Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თურქეთი 2029

19 აპრილი 2017

თურქეთში ისტორიული რეფერენდუმი იოლად პროგნოზირებადი  შედეგით დასრულდა. მოქალაქეების უმრავლესობამ მხარი საპრეზიდენტო მმართველობის მოდელზე გადასვლას დაუჭირა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მომხრეები გამარჯვებას ზეიმობენ, ოპონენტები კი შედეგების გადათვლას მოითხოვენ.

თუ თურქეთში ბოლო წლებში განვითარებულ მოვლენებს გავიხსენებთ, შეიძლება ითქვას, რომ ქვეყნის მომავალი რეფერენდუმამდე გაცილებით ადრე, 2016 წლის 16 ივლისს, გამთენიისას გადაწყდა, როდესაც კურორტ მარმარისზე, ფეშენებელურ სასტუმროში შეჭრილ, აჯანყებულ სპეცრაზმელებს თურქეთის პრეზიდენტი ადგილზე არ დახვდათ. სახელმწიფო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობა ერდოღანმა ძალაუფლების გასამყარებლად ოსტატურად გამოიყენა. 9 თვეში, 2017 წლის 16 აპრილს კი პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოების შესახებ გადაწყვეტილება უკვე ოფიციალურად გაფორმდა.

ერდოღანი - პრეზიდენტი 2029 წლამდე?

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი, რომელიც 11 წელი იკავებდა თურქეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, პრეზიდენტად 2014 წელს აირჩიეს. უკვე მაშინ ცხადი იყო, რომ ქემალ ათათურქის შემდეგ თურქეთის ყველაზე გავლენიანი ლიდერი კონსტიტუციით განსაზღვრულ ცერემონიალურ ფუნქციებს არასდროს დასჯერდებოდა. საპარლამენტო მმართველობიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას ის დიდი ხნის განმავლობაში მოითხოვდა. მიზნის მისაღწევად ერდოღანს პირველ რიგში შიდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგობის დაძლევა მოუწია. საკონსტიტუციო რეფორმის გასატარებლად აუცილებელი იყო მყარი საპარალამენტო უმრავლესობა. 2015 წლის ივნისში გამართულ არჩევნებზე „სამართლიანობისა და განვითარების პარტიამ“ სასურველი შედეგები ვერ აჩვენა, თუმცა ერდოღანისთვის ეს დაბრკოლებად ვერ იქცა. კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე შეთანხმება, მოლოდინისამებრ, ჩაიშალა. ოპოზიცია მუდმივად ამტკიცებდა, რომ  მოლაპარაკებები მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა. შედეგად თურქეთში რიგგარეშე არჩევნები დაინიშნა.  წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში თურქეთში რამდენიმე მასშტაბური ტერაქტი მოხდა, რაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებთან დაპირისპირების განახლების მიზეზი გახდა. „რთულ მდგომაროებაში ჩავარდნილი ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანა მხოლოდ ძლიერ და გამოცდილ მთავრობას შეუძლია“ - ამტკიცებდა ერდოღანი. დაძაბული ფონი თურქეთის ლიდერს პოლიტიკური ქულებისა და, შესაბამისად, ამომრჩევლების ხმების მოპოვებაში დაეხმარა. 1 ნოემბერს 5-თვიანი პაუზის შემდეგ მმართველმა პარტიამ მეჯლისში უმრავლესობა დაიბრუნა. პირველი დაპირება, რომელიც გამარჯვებული პარტიის ლიდერმა, აჰმეთ დავუთოღლუმ გასცა, ქვეყნის უზენაესი კანონის შეცვლა იყო.  მიუხედავად ამისა, პროცესი გაჭიანურდა. საჭირო გახდა მმართველი პარტიის რიგებში უფრო ერთგული მოკავშირეების თავმოყრა, რასაც დავუთოღლუს ბინალი ილდირიმით ჩანაცვლება მოჰყვა.

