Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროპორციული? მაჟორიტარული? შერეული? თუ უბრალოდ – სამართლიანი?!

19 აპრილი 2017

არ ვაპირებდი აღნიშნულ საკითხზე სერიოზულ მსჯელობაში შესვლას. რადგან მიმაჩნია, რომ საკონსტიტუციო კომისიაში ჩემზე გაცილებით კვალიფიციური ადამიანებია თავმოყრილი და თუ ვენეციის კომისიის შესაძლო რჩევებისა და რეკომენდაციების გაზიარების თაობაზე მმართველი ძალის მხრიდან წინასწარ გაცხადებულ მზაობას გავითვალისწინებთ, თითქოს, ამჯერად მაინც არ უნდა მოხდეს ის, რაც ბევრჯერ მომხდარა, როცა თითქოს უკეთესი სისტემის მიღება გვინდოდა, მაგრამ რეალურად ვერაფერიც ვერ გავაუმჯობესეთ. ხოლო, როგორც სააკაშვილის დროინდელი შესწორებებისას მოხდა, ზოგი რამ სერიოზულად გავაუარესეთ კიდეც.

საპრეზიდენტო არჩევნების წესის მიმართ გაჩენილი აჟიოტაჟი, ჩემთვის გასაგებია, თუმცა მათ რიცხვს ვეკუთვნი, ვისაც საპარლამენტო არჩევნების წესზე შეთანხმება და სწორედ ამ ფრონტზე სამართლიანი გადაწყვეტილების მიღება მიაჩნია უპირველეს პრიორიტეტად. რადგან თუ ვთანხმდებით, რომ საპარლამენტო რესპუბლიკაში ვცხოვრობთ, სწორედ საპარალამენტო არჩევნები არის და იქნება ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები და სწორედ აქ არის განსაკუთრებით მიუღებელი ხარვეზებისა და შესაძლო კონფლიქტური სიტუაციების შანსის დატოვება.

მგონი, პოლიტიკური პარტიებიც, პრეზიდენტიც, არასამთავრობო სექტორიც, მედიაც და უცხოელი ექსპერტებიც თანხმდებიან, რომ საქართველოში მაჟორიტარული არჩევნების პრაქტიკამ ვერ გაამართლა. ერთეული გამონაკლისების გარდა, მაჟორიტარები მუდმივად იყვნენ ხელისუფლების მორჩილი და მდუმარე უმრავლესობა და ადვილად გადადიოდნენ ხელიდან ხელში, როცა ქვეყანაში მმართველი პოლიტიკური ძალა იცვლებოდა.

და როგორც ვიცით, თითქმის უკვე გადაწყვეტილია, რომ საქართველოში არჩევნები მომავალში მთლიანად პროპორციული სისტემით უნდა ჩატარდეს: ბევრ ქვეყანაში ეს სწორედ ასეა და იქნებ, ჩვენთანაც გაამართლოსო. მართლაც, ეს წესი მოქმედებს ხორვატიაში, ჩეხეთსა და სლოვაკეთში (ყველგან – 5%-იანი ბარიერით), ნორვეგიასა და შვედეთში (4-4%),  იტალიაში (4% – პარტიებისთვის, 10% – კოალიციებისთვის), ესპანეთსა და საბერძნეთში (3-3%),  დანიაში (2%),  შვეიცარიაში, ისლანდიაში და კიდევ 80-მდე ქვეყანაში.

მაგრამ, პროპორციული წესის დანერგვით არჩევნების სამართლიანობის  გამოსწორების იმედი მე ნამდვილად ვერ მექნება, თუ პროპორციული სისტემა იმ მოდელით იქნება შემოღებული, რომელშიც პარტიული ბარიერი საკმაოდ მაღალ დონეზე - 5%-ზე დარჩება, ხოლო ბარიერგადალახული პარტიების მიერ მიღებული და გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას დარჩება, პრინციპით „მოგებულს ყველაფერი რჩება!“

მოდით, ისევ განვიხილოთ 2008 და 2016 წლის არჩევნები – რა პრობლემები იყო მთავარი, და როგორ „გამოსწორდებოდა“ მდგომარეობა, თუ ეს არჩევნები ახლა შემოთავაზებული „ნეოპროპორციული“  სისტემით ჩატარდება.

სურათი 1

2008 წელს ოთხმა პარტიამ მოახერხა საარჩევნო ბარიერის გადალახვა. პირველ ადგილზე გასულმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ნაკლებად თანასწორი საარჩევნო გარემოსა და მრავალი დარღვევების წყალობით ძალიან მაღალი პროპორციული მაჩვენებელი – თითქმის 60% აჩვენა. მაგრამ მისი მთლიანი მანდატების რაოდენობა, იმის გამო, რომ 75 მაჟორიტარული ოლქიდან 71(!) მოიგო, საბოლოო ჯამში 119 ადგილი, ანუ მთელი მანდატების 80% მიიღო, ანუ საკუთარი პროპორციული მაჩვენებელი 20%-ით „გაიუმჯობესა“.

