Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როგორ ვაკონტროლებთ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციას

28 თებერვალი 2017

მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორი წელია, რაც პარლამენტი ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს, საკანონმდებლო ორგანოსგან ამ საკითხზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს ოფიციალურად არცერთი წერილობითი შენიშვნა არ მიუღია. თუმცა, როგორც მონიტორი ორგანიზაციების ანგარიშებიდან ირკვევა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესი ცალსახად წარმატებულად მიმდინარეობს.

საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის ეფექტიანობასთან დაკავშირებით შეკითხვები არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ეს შეკითხვები წინა მოწვევის პარლამენტის მუშაობის დროს გაჩნდა, როდესაც ევროინტეგრაციის კომიტეტის სხდომებზე მინისტრს დეპუტატების სახით მაინცდამაინც დიდი აუდიტორია არ ჰყოლია. ისინი სხდომებს ხშირად არ ესწრებოდნენ, დასწრების შემთხვევაში კი არ გამოირჩეოდნენ არც კრიტიკულობით და არც აქტიურობით. დეპუტატები იშვიათად თუ სვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც დაგვარწმუნებდა, რომ ასოცირების შეთანხმების არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ისინი ხარვეზების იდენტიფიცირებას შეძლებდნენ.

ჯერჯერობით ადრეა იმაზე საუბარი, თუ როგორ გაართმევს ამოცანას თავს ახალი მოწვევის პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის შემადგენლობა, თუმცა მონიტორინგის მექანიზმს რომ გაუმჯობესება სჭირდება, ამაზე როგორც არასამთავრობო სექტორში, ასევე პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტშიც თანხმდებიან.

რამდენად ეფექტიანია ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგის საპარლამენტო მექანიზმი და რა ცვლილებებია საჭირო

ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ევროინტეგრაციის მიმართულების მენეჯერი, ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ მონიტორინგის არსებული მექანიზმი საკმარისია მხოლოდ მინიმალურ დონეზე, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ნაკისრი ვალდებულებები პროგრესულად იზრდება, მონიტორინგის შესაძლებლობებიც პროგრესულად უნდა გაიზარდოს.

„ჯერჯერობით ძალიან ძნელია [ამ კუთხით] ახალი პარლამენტის საქმიანობის შეფასება, თუმცა იმედის მომცემია, რასაც ვერ ვიტყვით წინა მოწვევის პარლამენტზე, რადგან მონიტორინგის ნაწილი უსუსტესი იყო. მგონი ბევრ რამეზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA) ნაწილში საკომიტეტო მოსმენა მხოლოდ ერთხელ გაიმართა“, - ამბობს ჩხიკვაძე.

მისი შეფასებით, საკომიტეტო მოსმენები, სულ მცირე, კვარტალში ერთხელ უნდა ჩატარდეს, სადაც არამხოლოდ ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს, არამედ ხელშეკრულების შესრულებაში ჩართული სხვადასხვა სამინისტროებისა და შესაბამისი სააგენტოების, ასევე ასოცირების ქვეკომიტეტებს მოუსმენენ.

„ვფიქრობ, საპარლამენტო მოსმენა უნდა ჩატარდეს ასოცირების კომიტეტის შეხვედრის შემდეგაც, რათა შეხვედრაში მონაწილე ჯგუფმა ანგარიში წარადგინოს. ჩემი რეკომენდაცია იქნება, რომ ასოცირების საბჭოს ჩატარების წინა ან მომდევნო პარლამენტს ასოცირების ხელშეკრულების შესრულების ანგარიში პრემიერმა პლენარულ სხდომაზე წარუდგინოს. ვფიქრობ, ეს სულ სხვა დონეზე აიყვანს ასოცირების ხელშეკრულებას; დაგვანახებს, რომ ეს მაინცდამაინც რომელიმე სამინისტროს კი არა, მთელი ხელისუფლების საზრუნავია. პლენარულ სხდომაზე ამ საკითხის წარდგენა არასდროს მომხდარა“, - ამბობს ჩხიკვაძე.

