Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩრდილოეთ კორეის საკითხზე თეთრ სახლში ითათბირეს

27 აპრილი 2017

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელი კანონმდებლები თეთრ სახლში მიიწვია, სადაც ჩრდილოეთ კორეის შესახებ საიდუმლო ინფორმაცია გაუზიარა. შეხვედრას თავდაცვის მდივანი ჯიმ მატისი უძღვებოდა. კანონმდებლებთან ერთად შეხვედრაში მონაწილეობდნენ სახელმწიფო მდივანი - რექს ტილერსონი, ეროვნული დაზვერვის დირექტორი - დენ ქოატსი და შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის უფროსი - გენერალი ჯოზეფ დანფორდი.

კანონმდებლები საიდუმლო ინფორმაციას ხშირად იღებენ სენატში, თუმცა 100 სენატორის თეთრ სახლში მიწვევა გამონაკლისი შემთხვევაა.

ტრამპმა გასული კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მას არ ახარებს ჩრდილოეთ კორეასთან არსებული სტატუს კვო. აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ გაერო-ის უშიშროების საბჭომ დამატებითი სანქციები უნდა შეიმუშაოს კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ, ამ უკანასკნელის მიერ ბირთვული პროგრამების განხორციელების გამო.

„ჩრდილოეთ კორეა დიდი მსოფლიო პრობლემაა. ჩვენ საბოლოოდ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემა, - განაცხადა პრეზიდენტმა, - ხალხს ამ საკითხზე თვალების დახუჭვა უწევდა ათწლეულების განმავლობაში, ახლა მოვიდა დრო ეს პრობლემა გადაიჭრას“.

სენატის უმრავლესობის ლიდერის მიჩ მაკკონელის თქმით, ჩრდილოეთ კორეის გარშემო განვითარებულმა მოვლენებმა მას უბიძგა, პრეზიდენტისგან ამ თემაზე ანგარიში მოეთხოვა.

„პრეზიდენტმა ნათლად აღნიშნა, რომ ჩრდილოეთ კორეა ბირთვული რაკეტებით ამერიკისთვის მიუღებელია და ეროვნული ინტერესებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“, - აღნიშნა მიჩ მაკკონელმა სენატში.

დონალდ ტრამპმა უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში იაპონიის, ჩინეთის და გერმანიის ლიდერებთან ჩრდილოეთ კორეის საკითხის ირგვლივ სატელეფონო საუბრები გამართა.

თეთრი სახლის ცნობით, სატელეფონო საუბარი ტრამპსა და იაპონიის პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს შორის ფხენიანზე ზეწოლის გაზრდას შეეხებოდა, რათა ამ უკანასკნელს პროვოკაციული ქმედებები შეეწყვიტა.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ ჩრდილოეთ კორეისგან განმეორებითი პროვოკაციების შეწყვეტა მოვითხოვოთ. ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან კონტაქტი გვაქვს და მზადყოფნის მაღალ დონეს შევინარჩუნებთ“, - განაცხადა აბემ.

აბეს თქმით, ის და დონალდ ტრამპი შეთანხმდნენ, რომ ჩრდილოეთ კორეასთან ურთიერთობებში დიდი როლი ჩინეთს ექნება.

ტრამპის ბირთვული პრობლემა

ტრამპმი ასევე ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინს ესაუბრა. ჩინეთის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ყველა მხარე დაძაბული სიტუაციის კიდევ უფრო გაუარესებას მოერიდება. ტრამპმა მასთან სატელეფონო საუბარში „ჩრდილოეთ კორეის მტრული ნაბიჯები გააკრიტიკა და ხაზი გაუსვა იმას, რომ ფხენიანის ქმედებები კორეის ნახევარკუნძულის დესტაბილიზაციას ახდენს“, - განაცხადა თეთრმა სახლმა.

ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდა და ბირთვული ცდები (ამ დრომდე ხუთი) „რბილად რომ ვთქვათ, სიტუაციას ცვლის“, - ამბობს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მოქმედი პრესსპიკერი მარკ ტონერი.

