Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მადნეული - იაფი საგანძური

22 ნოემბერი 2012

2012 წლის ზაფხულიდან, “მადნეულს” ახალი ინვესტორი ჰყავს 

2004 წელს, მოსკოვში, კობა ნაყოფიას ოფისში, საქართველოდან ზარი გაისმა. ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი, კახა ბენდუქიძე რუსეთში მცხოვრებ ქართველ ბიზნესმენს საქართველოში ეპატიჟებოდა.

„თავიდან კახა ბენდუქიძის მდივანი დამელაპარაკა. მითხრა, თბილისიდან, ეკონომიკის სამინისტროდან გირეკავთო. შემატყობინა, რომ მინისტრს ჩემთან საუბარი სურდა. ბენდუქიძემ მითხრა, რომ რაღაც საკითხებზე უნდოდა ჩემთან დალაპარაკება და კარგი იქნებოდა,  თუ საქართველოში ჩამოვიდოდი“, - ამბობს კობა ნაყოფია.

„არც კი ვიცოდი, “მადნეული” რა იყო, პირველად გავიგე – მე ხომ მაშინ მოსკოვში ვიყავი“, – იხსენებს ნაყოფია. – „თუმცა, ურთიერთობა ბევრ რუსულ ანალოგიურ კომპანიასთან მქონია, გნებავთ, სამთო მეტალურგიულებთან. ზოგადად, ვიცოდი, რომ პოსტსაბჭოურ სისტემებში საწარმოებს ერთნაირი პრობლემები ჰქონდათ: ტექნოლოგია და მართვის სტილი მსგავსი იყო.“  

კობა ნაყოფია, რომელიც წარმოშობით აფხაზეთიდანაა, მოსკოვში 1993 წელს, დევნილობის პერიოდში გადავიდა. როგორც თვითონ იხსენებს, პირველი მოგება ლურსმნების ყიდვა–გაყიდვით მიიღო.

2000 წელს, ერთ-ერთ ბიზნეს–შეხვედრაზე,  კობა ნაყოფია სერგეი გენერალოვს შეხვდა. რუსეთის  ნავთობისა და ენერგეტიკის სამინისტროდან ახალწამოსულ გენერალოვს საკუთარი კომპანია ჰქონდა და  ნახშირის ბიზნესში იყო ჩართული.  მალე, გენერალოვმა ნაყოფიას ახლადდაარსებულ კოპანია Promishlenie Invesotor-ში ვიცე–პრეზიდენტობა შესთავაზა.

მოულოდნელ წინადადებაზე ერთი თვის ფიქრის შემდეგ, კობა ნაყოფიამ მოსკოვში საკუთარი პატარა ბიზნესები გაყიდა და გენერალოვის შემოთავაზებას დათანხმდა.

სწორედ გენერალოვთან მუშაობდა ნაყოფია, როცა კახა ბენდუქიძის წინადადებით,საქართველოში დაბრუნდა.

კახა ბენდუქიძემ ნაყოფიას ასარჩევად ორიდან ერთ–ერთი კომპანიის-„ჭიათურმანგანუმის“ ან „მადნეულის” - დირექტორობა შესთავაზა.  

ნაყოფია იხსენებს, რომ  მის გარდა, „მადნეულის“ დირექტრობაზე ორი სხვა კანდიდატიც იყო წარდგენილი, მათ შორის ერთ–ერთი – დიმიტრი კალანდაძე – საწარმოს ახლანდელი დირექტორია.

მზადებამადნეულისპრივატიზებისთვის

ნაყოფია საქართველოში 2004 წელს ჩამოვიდა. ეს ის დრო იყო, როცა პოსტ-რევოლიციურ საქართველოში ახალმა მთავრობამ სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი დიდი საწარმოების მენეჯმენტის საკუთარი  ხედვა შეიმუშავა.

ეკონომიკური განვითარების მაშინდელი მინისტრი კახა ბენდუქიძე მიიჩნევდა და დღესაც მიიჩნევს, რომ საწარმოს მენეჯერად არა სახელმწიფო, არამედ კონკრეტული ინვესტორი უნდა ჰყავდეს; სახელმწიფოს როლი კი მეწარმეობისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა უნდა იყოს.

„მთავრობის მიერ 2004 წელს მიღებული გადაწყვეტილება, რომ  ჩვენ სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გზით მივდივართ, ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო“, – ამბობს დღეს კახა ბენდუქიძე.