მისი თქმით, პარლამენტსა და მთავრობას შორის მეტი კოორდინაციაა საჭირო, მაგალითად, ისეთ საკითხზე, როგორიც ასოცირების შეთანხმების სამოქმედო გეგმის შემუშავებაა. იგი მიიჩნევს, რომ ამ პროცესში პარლამენტის ჩართულობა მინიმალური იყო. ვფიქრობ, კარგი იქნება, თუ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში პარლამენტიდან შესაბამისი კომიტეტები ჩაერთვებიან.

„მაგალითად, კარგი იქნება, თუ გარემოს დაცვის სამინისტრო გეგმის შემუშავების პროცესში გარემოს დაცვის კომიტეტსაც ჩართავს. ერთობლივად მომზადებული გეგმა შემდეგ მთავრობის დონეზე სახელმწიფო მინისტრის აპარატს, პარლამენტის დონეზე კი ევროინტეგრაციის კომიტეტს გაეგზავნება. ვფიქრობ, ეს ბევრად გააუმჯობესებს კოორდინაციას. კომიტეტებში განცდა გაუჩნდებათ, რომ პროცესის დაგეგმვაში მონაწილეობენ“, - ამბობს ჩხიკვაძე.

რა ცვლილებებია საჭირო ევროინტეგრაციის კომიტეტში ეფექტიანი კონტროლისთვის

ივანე ჩხიკვაძის აზრით, როდესაც მაკონტროლებელ ფუნქციაზე ვსაუბრობთ, აქ ბევრია დამოკიდებული დეპუტატების კომპეტენციაზე.

„პირველ რიგში იმას ვგულისხმობ, რომ კომიტეტის წევრმა იმაზე მეტი უნდა იცოდეს, ვიდრე შესაბამისმა ადამიანმა აღმასრულებელი ხელისუფლებიდან, რომელიც ანგარიშს წარადგენს. ძალიან ლოგიკურია, რომ შემფასებელმა შესაფასებელზე მეტი უნდა იცოდეს“, - ამბობს ჩხიკვაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ კომიტეტის წევრმა დეპუტატებმა დარგობრივი ცოდნის მიხედვით უნდა გადაინაწილონ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული სფეროების მაკონტროლებლის ფუნქცია.

თუმცა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, რომელიც ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშს ისმენს, წევრთა დარგობრივი გამოცდილების მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. კომიტეტის 14 წევრიდან  4 დეპუტატი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრია, 3 - გარემოს დაცვის, 3 - სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, ხოლო თითო-თითო - აგრარულ საკითხთა, განათლებისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტების.

„ლიბერალი“ დაინტერესდა, როგორ აფასებენ ისინი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, ამიტომ მათთან დაკავშირება სცადა.

კომიტეტის წევრთა უმრავლესობამ ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. ზოგიერთმა კი შეკითხვის მოსმენის შემდეგ მოუცლელობა მოიმიზეზა. ზოგიერთი - დაგვპირდა, რომ დაგვირეკავდა, თუმცა მათ ზარებს ამ დრომდე ველოდებით. 

აღმოჩნდნენ ისეთებიც, ვინც ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება თამამად შეაფასეს:

„რომ შესრულდა [მოთხოვნები], იმიტომ მოგვცეს ვიზალიბერალიზაცია. ყველაფერი შესრულდა, რაც აქამდე იყო გასაკეთებელი. მომავალ გეგმებში ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები შედის“, - გვპასუხობს ევროინტეგრაციის კომიტეტის წევრი, დეპუტატი გიორგი გაჩეჩილაძე.

შეკითხვაზე, რომელ სფეროში ხედავს ცვლილებების საჭიროებას, ის პასუხობს, რომ 2017 წელს მნიშვნელოვანი საკითხები გარემოს დაცვის სფეროში გვაქვს განსახილველი.