„იმის მიზეზი, თუ რატომ საუბრობენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები ასე პირდაპირ ამ საკითხზე ჩვენი შეშფოთების შესახებ არის ის, რომ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკის პერიოდი დასრულდა“, - განაცხადა მან ორშაბათს.

ტრამპმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა უკანასკნელი დღეების განმავლობაში რამდენჯერმე გაუსვეს ხაზი იმას, რომ ჩრდილოეთ კორეის პროვოკაციების საპასუხოდ ამერიკა „ყველა შესაძლებლობას განიხილავს“.

აშშ-ის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, რესპუბლიკელმა ჯონ მაკკეინმაც მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა. მან ბირთვული იარაღით აღჭურვილ ჩრდილოეთ კორეას ისტორიული მასშტაბის საფრთხე უწოდა.

„ვფიქრობ, გარკვეული თვალსაზრისით ვითარება ისეთივე საგანგაშოა, როგორიც კუბის სარაკეტო კრიზისი იყო, - განუცხადა მაკეინმა „ამერიკის ხმის“ სერბულ რედაქციას, - მაგრამ არსებობს ჩინეთი, რომელსაც ჩრდილო კორეის შეკავება შეუძლია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს არაა მხოლოდ შეერთებული შტატებისა და ჩრდილოეთ კორეის დაპირისპირება. ჩინეთს შეუძლია ჩრდილოეთ კორეის ეკონომიკის კონტროლი და აკონტროლებს კიდეც მას. პრეზიდენტმა ტრამპმა ჩინეთის ლიდერთან ურთიერთობა დაამყარა. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩინეთის გავლენის გამოყენება პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი ვარიანტია".

ფხენიანის პასუხი

პრეზიდენტის საუბრები მსოფლიო ლიდერებთან ამერიკული ავიამზიდის „კარლ ვინსონის“ იაპონიის ზღვაში კორეის ნახევარკუნძულთან აღმოსავლეთიდან მიახლოების კვალდაკვალ მიმდინარეობდა. აშშ-ის საზღვაო ძალების ხელმძღვანელის ჯეფ დევისის თქმით, ეს ქმედებები, აშშ-ისა და იაპონიის საზღვაო ძალების „რუტინული წვრთნების“ ნაწილია.

სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ 24 აპრილს აღნიშნა, რომ ამერიკული შენაერთები საერთო წვრთნებს ასევე სეულის სამხედრო ძალებთან ერთად ჩაატარებენ.

„კონსულტაციები მიმდინარეობს“, - განაცხადა სამხრეთ კორეის თავდაცვის ეროვნული სამინისტროს ხელმძღვანელმა მუნ სანგ-გიანმა.

თუმცა ამერიკული „რუტინული წვრთნები“ ფხენიანს უპასუხოდ არ დაუტოვებია.

„ჩვენი რევოლუციური ძალები სამხედრო მზადყოფნაშია და შეუძლიათ ბირთვული ძალის ავიამზიდის ერთი გასროლით ჩაძირვა“, - ნათქვამი იყო, „მუშათა პარტიის“ გაზეთში.

მსგავსი მუქარა ჩრდილოეთ კორეის მხრიდან ხშირია. ფხეინიანმა სამშაბათს მათი სამხედრო ძალების დაარსების წლისთავი აღნიშნა, რაც ქვეყნის ერთ-ერთი მთავარი დღესასწაულია. დასავლეთში ფიქრობდნენ, რომ ფხენიანი ბალისტიკურ რაკეტებს გაისროდა ან გაიმეორებდა ბირთვულ ცდას, თუმცა არცერთ აღნიშნულ ქმედებას ადგილი არ ქონია.

დონალდ ტრამპის თქმით, ჩინეთის პრეზიდენტი ჩრდილოეთ კორეაზე ზეწოლას ახორციელებს, რათა ფხენიანმა პროვოკაციები შეწყვიტოს.

ვაშინგტონსა და პეკინში მიმომხილველები ფიქრობენ, რომ ჩინეთი მის ღარიბ მეზობელს ნავთობის მიწოდების შეწყვეტით ემუქრება, თუ ეს უკანასკნელი კიდევ ერთ ბირთვულ ცდას ჩაატარებს.

სტატია მომზადებულია "ამერიკის ხმის" მიერ 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^