თბილისიდან სამხრეთით, 80 კილომეტრს თუ გაივლით, პატარა სოფელ კაზრეთს მიადგებით.  

დაახლოებით 50 წლის წინ, ახლანდელი კაზრეთი  უკაცრიელი იყო.  სოფელი აქ სამთო–გამამდიდრებელ კომბინატ „მადნეულის“ ამუშავების შემდეგ გაჩნდა - ძირითადად, საწარმოში დასაქმებული ხალხი დასახლდა.  

კაზრეთელებისთვის “მადნეული“ ყოველთვის წარმოადგენდა ურთიერთგამომრიცხავი მნიშვნელობის მქონე საწარმოს: დესტრუქციულს და მარჩენალს.   

დესტრუქციულს იმიტომ, რომ ადგილობრივ ჰაერს, წყალსა და ნიადაგს წლების განმავლობაში აბინძურებდა. მარჩენალს იმიტომ, რომ დასაქმების ადგილი იყო.

სპილენძის, ბარიტის, ოქრო–ვერცხლის პირველადი პროდუქტი საწარმომ 1957 წელს გამოუშავა. თუმცა, წლების განმავლობაში, საწარმოში გამეფებეული არასწორი მართვის გამო, საწარმოში ვალები გაჩნდა.   

საქართველოში დაბრუნების შემდეგ, „მადნეულის“ სამეთვალყურეო საბჭომ კობა ნაყოფია დირექტორად აირჩია. მან საწარმოს მაშინდელი გენერალური დირექტორი ვასილ ცოტაძე შეცვალა და საწარმოს საპრივატიზაციოდ მზადება დაიწყო – ნაყოფიას გარემოსდაცვითი პრობლემების მქონე და ვალებში მყოფი, თუმცა კარგი პოტენციის მქონე საწარმო ინვესტორებისთვის მიმზიდველი უნდა გაეხადა.                             

პრივატიზების პროცესი

2005 წლის მაისში, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სააქციო საზოგადოება „მადნეულის“ 97,25 პროცენტის და შპს „კვარციტის“ 50 პროცენტის ყიდვით დაინტერესებული ინვესტორები მოიწვია.

თავიდან საწარმოთი 21 ქართული თუ უცხოური კომპანია დაინტერესდა. საბოლოოდ კი კონკურსში მონაწილეობა ორმა კომპანიამ – Stanton Equitieze Corporation-მა  და Energy and Industry Complex-მა მიიღო.

Energy and Industry Complex–ის უკან ქართველი ბიზნესმენის, ბადრი პატარკაციშვილის ინტერესები იდგა.

Stanton Equitieze Corporation რუსული, კობა ნაყოფიას ყოფილი პარტნიორის, სერგეი გენერალოვის – კომპანიის „პრომიშლენიე ინვესტორის“ შვილობილი კომპანია აღმოჩნდა, რაც მხოლოდ პრივატიზების შემდეგ გაირკვა.  

ყოფილ ბიზნეს–პარტნიორს სერგეი გენერალოვს კობა ნაყოფიამ კომპანიის პრივატიზება თვითონ შესთავაზა.

„თავიდან არც კი ვფიქრობდი, რომ „პრომიშმლენიე ინვესტორისთვის“ შემეთევაზებინა ეს კომპანია საპრივატიზაციოდ“, – ამბობს ნაყოფია. „მადნეულში” რომ დავიწყე მუშაობა, მაშინ დავინახე, რომ ძალიან საინტერესო ბიზნესი იყო. ერთ–ერთ შეხვედრაზე, სერგეი გენერალოვს პრივატიზებაში მონაწილეობა შევთავაზე.“  

2005 წლის პირველ ნოემბერს, კონკურსის გამარჯვებულად Stanton Equitieze Corporation გამოცხადდა.

დღეს გამარჯვების გამოვლენის კრიტერიუმზე სხვადასხვა პოზიცია აქვთ ორივე კომპანიის წარმომადგენლებს.