„მოხსენების მიხედვით, ყველაფერი შესრულდა, რა მოთხოვნებიც 2016 წელს უნდა შესრულებულიყო. თქვენ რამე სხვა ინფორმაცია გაქვთ? კომიტეტის ფარგლებში როცა ასოცირების გეგმით გათვალისწინებული საკითხები შემოდის, ჩვენ ამას განვიხილავთ და ეს პირდაპირ ეთერში გადის. წლის ბოლოს, ბუნებრივია, შემაჯამებელი მოხსენება მზადდება. როცა ჩვენ განვიხილავთ იმ კანონპროექტებს, რომელიც აუცილებელია მისაღებად, ამას ესწრებიან კომიტეტის წევრები, არასამთავრობოები და ა.შ. ასე რომ, აქ არაფერი პრობლემური არ არის. ესაა მთელი ამისი ფილოსოფია“, - ამბობს გაჩეჩილაძე, რომელმაც ევროინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა საკითხებში მინისტრების მიერ პარლამენტში წარდგენილ ანგარიშზე მიგვანიშნა. აღსანიშნავია, რომ კომიტეტზე ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში არ წარუდგენიათ. სხდომაზე, რომელიც 2016 წლის დეკემბერში გაიმართა, სახელმწიფომ მინისტრმა, ვიქტორ დოლიძემ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ვიზალიბერალიზაციის მისაღებად გადადგმულ ნაბიჯებზე და ასოცირების შეთანხმების შესრულების მდგომარეობაზე ისაუბრეს.

კიდევ ერთი დეპუტატი ევროინტეგრაციის კომიტეტიდან, რომელსაც ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე საუბრის დროს ვიზალიბერალიზაცია ახსენდება, თინათინ ბოკუჩავაა.

შეკითხვაზე, თუ რომელია ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ასოცირების დღის წესრიგის სამოქმედო გეგმაში იყო, თუმცა ვერ განხორციელდა, ბოკუჩავა პასუხობს:

„ასეთი მიმართულება, რა თქმა უნდა, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის თემაა. ამ მხრივ დადებითი შედეგი გვაქვს, შესაბამისად, ამას ჩვენ მივესალმებით, თუმცა პრობლემური ის არის, რომ ძალიან დიდი დრო დაიკარგა. საქართველოს მოქალაქეებს ამ სიკეთის ბევრად ადრე მიღება შეეძლოთ“, - თქვა ბოკუჩავამ.

სხვა საყურადღებო საკითხები, ბოკუჩავას განმარტებით, არის სასამართლოს რეფორმა, მედია პლურალიზმი და პოლიტიკური პლურალიზმი:

„ამ [სამოქმედო] გეგმაში ზოგადად საუბარია დემოკრატიულ სტანდარტებზე სხვადასხვა მიმართულებით. ასოცირების პროცესი არის პოლიტიკური პროცესი და ყველა ის მიმართულება, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ ხოლმე, ამ დისკუსიაზე აისახება. ერთ-ერთია სასამართლოს მიმართულება. იცით, რომ ეუთოს ანგარიში ძალიან საყურადღებო იყო ამ მიმართულებით. იქ მთელ რიგ პროცედურულ დარღვევებზე იყო საუბარი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ისევე, როგორც მედიაპლურალიზმი და პოლიტიკური პლურალიზმი - ის, რომ სხვადასხვა პარტიებს შეეძლოთ, თავიანთი საქმიანობა მშვიდ და კონკურენტუნარიან გარემოში განეხორციელებინათ“, - ამბობს ბოკუჩავა.

კიდევ ერთი დეპუტატი კომიტეტიდან, რომელმაც ჩვენთან საუბარი ისურვა, ზაზა ხუციშვილია. იგი ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას პოზიტიურად აფასებს.

„ვფიქრობ, რომ კარგად შესრულდა, იმიტომ, რომ [ასეთია] საერთო შეფასება საქართველოს მიმართ. ყველა ევროპული სტრუქტურა აღნიშნავს, რომ საქართველო ყველა მიმართულებით სწრაფი ნაბიჯებით მიიწევს წინ.

