საპარლამენტო არჩევნებიდან სამი დღის შემდეგ დევნილებმა 40-მდე კერძო და სახელმწიფო ობიექტი დაიკავეს. ისინი შენობების დატოვებას არ აპირებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება.
ჯერჯერობით, ბუნდოვანია, ახალი მთავრობა დროულად მოახერხებს თუ არა ამ ადამიანების საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილებას.
აფხაზეთიდან დევნილი ლალა ცინდელიანი ექვს შვილთან და მეუღლესთან ერთად უკვე ათი დღეა თამარაშვილის ქუჩაზე, ყოფილი სამხედრო ოლქის შენობაშია შესული.
აქ 2010 წლამდე 700-მდე დევნილი ოჯახი ცხოვრობდა, რომელებიც, 2010 წლის 11 აგვისტოს დილის 7 საათზე პატრულის თანამშრომლებმა შენობიდან იძულებით გამოასახლეს. ამის შემდეგ, ობიექტი “თი ბი სი” ბანკმა შეიძინა და როგორც ბანკის ოფიციალური განცხადებიდან ვიგებთ, მისი რეკონსტრუქცია 2012 წლის ბოლოსთვის იგეგმება. სამხედრო ოლქის ყოფილი შენობა თითქმის დანგრეულია. არ აქვს ფანჯრები, კარი, მოშლილია სველი წერტილები.
ლალი ცინდელიანმა ერთი ოთახი ოჯახთან ერთად პირველ სართულზე იმ იმედით დაიკავა, რომ ახალი მთავრობისგან ამჯერად მაინც მიიღებს კუთვნილ თავშესაფარს.
ის აფხაზეთის ომის შემდეგ 14 წელი ხან ნათესავთან, პერიოდულად კი, ქირით ცხოვრობდა. ბოლო 6 წელია დიდ ლილოში, ყოფილი საქნავთობის შენობაშია დასახლებული. ცინდელიანი ყვება, რომ მთელი ოცი წლის განმავლობაში სახელმწიფოს დახმარებისთვის არაერთხელ მიმართა, თუმცა, ყურადღება არ მიუქცევიათ: “პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც კი იმდენი განცხადება და თხოვნის წერილი შევაგზავნე, რომ ალბათ, ერთ დიდ ოთახს გაავსებდა. იქნებ ახლა მაინც ვინმემ მოგვხედოს, ასე გაუსაძლის პირობებში დიდი ხანი ვეღარ ვიქნებით”- ამბობს ცინდელიანი. მეუღლე ლილოს დასახლებაში საქონელს უვლის და თვეში დაახლოებით 170 ლარის ოდენობის შემოსავალი აქვს.
“ისიც არ მინდა, რომ ექვს ბავშვს პირიდან ლუკმა გამოვაცალო და ჩემი მეუღლის ხელფასი ქირაში ვიხადოთ. არადა, ლილოს დასახლებაშიც ისეთი პირობებია, რომ ყოველ ორ თვეში ერთხელ ბავშვები რეანიმაციაში მყავს. ხან ერთი ცივდება, ხან მეორე”,- ამბობს ცინდელიანი.
მასთან ერთად ყოფილი სამხედრო ოლქის შენობა რამდენიმე ათეულ ადამიანს აქვს დაკავებული. თამარ უჩავა თავის შვილ, რუსტამთან ერთად “ლიბერალს” თავის ისტორიას უყვება და ამბობს, რომ როდესაც 90-იან წლებში მეუღლე აფხაზებმა მოუკლეს, შვიდი წლის შვილთან ერთად აფხაზი მეზობლის დახმარებით ფსოუს საზღვრის გავლით, სოჭში გადავიდა.
ორი თვის განმავლობაში აეროპორტის შენობაში ცხოვრობდა, რის შემდეგაც იქვე ბინა იქირავა, შვილს სამხატვრო სკოლაში დააწყებინა სწავლა და მოქალაქეობის მისაღებად საბუთების მოწესრიგება დაიწყო. თუმცა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შვილთან ერთად ყველაფრის მიტოვება და საქართველოში დაბრუნება მოუწია.
