Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რატომ ვფიქრობთ ამდენს შრომის კოდექსზე?

22 მარტი 2017

ბოლო დროს, საკონსტიტუციო ცვლილებების მოლოდინში, ისევ აქტუალური გახდა შრომის პოლიტიკა. კვლავ განვაგრძობთ იმის განხილვას, რა სტანდარტებს უნდა აწესებდეს შრომის კოდექსი ან, საერთოდ, უნდა არსებობდეს თუ არა ის.

მოდით, ვცადოთ ამ კითხვებზე პასუხის პრაგმატულად პოვნა.

ამისათვის განვსაზღვროთ ის მოცემულობები, რომლებზეც საზოგადოებასა და პოლიტიკურ სპექტრში მეტ-ნაკლები კონსენსუსი არსებობს. ასეთს ჩვენს რეალობაში ევროინტეგრაცია წარმოადგენს, რაც როგორც სამთავრობო, ისე ოპოზიციური პარტიების უმრავლესობის დეკლარირებული მიზანია. ეჭვქვეშ არ დგას არც ასოცირების ხელშეკრულების შესრულების საჭიროება.

შესაბამისად, სახეზე გვაქვს ისეთი პარადიგმა, სადაც ევროინტეგრაცია და ასოცირების ხელშეკრულება ის მოცემულობაა, რომელთან შეპირისპირებითაც უნდა შევაფასოთ ამა თუ იმ გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა შრომის პოლიტიკის სფეროში.

თუ ამ თეზისზე ვთანხმდებით, მაშინ დასაწყისში მოცემულ კითხვებზე პასუხი იმაზე უფრო მარტივია, ვიდრე წარმოგვიდგენია.

ჩავხედოთ ასოცირების ხელშეკრულებას.

ხშირად ეს დოკუმენტი ერთგვარი სამართლებრივი ლაბირინთია, რომლის ცენტრშიც რაღაც საინტერესო გველოდება. აი, მაგალითად, 354-ე მუხლი ამბობს, რომ საქართველომ თავისი კანონმდებლობა XXX-ე დანართში არსებულ აქტებთან უნდა დააახლოვოს, ამავე დანართში მოცემული წესების შესაბამისად. XXX-ე დანართი კი, თავის მხრივ, 2003/88/EC დირექტივაზე უთითებს და იქვე განსაზღვრავს, რომ ამ დირექტივის იმპლემენტირება ასოცირების ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან ექვსი წლის ვადაში უნდა განხორციელდეს. ეს ვადა ხუთ წელიწადში, 2022 წლის 1 ივლისს იწურება.

რას ამბობს დირექტივა 2003/88/EC?

იმას, რომ კვირაში სამუშაო საათების რაოდენობა, ზეგანაკვეთური საათების ჩათვლით, 48 საათს არ უნდა აღემატებოდეს. ეს ისეთი მნიშვნელოვანი დებულებაა, რომ კიდევ ერთხელ დავწერ: თუ დღეს საქართველოში 60-საათიანი სამუშაო კვირა ჩვეულებრივი მოვლენაა - და, თეორიულად, არც 84-საათიანი სამუშაო კვირით ირღვევა შრომის კოდექსი - 2022 წლამდე ეს რიცხვი 48-მდე ჩამოვა. ეს ევროკავშირში დღეს მოქმედი სამართალია - ასოცირების ხელშეკრულების შესრულების შემდეგ დასაქმებულის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მხოლოდ ერთი მაგალითი.

და თუ მაინც ნიჰილისტური განწყობა გაქვთ და ფიქრობთ, რომ ეს უფლებები მხოლოდ ფურცელზე იარსებებს, მაშინ განაგრძეთ კითხვა.

ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგზე შეთანხმებით (გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, არა უშუალოდ ასოცირების ხელშეკრულებით) საქართველომ იკისრა ვალდებულება, შექმნას შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების შესაბამისი შრომის ინსპექცია. ასეთ სტანდარტებში, უპირველეს ყოვლისა, იგულისხმება ორგანიზაციის 1947 წლის კონვენცია შრომის ინსპექციის შესახებ, რომელიც მსოფლიოს 145 ქვეყანას, მათ შორის, ევროკავშირის ყველა სახელმწიფოს აქვს რატიფიცირებული.

ამ კონვენციის მიხედვით რა ფუნქციები ექნება შექმნილ ინსპექციას დღეს არსებულისგან განსხვავებით?