როგორც გრაფიკიდან ვხედავთ, ნეოპროპორციული სისტემა 2008 წელს გაცილებით უფრო სამართლიან შედეგს მოიტანდა.

სურათი 2

2016 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე ხელისუფლებაში მყოფმა „ქართულმა ოცნებამ“ მოიგო და მისი პროპორციული 48.7% საბოლოო ჯამში, მაჟორიტარული მანდატების აბსოლუტური უმრავლესობის (70 მანდატი 73-დან!) მოპოვების ხარჯზე 76,3%-მდე გაიზარდა. ანუ, ხელისუფლებაში მყოფმა პარტიამ საკუთარი პროპორციული მაჩვენებელი 27.6%-ით „გაიუმჯობესა“. ისიც საინტერესოა, რომ ამ წელს ნეოპროპორციული სისტემის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი კი შემცირდებოდა 68%-მდე, მაგრამ თითქმის 20%-ით გადახრილი იქნებოდა რეალურად მიღებული პროპორციული შედეგისაგან.

სურათი 3

Slide3

ახლა წარმოვიდგინოთ თეორიული ვარიანტი მომავალ არჩევნებში რომელიმე ნეოპროპორციული სისტემის გამოყენებისა. დავუშვათ, მხოლოდ სამმა პარტიამ გადალახა 5%-იანი ბარიერი და არცერთი მათგანის შედეგი არ აღემატება 25%-ს. ხოლო გამარჯვებულსა და მეორე ადგილზე გასულ პარტიას შორის განსხვავება 1%-იც კი არაა. დააკვირდით, ეს უმნიშვნელო განსხვავება ნეოპროპორციული სისტემის გამოყენებისას კატასტროფულად იზრდება, როცა გამარჯვებულმა პარტიამ შეიძლება თითქმის გაასამმაგოს თავისი რეალური შედეგი! დამეთანხმეთ, რომ ასეთი განაწილებისას ეს სისტემა სამართლიანად ვერავითარ შემთხვევაში  ვერ ჩაითვლება.

ვფიქრობ, გამოსავალი ორია:

I – თუ მაინც გადავალთ პროპორციულ სისტემაზე, მაშინ უნდა დარჩეს გაუნაწილებელი მანდატების განაწილების ამჟამად არსებული წესი (ან შეიძლება მისი ოდნავ მოდიფიცირება). ყველა გაუნაწილებელი მანდატის მხოლოდ პირველ ადგილზე გასული პარტიისთვის მინიჭება, სრულიად დაუშვებელი მგონია! თუ მაინცდამაინც, ეს კიდევ იქნებოდა შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ ჩვენთან საარჩევნო ბარიერი ისევე დაბალი გახდებოდა, როგორც, მაგალითად, დანიაში. და შესაბამისად, არც ისე ბევრი იქნებოდა გაუნაწილებელი მანდატების რაოდენობა.

II – ან იქნებ, მაინც შეჩვეული ჭირი სჯობდეს, – დავტოვოთ შერეული სისტემა, ოღონდ ვეცადოთ მის მოდიფიცირებას იმგვარად, რომ მმართველ პარტიას და ხელისუფლებას არ ჰქონდეს მთელი მაჟორიტარული მანდატების ლამის 100%-ით დასაკუთრების თუნდაც თეორიული შანსი. რამდენიმე მოდელი მინდა შემოგთავაზოთ განსახილველად:

"IIა – შერეული (მაჟორიტარული წარმომადგენლობის ლიმიტით - მაქს. 2/3-ზე)​

ეს თითქმის იგივე სისტემა იქნებოდა, როგორც აქამდე არსებული, თუმცა ჩამოყალიბდებოდა მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები. ავიღოთ თბილისი, სადაც ახლა 22 თითომანდატიანი ოლქი იყო. ამის ნაცვლად შეიძლება ჩამოყალიბდეს 7 ოლქი, თითოეული მათგანი 3-3-მანდატიანი. მაგრამ პარტიებს არ ექნებოდათ ოლქში 2 კანდიდატზე მეტის დასახელების უფლება. ამდენად მაჟორიტარული მანდატების მინიმუმ 1/3 მაინც ვეღარ მოხდებოდა გამარჯვებული პარტიის ხელში. აღნიშნული სისტემა კიდევ იმით არის საინტერესო, რომ გაზრდიდა ისეთი პოპულარული კანდიდატების შანსებს, რომელთაც შეიძლება მცირედ წაეგოთ ოლქში პირველი ადგილი, მაგრამ მაინც მაღალი შედეგი ეჩვენებინათ. გარდა ამისა, ალბათ ასეთ შემთხვევაში, მაჟორიტარული ბარიერი შეიძლებოდა 20% ანდა 25%-მდე დაწეულიყო და მეორე ტურის საჭიროება ნაკლებად შეიქმნებოდა.