ეკომონიკური განვითარების მაშინდელმა მინისტრმა ირაკლი ჩოგოვაძემ,  საკუთარი ბრძანებით, გამარჯვებულის გამოსავლენად ორი მთავარი კრიტერიუმი დაასახელა: მაქსიმალური გასაყიდი ფასი და “საკონკურსო პირობების შესრულება”, მათ შორის, “მადნეულის” საქმიანობის პროფილის შენარჩუნება 3 წლის განმავლობაში, დასაქმებულ მუშა-მოსამსახურეთა და სახელფასო ფონდის შენარჩუნება არანაკლებ 3 წლის განმავლობაში და გარემოზე ნეგატიური ზეგავლენის აღმოფხვრა.

საწარმო საქართველოს ბანკმა შეაფასა, რაც საფუძვლად დაედო კომპანიის საწყის ფასს – 32 500 000 აშშ დოლარს. გარდა ამისა, საწარმოს ვალი ამ დროს 16 მილიონ დოლარს შეადგენდა.

საწარმოსთვის კონვერტით გაგზავნილ შეთავაზებაში, ორივე კომპანია, ეკონომიკის სამინისტროს საკუთარი პირობებს სთავაზობდა.

Energy and Industry Complex აქციებში 36.000.126 აშშ დოლარს იხდიდა, Stanton Equitieze Corporation – 35.100.000 აშშ დოლარს.  

ფასთა სხვაობით  – 900 126 დოლარით – მეტს Energy and Industry Complex იხდიდა.  

დადგენილი კრიტერიუმით, ამ კომპანიას უნდა გაემარჯვა. თუმცა, ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ გამარჯვებულად მაინც ის კომპანია აარჩია, რომელიც აქციებში ნაკლებს იხდიდა.

საპრივატიზაციო პაკეტში, Stanton Equitieze Corporation მზად იყო 16 მილიონი დოლარის ვალები სრულად გაესტუმრებინა, ხოლო Energy and Industry Complex 8.6 ვალებში მილიონ ლარს იხდიდა.

კახა ბენდუქიზე ასე ხსნის Stanton–ის გამარჯვებას:

„კონკურსის“ პირობა იყო არა მარტო ფულის გადახდა კომპანიის 100%–იან წილში, ასევე მისი საგადასახადო დავალიანების დაფარვა“, – ამბობს ბენდუქიძე.

მინისტრის ბრძანებაში, სადაც საუბარია გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმებზე, ვალი, როგორც გამარჯვებულის გამოვლენის კრიტერიუმი, ნახსენები არ არის.

კობა ნაყოფია ამტკიცებს, რომ „გასაყიდ ფასში“ მხოლოდ აქციების გამოსყიდვა არ იგულისხმებოდა, არამედ ვალის გადახდაც.

„კონკურსის პირობებში ეწერა, რომ  კომპანიას ვალი აქვს“, – ამბობს ნაყოფია. –„გამოსასყიდი ფასი კი ნიშნავს აქციების ფასს პლუს ვალდებულება.“  

Energy and Industry Complex–ის მაშინდელი იურისტები – პაატა კიკნაველიძე და ირაკლი მგალობლიშვილი – ფიქრობენ, რომ მათი ადვოკატირების ქვეშ მყოფი კომპანია დაიჩაგრა, ვალების თემის ინტერპრეტირება კი არასწორად მოხდა.

ირაკლი მგალობლიშვილი აცხადებს, რომ გამარჯვების შემთხვევაში, Energy and Industry Complex საწარმოს ვალებს სრულად გადაიხდიდა.

„ბუნებრივი იყო, რომ ვინც შეიძენდა საწარმოს,  ვალებით შეიძენდა. ვალების გადახდა ცალკე პირობად არ ყოფილა და არც შეიძლებოდა ყოფილიყო“, – ამბობს მგალობლიშვილი.

იურისტი იმ წერილსაც იხსენიებს, რომელიც კომპანიამ ეკონომიკის სამინისტროს 2005 წლის 26 ოქტომბერს, საპრივატიზაციო პაკეტების გახნის შემდეგ, გაუგზავნა.

წერილში წერია, რომ Energy and Industry Complex მზადყოფნას აცხადებდა როგორც „სახელმწიფოს, ისე კერძო კრედიტორთა წინაშე არსებული დავალიანების სრულად დაფარვაზე.“

ბადრი პატარკაციშვილის ინტერების გამომხატველი კომპანია Energy and Industry Complex სასამართლოში ჩივილს აპირებდა და სასარჩელო განცხადებაც შეადგინა. თუმცა, შემდეგ პატარკაციშვილმა სასამართლოში ჩივილი გადაიფიქრა და მის იურისტებს სარჩელი არ შეუტანიათ.

