Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სხვა სოფლის ამბავი

22 თებერვალი 2017

სოფელი ბადებს ოცნებას.  წასვლის და გამარჯვების სურვილს. როცა იქ ცხოვრობ, დამარცხებულად დაბადებული გგონია თავი. ვალინკის გადანაჭერი იცით? ეს არის კალოშად ქცეული ვალინკა (გვახსოვს ქართული შესატყვისებიც, უბრალოდ აქ და ახლა, რატომღაც არ უხდება). ეს გადანაჭერი ტალახმიცხებულია. არასდროს რეცხავენ. ჩაიცვამ და გახვალ შარაზე, წუხელმანქანაგავლილ შარაზე. ნაბორბრალში ჩამდგარი გუბე რომ ცას ირეკლავს - ეგ არის სოფელი. ადამიანისთვის ყველაზე რთული სიმშვიდის გაძლებაა, საკუთარ თავთან დარჩენის გაძლება. ამიტომაც გვიყვარს შორიდან სოფელი, ვაქებთ და ,,აუ, რა ჯობიას’’ გავიძახით. იშვიათია სოფლით ბედნიერი ადამიანი. სიმშვიდის გამძლები ადამიანი. ასეთი ადამიანი სახეზე იცნობდა. ოღონდ მოყოლა ვერ გაწვდება მათ სახეს - უნდა ნახო.

წვიმიანი დილა, ვთქვათ თებერვლის 24.  თუ ზუსტად სუნთქავ, გაზაფხულს დაიჭერ. ნესტოების ტექინიკის ამბავია, ალქიმია არ ჭირდება. ცივ კალოშში რომ კენჭები გხვდება და გახდა და გადმოყრა გეზარება - ეგ არის თებერვლის დილა სოფელში. გააღე საქათმე, ძროხა გაუშვი და მოხურული ბუშლატაც სველია. ბუშლატას სახელოებიც აქვს, მაგრამ ჩაცმული არასდროს მინახავს. ბუშლატა უნდა მოიხურო. ამ დროს აუცილებლად შეხვდები მეზობლის ბავშვს, რომელსაც ცხვირიდან წვინტლი ჩამოსდის და ისევ ისრუტავს. ზეპირი სცენა რომ არ იყოს, გულიც აგერეოდა, მაგრამ ზეპირია. დაბრუნებდი. ცეცხლს ანთებ. ფეჩქის ექო გვიანია, სითბოს ზანტად ამოგძახებს. მანამდე შეგიძლია ოდის აივანზე გახვიდე და ჩიტების ჭიკჭიკს მოუსმინო კი არა, დაადასტურო: სოფელი მხოლოდ ჩიტების ჭიკჭიკი არ არის. ან საერთოდაც, ვიცით რას ჭიკჭიკებენ ჩიტები?  ეგებ კარგს არაფერს. ვერც გავიგებთ. ისევე როგორც სოფლის ამგვარ დილას მხოლოდ მონაწილეობით თუ მიხვდები. ისიც როლის ბევრჯერ გამეორებით.

არაფერია იმაზე რთული, ვიდრე სველი შეშით ცეცხლის დანთება. სიზიფეს საქმის ნათესავი ამბავია. ვისაც სოფლად უცხოვრია, იოლად მიხვდება. დიდხანს უნდა იწვალო,  ძველი წიგნის ქაღალდი მიაშველო, გამოაშრო. თუ გაქვს ხმელი ერთი ღერი მაინც – მიაშველო. ან კვარი ან ,,სალაირკა’’ ლიმონათის მიწისფერი ბოთლიდან. და ბოლოს მოეკიდება. საათების მერე. ამ ცეცხლით ვერ თბები, უბრალოდ გიხარია, რომ დაინთო.  ჩემი ცხოვრებაც ძალიან დაემსგავსა ამ ამბავს – არავის დაუხვედრებია გამთბარი ოთახი, მეტიც, არც მშრალი შეშა ღუმელის დასანთებად. სადაც მივედი, ყველგან ნედლი, გაჟღენთილი დამხვდა, დიდხანს ვუკიდებდი და როცა ცეცხლი ინთებოდა,  გავდიოდი ოთახიდან. სხვები თბებოდნენ. შედეგით ტკბობა და რამე სარგებლის მიღება ჩემი ვნება არ არის. მხოლოდ დანთება. თუნდაც სველი შეშიდან.

 ჰოდა, მაგარია სოფელი. სხვა და აუცილებელი.

და კიდევ. კომიკური მგონია ეს კონფლიქტი. ქალაქელის და სოფლელის. ვიტყვი ასეც: ხშირად, ორივე მხრიდან.

,,ჩამოთრეულები წაეთრიონ'' და პასუხად: ,,თბილისელი მხოლოდ ხოხობი იყო'' (ვინმემ რომ გვითხრას სხვა პლანეტიდან - ,,დედამიწელები მარტო ვენდობიონტები იყვნენ, ძმაო, 550 მილიონი წლის წინ'') - ერთი და იგივე კომპლექსის ორი გამოხატულებაა. ადრეც მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: არ მგონია ,,ჩამოსულების'' ამხელა რეაქცია და ილია, აკაკი, ვაჟა და სხვების ,,ჩამოსულობის'' მოხმობით თავის დაცვა იყოს საჭირო. არასდროს მიგრძვნია თავი ვინმეზე ნაკლებად დაბადების ადგილის, გეოგრაფიული არეალის მიხედვით და რაც მთავარია და ხშირად გამოგვრჩება – არც ის ადგილი მგონია რამეზე ნაკლები. ყველგან სრულფასოვანი ვარ, ნიუ–იორკშიც და ზემო სურებშიც, რადგან ვიცნობ შოთა რუსთაველს, რომელმაც თქვა: ,,თუ თავი შენი შენ გახლავს, ღარიბად არ იხსენები'

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...
18 თებერვალი
18 თებერვალი

დიქტატურის სიტკბო სიმწარისა

წარმოგიდგენთ რეცენზიას წიგნისა „დიქტატურის გემო"
11 თებერვალი
11 თებერვალი

თანამედროვე ეპოქის ურჩხულები

მიუხედავად იმისა, რომ ეს სქელტანიანი წიგნი, „დიქტატურის გემო“, კაცობრიობის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე საშინელ ეპოქასა და დ ...

მეტი

^