თამთა მელაშვილის მოთხრობა „გათვლა“ რეჟისორმა გურამ მაცხონაშვილმა მკვდართა და ცოცხალთა ათვლის წერტილად აქცია
მწარე გამოცდილებასა თუ დრამატულ ეგზისტენციაში გამოვლილ-გამოტარებული შეხედულება, რომ ომი ყველაფერს ანადგურებს, აქვავებს, ასხვაფერებს, ხოლო თავად ადამიანებს ადამიანურ სახეს უკარგავს, მთლად მართალი არ არის. საკმარისია კარგი მწერლის, თამთა მელაშვილის რომან-მოთხრობას შორის დრამატულად გახიდული და ლიტერატურული პრემია „საბათი“ (2011) ბეჭდასმული „გათვლა“ თოჯინების თეატრში ახალ ადგილსა და ახალ სივცეში - აღმაშენებელზე, უკვე სპექტაკლად ქცეული იხილოთ, რომ ომის სისასტიკეში შობილი და გოგონების პირველი მენსტრუაციული შთაბეჭდილებებით „გავარდისფრებული“ პოეზიის ნაწილობრივ მაინც ირწმუნოთ.
რეჟისორ გურამ მაცხონაშვილის ახალი სპექტაკლი სახელწოდებით „გ-ა-თ-ვ-ლ-ა“, ჩემთვის ახალი და დამაინტრიგებელი თეატრალური გამოცანა-ამოცანის ამოხსნას უფრო ნიშნავს. სამი, სრულიად განსხვავებული წარმოდგენის შემდეგ - „უფლისწული თავს მოიკლავს" (ჩაგვრის, ბულინგის, ოჯახური ძალადობისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების შესახებ), „13 თიბათვისა“ (თბილისში, 2015 წელს მომხდარი წყალდიდობის დრამატულ-პუბლიცისტური გააზრება) და „8 სეანსი“ (საერთაშორისო თეატრალური ექსპერიმენტი), ჩვენ ვნახეთ გატყავებულ აგურის კედლებს შორის, ხის იატაკზე გათამაშებული ორსაათიანი სპექტაკლი; იქნებ სამოქალაქო შემოძახილი, ომის დავიწყების საწინააღმდეგო აქცია, შერის პოპითა და ერეკლე დეისაძის მუსიკით დამუხტული როკ-თეატრის ფრაგმენტი, დოკუმენტური პოეზიით ნაკეთი და ფემინიზმით ნაკვები ცოცხალი მონტაჟი, სეკენდ-ჰენდში გამოწყობილი „სასტიკი თეატრი“?!.. ვარიანტი მართლაც უამრავია.
ოთხშაბათის, ხუთშაბათისა და პარასკევის „ტურები“ (როგორც სპექტაკლში ამბობენ) ორი ცამეტი წლის გოგონას - ცქნაფისა და ნინცოს ომით გათელილ, ზოგჯერ ზედმეტად დრამატულ, მაგრამ ლირიკულ აბდაუბდასა და თეთრ, საპატარძლო კაბებში გამოწყობილ ქალთა ქოროს სინქრონულ ტექსტებს მოიცავს. ცხადია, ეს არ არის ომის სამდღიანი ქრონიკა, ან უკვე ისტორიის ჭრილში დანახული კონფლიქტის ზონაში მცხოვრებთა ამბების განზოგადება.
დრო, ვითარება და მოქმედების ადგილი სრულიად შეგნებულად დაკონკრეტებული არ არის, თუმცა ტექსტი მაინც გამცემი და ოხერია: „რო სეირნობთ აქა“, „ეს რა ომია, ისინი - იქეთ, ესენი - აქეთ, შუაში კიდე არაფერი“... და ნათელია, რომ ეს შიდა ქართლია. სადღაც, კეხვსა და თამარშენში დარჩენილი უდრეკი, ჯიუტი ადამიანები, რომელთა სიტყვები და კილო მაინც ჩაგესმით და რომელიც ასე ნაცნობია ივანე მაჩაბლისა თუ მიხეილ ჯავახიშვილის ტექსტებიდან.
მთელი სცენური ანტურაჟი, ანუ „ვარდისეფერ-კიჩური“ გარემო: თოჯინებით, საბავშვო ეტლებით, სათამაშოებით, ცოცხებით, კალათებით, ფარდებით, პლუს „ქოროს“ თეთრი საპატარძლო კაბები, ერთი მხრივ, აჩენს სრულიად გასაგებ დისტანციასა და ირონიას თავად გარემოს მიმართ და, მეორე მხრივ, ამძაფრებს დაკარგული თუ „აღმოჩენილი“ქალური საწყისის მნიშვნელობას, სქესს. ისიც გასაგებია, რომ რეჟისორი შეგნებულად არღვევს სტერეოტიპებს, საზოგადოებრივ დაკვეთასაც და ომის მიღმა დარჩენილ ლანდშაფტს სწორედ ომების მთავარი შემოქმედების - კაცების გარეშე წარმოგვიდგენს.