2016 წლის ივლისში წარუმატებელი პუტჩის შემდეგ კი ერდოღანის მთავრობის მიერ შეიარაღებული ძალების რიგებსა და სახელმწიფო აპარატში მასობრივი საკადრო წმენდა, მედიასაშუალებების დახურვა, პარლამენტის მიერ მიღებული მკაცრი ანტიტერორისტული კანონი და დეპუტატებისთვის იმუნიტეტის გაუქმება - უკანასკნელი და გადამწყვეტი ნაბიჯები იყო, რამაც ერდოღანი მთავარ მიზანთან მიაახლოვა. თურქეთში, პრაქტიკულად, აღარ დარჩა ძალა, რომელიც პრეზიდენტის სურვილს წინ აღუდგებოდა. მეჯლისში რამდენჯერმე მომხდარი ხელჩართული ჩხუბის ფონზე პარლამენტმა საკონსტიტუციო რეფორმის პროექტი მაინც დაამტკიცა და რეფერენდუმიც შედგა. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში 2019 წელს დანიშნული საყოველთაო არჩევნების შემდეგ შევა, პრეზიდენტის უფლებამოსილება მაქსიმალურად გაფართოვდება. ქვეყნის ლიდერი იქნება სახელმწიფოს და მთავრობის მეთაური, ასევე დარჩება პოლიტიკური პარტიის თავმჯდომარედ. პრეზიდენტი დანიშნავს მინისტრებს და მოსამართლეებს, შეადგენს ბიუჯეტს და გამოსცემს სპეციალურ განკარგულებებს, რომელთაც კანონის ძალა ექნება. ახალი უზენაესი კანონით, საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები თურქეთში 5 წელიწადში ერთხელ გაიმართება. ახალი კონსტიტუცია ერდოღანს საშუალებას მისცემს, პრეზიდენტის თანამდებობა 2029 წლამდე შეინარჩუნოს. მიუხედავად ამისა, თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირებული შედეგებით კმაყოფილები ვერ იქნებიან.

ორად გაყოფილი თურქეთი

საპრეზიდენტო რესპუბლიკის მომხრეების გამარჯვებისთვის გადამწყვეტი სულ 1 124 091 ამომრჩევლის ხმა აღმოჩნდა. იმ ფონზე, რომ ამომრჩეველთა აქტივობა მაღალი იყო და 85% შეადგინა, ეს საკმაოდ მცირე სხვაობაა. საერთო ჯამში, ერდოღანის ინიციატივას საყოველთაო გამოკითხვაში მონაწილეთა 51,41% მიემხრო. საინტერესოა, რომ ქვეყნის სამ უდიდეს ქალაქში - სტამბოლში, ანკარასა და იზმირში ამომრჩეველთა უმეტესობა საკონტიტუციო რეფორმის წინააღმდეგ წავიდა, თუმცა დედაქალაქისა და სტამბოლის შემთხვევაში სხვაობამ დაახლოებით 1% შეადგინა. მმართველობის საპრეზიდენტო მოდელზე გადასვლის წინააღმდეგ გამოვიდნენ თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკური ქურთია. სამაგიეროდ, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში უზენაესი კანონის ცვლილების მომხრეები ჭარბობდნენ. დაძაბული საარჩევნო კამპანიის შემდეგ ერდოღანს გვერდით  დაუდგნენ  ევროპაში მცხოვრები თურქებიც. გერმანიაში ბიულეტენზე პასუხი „დიახ“ რეფერენდუმზე მისულთა 63,07%-მა შემოხაზა, ნიდერლანდებში - 70,94%-მა, ავსტრიაში - 73.23-მა, ბელგიაში -74.98%-მა, საფრანგეთში - 64.85%-მა. შვეიცარიაში მცხოვრებმა თურქებმა საკონსტიტუციო რეფორმას მხარი არ დაუჭირეს. ანალოგიური შედეგით დასრულდა რეფერენდუმი რუსეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოშიც. თბილისსა და ბათუმში გახსნილ უბნებზე 700-ზე მეტი ამომრჩეველი მივიდა. მათგან 59.3%-მა ბიულეტენში დასმულ კითხვას უარყოფითი პასუხი გასცა.  ასეთი მცირე სხვაობის გამო, თურქეთის ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შედეგები უნდა გაუქმდეს.

ერდოღანის ოპონენტები მთავარ დარღვევად იმ ბიულეტენებს მიიჩნევენ, რომელთაც ბეჭედი არ ჰქონდა დასმული, თუმცა ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ისინი მაინც მიიღო. დარღვევებზე საუბრობენ საერთაშორისო დამკვირვებლებიც. „ეუთოს“ შეფასებით, რეფერენდუმი „არათანასწორ პირობებში“ გაიმართა და მთავრობამ „ადმინისტრაციული რესურსები ბოროტად გამოიყენა“. ევროკომისიამ მოუწოდა ხელისუფლებას,  საყოველთაო გამოკითხვის დროს დაფიქსირებული დარღვევების „გამჭვირვალე გამოძიება დაიწყოს“. რეფერენდუმის შემდეგ სტამბოლში გამართულმა საპროტესტო აქციებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საზოგადოება პოლარიზებულია. როგორ გაუმკლავდება ამ გამოწვევას თურქეთის მთავრობა, რთული სათქმელია. პირველი საპასუხო რეაქცია - ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის სამი თვით გახანგრძლივება - დამაიმედებლად არ გამოიყურება. ერდოღანის მიერ წარსულში გატარებული პოლიტიკის გათვალისწინებით, თურქეთის საზოგადოება ორად გაყოფილი, სავარაუდოდ, კიდევ დიდ ხანს დარჩება. თურქეთის ლიდერი სწორედ ასეთ კრიზისულ სიტუაციებში გრძნობს თავს კომფორტულად  და პოლიტიკურ ოპონენტებს შორის ლავირებასა და ამ გზით უპირატესობის მოპოვებაში ბადალი არ ჰყავს.

