Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ექსტაზი - უფრო ზუსტად, პისტოლეტი

31 მარტი 2017

ლილე შენგელიას პიესა „დაგნი“ რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე

მიხეილ თუმანიშვილის ფონდისა და რუსთაველის თეატრის ერთობლივი პროექტი-კონკურსი ახალგაზრდა ქართველი დრამატურგების მხარდასაჭერად („რობერტ სტურუას მასტერკლასი“), რომელიც გასულ წელს განხორციელდა, ხელშესახები და თეატრისთვის სასარგებლო ფინალით დასრულდა: ალექსანდრე ლორთქიფანიძის  პიესა „ჩემი სახელია ლუკა“ რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა ლამის აპოკალიფსურ  სპექტაკლ „კუნძულად“ აქცია,  ხოლო ნანუკა საფაშვილის „გენმოდიფიკაციას“ რეჟისორმა ნიკა ჩიკვაიძემ ნაცადი აფსურდის ოდნავ ჟანგიანი გასაღები მოარგო.

კონკურსში გამარჯვებულ პიესებს ლილე შენგელიას „დაგნი იუელიც“ დაემატა, რომელიც ახლახან რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ახალგაზრდა რეჟისორმა გიორგი ჩალაძემ დადგა. სიმართლე ვთქვათ, ერთმოქმედებიან დრამაში სახელწოდებით „დაგნი“ ბევრი რებუსი და კითხვის ნიშანია, მათზე საპასუხოდ კი ნაკლები დრო და სივრცეა დატოვებული. თუმცა ამის შესახებ ოდნავ ქვემოთ...

ცოტა შორიდან და დრამატულად მოვუაროთ, პიესასთან და თავად წარმოდგენასთანაც  ახლოს რომ  მივიდეთ.  1901 წლის 25 მაისს გაზეთი „კავკაზი“, რომელიც თბილისში გამოდიოდა, იტყობინებოდა:

„გრანდ ოტელის“ ნომერში დიდი ხანია ბინადრობს ვარშავის გუბერნიის მემამულე, ვლადისლავ ემერიკი. ერთი თვის წინ ემერიკი სამშობლოში გაემგზავრა და ორ კვირაში დაბრუნდა. თან ახლდა მანდილოსანი და მისი ხუთი წლის ვაჟი. 

ემერიკმა მანდილოსანი თავის დად გაასაღა და ისე ჩაასახლა სასტუმროში, რომ მისი დოკუმენტები არ წარმოადგინა. ქალბატონი აღმოჩნდა დაგნი პშიბიშევსკა, პოლონელი მწერლის, სტანისლავ პშიბიშევსკის მეუღლე. იმ საბედისწერო 23 მაისს ემერიკმა ბავშვი დედის ნომრიდან გამოიყვანა და ნაცნობს მიაბარა. თვითონ დაგნი პშიბიშევსკასთან დაბრუნდა და კარი ჩაკეტა. მალე ოთახიდან წყვილი გასროლა გაისმა. კარი შეამტვრიეს. პოლიციელებს თვალწინ საზარელი სურათი წარმოუდგათ: ლოგინზე სისხლის გუბეში იწვა მსხვერპლი - დაგნი პშიბიშევსკა; შუბლზე ნატყვიარი აჩნდა. საწოლის ახლოს, ხალიჩაზე იწვა ემერიკი, რომელსაც სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა“...

დაგნი იუელ-პშიბიშევსკა ლამაზი, ექსტრავაგანტული და უცნაურობით გამორჩეული ნორვეგიელი ქალი, მეოცე საუკუნის 20-იანი წლების ბერლინის ბოჰემის სული და გული იყო - ედუარდ მუნკის, ავგუსტ სტრინდბერისა და კნუტ ჰამსუნის მუზა! მართლაც გამორჩეული და არტისტული ბუნების ევროპელი ქალი, რომელიც ხატავდა, უკრავდა, ლექსებსა და მოთხრობებს წერდა, საუკუნეზე დიდი ხნის წინ, თბილისში, სასტუმრო „გრანდ ოტელში“, ბურუსით მოცულ ვითარებაში მოკლეს. ის კუკიის სასაფლაოზეა დაკრძალული.

