Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ჯარა“, როგორც ველური ბუნების კინოდოკუმენტი

07 აპრილი 2017
...როცა ფუტკრები „მეცნიერულად“ შრომობენ და მგელ-დათვები მხიარულად ომობენ

ახლახან კინოთეატრ „ამირანში“  სტუდია EcoFilms-ისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაკვეთით გადაღებული დოკუმენტური ფილმის - „ჯარას“ საპრემიერო ჩვენება გაიმართა. თითქმის არ მახსენდება შემთხვევაა, როცა საქართველოში ველური ბუნების შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმს მაყურებლის ასეთი ინტერესი და, შესაბამისად, ასეთი ერთსულოვანი მოწონება გამოეწვია. ფილმის რეჟისორია ნიკა წიკლაური, რომელიც ამავდროულად თანაპროდიუსერიცაა (ჰელენ ბრედბერისთან ერთად). ოპერატორი - გია ვაწაძე, დამატებითი ვიდეომასალა - ნიკა ქერდიყოშვილი, მონტაჟი - ელენე ასათიანი, კომპოზიტორი - დავით მალაზონია.

 „ჯარას“, როგორც კინოდოკუმენტის შესაქმნელად, საერთაშორისო ამქარიც იყო ჩართული: არასამთავრობო ორგანიზაცია „მერსი ქორფსი“ (Mercy Corps), ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდი (WWF),  გერმანიის ეკონომიკური  თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო... პლუს აჭარის  ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო. თუმცა მთავარი მაინც შედეგია, რომელიც გადამღები ჯგუფის წყალობით, აჭარის ველური ბუნების მართლაც მნიშვნელოვან კინოდოკუმენტად იქცა.

მთიანი აჭარის ბიომრავალფეროვნების აღწერით გამორჩეული დაახლოებით ერთსაათიანი ფილმი, ძველი და  ტრადიციული ქართული მეფუტკრეობის - ჯარას შესახებ მოგვითხრობს. თუმცა ფილმში კიდევ ბევრი რამაა ძალიან საინტერესოდ დანახული და წარმოჩენილი. მაგალითად, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების წესები, შრომისა და ყოფის ტრადიციები (ქემუსი, ხარების დაჭიდება, ჯარას გაკეთება და ა.შ.).

„ჯარაში“ შესანიშნავადაა ნაჩვენები კავკასიური მურა დათვისა და მგლების შებრძოლება-შეთამაშება, როჭოების საქორწინო რიტუალები თუ უნიკალური ენდემური ჯიშის, კავკასიური სალამანდრას ნებივრობა ულამაზესი ჩანჩქერის ფონზე. თუმცა მთავარი ფილმში მაინც ჯარაა - ფუტკრის უძველესი და უნიკალური სკა, რომელიც, აჭარის გარდა, თითქმის აღარსად არის შემორჩენილი.

დიდი ხნით ადრე, ვიდრე ადამიანი ფუტკარს მოაშინაურებდა, თაფლს უშუალოდ ხის ფუღუროში დაბუდებული ფუტკრის წყალობით მოიპოვებდა. მოგვიანებით, უკვე გამოცდილებით, აჭარის მოსახლეობამ ფუღუროების გაკეთება ხის დიდი მორებისგან და ქერქისგან თავად დაიწყო, რასაც ჯარა, ანუ გეჯა უწოდა. ჯარაში ფუტკრების ახალ ოჯახს მაღალი ხის ტოტებზე, მოუწვდომელ ადგილას ან კლდეზე ათავსებდნენ. სხვათა შორის, ჯარას საშუალებით შესაძლებელია უფრო ნატურალური თაფლის მიღება, რადგან თანამედროვე სკისგან განსხვავებით, მეფუტკრეს ნაკლებად აქვს საშუალება ფუტკრის მოვლის პროცესში ჩაერიოს.

ჯარა, ფაქტობრივად მეფუტკრეობის უძველესი ტრადიციაა საქართველოში, რომელიც სწორედ აჭარაშია შენარჩუნებული, რადგან  ბუნებრივად შენარჩუნებული ტყეები ჯერ კიდევ მიუვალი და აუთვისებელია... და სწორედ ისეთი ადამიანების წყალობით, როგორებიც ფილმში არიან ნაჩვენები - შედარებით ახალგაზრდა ომარ მამუჭაძე და 80 წელს გადაცილებული გივი თურმანიძე - ჯერ კიდევ შემორჩენილია აჭარაში ფუტკრების მოშინაურების ეს საოცარი ტრადიცია.

ფილმი ეხება ისეთ თემებსაც, როგორიცაა ეკოტურიზმი სოფლად, სოფლის განვითარება და მთიანი აჭარის ეკოლოგიური ღირებულებების შენარჩუნება, ფრინველების გადაფრენა და ა.შ. სხვათა შორის, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აჭარის სანაპირო ზოლს მილიონობით ფრინველი გადაუფრენს. სწორედ ამ ზოლშია მოქცეული, ე.წ. ბათუმის ძაბრი (Batumi Bottleneck), მსოფლიოში სიდიდით მესამე - ფრინველების გადაფრენის დერეფანი, საიდანაც ფრინველები გამოსაზამთრებლად სამხრეთის ქვეყნებში მიფრინავენ.

ბიომრავალფეროვნებით გამორჩეული აჭარის რეგიონი მართლაც უნიკალურია და უცნაურია, რომ აქამდე ქართულ დოკუმენტურ თუ სამეცნიერო ფილმებში ის თითქმის არ არის ასახული. გამონაკლისია სწორედ ფილმი „ჯარა“, რომლის რეჟისორმა, ნიკა წიკლაურმა გადამღებ ჯგუფთან ერთად, მოახერხა, რომ ველური ბუნება ასეთი ცოცხალი, პოეტური და უშუალო ფორმით ყოფილიყო ასახული... თანაც ადამიანებთან ჰარმონიაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

08 ივნისი
08 ივნისი

ადამიანისა და მანქანის შერწყმა: რეი კურზ ...

ჟურნალი “Rolling Stone”, 2009, მაისი
20 ნოემბერი
20 ნოემბერი

განგაშის 5 ზარი

5. პატრიარქის ნებართვა პატრიარქის ნებართვისა და ერთგვარი კურთხევის გარეშე რომ მმართველი არ იცვლება, ეს ძველი ამბავი ...
18 ნოემბერი
18 ნოემბერი

მაჟორიტარული სისტემის კრიზისი გაერთიანებ ...

თანამედროვე დასავლურ პოლიტიკაში, მოულოდნელ, მეინსტრიმულ პოზიციებთან დაპირისპირებული მოსაზრებების დემოკრატიულმა ტრიუმფმა ...

მეტი

^