ახალი თურქეთი

თურქეთში მიმდინარე პროცესებს მთელ მსოფლიოში ყურადღებით აკვირდებიან. ანკარა მნიშვნელოვანი პარტნიორია როგორც NATO-ს, ისე ევროკავშირისთვისაც. აშშ-ის ხელმძღვანელობით მოქმედი ანტიტერორისტული კოალიცია სირიასა და ერაყში სამიზნეების დასაბომბად თურქეთში მდებარე ინჯირლიკის ავიაბაზას იყენებს. ამ სამხედრო ობიექტის გარეშე ვაშინგტონი ახლო აღმოსავლეთთან წვდომის მნიშვნელოვან დერეფანს დაკარგავს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ამ რეგიონში ირანისა და რუსეთის გააქტიურება  ანკარის სტრატეგიულ როლს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს. დონალდ ტრამპი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რეფერენდუმის შემდეგ რეჯეპ ტაიპ ერდოღანს დაუკავშირდა და მიულოცა კიდეც. აღსანიშნავია, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ეს ნაბიჯი  ევროპელი ლიდერების ფრთხილი განცხადებებისგან განსხვავდებოდა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თურქეთში გამართული პლებისციტის შეფასებისას ყურადღება პოლარიზებულ საზოგადოებაზე გაამახვილა და თურქეთის ლიდერს მოუწოდა, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდოს ამ საკითხს. ევროპელი პოლიტიკოსების მკაცრი რეაქციები მოჰყვა თურქეთის პრეზიდენტის განცხადებას, რომელშიც ის სიკვდილით დასჯის აღდგენას არ გამორიცხავს.

ამის გამო საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში თურქეთს ევროპის საბჭოდან გარიცხვით დაემუქრნენ. მიუხედავად ამისა, ევროპა მკვეთრი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებას არ ჩქარობს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი საიმიგრაციო კრიზისია, რომლის გადაჭრაშიც თურქეთი გადამწყვეტ როლს თამაშობს. თურქეთთან თანამშრომლობა სასარგებლოა რუსეთისთვისაც, თუმცა ერდოღანის მიერ ძალაუფლების გამტკიცებას კრემლში, სავარაუდოდ, ფრთხილად მოეკიდებიან.  მოსკოვისა და ანკარის სამომავლო ურთიერთობის ხარისხი დიდწილად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად შეძლებს რუსეთი საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების გამყარებას. სირიაში აშშ-ის სარაკეტო დარტყმის შემდეგ უფრო პერსპექტიულად ვაშინგტონთან დაახლოება გამოიყურება, თუმცა ამ რეგიონში მოვლენების განვითარების დინამიკას თუ გავითვალისწინებთ, ცვლილებები გამორიცხული არ არის.

ერაყში, სირიაში, იემენსა და უკრაინაში კონფლიქტების ფონზე, თურქეთში გამართული რეფერენდუმის შედეგები ამ რეგიონში ვითარების გაუმჯობესებას ხელს ვერ შეუწყობს. რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის, გაერთიანებულ სამეფოში „ბრექსითის“ მომხრეთა გამარჯვებისა და აშშ-ის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის კვალდაკვალ თურქეთში რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ძალაუფლების გაძლიერება სამყაროს კიდევ უფრო არაპროგნოზირებადს გახდის.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 ივლისი
27 ივლისი

თბილისის მერობის გაბრაზებული კანდიდატი - ...

როგორ მიიღეთ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილება? ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის” შემოთავაზება და თქვენ დასთანხ ...
26 ივლისი
26 ივლისი

რა ფასი აქვს სტუდენტობას

ერთიანი ეროვნული გამოცდები დასრულდა და სექტემბრიდან ათასობით სტუდენტი მიაშურებს უნივერსიტეტებს. გიორგი კოხოძემ  სუ ...
25 ივლისი
25 ივლისი

ლატარიის კომპანიასთან დამარცხებული საქარ ...

სტატია თავდაპირველად ინგლისურ ენაზე, OCCRP-ის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ავტორი: ნინო ბაქრაძე ექვსი წლის წინ სა ...

მეტი

^