ვახტანგ რჩეულიშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
რჩეულიშვილი დაახლოებით ერთი თვის წინ ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში მოათავსეს.
ვახტანგ რჩეულიშვილი იყო საქართველოს ეკონომიკური ფორუმის თავმჯდომარე; 1992-2003 წლებში - საქართველოს მე-3, მე-4, მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი; ასევე იყო შავი ზღვის ქვეყნების მემარცხენე-ცენტრისტული პარტიის ასამბლეის თავმჯდომარე.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ბიოგრაფიული ლექსიკონის თანახმად, „1979-1982წწ. იყო ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ვიცე-პრეზიდენტი; 1982-1984წწ. კომკავშირის ცკ-ს ლექტორთა ჯგუფის ხელმძღვანელი; 1982-1985წწ. უცხოეთის განყოფილების ინსტრუქტორი; 1985-1987წწ. მეცნიერებათა აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა საინფორმაციო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1987-1992წწ. საქართველოს რესპუბლიკის მშვიდობის დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე; 1992-1995წწ. საქართველოს პარლამენტის სპიკერის მოადგილე. 1985 წლიდან აქვეყნებს სტატიებს. იყო საქტელერადიო კომიტეტის პოლიტიკური მიმომხილველი".