„გ-ა-თ-ვ-ლ-ა“ ეს არის ერთდროულად მკვდართა და ცოცხალთა ათვლაც, რომელიც მაცდური, მგრძნობიარე და „ვარდისფერი სისასტიკითაა“ შემოსილი და ნათლად გვაგრძნობინებს, რომ ომს სწორედაც რომ ქალის სახე აქვს. კაცებს ვერსად ნახავთ, რადგან ისინი აქ უბრალოდ არ არსებობენ. მათ იქვე, ხევში აყროლებული მკვდრების დამარხვაც არ ძალუძთ (ნინცო: „მე როგორ დავმარხო, გოგო ვარ“... ცქნაფო: „ვინც ხევთან ახლოს ცხოვრობს, იმან დამარხოს“).
სპექტაკლში ერთი შეხედვით მოულოდნელად შემოდის „ანტიგონეს“ თემა - უცხოს ჩუმად დაკრძალვა, ისევე როგორც გაიელვებს ალენ რენეს უკვდავი ფილმის, „ხიროსიმა, ჩემი სიყვარული“ მთავარი მოტივიც - ოკუპანტი ჯარისკაცის მოწონება-სიყვარული. ხოლო იმ ეპიზოდში, როდესაც ნინცომ და ცქნაფომ ტყეში, კალათით სოკოსთან ერთად ნარკოტიკებიც უნდა გადაიტანონ, ძალიან ზუსტია ელექტრომუსიკა და წითელი მოსასხამები, რაც „წითელქუდას“ უკდავ და ირონიულ არქეტიპებს აცოცხლებს.
მნიშვნელოვანია ინტერაქციული ეპიზოდებიც, როდესაც მაყურებელი მთავარ მოქმედ პირებს ხან ვიდეოპროექციით „მისდევს“, ხან ეკრანზე უყურებს, ხან შენობის გარეთ და ხანაც იძულებულია ზურგს უკან განვითარებულ მოვლენებს ადევნოს თვალყური, ანუ მას მოსვენება-რელაქსაციის დრო არა აქვს და მთელი ორი საათის განმავლობაში მოქმედებაშია ჩართული.
რაც შეეხება მთავარი როლების შემსრულებლებს: ნინცოს ვასო აბაშიძის, მუსიკისა და დრამის თეატრის გამორჩეული მსახიობი ეკა დემეტრაძე განასახიერებს. ანცი, ხალისიანი, იუმორით, სილაღით, ირონიითა და უკვე ქალური ფორმებით გამორჩეული 13 წლის გოგო, რომლის სექსუალობა, ბრჭყვიალა კაბა და გამომწვევი ქცევა ქალაქის მცხოვრებთა შორის აგრესიას და შურს იწვევს. მისი ერთგვარი ანტიპოდია ცქნაფა (ბათუმის დრამატული თეატრის მსახიობი ანა ცეცხლაძე). პატარა, მორცხვი, დათრგუნული, ფიზიკურად განუვითარებელი, მაგრამ შინაგანად ძლიერი ნების გოგო, რომელიც დედისა და ჩვილი ძმის გადასარჩენად ყველაფერს აკეთებს. ეს არის მართლად ჩინებული ახალგაზრდული სამსახიობო დუეტი, რომელთა თამაშს დროთა განმავლობაში სილაღე, გულწრფელობა და თავდაჯერებულობა კიდევ უფრო დაემატება. დაბოლოს, არ შეიძლება არ აღვნიშნოთ მსახიობ თეა კიწმარიშვილის თამაში, რომელიც სპექტაკლში რამდენიმე როლს ასრულებს - ქოროს „პატარძლით“ დაწყებული, მოძველბიჭო და ნარკოტიკებით მოვაჭრე მოზარდით დამთავრებული...
გამახსენდა ალბერტო მორავიას „ჩოჩარაც“, ომისა და ქალების თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ სუბიექტურ ასოციაციებს აღმაშენებლის გამზირზე, თოჯინების თეატრში მისასვლელ მაყურებელს დავუტოვებ, რომელსაც წინ კიდევ ბევრი მოულოდნელობა ელოდება...ყველაფერს უბრალოდ, ვერ აღვწერ. დანარჩენი კი „ვარდისფერი“ სიკვდილის საზარელ და ლირიკულ ტურებში თავად იხილეთ...