სხვათა შორის, დაგნი იუელს მწერალმა ზურაბ ქარუმიძემ ინგლისურ ენაზე რომანი „დაგნი, ანუ სიყვარულის ნადიმი“ მიუძღვნა (Dagny or  a Love Feast). არც ისაა გასაკვირი, რომ მისი ხანმოკლე და გამორჩეული ცხოვრება ახალგაზრდა დრამატურგ ლილე შენგელიასთვის ინსპირაციის წყაროდ იქცა. ერთი ეგაა, თუ სპექტაკლზე მისულმა მაყურებელმა დაგნი იუელის შესახებ არაფერი იცის, ნაკლებად გაერკვევა საკმაოდ რთული ასოციაციებითა და „შინაგანი მონოლოგებით“ დატვირთული პიესის შინაარსში. ამიტომ, ჩემი აზრით, აუცილებელი იყო პროგრამაში დაგნი იუელის ცხოვრების შესახებ თუნდაც მცირე ინფორმაციის მითითება.

რეჟისორ გიორგი ჩალაძის თხრობა გვაბრუნებს ექსპრესიონისტული სულისკვეთების თეატრთან და, შესაბამისად,  სიმკვეთრე, ფორმალიზმი, გამომსახველობა, პროზაგადალახული სიშლეგე თუ აღმაფრენის მაუწყებელი ჟესტები, სპექტაკლში გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე რეფლექსია და მიზეზ-შედეგობრივი კავშირით დატვირთული დიალოგები. ეს აბსტრაგირება და „წმინდა ფორმა“ პიესის ტექსტიდან გამომდინარე გამართლებულია, მაგრამ რადგან ამბავი მაინც ძალიან კონკრეტულია, რეჟისურა მეტ სიცხადესა და ლოგიკურ დასაბუთებას მოითხოვს.

სცენური კვარტეტი რუსთაველის ექსპერიმენტულ სცენაზე ასე გამოიყურება: შინაგანი წინაამდეგობებით, თავისუფლების ძიებითა თუ არტმოჩვენებებით გახლეჩილი დაგნი (ქეთი სვანიძე), უკვე საგრძნობი ეჭვითა და სამსახურით დაღლილი მისი მეუღლე, სტანისლავ პშიბიშევსკი (ზურაბ ინგოროყვა), დაგნისადმი ვნებისა და თავშეკავების მუდმივ ზღვარზე მყოფი ვლადისლავ ემერიკი (ბაჩო ჩაჩიბაია) და მოახლე, როგორც სექსუალური თამაშების მუდმივად დათრგუნული და ხელმისაწვდომი ობიექტი (ანა ამილახვარი).

მსახიობებს დაახლოებით საათნახევარი აქვთ დათმობილი, რომ შავ-თეთრი ფარდებითა და კოსტიუმებით შემოფარგლული სივრცე, ანუ დრამატული ზმანების სამყარო (მხატვარი და სცენოგრაფი ანანო დოლიძე) ფერადად მოგვაჩვენონ, ან პირიქით, თამაში დაახლოებით სტრინდბერგის „ზმანების“ ტონალობას დაუახლოვონ. ეს შემთხვევითი არ არის. დაგნი ხომ სწორედ სტრინდბერგის პიესების ქალი-პერსონაჟების შთაგონების ობიექტია.

თითქმის განძარცვული სცენური სივრცის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალია სარკე, რომელშიც დროდადრო დაგნის შფოთვები, დრამატიზმი ან მოახლის მიერ გათამაშებული მუნკის „ყვირილი“ აირეკლება. წარმოდგენა სავსეა ამგვარი ხილული თუ ნაგულისხმევი სახე-სიმბოლოებითა და რებუსებით, რომელიც უფრო „დადგმული“ და თვითმიზნურია, ვიდრე რეალური და გასაგები. არც იმდროინდელი თბილისის გარეგნული მინიშნებაა სადმე და არც ფინალში, „გრანდ-ოტელში“ გათამაშებული ტრაგედიის მიზეზებია ბოლომდე გასაგები.

საბედისწერო „თამაში პისტოლეტით“ ფატალურად მთავრდება: დაგნის ექსტაზური სვლა სიკვდილისკენ და ემერიკის ვნებებით დაღდასმული პისტოლეტი (რომელმაც ჩეხოვის თოფივით ფინალში უნდა გაისროლოს), პარალელურ წრფეებს წააგავს, რომლებიც უსასრულობაში მაინც იკვეთება. ამ ყველაფერს კი ზემოთხსენებული ცნობილი შვედი დრამატურგი ალბათ, „სიკვდილის როკვას“ უწოდებდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^