Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ქორწინება, როგორც ქალისა და მამაკაცის კავშირი - რას ამბობენ არასამთავრობო ორგანიზაციები

25 აპრილი 2017

საკონსტიტუციო კომისიის შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, კონსტიტუციის 28-ე მუხლში ქორწინება განისაზღვრება როგორც „ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი“. ამ  ინიციატივის ავტორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი და დღეს უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მანანა კობახიძე და ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე.

კონსტიტუციის პროექტში ამ ჩანაწერის განსახილველად „თანასწორობის მოძრაობა“ არასამთავრობო და  საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე  საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს შეხვდა.

საკონსტიტუციო კომისიამ ცვლილებებს კენჭი 22 აპრილს უყარა. კომისიის 43-მა წევრმა პროექტს მხარი დაუჭრა, 8 კი წინააღმდეგი იყო.  პარლამენტის მიერ დოკუმენტის დამტკიცებამდე პროექტი ვენეციის კომისიას უნდა გადაეგზავნოს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წევრის გიორგი გოცირიძის თქმით, საკონსტიტუციო კომისიის წევრებმა კონსტიტუციაში ადამიანის უფლებების ნაწილში შემავალ ცვლილებებზე 4-ჯერ იმსჯელეს, თუმცა, ქორწინების დეფინიციაზე საუბარი მხოლოდ ორჯერ იყო, თემის სიმწვავიდან გამომდინარე.

„კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიციის გაჩენასთან დაკავშირებით ხელისუფლებას ჰქონდა ერთი არგუმენტი, რომ ამ ცვლილებით ისინი ცდილობდნენ შეესრულებინათ წინასაარჩევნო დაპირება, რომელიც არჩევნებამდე ხელისუფლებამ  მოსახლეობას მისცა. რეალურად, სამართლებრივ არგუმენტზე კომისიაში მსჯელობა არ ყოფილა, რით იყო განპირობებული ეს გადაწყვეტილება. მით უმეტეს,რომ სამოქალაქო კოდექსში მსგავსი ჩანაწერი არის“,- თქვა გიორგი გოცირიძემ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მათი მცდელობით ქორწინების ამგვარი ფორმულირების დასაბალანსებლად კონსტიტუციის პროექტში გაჩნდა ჩანაწერი, რომლის მიხედვით, თანაცხოვრების სხვა ფორმები კანონით განისაზღვრება. 

„ამ ჩანაწერის გაჩენის აუცილებლობის დასამტკიცებლად გამოვიყენეთ ვენეციის კომისიის მსგავსი რეკომენდაცია სომხეთთან დაკავშირებით. როცა სომხეთი აპირებდა ასეთი ჩანაწერის გაკეთებას კონსტიტუციაში, ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, რომ ფორმულირება მომხდარიყო  იმგვარად, რომ  არ გამოერიცხა ერთი და იმავე  სქესის პირებს შორის სამოქალაქო პარტნიორობა“,- განაცხადა გოცირიძემ.

მოხსენებაზე წარმოდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ევროკავშირს არასდროს განუხილავს წევრ სახელმწიფოებში (ან წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებში) ერთი და იმავე სქესის პირების ქორწინების აღიარების საჭიროება. ასეთ საკითხებზე მიდგომები ჩამოყალებება ხდება ქვეყნის შიგნით. ქორწინებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული რეგულაციები არსებობს.

ამასთან, არაერთი უფლებადამცველი ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ საერთაშირისო სამართალში დისკრიმინაციის ამკრძალავი პრინციპი ავალდებულებს ყველა სახელმწიფოს, დაუშვას ქორიწინების თანასწორობა.

მხოლოდ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველო ვალდებული იყო, მიეღო  ანტიდისკრიმინაციული კანონი, რაც კონკრეტულად ქორწინების რეგულირების საკითხებს არ შეეხებოდა.

„მიუხედავად იმისა, რომ არ არის ევროკავშირის ერთიანი მიდგომა და ხედვა ქორწინების თანასწორობასთან დაკავშირებით, ევროსასამართლოს ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ერთმნიშვნელოვნად მიუთითებს, რომ რაიმე სახის სამართლებრივი აღიარება უნდა არსებობდეს ერთი და იგივე სქესის მქონე პირებისთვის და მათი თანაცხოვრების უფლება უნდა იყოს დაცული“, - ამბობს ISFED-ის წარმომადგენელი მიხეილ ბენიძე. 

დღეის მდგომარეობით ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნიდან:

  • ერთი და იმავე სქესის პირთა ქორწინება შესაძლებელია 11 სახელმწიფოში.
  • 19 ქვეყანაში შესაძლებელია რეგისტრირებული პარტნიორობის გაფორმება ჰომოსექსუალ წყვილთა შორის.
  • 11 ქვეყანაში არა არის შესაძლებელი ქორწინება ერთსქესიან პირებს შორის, თუმცა შესაძლებელია სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმება, რომელიც წყვილს ქორწინების იდენტურ, ან მსგავს უფლება-მოვალეობას ანიჭებს.
  • ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის არც ქორწინებასა და არც სამოქალაქო პარტნიორობის გაფორმების შესაძლებლობას არ ითვალისწინებს 6 ქვეყანა (ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, ბულგარეთი, სლოვაკეთი)
  • ევროკავშირის მხოლოდ 7 ქვეყნის კონსტიტუციაში არსებობს ფორმულირება,  რომელიც ქორწინებას ადგენს, როგორც ქალისა და მამაკაცის ერთობას.

ISFED-ის წევრის მიხეილ ბენიძის თქმით, იმის ფონზე, როცა ქვეყანაში ჰომოფობიითა და ტრანსფობიით მოტივირებული დანაშაულების ძალიან მაღალი რაოდენობაა და არატოლერანტული განწყობები, კონსტიტუციაში აღნიშნული ჩანაწერი ძალიან ცუდი გზავნილია. მით უმეტეს, რომ ესაა იმ აკრძალვის გამეორება და კონსტიტუციით გამყარება, რომელიც კანონის დონეზე უკვე არსებობს. 

არასმთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან საკონტიტუციო კომისიის მუშობაში აპირებენ რომ  სამომავლოდ აქტიურად იმუშაონ ვენეციის კომისიასთან.

„ჩვენ ვამზადებთ ერთობლივ დოკუმენტს, სადაც შევაფასებთ როგორც საკონსტიტუციო კომისიის ზოგად მუშაობას, ასევე, კონკრეტულ, განსაკუთრებით მნიშვნელოვან, პრინციპულ საკითხებზე გავაკეთებთ აქცენტს, რაზეც ჩვენ წინააღმდეგობა გვაქვს. მათ შორის იქნება ქორწინების დეფინიციაც, იმ სახით, როგორც ახლა გვაქვს,“ - განაცხადა საიას წარმომადგენელმა გიორგი გოცირიძემ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...

მეტი

^