შრომის ინსპექციას დღეს არ აქვს, მაგალითად, სამუშაო საათების რაოდენობის კანონთან შესაბამისობის შემოწმების უფლება. ამასთან, იგი ვერ შედის დაწესებულებაში ამ უკანასკნელის წინასწარი თანხმობის გარეშე და, დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაშიც კი, ვერ იყენებს რაიმე სახის სანქციას. მას მხოლოდ რეკომენდაციების გაცემა შეუძლია, რისი შესრულებაც სავალდებულო არ არის.

ახალი სტანდარტების მიხედვით კი, შექმნილ ორგანოს უკვე  წინასწარი გაფრთხილების გარეშე ექნება როგორც სამუშაო საათებისა და უსაფრთხოების შემოწმების (მუხლი 3), ისე ადმინისტრაციული სანქციების (ჯარიმების) გამოყენების კომპეტენცია (მუხლი 18).

სხვათა შორის, ჯანდაცვის სამინისტრომ ამ კუთხით ცვლილებათა ერთი პაკეტი უკვე მოამზადა და მისი კანონში ასახვა შემოდგომაზეა ნავარაუდები.

ხომ არ დააზარალებს ეს ყველაფერი ბიზნესს? აქვს თუ არა ქვეყანას ამის ფუფუნება?

ამაზე დისკუსია ალბათ უსასრულოდ შეიძლება, თუმცა, თუ დასაწყისში მოცემულ თეზისს დავეთანხმეთ, ეს კითხვები უკვე ირელევანტურია.

საკითხი ასე დგას: ან შევასრულებთ ასოცირების ხელშეკრულებას და გვექნება თავისუფალი წვდომა ევროკავშირის ბაზარზე, ან დავარღვევთ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და თავისუფალი ვაჭრობაც დასრულდება. შუალედური პოზიცია არ არსებობს.

და მაინც, აუცილებელია შრომითი უფლებების გაუმჯობესება? იქნებ, უამისოდაც გაგვიხსნას ევროკავშირმა ბაზარი?

შეუძლებელია. შეუძლებელია როგორც ჩვენს, ისე ბრექსითის შემდგომი დიდი ბრიტანეთის შემთხვევაში. შედარებით მაღალი შრომის სტანდარტი ევროკავშირის სამართლის ქვაკუთხედია და ბაზრის ერთ რომელიმე წევრ ქვეყანაში მისგან განსხვავებულის დაწესება ორგანიზაციისთვის მიუღებელი ძალიან პრაგმატული მიზეზის გამო იქნება: ამან შესაძლოა გამოიწვიოს, ე.წ. „რბოლა ფსკერისკენ“, ანუ რეგულატორული კონკურენცია, რაც უცხოური ინვესტიციის მოზიდვის მიზნით შრომის სტანდარტების დადაბლებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, სტანდარტების ჰარმონიზაციას ევროკომისია და ევროსასამართლო განუზომლად დიდი მნიშვნელობას ანიჭებენ.

ისე კი, პარადოქსულად, ამავე ლოგიკის გამო, შრომის სტანდარტების გაუმჯობესება შესაძლოა ზოგიერთი მემარჯვენე და ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიისთვისაც მისაღები იყოს. საქმე ის გახლავთ, რომ შრომის უფლებების დაბალი სტანდარტის გამართლება საქართველოშიც ხშირად უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საჭიროებით ხდება. თუ ეს რიტორიკა სწორია, მაშინ იგი ასევე სწორი უნდა იყოს ევროკავშირის ბაზართან მიმართებითაც. მართალია, ჩვენი სტანდარტები ნაწილობრივ დაუახლოვდება ევროკავშირში არსებულს, მაგრამ ქვეყანას მაინც დარჩება მთელი რიგი უპირატესობები: შედარებით იაფი მუშა-ხელი, პორტები, რესურსების სიიაფე, ნაკლები კორუფცია და სხვ. რა თქმა უნდა, ესეც საკამათო საკითხია, თუმცა ესეც ირელევანტური.

მნიშვნელოვანი ისაა, რომ ევროპული არჩევნის გაკეთებით, უფრო კონკრეტულად კი, ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით საქართველომ შეიზღუდა კანონშემოქმედებითი თავისუფლება და შრომის პოლიტიკის განსაზღვრაც მეტწილად ჩვენზე აღარაა დამოკიდებული.

ჰოდა, რატომ ვფიქრობთ ამდენს შრომის კოდექსზე?

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^