისტი, რომელსაც მხოლოდ ჰოროსკოპებისა სჯერა. ის თავად იძიებს პოლიციის მიერ გამოუძიებელ უცნაურ მკვლელობებს, რომელიც სოფლის ტყეებში ხდება. ფილმის ერთ-ერთი გამორჩეული და იუმორით სავსე ეპიზოდია „ცხოველთა კარნავალი“, რომელზეც პანი დუშეიკო მგლის ფორმით მიდის, ხოლო მის კავალერს - ენტომოლოგს წითელქუდას კოსტიუმი აცვია. და ეს ცხადი, გასაგები იუმორი არქეტიპების მსხვრევის კიდევ ერთი მცდელობაა.

პოლონური ტყეებიდან ვენამდე, კლასიკური მუსიკის დედაქალაქამდე არც ისე შორია. სწორედ ვენაში ხდება ავსტრიული ფილმის, „ველური თაგვის“ მოქმედება. მახიობის, სცენარისტისა და რეჟისორის, იოზეფ ჰადერის ფილმი ნამდვილი სატირაა ევროპელ ინტელექტუალებზე. მუსიკის ცნობილ კრიტიკოსს, რომელიც 30 წლის განმავლობაში გაზეთებში სტატიებს აქვეყნებდა და დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა, სამსახურიდან ათავისუფლებენ (მთავარ როლს ფილმში თავად ჰადერის თამშობს). აქედან იწყება მთავარი გმირის სასაცილო მრისხანება თუ აკვიატებაც - რადაც არ უნდა დაუჯდეს, შეფრედაქტორს სამაგიერო გადაუხადოს.

უამრავი და უშედეგო ტრაგი-კომიკური მცდელობის შემდეგ ის თავის მოკვლას მთებში, თოვლში გადაწყვეტს, თუმცა აქაც არ გაუმართლებს და ისევ ძალიან კომიკურ სიტუაციაში ვარდება. თეატრის მოყვარულებს შევახსენებთ, რომ იოზეფ ჰადერი დიდი ხნის განმავლობაში ვენის ცნობილი ბურგ-თეატრის მსახიობი იყო. „ველური თაგვი“ კი მისი რეჟისორული დებიუტია კინოში.

ველური თაგვი

სადაც ვენა, იქაც ბერლინი... სწორედ ბერლინის გარეუბანში, მშენებლობაზე მუშაობს გერმანელი რეჟისორისა და პროდიუსერის, ტომას არსლანის ფილმის - „თეთრი ღამეების“ მთავარი გმირი. ის ნორვეგიაში მიემგზავრება მოულოდნელად გარდაცვლილი მამის დაკრძალვაზე, სადაც დიდი ხნის უნახავ 14 წლის შვილს ნახულობს. მამა-შვილის გაუცხოებულ ურთიერთობას ნელ-ნელა გაალღობს სკანდინავური მკაცრი ბუნება და მთები, სადაც ისინი კარავში რამდენიმე ღამეს გაათევენ. ამ საკმაოდ ბანალურ ისტორიას, რომელიც მამა-შვილის კონფლიქტსა და დაახლოებაზე მოგვითხრობს, ნამდვილად შველის ავსტრიელი მსახიობის, გეორგ ფრიდრიხის თამაში, რომელიც ჩვენს მაყურებელს შესაძლოა ულრიხ ზაიდლის ფილმებიდან ახსოვდეს.

საფრანგეთი რატომღაც, წელს მხოლოდ არასაკონკურსო ფილმითაა წარმოდგენილი. მარტინ პროვოს ფილმში მთავარ როლებს სახელოვანი კატრინ დენევი და ასევე ცნობილი მსახიობი, კატრინ ფრო ასრულებენ. დრამატული კომედია „ბეატრისის კოცნა“ მეანი ქალის, კლერისა (კატრინ ფრო) და მამამის ყოფილი საყვარლის, ბეტრისის (კატრინ დენევი) უცნაური ურთიერთობის შესახებაა, რომლებიც გაუცხოებასა და უნდობლობას დაძლევენ.

ბეტრისის კოცნა

არაფერი განსაკუთრებული, „ბეტრისის კოცნა“ ზომიერი იუმორითა და რამდენიმე დახვეწილი ეპიზოდით გამორჩეული ფილმია, სადაც ბევრს სვამენ და ბევრს ეწევიან... თუმცა ერთი ეპიზოდი ჩვენთვის ნამდვილად გამორჩეულია: ქალაქგარეთ, კლერის აგარაკზე ყოფნისას საყვარელი მამაკაცი მას „საფერავის“ გასინჯვას სთავაზობს, რომელიც მისი თქმით „გამორჩეული ქართული ღვინოა“!

„ევროტურის“ მიმოხილვას ჰელსინკიდან ლისაბონამდე, პორტუგალიელი რეჟისორის, ტერეზა ვილავერდეს ძალიან გრძელი, მელანქოლიური და უჯახურ-ეგზისტეციური დრამით, „კოლოთი“ დავასრულებთ. უმუშევარი მამა, ღამის ცვლაში მომუშავე დედა და პირველი სიყვარულის გამო დეპრესიაში ჩავარდნილი ქალიშვილი გამოსავალს თავისებურად ეძებენ, თუმცა ყველა მათგანს რაღაც საიდუმლო აქვს, რასაც დანარჩენებს საგულდაგულოდ უმალავს. დაახლოებით ორსაათნახევრიან ფილმში მოქმედება ძირითადად ღამე ხდება, გარეთ კი რატომღაც სულ ქარი ქრის...

P.S. ევროპის „კინემატოგრაფიულ რუკას“ ცხადია, აკლია რუმინელი რეჟისორის, 2013 წლის „ოქროს დათვის“ მფლობელის, კალინ პეტერ ნეტცერის ფილმი „ანა, ჩემი სიყვარული“, რომელსაც საფესტივალო კონკურსის ბოლო დღეს, ჩაროზად უჩვენებენ. იქნებ, ახალი „დათვის“ მოლოდინში?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^