გარემოს დაცვის მიმართულებით მოთხოვნები ძალიან ბევრია, პრაქტიკულად, მათი თითქმის ნახევარი გარემოს დაცვას ეხება. სამწუხაროდ, გარემოსდაცვითი მიმართულებით საქმიანობის კონტროლის განხორციელება ძალიან ძვირი ჯდება. ძალიან დიდი გეგმები გვაქვს და გვინდა, რომ ბევრი მიმართულებით დავძრათ ეს საქმეები. მაგრამ ამ წლის ბიუჯეტში ყველაფრის გათვალისწინება ვერ მოხერხდა. მომავალში იმედი გვაქვს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო არ იქნება ერთ-ერთი ბოლო დაფინანსების თვალსაზრისით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაწყებული მყარი ნარჩენებით, დამთავრებული გარემოსა და წყლის სისუფთავით, ძალიან სერიოზული ნაბიჯები გვაქვს წინ გადასადგმელი. ეს ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება. თუმცა, რაც შეეხება საერთო პრიორიტეტებს, საერთო სიტუაციის გაჯანსაღებას, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილებაში ჩავარდნილი, თითქოს პრობლემები არ არსებობს“, - ამბობს ხუციშვილი.

ივანე ჩხიკვაძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობის გასაზრდელად მონიტორინგის პროცესში შესაბამისი კომიტეტები უნდა ჩაერთონ. მისი თქმით, სასურველი იქნებოდა, ევროინტეგრაციის კომიტეტიც შესაბამისი სფეროების წარმომადგენლებით იყოს დაკომპლექტებული.

„შეიძლება უკვე გვიანია ამაზე საუბარი, რადგან კომიტეტი დაკომპლექტებულია, მაგრამ შეიძლება სამუშაო ჯგუფიც შეიქმნას, ხომ?!“ - ამბობს ჩხიკვაძე.

როგორია ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ხედვა და რა ცვლილებებია დაგეგმილი

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, თამუნა ხულორდავა ამბობს, რომ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები ძალიან დინამიკურად სრულდება, თუმცა პროცესის მონიტორინგის თვალსაზრისით, რიგი საკითხები გასაუმჯობესებელია და ამ საკითხებზე ის სახელმწიფო მინისტრს უკვე ესაუბრა. მისი განმარტებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის პარლამენტს შენიშვნებით ოფიციალურად არ მიუმართავს, რადგან  მათ კომუნიკაცია საკომიტეტო მოსმენების გარეთაც აქვთ.

„მას შემდეგ, რაც პარლამენტში მინისტრს მოვუსმინეთ, დასკვნაში დავაფიქსირეთ მოსაზრება, რომ გავაკეთოთ თემატური კვარტალური მოსმენები გაერთიანებული კომიტეტების ფარგლებში. ვფიქრობ, მარტო ევროინტეგრაციის კომიტეტმა არ უნდა მოუსმინოს სახელმწიფო მინისტრს, არამედ უნდა იყოს თემატური განხილვების შესაძლებლობაც. ვიცით, რომ ასოცირების შეთანხმება უამრავ სექტორს ეხება. გვინდა, რომ, მაგალითად, გარემოს დაცვის სფეროში გარემოს დაცვის კომიტეტთან ერთად მოვუსმინოთ სახელმწიფო მინისტრის აპარატს შესაბამისი სამინისტროს წარმომადგენელთან ერთად. ასე საშუალება გვექნება, უფრო სიღრმეებში შევიდეთ და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეკითხვები დავსვათ“, - ამბობს ხულორდავა.

მისი თქმით, გარკვეული სტრუქტურა უნდა მიეცეს სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობასაც. კერძოდ, ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების მონიტორინგში ჩართულ ორგანიზაციებთან თემატური შეხვედრები იგეგმება.

„გვინდა, სამოქალაქო სექტორს საპარლამენტო ფორმატში გავესაუბროთ, შემდეგ კი თემატური შეხვედრები გავაკეთოთ სამინისტროებთან, სადაც კომიტეტები გაერთიანებულ ფორმატში მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებს დასვამენ და ეს ყველასთვის ღია იქნება“, - ამბობს ხულორდავა.