იურისტები ირაკლი მგალობლიშვილი და პაატა კიკნაველიძე ამბობენ, რომ ბიზნესმენს მათთვის ჩივილის გადაფიქრების მიზეზი არ უთქვამს.

გასაყიდი ფასი

“მადნეულის” რეალური ფასის გასაგებად,საჭირო იყო ფინანსური, გარემოსდაცვითი და დეპოზიტების აუდიტები.

პრივატიზებამდე, ეს აუდიტები ადგილზე არ იყო.

საბოლოოდ, “მადნეულის” საწყის ფასად საქართველოს ბანკმა 32 500 000 დოლარი გამოითვალა.

კობა ნაყოფია ამბობს, რომ საწარმოს საწყისი ფასი იმ მონაცემებზე დაყრდნობით შეფასდა, რაც იმ დროისთვის არსებობდა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, რომელიც “კვარციტში” 2004-2005 წლებში მუშაობდა, საწარმოს რეალური ფასის დასადგენად საჭირო საფინანსო, სადეპოზიტო და გარემოსდაცვითი აუდიტები პრივატიზებამდე არ ჩატარებულა.

“აუდიტი არა მხოლოდ ფინანსურ მდგომარეობას შეამოწმებდა, არამედ საწარმოს დეპოზიტების რეალურ შესაძლებლობებზე დადებდა გადამოწმებულ პასუხს”, - ამბობს ივანე მაჭავარიანი.

ამას ადასტურებს ირაკლი მგალობლიშვილიც, რომელიც პრივატიზების დროს Eნერგყ ანდ Iნდუსტრყ ჩომპლეხ-ს წარმოადგენდა. ის ამბობს, რომ საჭირო აუდიტი პრივატიზებამდე მათთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

აუდიტებიდან ერთ-ერთი - გარემოსდაცვითი აუდიტი - კომპამნიის პრივატიზებიდან, ერთ წელში, 2006 წელს ჩატარდა.

ნაყოფიას თქმით, პრივატიზებამდე აუდიტი იმიტომ არ ჩატარდა, რომ სახელმწიფოს ცოტა დრო ჰქონდა და ჯობდა, რომ აუდიტი ინვესტორს შემდგომ ჩაეტარებინა, ვიდრე სახელმწიფოს, რომელსაც აუდიტების ჩატარების ფინანსური შესაძლებლობა არ ჰქონდა.

გარდა ამისა, მისი თქმით, თუნდაც გარემოსდაცვითი აუდიტი საწარმოს ფასს მნიშvნელოვნად ასწევდა და შესაძლებელია, უკვე ინვესტორისთვის საინტერესო არ ყოფილიყო.

   ლიცენზიები და ინტერესთა კონფლიქტი

პრივატიზების დროს, ინტერესთა კონფლიქტზე საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს ივანე მაჭავარიანი, რომელიც „კვარციტში“ 2004–2005 წლებში მუშაობდა.

„კახა ბენდუქიძის და კობა ნაყოფიას გადაწყვეტილება, რომ საწარმო მიეყიდათ ‘პრომიშლენიე ინვესოტრის’ დირექტორებისთვის, შესრულდა იმ ფასად, რაც ამ კომპანიას აწყობდა“, – ამბობს მაჭავარიანი.

მაჭავარიანი ასევე ახსენებს ფაქტს, რომელიც, მისი აზრით, საწარმოში ინტერესთა კონფლიქტზე მიანიშნებს - პრივატიზების შემდეგ, ეკონომიკური განვითარების ყოფილმა მინისტრმა – ირაკლი ჩოგოვაძემ GeoProMinig-ის სამეთვალყურეო საბჭოში დაიწყო მუშაობა.  

 GeoProMining

ზუსტად ვერავინ ასახელებს, თუ რა ოდენობის ინვესტირება ჩადო GeoProMining–მა ქართულ სამთო ბიზნესში და მის განვითარებაში.

კობა ნაყოფია ამბობს, რომ მთავარი მიღწევა საწარმოო მოცულობის გაზრდა იყო, რაც მეტი ადამიანის დასაქმებას და ბიუჯეტში მეტი გადასახადების გადახდასაც გულისხმობს.

საწარმოს სტატისტიკით, 2002-2012 wlebis CaTvliT, “მადნეულმა” და “კვარციტმა” ბიუჯეტში 271,334,782.18 ლარი გადაიხადა,  სოციალურ პროექტებზე კი 14 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. 