“აგვისტოს ომის დროს სააკაშვილი ერთ-ერთი რუსული ტელევიზიით გამოვიდა და თქვა, ოღონდ დაბრუნდით საქართველოში და საცხოვრებელი პირობებით დაგაკმაყოფილებთო. რას ვიფიქრებდი, რომ აქ ამხელა გაჭირვების გადატანა მომიწევდა. 2009 წლის 14 სექტემბერს დევნილის სტატუსი გავიფორმე. ზუგდიდში, ფოთში დავრეგისტრირიდი, მაგრამ არაფერი, დღემდე ყურადღება არავის მოუქცევია. ჩემი პენსიით სესხი ავიღე და იმით ვარსებობთ დღემდე. არ ვიცი, თუ კიდევ არავინ დაგვეხმარება, დავჯდები სამინისტროს კიბესთან და შიმშილს დავიწყებ, სხვა გამოსავალი აღარ მაქვს. რუსეთში გაზრდილი შვილი ჩამოვიყვანე ამ სიდუხჭირეში და მრცხვენია ჩემს ბიჭთან, მოვწყვიტე თავის საქმეს, იქ მაინც პატარა შემოსავალი ჰქონდა”- ყვება თამარ უჩავა.
დევნილებმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, თბილისში დაახლოებით 40 კერძო და სახელმწიფო ობიექტი დაიკავეს. პრემიერ- მინისტრის ბრძანებით, დევნილი ოჯახების აღრიცხვა დაიწყო. მათ საჭიროებებს 6 სამუშაო ჯგუფი სწავლობს.
თუმცა, პრემიერის პირველი კომენტარი ბრალდებას ჰგავდა: “იცით, როგორც ვითარდება ეს პროცესები. ვფიქრობ, რომ არა – შემთხვევით. ბევრი შეჭრა ხდება დევნილების მიერ. ეს ფაქტი ძალიან ჰგავს, რომ ყველაფერი გარკვეული ჯგუფების მიერაა ორგანიზებული და ამას გამოძიება სჭირდება", - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა 31 ოქტომბერს მთავრობის სხდომაზე გააკეთა და დევნილების მიერ ფართების დაკავების ფაქტზე გამოძიება და ობიექტებში შესული დევნილი ოჯახების აღრიცხვა მოითხოვა.
ივანიშვილის დავალებით, სამუშაო ჯგუფები დევნილ პირებს ადგილზე სპეციალურ კითხვარს ავსებინებენ. კითხვარი პირველად მონაცემებს მოიცავს. ასევე, ინფორმაციას სოციალურად დაუცველი, შშმპ პირების შესახებ.
შესწავლილი ოჯახების მონაცემები, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეგზავნება. სამინისტრო კი იმ პირთა სიას დაადგენს, ვისაც საცხოვრებელი ფართის გამოყოფა ესაჭიროება. ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა სახელმწიფო დევნილთა მოთხოვნებს.
სახელმწიფომ დევნილთა განსახლების პროცესი 2009 წელს დაიწყო. ამ წლების განმავლობაში ოფიციალური უწყება იძულებით გადაადგილებულ პირთა ბინით უზრუნველყოფის საკითხზე ინტენსიურად მუშაობდა. მიუხედავად ამისა, ათასობით დევნილი ოჯახი კვლავ საცხოვრებლის გარეშეა და სახელმწიფოსგან ადეკვატურ დახმარებას ითხოვენ.
მონიტორინგის ჯგუფში ჩართული ორგანიზაციები ამბობენ, რომ აღნიშნულ ობიექტებში ძირითადად, ის დევნილი ოჯახები არიან, რომლებსაც სახელმწიფოსგან ამ დრომდე დახმარება არ მიუღიათ და ე.წ კერძო სექტორის კატეგორიას მიეკუთვნებიან
“კერძო სექტორში” მცხოვრები დევნილები ის პირები არიან, რომლებიც დევნილობის დაწყებიდან დღემდე, ნათესავებთან ან ქირით ცხოვრობენ.
გეგმის მიხედვით, რომელიც სახელმწოფომ 2008 წელს შეიმუშავა, “კერძო დევნილების” მოთხოვნების დაკმაყოფილება მხოლოდ ბოლო ეტაპზე იგეგმება. კონკრეტულად კი, სახელმწიფომ მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფა 2014 წლიდან უნდა დაიწყოს. თუმცა, სამოქმედო გეგმაში ხაზგასმითაა ნათქვამი, რომ ამისთვის დამატებითი ფინანსური სახსრებია საჭირო.