მისი თქმით, განიხილება ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომებზე მოსმენის საკითხიც. ხულორდავას შეფასებით, ამ საკითხს კონსულტაციები დასჭირდება, თუმცა შესაძლოა, ასეთი მოსმენები წელიწადში ერთხელ გაიმართოს

„თქვენ იცით, რომ [საქართველო-ევროკავშირის] ასოცირების კომიტეტი წელიწადში ერთხელ ტარდება, სადაც საქართველო წარადგენს ანგარიშს. გვინდა, რომ წარდგენამდე პარლამენტმა მოისმინოს ინფორმაცია ანგარიშის შესრულებასთან დაკავშირებით“, - ამბობს ხულორდავა.

მისი თქმით, ასოცირების შეთანხმების სამუშაო გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სრულიად აღმასრულებელი ხელისუფლებაა, თუმცა მომავალი ევროინტეგრაციის კომიტეტი აუცილებლად ჩაერთვება ასოცირების დღის წესრიგის შემუშავების პროცესში.

შეკითხვაზე, აქვს თუ არა ევროინტეგრაციის კომიტეტის არსებულ შემადგენლობას ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების მონიტორინგისთვის სათანადო კომპეტენცია, ხულორდავა პასუხობს, რომ პოლიტიკურ ორგანოს ყველა სფეროში სიღრმისეულ ცოდნას ვერ მოვთხოვთ.

„ვერ გვექნება მოლოდინი, რომ პოლიტიკურ ორგანოში, როგორიც პარლამენტია ყველას ყველა იმ მიმართულებით სიღრმისეული ცოდნა გვექნება, რაც ასოცირების შეთანხმებაშია. ეს ხელშეკრულება უამრავ საკითხს ითვალისწინებს, მათ შორის ბევრია ტექნიკური საკითხი, რომელიც ღრმა დარგობრივ ცოდნას მოითხოვს. ეს ცოდნა უფრო სამინისტროებშია, რადგან იქ ადამიანები დარგობრივი სპეციალიზაციით მუშაობენ, ვიდრე ისეთ პოლიტიკურ უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოში, როგორიც პარლამენტია. პოლიტიკური კონტროლის განხორციელების კომპეტენცია დღეს პარლამენტში ნამდვილად არსებობს. მით უმეტეს, თუ ის ფორმატები გვექნება, რომლებზეც ვისაუბრეთ - შევხვდებით შესაბამის ექსპერტებსა და დარგის სპეციალისტებს, მოვისმენთ მათ მოსაზრებებს, შევქმნით პლატფორმას, სადაც საპარლამენტო ფორმატში მნიშნელოვანი შეკითხვები დაისმება. ამისთვის მზად ვართ. ამ მხრივ კომპეტენციის ნაკლებობა მგონი ნამდვილად არ არსებობს“, - ამბობს ხულორდავა.

საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებას ხელი 2014 წლის ივნისში მოეწერა, პარლამენტმა კი მისი რატიფიცირება ივლისში მოახდინა. შეთანხმება ძალაში სრულად გასული წლის ივლისში შევიდა.

ასოცირების დღის წესრიგის შესრულების შეფასება ევროკომისიამ გასული წლის 29 ნოემბერს გამოაქვეყნა. მასში აღნიშნული იყო, რომ „საქართველო ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციის თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზეა“, თუმცა მას შენიშვნები ჰქონდა მთელ რიგ სფეროებში, რომლებიც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს, მართლმსაჯულებას, თანასწორ მოპყრობას, გენდერულ უთანასწორობას და სხვა საკითხებს ეხებოდა.

მასალა მომზადებულია პროექტის „საქართველოს მედიის ხელშეწყობა საქართველოში მიმდინარე რეფორმების დღის წესრიგის კომუნიკაციაში“ (M-GRA) ფარგლებში. M-GRA პროექტი, რომელსაც IREX ახორციელებს, დაფინანსებულია კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ბრიტანეთის საელჩო, თბილისი. გადაცემის შინაარსი მთლიანად მისი ავტორის პასუხისმგებლობაა და არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება განიხილოს როგორც IREX-ისა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საელჩოს პოზიციის გამოხატულება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^