ნაყოფია ამბობს, რომ GeoProMining–ის სტრატეგიული მიზანი  ტრანსნაციონალური განვითარება იყო, ვიდრე მხოლოდ საქართველოს საბადოების განვითარება.

წინა მენეჯმენტის გეოგრაფიული განვითარებისკენ პირველი ნაბიჯი სომხური აქტივებისა და საბადოების შეძენა გახდა.  ქართული პოტენციალის განვითარებისთვის კი ფინანსური შესაძლებლობები არ რჩებოდა.  

„მინდოდა მეტი განვითარება ჰქონოდა ქართულ აქტივებს, რაც რეალურად, ამ პერიოდისთვის, არ ხორციელდებოდა“, – ამბობს კობა ნაყოფია. –„ხშირად მესმოდა, რომ „მადნეული“ მალე მოკვდება და ეს ჩემთვის ადვილი მოსასმენი არ იყო. ასე დადგა პერიოდი, რომ მე და ჩემი პარტნიორი გავიყარეთ“.

GeoProMining–ის აქციონერებმა, ანუ წინა მენეჯმენტმა საწარმოს ქართული აქტივები 2012 წლის ივნისში, 120 მილიონ აშშ დოლარად გაყიდეს.

კომპანიის ახალი ინვესტორები რუსი ბიზნესმენები დიმიტრი ტროიცკი და დიმიტრი კოჟრევი გახდნენ. რუსი მილიონერები სტუდენტობის წლებიდან ბიზნეს-პარტნიორები არიან და სამთო მოპოვების გამოცდილება აქვთ სომხეთში.

სახელები შეეცვალათ კომპანიებსაც.  სააქციო საზოგადოება „მადნეულს“ Rich Metal Copper ჰქვია,  შპს „კვარციტს“ კი – Rich Metals Gold.

ახალი მენეჯმენტის გარემოსდაცვითი მიმართულების ხელმძღვანელი, მიხეილ კვარაცხელია ამბობს, რომ დეკემბრის ბოლოს, საწარმო გრძელვადიან გარემოსდაცვით პროგრამას შექმნის და გარემოს დაცვის სამინისტროს წარუდგენს.

ერთი ლიცენზია, რომელიც ენერგეტიკის სამინისტრომ აუქციონზე 2011 წლის ოქტომბერში გაიტანა, “კავკასიის სამთო ჯგუფმა” 93.5 მილიონ ლარად შეიძინა. სამინისტროს მიერ გაყიდული მეორე ლიცენზია “მაინინგ ინვესთნენთმა” 110 მილიონ ლარად შეიძინა.

“კავკასიის სამთო ჯგუფს”, “მაინინგ ინვესთნენთს” და Rich Metal Group–ს ერთი და იგივე მფლობელი ჰყავს. თავის დროზე, ეს ორი კომპანია იმისთვის შეიქმნა, რომ ლიცენზიები მომავალ ინვესტორს შეესყიდა.

„მადნეულის“ ყოფილი დირექტორი კობა ნაყოფია კი ისევ თანამშრომლობს საწარმოს ახალ მენეჯმენტთან – Rich Metal Group–თან.

„მე ვარ ახლანდელი მენეჯმენტის პარტნიორი, მაგრამ როგორც პარლამენტარს, არ მაქვს წილების მართვის უფლება“, – ამბობს ნაყოფია. –„ამიტომ, ჩემი შვილია ამ წილების მმართველი.“

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

20 სექტემბერი
20 სექტემბერი

მოლიერი, ჩეხოვი და სხვანი

თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი - კლასიკური ტექსტებიდან სხეულის უსაზღვრო შესაძლებლობამდე
20 სექტემბერი
20 სექტემბერი

ქართული ფორუმის ძალა

2016 წლის 12 აპრილს ნაძალადევის რაიონში, საკუთარ სახლში დააკავეს ქართული ინტერნეტფორუმის, forum.ge-ს მომხმარებელი სულხან ...
19 სექტემბერი
19 სექტემბერი

ვინ დაუკრავს მუსიკას

ცოტაც და ოთხწლიან მოლოდინს ბოლო მოეღება. იაპონიაში რაგბის მსოფლიო თასი სტარტს აიღებს და მომდევნო თვე-ნახევრის განმავლობა ...

მეტი

^