ერთადერთი კვლევა, რომელშიც ე.წ. კერძო დევნილების მდგომარეობაა აღწერილი, სახალხო დამცველის აპარატს ეკუთვნის.
ანგარიშში საუბარია, რომ “კერძო სექტორის” მცხოვრები დევნილების მდგომარეობით ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო ნაკლებად ინტერესდება, გაცილებით მეტი ყურადღება კოლექტიური განსახლების ობიექტებში მცხოვრებ დევნილებს ექცევათ.
ომბუდსმენმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მოუწოდა, რომ შეიქმნას დევნილების საკითხებზე მომუშავე ჯგუფი, რომელიც დეტალურად გაწერს ამ კუთხით გასატარებელ ღონისძიებებს. ასევე, მაქსიმალურად დაჩქარებული ტემპით განხორციელდეს ამ პირთა ხელახალი რეგისტრაცია.
კერძო სექტორის დევნილების ნაწილი სამინისტროს მონაცემთა ბაზაში მითითებულ მისამართზე აღარ ცხოვრობს. “ეს განპირობებულია იმით, რომ დევნილები საცხოვრებელ ადგილს ხშირად იცვლიან. ამის უმთავრეს მიზეზად კი ქირის გადაუხდელობას ასახელებენ.” - ვკითხულობთ 2010 წლის კვლევაში.
2010 წლის ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში არსებული 1600 კომპაქტური განსახლების ობიექტიდან 544 ობიექტი სახელმწიფომ დევნილებს გადასცა.
დარჩენილი 1044 ობიექტიდან 596 კოლექტიური ცენტრი დევნილთა საკუთრება უნდა გამხდარიყო, 446 კი უნდა გამოთავისუფლებულიყო.
დღეს დევნილთა სამინისტრო აცხადებს, რომ პირველი ეტაპის სამუშაოები თითქმის დასრულებულია და 446 ობიექტიდან თითქმის 99% გამოთავისუფლებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა 446 ობიექტში მცხოვრები ყველა ოჯახს ალტერნატიული ფართი შესთავაზეს. სამოქმედო გეგმის მიხედვით, ახლა “კერძო სექტორის” დევნილების დაკმაყოფილების ჯერია.
საიას იურისტი ნონა ქურდოვანიძე აღნიშნავს, რომ მართალია დევნილთა მიერ ობიექტების დაკავება უკანონო ქმედებაა, მაგრამ, შესაძლოა, ამ პირთა ქმედებები მთავრობის მიერ არაერთხელ შემუშავებული გეგმის არათანმიმდევრული და არაეფექტური გზებით განხორციელებით იყოს გამოწვეული.
“პირველად სტრატეგია 2007 წელს შემუშავდა. სამოქმედო გეგმა კი 2009 წელს დამტკიცდა. ამ სამოქმედო გეგმაში ეწერა, რომ 2012 წლის ბოლოსთვის დევნილთა ოჯახები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილდებიან, თუმცა, გეგმის განხორციელებამ 2014 წლის ბოლოსთვის გადაინაცვლა. დევნილთა პროტესტის მიზეზი, შესაძლოა, სტრატეგიული გეგმის ნელი ტემპით განხორციელება გახდა”- ამბობს ნონა ქურდოვანიძე.
აფხაზეთიდან დევნილი თამარ უჩავა კი, რომელიც ამ დრომდე შვილთან ერთად ყოფილი სამხედრო ოლქის შენობაში რჩება, 2 ნოემბერს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრს შეხვდა. უჩავას თქმით, დავით დარახველიძემ დევნილებს განუცხადა, რომ მათი პრობლემების გადასაჭრელად, სახელმწიფოს დაახლოებით ოთხი წელი დასჭირდება: “ არ მესმის, კიდევ როგორ საუბრობენ, რომ ჩვენი საცხოვრებელი ბინებით დაკმაყოფილება მხოლოდ 4 წელიწადშია შესაძლებელი. სად წავიდეთ და რით ვიარსებოთ ეს ოთხი წელი, ისედაც ამდენი ხანია გაუსაძლის პირობებში ვართ?”- საუბრობს “ლიბერალთან” თამარ უჩავა და ახალ მთავრობას სთხოვს, დევნილების პრობლემების მოგვარება ისევ სამომავლო საქმედ არ იქცეს.