IIგერმანული მოდელი („სუფთაგერმანული ანმოდიფიცირებული“ – მაქსიმალური 2/3-იანი ლიმიტით)

ამ შერეული სისტემის ვარიანტში გამარჯვებულ პარტიას შეუძლია დააკომპლექტოს თავისი საპარლამენტო წარმომადგენლობა როგორც პროპორციული, ასევე მაჟორიტარული სიიდან, ოღონდ ჯამში ვერ გადააჭარბებს მის მიერ პროპორციული ვარიანტით მიღებულ მაქსიმალურ პროცენტს.

სავარაუდოდ, ასეთ ვარიანტზე მმართველი ძალა ნამდვილად არ იქნება თანახმა. მაგრამ კომპრომისულ ვერსიად შეიძლება განვიხილოთ, რომ მაქსიმალური ლიმიტი იყოს არა პროპორციული სისტემით მიღებულ მაჩვენებელზე, არამედ, ვთქვათ საპარლამენტო სიის 2/3-ზე. ასეთ დროს, შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ხელოვნურად ზედმეტად მოგებულნი არიან II-IV ადგილებზე გასული პარტიები, რომელთაც მთლიანად შეხვდებათ გადაუნაწილებელი ადგილები. ამიტომ, ალბათ, უპრიანი იქნებოდა დაბალი – 2% ან 3%-იანი პროპორციული ბარიერის დაწესება.

IIესტონური მოდელი.

ეს მოდელი, მრავალი ექსპერტის აზრით, საუკეთესოა რეპრეზენტატულობის სამართლიანობის კუთხით, მაგრამ, ამავდროულად, ყველაზე რთულიცაა. მიუხედავად იმისა, რომ იგი შერეულ მოდელად ითვლება, თავისი არსით, ძირითადად, უფრო მეტად მაჟორიტარულია, მრავალმანდატიან ოლქებში. არის სამი განსხვავებული სია –  მაჟორიტარების, რეგიონულ-პროპორციული და საერთო-სახელმწიფოებრივი (საკომპენსაციო), რომელთა შევსება სწორედ ამ თანმიმდევრობით ხდება. ყველაზე რთული და საპატიოა მაჟორიტარული ქვოტის გადალახვა, რომელიც, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია. ამის შემდეგ მოდის რეგიონალურ-პროპორციული ქვოტა, რომლის ბარიერი 5%-ია, ხოლო სულ ბოლოს კომპლექტდება საკომპენსაციო (საერთო სახელმწიფო) სიები. აღნიშნული მოდელი იმიტომაა ჩვენთვის კარგი, რომ ჩვენ ჯერაც არ გვყავს ჩამოყალიბებული პოლიტიკური პარტიები, ხოლო სწორედ ესტონური მოდელი უზრუნველყოფს მაჟორიტარული სისტემის პირობებში პოლიტიკური პარტიების მდგრადობის გაზრდას და თანდათანობით ჩამოყალიბებას. ვფიქრობ, ამ მოდელის პოზიტიური მხარეები გადაწონის მისი დანერგვისა და ჩატარების სირთულეებს.  ველოსიპედის თავიდან გამოგონების ნაცვლად, იქნებ აპროპირებული სისტემით გვესარგებლა.

===

აუცილებელია, ერთხელ და სამუდამოდ გავითავისოთ, რომ ნებისმიერი სისტემის, და განსაკუთრებითსაარჩევნო სისტემისა და წესების  – სამართლიანობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის გამართული ფუნქციონირებისა და პოლიტიკური სტაბილურობისათვის. ამიტომ ნაკლები უნდა ვიფიქროთ იმაზე, რა გვაწყობს დღეს ჩვენ და ჩვენს ფავორიტ პარტიას. რადგან თუ დღეს ისეთ მოდელს ჩამოვაყალიბებთ, რომელიც მმართველი ძალის ლამის მარადიულობის დაცვისათვის არის გამიზნული, ამას ქვეყანაში მზარდი უკმაყოფილება შეიძლება მოჰყვეს, და რადგან ვერავინ შეინარჩუნა მარადიულად ხელისუფლება, ადრე თუ გვიან ძალაუფლების დაკარგვისას ჩვენსავე ზურგზე მთელი სიმწვავით ვიგრძნობთ ჩვენ მიერვე დაკანონებული უსამართლო პრინციპების მწარე მათრახს. ამიტომ, პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი ამ საკითხებზე ძალიან მნიშვნელოვანია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^